JPMorgan-ის გენერალური დირექტორი, ჯეიმი დაიმონი ამბობს, რომ კარიერული ერთი წესის დამსახურებით ასისტენტიდან ვიცე-პრეზიდენტამდე ორ წელში დაწინაურდა
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საბანკო სფეროში მუშაობის პირველ წლებში, სანამ აშშ-ის უმსხვილესი ბანკის გენერალური დირექტორი გახდებოდა, ჯეიმი დაიმონი კარიერულად ერთ უკიდურესად მარტივ წესს მისდევდა: არ ილაპარაკო მანამ, სანამ სათქმელი მართლა ღირებული არ გექნება.
JPMorgan Chase-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მაშინ 28 წლის ჰარვარდის MBA კურსდამთავრებული იყო და American Express-ის იმდროინდელი პრეზიდენტის, სენფორდ "სენდი" ვაილის დაქვემდებარებაში მუშაობდა. დაიმონი ძალიან ფრთხილად არჩევდა დროს საუბრისთვის – ის ამჯობინებდა დუმილს, თუ დისკუსიაში რაიმე არსებითი წვლილის შეტანა არ შეეძლო.
"ჩემი პირველი მიზანი იყო, რაიმე მესწავლა და არაფერი მეთქვა მანამ, სანამ რეალურ ღირებულებას არ შევმატებდი სასაუბრო თემას", – ამბობს დაიმონი 1984 წელს ჟურნალ Fortune-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში კვლავ აქტუალური გახდა.
დაიმონი კარიერის იმ ეტაპზე ახალი დაწინაურებული იყო ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. სულ რაღაც ორ წელიწადში მან გზა ვაილის ასისტენტობიდან აღმასრულებელ რანგამდე განვლო, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მისი კარიერული მიდგომის ეფექტურობას.
დაიმონმა გადამწყვეტი როლი ითამაშა კომპანია Investors Diversified Services-ის საქმიანობის შეფასებაში, სანამ Amexco მას 1984 წლის იანვარში 727 მილიონ დოლარად შეისყიდდა. ის ასევე მონაწილეობდა ფინანსური საკონსულტაციო კომპანიის, Ayco-ს შეძენის შესახებ მოლაპარაკებებში. როგორც American Express-ის ვიცე-პრეზიდენტი, დაიმონი შეშფოთებული იყო ქონებისა და უბედური შემთხვევების დაზღვევის პროვაიდერის, Fireman's Fund Insurance Company-ს მიერ განცდილი მძიმე ზარალის გამო.
ორი წლის შემდეგ, 30 წლის ასაკში, ის უკვე Commercial Credit Company-ს ფინანსური დირექტორი (CFO) გახდა. დღეს დაიმონი უკვე ორი ათწლეულია JPMorgan-ის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებს და მისი გზავნილი კვლავ უცვლელია. ის მომავალ ლიდერებს ურჩევს, დახურონ სოციალური ქსელები და მეტი უსმინონ სხვებს წინსვლისთვის.
"სწავლა მხოლოდ კითხვითა და სხვა ადამიანებთან საუბრით არის შესაძლებელი, – განუცხადა დაიმონმა სტუდენტებს 2024 წელს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას, სხვა გზა ჯერ არ არსებობს. ხალხი უზარმაზარ დროს ფლანგავს... გამორთეთ TikTok და Facebook".
სხვა აღმასრულებელი დირექტორები, რომლებიც იმავე წესს მისდევენ
სხვა გენერალურმა დირექტორებმაც დაამკვიდრეს საკუთარი სტანდარტები მოსმენასა და საუბართან დაკავშირებით. 2017 წლის LinkedIn-პოსტში PepsiCo-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ინდრა ნუიმ, მოსმენას "დარწმუნების ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი" უწოდა. ის წერდა, რომ როგორც ხელმძღვანელი და როგორც პიროვნება, "უკეთესი გახდა" მას შემდეგ, რაც სხვების მოსმენა პრიორიტეტული გახადა.
"არსებობს მიზეზი, რის გამოც ორი ყური და ერთი პირი გვაქვს. ჩვენ იმაზე მეტს უნდა ვუსმენდეთ, ვიდრე ვლაპარაკობთ. ჩვენ უნდა ვლიდერობდეთ, როგორც გენერალური დირექტორები, მაგრამ ასევე, უნდა ვისწავლოთ სხვებისთვის გაყოლაც, თუკი ეს საჭიროა", – წერდა ნუი თავის პოსტში.
Apple-ის გენერალურ დირექტორს, ტიმ კუკს, ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ტოპმენეჯმენტში "აქტიური მსმენელის" საუკეთესო მაგალითს. ერთ-ერთ მაღალი დონის შეხვედრაზე მან თითქმის მთელი დრო მოსმენას დაუთმო, ძალიან ცოტა ილაპარაკა და კითხვებს საკუთარი გუნდისკენ ამისამართებდა, რომ მათი კომპეტენცია და გამოცდილება წარმოეჩინა.
"მას ძალიან მარტივად შეეძლო მთელი საუბარი თავად წაეყვანა – ყოველ ჯერზე, როდესაც ის ხმას იღებდა, ოთახში ინტერესით სავსე სიჩუმე ისადგურებდა. მიუხედავად ამისა, საათ-ნახევრის განმავლობაში მან სულ რაღაც 20-მდე სიტყვა თქვა", – წერდა ჟურნალ Entrepreneur-ისთვის ბრედ რენჩერი, BambooHR-ის გენერალური დირექტორი და ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.
Microsoft-ის გენერალური დირექტორი, სატია ნადელა, ასევე პირდაპირ აკავშირებს ერთმანეთთან მოსმენას, ემპათიასა და კარიერულ წინსვლას. 2019 წლის ერთ-ერთ პოდკასტ-ინტერვიუში ნადელამ აღნიშნა, რომ "საკუთარი გუნდის მიმართ ემპათიის ქონა შესაძლოა კარიერული პროგრესის საუკეთესო გზა იყოს", რადგან როდესაც ადამიანებს უგებ, ისინი მაქსიმალურად იხარჯებიან საქმეში, შენ კი მათთან ერთად იზრდები.
"არსებითად, ლიდერობა არის პრივილეგია, რომელიც გერგო. შენი სამუშაო სინამდვილეში იმას გულისხმობს, რომ შეძლო და დაეხმარო ადამიანებს საკუთარი საუკეთესო პოტენციალის რეალიზებაში", – ამბობს ნადელა.
თარგმანი: მარიამ ქობალია