ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, არჩევანს კი ტრაილერში ცხოვრებაზე აჩერებს
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგის სათავეში მყოფ 930 მილიარდი დოლარის მფლობელ ილონ მასკს ნებისმიერ ფუფუნებაში შეუძლია ცხოვრება, თუმცა პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გრანდიოზულ სასახლეებს კვლავ ტრაილერს ამჯობინებს.
ამჟამად იგი მემფისში, SpaceX-ის ხელოვნური ინტელექტის ახალი მონაცემთა ცენტრის მშენებლობას უძღვება და იქვე, Airstream-ის მარკის ტრაილერში ბინადრობს.
All-In Summit-ზე მან თავის საცხოვრებელს იუმორით "სასახლე" უწოდა, ხოლო SpaceX-ის ოპერაციულმა დირექტორმა, გვინ შოტუელმა დაადასტურა, რომ მასკი ხშირად პირდაპირ ქარხნის იატაკზეც კი იძინებს.
მშენებლობასა და სერვერებთან სულ რამდენიმე ნაბიჯში დასახლება მასკს საშუალებას აძლევს, დრო გზაში არ დაკარგოს და მოვლენების ეპიცენტრში დარჩეს.
მასკს წარსულში ქარხნის იატაკზე ძილზეც კი არ უთქვამს უარი
ქარხნის იატაკზე ღამის გათევა ილონ მასკისთვის უცხო არ არის: წარმოების კრიზისულ პერიოდებში მას არაერთხელ უძინია Tesla-ს საწარმოებში. ყველაზე ცნობილი მაგალითი 2018 წლით თარიღდება, როდესაც Model 3-ის გამოშვებისას კომპანიას სერიოზული შეფერხება ჰქონდა.
სახლში წასასვლელი დრო რომ არ დაეკარგა, მასკი პირდაპირ კონვეიერთან, იატაკზე, დივანსა თუ სამუშაო მაგიდაზე ათევდა ღამეს. მისი თქმით, ეს საშუალებას აძლევდა, ოპერაციული პრობლემების ეპიცენტრში დარჩენილიყო და თანამშრომლებისთვის ეჩვენებინა, რომ საერთო სირთულეებს მათ გვერდით იზიარებდა.
მასკმა პირობა დადო, რომ არცერთი სახლის მფლობელი არ გახდებოდა
მასკის თქმით, ძვირადღირებული სახლები მას ყურადღებას უფანტავს. სწორედ ამიტომ, 2020 წლის მაისში მან X-ზე განაცხადა, რომ თითქმის მთელ ქონებას გაყიდდა და "არცერთი სახლის მფლობელი არ იქნებოდა", რათა თავი სრულად "დედამიწისა და მარსისთვის" მიეძღვნა.
2020-2021 წლებში მან მართლაც გაყიდა კალიფორნიაში მდებარე შვიდივე სახლი (მათ შორის ბელ-ეირსა და სან-ფრანცისკოში), რამაც დაახლოებით 128 მილიონი დოლარი მოუტანა. მოგვიანებით მასკმა ტეხასში, SpaceX-ის Starbase-თან ახლოს მოკრძალებული სახლი იქირავა, თუმცა გავრცელებული ცნობებით, იგი დღემდე იყენებს ან ფლობს სხვა საცხოვრებლებსაც, მათ შორის რამდენიმე სახლისგან შემდგარ კომპლექსს ოსტინში.
Airstream-ის ტრეილერის შიგნით
Airstream ამერიკული ავტოსახლების გამორჩეული ბრენდია, რომელსაც საფუძველი 1931 წელს კალიფორნიაში უოლი ბაიამმა ჩაუყარა.
მისი დიზაინი ავტოინდუსტრიის საზღვრებს გასცდა: 1963 წლის მოდელი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) კოლექციაშიცაა დაცული. მუზეუმი ამ ტრეილერს "კულტურულ სიმბოლოდ" მოიხსენიებს, რომელიც "ბორბლებზე მდგარ შინაურ სიმყუდროვესა და კომფორტს" განასახიერებს.
თარგმანი: მარიამ ქობალია