JPMorgan-ის გენერალური დირექტორის, ჯეიმი დიმონის თქმით, სწორედ ეს თვისება ხდება ცუდი ლიდერის უდიდესი მარცხის სათავე

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯეიმი დიმონი JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორის სავარძელს 20 წელზე მეტია, 2006 წლის იანვრიდან იკავებს. ამერიკის უდიდესი ბანკის სათავეში მდგომს, უამრავი მმართველის აღზევება და დამხობა უნახავს. დიმონი ამბობს, რომ თვისება, რომელიც ლიდერის კრახს წინასწარ განსაზღვრავს, სიამაყე და ქედმაღლობა კი არა, შინაგანი თავდაუჯერებლობაა.

ამის შესახებ JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელმა ახლახან პოდკასტში – The Master Investor Podcast – ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს ორი ტიპის ადამიანი, ვინც "დიდ თანამდებობას აღწევს": ერთნი, ვისაც შინაგანი კომპლექსები და ეჭვები ტანჯავთ, და მეორენი – ვინც საკუთარ თავში სრულად არიან დარწმუნებულნი.

დიმონის თქმით, თავად პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს – კარიერულ კიბეზე ყოველი ახალი საფეხური ამცირებს იმ საქმის წილს, რომელშიც ადამიანი რეალურად სიღრმისეულად ერკვევა. მაგალითისთვის მან მოიყვანა იპოთეკური სესხების ბრწყინვალე ტრეიდერი, რომელიც მოულოდნელად ბანკის მთლიანი სავაჭრო მიმართულების ხელმძღვანელად დააწინაურეს.

"ახლა მის დაქვემდებარებაშია აქციები, ნედლეული, ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტები თუ აზიის ბაზარი. ის იპოთეკის ექსპერტია, მაგრამ არა ყველა ამ სფეროსი". კიდევ ერთი დაწინაურება და მას უკვე 36 ადამიანი გაუწევს ანგარიშს". ეს კი ბუნებრივად შობს თავდაუჯერებლობის განცდას", – ამბობს დიმონი.

თუმცა ნამდვილი ლიდერები – ისინი, ვისაც შინაგანი საყრდენი და სიმტკიცე არ აკლიათ – ამ გამოწვევას სულ სხვაგვარად ხვდებიან. დიმონის თქმით, მათ აქვთ "თანდაყოლილი ნიჭი" – ენდონ გარშემო მყოფთ, გამოავლინონ ადამიანების საუკეთესო მხარეები და არ იგრძნონ უხერხულობა იმის გამო, რომ რაღაც არ იციან.

არათავდაჯერებული ლიდერები საკუთარი აზრების ტყვეობაშივე ექცევიან

არათავდაჯერებული ლიდერები იმავე დაწინაურებას სულ სხვაგვარად ხვდებიან. ისინი იქმნიან ერთგვარ იზოლირებულ "ბუშტს" და გარს იმ ადამიანებს იკრებენ, რომლებიც მათ ეგოს ასაზრდოებენ.

"ყველაფერი ვიწრო წრედ იქცევა; იქცევა ლამაზ PowerPoint-პრეზენტაციებად: მთავარია, ლიდერი ეფექტურად გამოჩნდეს და ცუდი ამბები არავინ აცნობოს. სწორედ ეს ხდება მთავარი პრობლემა. ამას მთავრობებშიც წააწყდებით, სადაც ლიდერები გარშემორტყმულნი არიან ადამიანებით, რომლებიც მხოლოდ იმას ეუბნებიან, რისი მოსმენაც მათ სურთ – და ეს ყველაფერი სწორედ შინაგანი კომპლექსებისა და თავდაუჯერებლობის შედეგია", – ამბობს დიმონი.

სწორედ ამ თავდაუჯერებლობის წერტილიდან იწყებს რეალობა გაფერმკრთალებას.

"იწყება ანგარიშების შელამაზება, რათა ყველაფერი იდეალურად გამოჩნდეს, იმის ნაცვლად, რომ კომპანიაში მიმდინარე რეალურ პრობლემებს გაუსწორონ თვალი", – ამბობს დიმონი.

თავდაჯერებული ლიდერის მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ კრიტიკას საქმის ბუნებრივ ნაწილად აღიქვამს.

"გულს ვერ მატკენთ იმის თქმით, რომ უვარგისი პროდუქტი გვაქვს. მომხმარებლის საყვედური ნამდვილი საჩუქარია", – აღნიშნავს ის.

დიმონი იხსენებს შემთხვევებსაც, როცა მისივე მმართველი გუნდის წევრები აშკარა დისკომფორტს განიცდიდნენ, როდესაც უმცროსი თანამშრომლები პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდნენ.

"ეს კი ბევრ რამეს მეუბნება თავად მენეჯერზე. დიდი ალბათობით, ასეთ ადამიანებს მსგავსი თანამდებობა საერთოდ არ უნდა ეკავოთ".

ახალბედა თანამშრომლებში დიმონი თავმდაბლობასაც ეძებს. საპასუხისმგებლო პოსტზე დაწინაურებისას ის პიროვნული შეფასების მარტივი წესით ხელმძღვანელობს:

"ანდობდით საპასუხისმგებლო თანამდებობას ვინმეს, ვის ხელქვეითადაც საკუთარ შვილს არ ამუშავებდით?"

დიმონისთვის შეუმჩნეველი არ რჩება, როდესაც მენეჯერები თავიანთი უშუალო დაქვემდებარებულების შრომას სათანადოდ აფასებენ. მისი თქმით, სხვების დამსახურების აღიარება სწორედ თავმდაბლობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი გვირჩევს, თავი გავარიდოთ "ბიუროკრატიას, თვითკმაყოფილებასა და მის ბიძაშვილს – ქედმაღლობას" და სამივეს ნებისმიერი კომპანიის მთავარ სენად მიიჩნევს.

ამ სამი მახის ასარიდებლად დიმონი უკვე ორი ათწლეულია JPMorgan-ის დირექტორთა საბჭოს შეხვედრებს ნაადრევად ტოვებს, რათა დირექტორებმა საკითხები მის გარეშე, სრულიად ღიად და პირდაპირ განიხილონ. იგი დირექტორებს მოუწოდებს, ეს დრო გამოიყენონ იმისთვის, რომ ეთანხმებიან მას თუ არა, საკუთარი პოზიცია საბჭოს წინაშე დააფიქსირონ.

"მე ამას კატეგორიულად მოვითხოვდი", – დასძენს იგი.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.