Get All Access for $5/mo

ჯენიფერ ლოპესი "არც ისე ბედნიერია, რომ აქ არის"

By Frances Dodds

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯენიფერ ლოპესი იხსენებს დღეებს ათწლეულების წინ, როდესაც მისმა პირველმა სუნამომ მილიარდდოლარიან ზღვარს გადააბიჯა. Glow by JLo − გამოყვანილი, მქრქალი მინის ფლაკონით, რამდენიმე თხელ ძეწკვზე ჩამოკიდებული მისი ინიციალებით − ყველაზე გაყიდვადი სუნამო გახდა აშშ-ში და $2 მილიარდის გამომუშავების გზაზე იდგა. მისი პარტნიორები ამ პროექტიდან თავბრუდახვეულები იყვნენ, მაგრამ ლოპესმა ეს ამბავი გაიგო და ყველაფერი ნათლად დაინახა. მას უთხრეს, რომ ზღვარი მხოლოდ ცა თუ იქნებოდა, მაგრამ "ჩემთვის ვიფქრ, ერთი წუთი მოიცადეთ", ამბობს ლოპესი, "მე ხომ ამ თანხის მხოლოდ 0,01% გამოვიმუშავე".

ის იხსენებს, თუ რამ მიიყვანა ამ აზრამდე. ჯენიფერი დარწმუნებული იყო, რომ მისმა შემოქმედებითმა აზროვნებამ გახადა სუნამო პოპულარული. ლოპესმა გადაწყვიტა, როგორი სურნელი უნდა ჰქონოდა მას, როგორ უნდა გაყიდულიყო ბაზარზე. იქამდე კი კულტურული პლატფორმა შექმნა, რომელმაც საერთოდ შესაძლებელი გახადა ამ პროდუქტის შექმნა: ეს თვითონ იყო. "მე აქ ვარ, და ჩემი ზურგით ვაშენებ ამ ბრენდს: ფილმებში ვიღებ მონაწილეობას, სიმღერებს ვმღერი, ჩემი სტილითა და ნივთებით ვარ გამორჩეული, რომლებსაც ვიყენებ", − ამბობს ის.

ძნელია იმის თქმა, რომ ის მოატყუეს ან თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენეს. იმ დროისთვის ლოპესი კმაყოფილი გახლდათ ამ გარიგებით, მადლობელი იყო, რომ ეს შესაძლებლობა გამოუჩნდა. "როდესაც იწყებ როგორც ხელოვანი, ბედნიერი ხარ. როდესაც ყველაფერს იღებ, რაც კი შესაძლებელია", − ამბობს ჯენიფერი, − "საკუთარ ბედს ვერ უჯერებ. ჩემი თავი მახსენდება, მაშინ ვამბობდი: ოჰ, დიახ, მე შევქმნი სუნამოს! ოჰ, დიახ, მე მიყვარს მოდა, მე ტანსაცმლის ხაზს გავაკეთებ! ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა აქ ყოფნა".

ეს გამოცდილება ბევრისთვის იქნება ნაცნობი: ხელოვანებისთვის, სპორტსმენებისთვის, ემიგრანტებისთვის, უფულოებისთვის, ადამიანებისთვის კულტურული კაპიტალის გარეშე − რომლებიც პატარა ბერკეტებით იწყებენ საქმეს. როდესაც ადამიანი, რომელსაც ბევრი შესაძლებლობა არ ჰქონია ცხოვრებაში, ცოტას ამოისუნთქავს, მაინც სხვებზე გულდასმით მუშაობს. და ვინც საკმარისად საზრიანი აღმოჩნდება და მას შესაძლებლობებს შესთავაზებს, ჯილდოებსაც ის მოიმკის. ეს არცთუ ცუდი ვითარებაა, მაგრამ დროთა განმავლობაში სცენარი უნდა შეიცვალოს.

"უცებ გამიელვა, რომ მე ჯერ კიდევ მთელი ძალით ვმუშაობდი, და ამ დროს, ყველა სხვა, ჩეკებს აგროვებდა", − ამბობს ლოპესი.

ახლა ლოპესი აგროვებს ჩეკებს და გადაწყვეტილი აქვს მის მსგავს ქალებს დაეხმაროს სცენარის შეცვლაში. ზოგჯერ ეს მარტივია: უბრალოდ, საკუთარი აზრი უნდა გამოთქვათ და მეტი მოითხოვოთ. მაგრამ სხვა შემთხვევაში, წინააღმდეგობას გაგიწევენ ისინი, ვისაც ძალაუფლება აქვს და შესაბამისად, უპირატესობა. ისინი დელიკატურად თუ აშკარად მიგანიშნებენ, რომ გაგიმართლათ, აქ რომ აღმოჩნდით, და მადლობელი უნდა იყოთ იმისთვის, რაც მოგეცათ. და ლოპესმა იცის, რომ ამის დავიწყებას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს.

სიცხადე რომ შევიტანოთ, ჯენიფერ ლოპესი არ წუწუნებს იმაზე, რაც მოხდა. მისი ქონება $400 მილიონადაა შეფასებული, მას $80 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული მსოფლიოში, მისმა ფილმებმა კი $3 მილიარდზე მეტი შემოსავალი მოიტანა. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ის პროდიუსერიც იყო და კრიტიკოსების მიერ აღიარებულ ბლოკბასტერშიც (Hustlers) ითამაშა, Super Bowl-ზეც გამოვიდა, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზეც იმღერა, Netflix-ის დოკუმენტური ფილმშიც (Halftime) მიიღო მონაწილეობა და დიდი ხნის ნანატრი კანის მოვლის ბრენდი JLo Beauty-იც გამოუშვა. და ნამდვილი "მიწისძვრა" გამოიწვია, როდესაც პირველი ნიშნობიდან 20 წლის შემდეგ, კვლავ ბენ აფლეკს დაუბრუნდა, და ბოლოსდაბოლოს, 2022 წლის ივლისში მასზე დაქორწინდა.

მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 53 წლის ქალი და, სავარაუდოდ, ყველაზე გავლენიანი ესპანელი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ ეხმიანება მისი ცხოვრების ისტორიები უფრო დიდ ისტორიებს და როგორ შეუძლია სხვათა ისტორიების შეცვლა.

ლოპესმა 2021 წელს საქველმოქმედო ინიციატივა წამოიწყო − Limitless Labs, რათა სახსრები მოეზიდა და ლათინურამერიკელი ანტრეპრენერების ცნობიერება გაეფართოებინა. მისი პირველი ნაბიჯი Goldman Sachs 10 000 Small Businesses-თან პარტნიორობა იყო. ბრონქსზე წიგნის მაღაზიაში გამართულ ღონისძიებაზე ლოპესმა ხოტბა შეასხა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც შავკანიან ქალთა ბიზნესების გარშემო გაერთიანდნენ. მაგრამ იქვე დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა ასეთივე მხარდაჭერა ლათინურამერიკელ ანტრეპრენერებს. "Goldman Sachs იქ იყო და მათ წარმომადგენელს ვკითხე: "ვიცი, რაც აფროამერიკელი ანტრეპრენერი ქალებისთვის გააკეთეთ, მაგრამ ლათინურამერიკელებზე რას იტყვით?"

ამა წლის ივნისში ლოპესმა მორიგი პარტნიორობის შესახებ გამოაცხადა, ამჯერად Grameen America-სთან. ეს ყველაზე სწრაფად მზარდი მიკროსაფინანსო პლატფორმაა აშშ-ში, რომელიც დაბალშემოსავლიან ანტრეპრენერ ქალებს ემსახურება. ლოპესი, ეროვნული ელჩის რანგში, Grameen-ს დაეხმარება 2030 წლისთვის 600 000 ლათინურამერიკელი ანტრეპრენერისთვის $14-მილიარდიანი სესხის გაცემაში. ამ პაკეტში ფინანსური განათლების (6 მილიონი საათი) ხარჯების დაფარვაც შედის.

რატომ ეს კონკრეტული ინიციატივა? პასუხად, ლოპესი სტატისტიკას გვთავაზობს. "ლათინურამერიკელების კომპანიები მცირე ბიზნესის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია", − ამბობს იგი, − "ბოლო 10 წლის განმავლობაში, ლათინურამერიკული კომპანიები სხვა დემოგრაფიული ჯგუფების 4%-თან შედარებით, 44%-ით გაიზარდა და მაინც, ჩვენ ეროვნული ბანკებიდან სესხების მიღების ალბათობის დაახლოებით 60%-ით ნაკლები შანსი გვაქვს. ქალები ბანკებიდან მთლიანობაში სესხების მხოლოდ 4%-ს იღებენ. ჩვენ, მაგალითად, დოლარს ვიღებთ ყოველი 23-იდან. და ცხადია, ფერადკანიანი ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია".

უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად ასეა და ქალთა პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, ლათინურამერიკელი ქალები ყველაზე დაბალ ანაზღაურებას იღებენ − 57 ცენტს თეთრკანიანი მამაკაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ დოლარზე.

ანდრეა იუნგი, Grameen America-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ლოპესი დაბნეული და იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ცვლილებები ნელი ტემპით მიდის. მან რაღაც ამგვარი მითხრა: "რატომ უნდა იყვნენ ჩემები მხოლოდ დიასახლისები? რატომ ვერ უნდა შევძლოთ ამ მდგომარეობის შეცვლა? მოსახლეობის რაოდენობით, ჩვენ ახლა შეერთებული შტატების წამყვანი საზოგადოება ვართ".

ეს მნიშვნელოვანი შეკითხვაა და ღირს ისევ ლოპესს დავუბრუნდეთ: რატომ ფიქრობს ის, რომ ლათინურამერიკელი მოსახლეობა ასე საგრძნობლად გაიზარდა, და საინტერესოა, თუ სხვა დემოგრაფიულ ჯგუფებს უჭერდნენ მხარს, ლათინურამერიკული საზოგადოების (და განსაკუთრებით, ლათინურამერიკული ბიზნესის) მხარდაჭერაზე არაფერს ამბობდნენ?

"გულწრფელად რომ ვთქვათ, ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ არ გვქონია ამ ქვეყანაში ის შესაძლებლობები, რაც სხვა ადამიანებს ჰქონდათ", − ამბობს ლოპესი. დასაფიქრებლად ის პაუზას აკეთებს.

"მაგრამ ამასთან ერთად", − განაგრძობს იგი, − "მჯერა, რომ ისე ფიქრობენ, როგორც მე ვფიქრობდი, როდესაც ზემოთ მივდიოდი. თითქოს უბრალოდ გამიმართლა და ამიტომ მაქვს, რაც მაქვს. ვფიქრობ, ჩვენს კულტურაში საკმაო "მადლიერებაა". იყავი მადლიერი იმისთვის, რაც გაქვს, იმის ნაცვლად, რომ მეტისკენ ისწრაფოდე".

მადლიერება უცნაური რამ არის. თავმდაბლობასთანაა გადახლართული, ეს აუცილებელია ნებისმიერი მებრძოლი ადამიანისთვის, თუ მას სურს ვინმე დაეხმაროს ან გაამხნეოს ზემოთ მიმავალ გზაზე. "უმადურები" არავის უყვარს. თან, კაცობრიობის ისტორიაში ყველა სულიერი ლიდერი ქადაგებდა, რომ მადლიერება ადამიანის განათებული და ხალისიანი არსებობის განუყოფელი ნაწილია − არ აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხარ თუ ღარიბი, თაყვანს გცემთ სამყარო თუ განადგურებთ.

და მაინც, ეს სწავლებები ხაზს უსვამს, რომ მადლიერების გამოხატვა პირადი სურვილი უნდა იყოს და სხვებმა არ უნდა გაიძულონ. ძალიან ხშირად, ადამიანებს აკონტროლებენ, ეუბნებიან, რომ გაუმართლათ, რადგან ყველაფერი აქვთ, საზოგადოებისთვის მადლიერება მორალური იმპერატივია.

ბავშვობაში, პირველი, რასაც ვსწავლობთ, მადლობის გადახდაა. ამიტომ, როდესაც ვინმე ამბობს: "მადლობელი უნდა იყო", ბუნებრივია, სირცხვილის გრძნობა გიჩნდება, თითქოს შიშველი დაგინახეს. მაგრამ შემდეგ, მოგვიანებით, როდესაც ყურები აღარ გეწვით, შეიძლება იკითხოთ: "რისთვის უნდა ვიყო მადლიერი?"

ლოპესის აზრით, ზუსტად ამ ეტაპზეა ლათინურამერიკული საზოგადოება ამერიკაში. "ვფიქრობ, ეს ახალი თაობა რაღაც ამ ტიპისაა − წუთით მოითმინე", − ამბობს ის, − "მე ამ ქვეყნის სტრუქტურის, სიმდიდრისა და ზრდის ნაწილი ვარ. მე მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი შემომაქვს".

მაგალითისთვის, ორი ახალგაზრდა ქალი განვიხილოთ, რომელთა შესახებ მოგვიანებით წაიკითხავთ ამ ნომერში − ჯეს მორალეს როკეტო და სტეფანი ვალენსია, Latino Media Network-ის დამფუძნებლები, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ესპანურენოვანი რადიოქსელი აშშ-ში.

"ერთს მივხვდი", − ამბობს ვალენსია, − "არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანია, რაც ჩვენი წინაპრები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ − მე-15 თაობაა თუ ახლახან ჩამოსულები − ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ იმ გრძნობით ვცხოვრობთ, რომ სტუმრები ვართ ვიღაც სხვის სახლში. ლათინურამერიკელებიც ამერიკელები არიან და ჩვენთვისაც მშობლიურია ეს ქვეყანა და მისი ტრადიციები. ჩვენც იმაზე ვზრუნავთ, რაზეც ყველა სხვა. ასე რომ, როდესაც საერთო შეხედულებით ვხელმძღვანელობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ქვეყანაში ადგილი დავიმსახურეთ, ვერაფერი შეგვაჩერებს, ყველაფერს მივაღწევთ".

ლოპესს იმედი აქვს, რომ საბოლოოდ ვითარება შეიცვლება, − "ვფიქრობ, ჩვენ ახლა მოვდივართ გონს", − ამბობს ის, − "ჩვენ უკვე გვჯერა".

ლოპესი ბრონქსის Castle Hill-ის რაიონში იზრდებოდა, შუათანა შვილი იყო სამ დას შორის და ოჯახში სულ ერთი მთავარი პრობლემა ჰქონდათ.

"ერთ-ერთი პირველი სიტყვა, რომელიც ვისწავლე, გადასახადები იყო", − ამბობს ის, − "გადასახადების გადახდა აუცილებელია. ამაზე ლაპარაკობდნენ დედა და მამა ყველაზე ხშირად, და ყველაზე მეტად წუხდნენ. ასე რომ, ფული, და მისი ნაკლებობა, ერთგვარი ცენტრალური თემა გახდა ჩვენს ოჯახში. მამაჩემი სამუშაო საათების შემდეგაც მუშაობდა, დედა Tupperware-ის წვეულებების ორგანიზატორი იყო, შემდეგ საბავშვო ბაღის მასწავლებელი გახდა. იცით, ყველა მუშაობდა, მუშაობდა და მუშაობდა".

ლოპესის მშობლები პუერტო რიკოში იყვნენ დაბადებულები და ახალგაზრდობის წლებში ჩავიდნენ შეერთებული შტატების კონტინენტურ ნაწილში. ლოპესი ამბობს, რომ ნამდვილი ბედნიერება იყო იმის ნახვა, თუ როგორ იბრძოდნენ მთელი ძალით მისი მშობლები, რათა ყველაფრისთვის გაერთვათ თავი. ამის დამსახურებაა მისი "სამუშაო ეთიკა", ამან გახადა იგი ცნობილი. მაგრამ ამასთან, ხარჯებიც იყო.

"მამაჩემი მთელი ღამე მუშაობდა. ხომ იცით, ღამის ცვლა", − ამბობს ის, − "დედაჩემი კი, მთელი დღე და ისინი არასდროს იყვნენ ერთდროულად შინ. წინ წასვლა ყოველთვის ასე ძნელი იყო. ამან ძლიერ ადამიანად ჩამომაყალიბა, რომელიც გრძნობდა, რომ აუცილებლად ბევრი უნდა ემუშავა. რაც, ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების დევიზი გახდა".

ის ამაზე ისე ლაპარაკობს, თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყოს, როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი წილი თერაპია ჩაატარა − საკუთარი ცხოვრების ცენტრალური კიდური მოიჭრა, მტკივნეული ძვლის ფორმა რომ დაენახა, თან მას აქეთ-იქით ატრიალებს და ობიექტურად იკვლევს. სიმართლე ძნელი დასადგენია ისე, როგორც საკუთარ თავში ბევრი ასეთის აღმოჩენა, მაგრამ მოულოდნელი არაფერია.

"როდესაც ფული გაქვს, ცხოვრება უფრო მარტივია", − ამბობს ის, − "მაგრამ ყველა თქვენს პრობლემას ვერ გადაწყვეტს. მათ გადასაწყვეტად საკუთარ თავში უნდა იპოვოთ ძალები, სხვა გზა მოძებნოთ, რადგან სიმდიდრე ამას ვერ გაგიკეთებთ".

და ჯენიფერ ლოპესისთვის რას გააკეთებს?

დოკუმენტური ფილმი Halftime, რომელიც Netflix-ზე ივნისში გავიდა, ლოპესის ცხოვრების ყველაზე დატვირთული 2019 და 2020 წლების დასაწყისის მოვლენებზეა გადაღებული. ლოპესს Super Bowl-ის შოუზე სთხოვეს გამოსვლა, რაც მისი დიდი ხნის ოცნება იყო. ჯენიფერის ფილმმა Hustlers კრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა. Hustlers ნამდვილ ამბავს ჰყვება ნიუ იორკელი სტრიპტიზიორების ჯგუფის შესახებ, რომლებიც არც ნარკოტიკებზე ამბობენ უარს და არც უოლ სტრიტელი "ძმების" ფულის მოპარვაზე 2008 წლის ფინანსური კრახის შემდეგ. ლოპესი თავისი კარიერის განმავლობაში უამრავ ბლოკბასტერშია გადაღებული: "დაქორწინდი ჩემზე", "მოახლე მანჰეტენიდან", "ქორწილების ორგანიზატორი", "ხომ არ ვიცეკვოთ?" − მაგრამ დიდ შოუებზე არ ამჩნევდნენ, ვიდრე 1997 წელს "სელენაში" არ შეასრულა როლი. ცხადია, მისი ოცნება ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოზე − "ოსკარზე" ნომინირება იყო.

Halftime-ში ვხედავთ ლოპესს, რომელსაც 50 წელი უსრულდება, იგი დიდებისა და წარმატების მწვერვალზეა, მაგრამ რაც სურს, ყველაფერს ვერ იღებს. თავდაპირველად, მას სთხოვეს Super Bowl-ის სცენაზე შაკირასთან ერთად გამოსულიყო, რაც მტკივნეული მინიშნებაა, რომ ამერიკის ყურადღების მისაპყრობად, მხოლოდ ერთი ლათინურამერიკელი ვარსკვლავი საკმარისი არ არის. Hustlers ყველა სხვა დიდ ჯილდოზეა ნომინირებული − კინომსახიობთა გილდიის, კრიტიკოსების არჩევანის, "სატელიტის", "ოქროს გლობუსის" და ა.შ. ჩვენ რეალურ დროში ვუყურებთ ლოპესს, როგორ იბრძვის ის მადლიერების საზღვრებთან. იგი მადლიერი იყო, რომ მსოფლიოს უდიდეს სცენაზე გამოვიდა; იგი მადლიერი იყო "ოქროს გლობუსზე" ნომინაციისთვის, და მაინც...

2018 წელს სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ლოპესმა ჩაწერა სიმღერა Limitless ფილმისთვის "მეორე მოქმედება". "როდესაც ეს სიმღერა შევასრულე, ვიგრძენი, რომ ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი დადგა ჩემს ცხოვრებაში და ეს იყო გზავნილი, რომლის მიტანა ადამიანებამდე მინდოდა", − ამბობს ის.

ამ სიმღერის მისამღერი ასეთია: მე ვუთხარი ჩემს თავს, რომ სხვა ადამიანი უნდა გავმხდარიყავი, რომ გამარჯვებული გამოვსულიყავი ომში, რომელიც უკვე გავიმარჯვე. მე ამ ყველაფერს ამ სიტყვებით მივხვდი: "არასდროს დავნებდები", მაგრამ ახლა შემომხედე. შემომხედეთ, შეუზღუდავი ვარ, თავისუფალი... არავინ აღებდა ჩემს კარს. მე ვარ ქალი, რომელიც ამბობს, რომ მეტი უნდა.

ლოპესს ძალიან მოეწონა სიმღერა, როდესაც იგი ჩაწერა, და მომდევნო წლებში ეს შთამაგონებელი გზავნილი ნამდვილ დევიზად იქცა. "მე ნამდვილად არ მქონდა გააზრებული, რომ ეს იდეა სწორი იყო − რომ თქვენ მხოლოდ იმის გამო ხართ შეზღუდულები, რაც საკუთარი თავის შესახებ გჯერათ", − ამბობს ლოპესი. მაგრამ ლოპესი ჩანს მიხვდა, რომ შესაძლოა, თამაში მართლაც გაყალბებული იყო, თუ ძალაუფლების ჭეშმარიტი და უდავო დადასტურება არ მოხდა "ამა ქვეყნის ძლიერთაგან".

"უბრალოდ, შეუძლებელია ფული არ გაღელვებდეს, ეს არც ისე ჭკვიანური იქნებოდა. მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ ფულზე, როდესაც რაღაცას ვქმნი, ან როდესაც ვოცნებობ".

შესაძლოა, მან უარი უნდა თქვას მადლიერებაზე იმისთვის, რომ საკუთარი როლი შეასრულოს. შესაძლოა, მან უბრალოდ სხვა თამაში უნდა ითამაშოს.

ჯენიფერ ლოპესი დოკუმენტურ ფილმ Halftime-ის პრემიერაზე Grameen America-ს ანტრეპრენერებთან ერთად.

Halftime-ის "ოსკარისადმი" აგდებული დამოკიდებულების, ასევე Super Bowl-ის შემდეგ, სადაც იმღერა "ამერიკაში დაბადებული" შეერთებული შტატებისა და პუერტო რიკოს დროშების ფონზე, ლოპესმა საკუთარი ყურადღება მიმართა იმისკენ, რომ თავისი "ტორტის ნაჭერი" სხვა ლათინურამერიკელ პრეტენდენტებსაც მოეთხოვათ. ის Limitless Labs-ს ხსნის, შინ, ბრონქსში ბრუნდება, წიგნების ადგილობრივ მაღაზიაში ზის და Goldman Sachs-ის ხელმძღვანელებს ეუბნება, რომ ლათინურამერიკული ბიზნესის მფლობელებს მეტი ფული უნდა მისცენ.

"მე მიყვარს ანტრეპრენერები, რადგან ისინი მუდამ იდეების გარშემო ტრიალებენ", − ამბობს ახლა ლოპესი, − "აქ მთავარი შემოქმედებითი აზროვნებაა. ეს თავისუფალი და შეუზღუდავი სულის აღზრდაა, რათა მთელი ცხოვრება ერთ კოლოფში არ მოაქციო".

დღეს "შეუზღუდავი" აზროვნება გახდა ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იმისა, თუ ვისთან გადაწყვეტდა თანამშრომლობას ლოპესი. "თუ გადავხედავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯენიფერთან მუშაობს", − ამბობს ლიზა სეკინო, მისი JLo Beauty-ს თანადამფუძნებელი, − "დავინახავ მათ, ვინც მიზნებს აღწევს და მასშტაბურად შეუძლია აზროვნება. ჩვენ მოგვწონს საუბარი უსაზღვრო შესაძლებლობებზე".

ლოპესი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი დამოკიდებულება კი არა, ეს ჭკვიანი ბიზნესია. "მე მომწონს დიდი მოაზროვნეები. არ მომწონს ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ", − ამბობს იგი, − "როგორც ქუჩებში ამბობენ, "შეშინებული ფული, ფულს არ აკეთებს". ასე რომ, ფულზე ნუ იდარდებთ. ასეთ რამეზე არ უნდა ინერვიულოთ. მე უბრალოდ მინდა ადამიანები, რომლებიც იმაზე ფიქრობენ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. რა არის ყველაზე დიდი მიზანი, რაც შეიძლება გვქონდეს? თუ ასე არ არის, რატომ უნდა დავკარგოთ ჩვენი დრო?"

ასე რომ, ყველა იმ ანტრეპრენერის მიზანი, რომელსაც ლოპესი დაფინანსებაში ეხმარება, ფინანსურ პრობლემებზე მნიშვნელოვანია და მასშტაბური აზროვნებაა?

"არა", − ამბობს ლოპესი და რეალურ ცხოვრებაში გვაბრუნებს, − "არა და არა. მე ამას არ ვამბობ. ეს სისულელე იქნებოდა. თუ ჩემს გუნდს რაიმეს მივუტან, და ისინი მეტყვიან: "ჯენ, ვიცი, რომ ეს მოგწონს, მაგრამ აი, ჩვენი ვარიანტები. აი, რა დაჯდება ეს და ჩვენ ამის გაკეთება, ამის დახმარებით შეგვიძლია", − ბუნებრივია, მფლანგველი არ ვიქნები. უბრალოდ, შეუძლებელია ფული არ გაღელვებდეს, ეს არც ისე ჭკვიანური იქნებოდა. მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ ფულზე, როდესაც რაღაცას ვქმნი ან ვოცნებობ. ამ თემამ არ უნდა დაგამძიმოთ".

Grameen America თავის წევრებს − დაბალი შემოსავლის მქონე ქალებს, მათ შორის, ბევრ ემიგრანტს, მცირე სესხებს სთავაზობს, რომლებიც $500-იდან იწყება და საშუალო სესხი $5100-ია. ქალები ამ სესხებს იყენებენ თავიანთი 24-საათიანი მაღაზიების თაროების მარაგების შესავსებად, რესტორანში გასატანი კერძების მენიუს შესადგენად, საკერავი მანქანის შესაძენად, სამკერვალო ბიზნესის დასაწყებად, ან წამწამების დასაგრძელებელი კურსის გასავლელად, რათა მომხმარებელს თავიანთ სალონებში ახალი სერვისი შესთავაზონ.

სესხების დაფარვისას და უნდა ითქვას, რომ მათი 99,8% იფარება, ქალებს საკრედიტო რეიტინგის გაზრდა შეუძლიათ, რაც მათ ფინანსური მოქალაქეობის მიღების საშუალებას აძლევს. სესხები ოცნებების ნამსხვრევებს ჰგავს, სესხად აღებულს და დაბრუნებულს, საკრედიტო ხაზები კი, უფრო დიდი ოცნებებისთვისაა.

ჯენიფერ ლოპესს იმედი აქვს, რომ ამ ქალებამდე მიიტანს იმას, რაც ყველაზე მთავარია, თუნდაც ფულს ჰქონდეს მნიშვნელობა, განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც ბევრი არ გაქვს: ქალის პატივისცემა საკუთარი თავის მიმართ არის უმთავრესი, რასაც ნამდვილ წარმატებასთან მიჰყავხარ.

და ბუნებრივია, ადვილია ამის თქმა, როდესაც ჯენიფერ ლოპესი ხარ − მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი. მაგრამ მას გულწრფელად სჯერა, რომ ეს პრინციპი იმ ქალებზეც ვრცელდება, რომლებიც ახლა იწყებენ საქმიანობას. მას არ სურს, ლათინურამერიკელი ანტრეპრენერები ყოველი დოლარისთვის იყვნენ მადლიერნი. მას სურს, თითოეულმა საკუთარი თავი მიიჩნიოს მომგებიან ინვესტიციად, რადგან ისინი ნამდვილად არიან.

"თქვენ მზად უნდა იყოთ, ღმერთო ჩემო, თქვენ უნდა იმუშაოთ, კვლევები ჩაატაროთ და ნებისმიერი სხვა რამ გააკეთოთ, რაც საჭირო იქნება", − ამბობს ლოპესი, − "მაგრამ როგორც კი გააცნობიერებთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც იდეები, ნიჭი და რაღაცის გაკეთების სურვილი გაქვთ, უკვე საუბარია იმაზე, რომ საკუთარი თავი უნდა დააფასოთ... ჩემთვის ეს ნამდვილი მოგზაურობა იყო. თქვენ უნდა თქვათ: "ერთი წუთი მოითმინეთ. თქვენ გაგიმართლათ, რომ ინვესტირებას ახორციელებთ იმაში, რასაც მე აქ ვაკეთებ".

Frances Dodds

Entrepreneur Staff

Deputy Editor of Entrepreneur

Frances Dodds is Entrepreneur magazine's deputy editor. Before that she was features director for Entrepreneur.com, and a senior editor at DuJour magazine. She's written for Longreads, New York Magazine, Architectural Digest, Us Weekly, Coveteur and more.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!