კოლეჯის პროფესორები სასწავლო მასალების გენერირებისთვის ChatGPT-ს მიმართავენ. ერთ-ერთმა სტუდენტმა ეს შენიშნა და თანხის დაბრუნება მოითხოვა

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ელა სტეპლტონმა თებერვალში შენიშნა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტში მისი ორგანიზაციული ქცევის კურსის ლექციის ჩანაწერები, როგორც ჩანს, ChatGPT-ის მიერ იყო გენერირებული. დოკუმენტის შუაში იყო წარწერა - "ყველა სფეროში გაფართოება. იყავით უფრო დეტალური და კონკრეტული", რაც შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტისადმი მიმართული მინიშნება ყოფილიყო.

სტუდენტმა აღნიშნული კურსის სხვა სასწავლო მასალებსაც გადახედა, მათ შორის პრეზენტაციებსაც და აღმოაჩინა, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოყენებული იყო ზედმეტი კიდურების მქონე ადამიანების ფოტოებისა და არასწორი ორთოგრაფიის მქონე ტექსტების სახით. ის გაოცდა, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მისი პროფესორის, რიკ ეროვუდის მიერ გავრცელებული სასწავლო გეგმა სტუდენტებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უკრძალავდა.

"ის გვეუბნება, რომ არ უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, შემდეგ კი თავად იყენებს მას", - განუცხადა სტეპლტონმა The New York Times-ს ოთხშაბათს გამოქვეყნებულ რეპორტაჟში.

სტუდენტმა ამ საკითხზე ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლას ოფიციალური საჩივრით მიმართა და კურსის სწავლის საფასურის დაბრუნება მოითხოვა. დასაბრუნებელი თანხის მთლიანი ოდენობა 8 000 დოლარს აჭარბებს.

უნივერსიტეტმა სტეპლტონის მოთხოვნა ამ თვეში, უნივერსიტეტის დამთავრებიდან მეორე დღეს უარყო.

რიკ ეროვუდმა, სხვადასხვა კოლეჯში ლექტორად მომუშავე პროფესორმა, რომელიც ასევე თხუთმეტ წელზე მეტია სხვადასხვა კოლეჯში ინსტრუქტორად მუშაობს, The New York Times-თან ინტერვიუში აღიარა, რომ სასწავლო ფაილები და დოკუმენტები ChatGPT-ში გადაიტანა მათი დახვეწის მიზნით. მისი თქმით, ამ სიტუაციამ აიძულა, ხელოვნურ ინტელექტს უფრო ფრთხილად მისდგომოდა და სტუდენტებისთვის პირდაპირ ეცნობებინა, როდის იყენებდა მას.

ელა სტეპლტონის სიტუაცია უმაღლეს განათლებაში ხელოვნური ინტელექტის მზარდ გამოყენებას უსვამს ხაზს. საკონსულტაციო ჯგუფ Tyton Partners-ის მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, უმაღლესი განათლების სპეციალისტების 22%-მა განაცხადა, რომ ისინი ხშირად იყენებდნენ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს. 2024 წელს ჩატარებული იმავე კვლევის თანახმად, ეს პროცენტული მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა და ლექტორების 40%-ს მიაღწია.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სტუდენტებშიც სულ უფრო გავრცელებული ხდება. OpenAI-მ თებერვალში გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც აშშ-ში 18-24 წლის ასაკის ახალგაზრდების ერთ მესამედზე მეტი იყენებს ChatGPT-ს, ხოლო მათი შეტყობინებების მეოთხედი სწავლასა და სასკოლო დავალებებს უკავშირდება. ამ დემოგრაფიულ კატეგორიაში ChatGPT-ის გამოყენების ორი ყველაზე გავრცელებული შემთხვევა წარმოადგენს რეპეტიტორობასა და წერაში დახმარებას.

Tyton-ის 2024 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომუშავე პროფესორები ტექნოლოგიას იყენებენ საკლასო აქტივობების შესაქმნელად, სასწავლო გეგმების დასაწერად, სტუდენტების ნამუშევრების შეფასების რუბრიკების შესამუშავებლად და ასევე, ვიქტორინებისა და ტესტების მოსამზადებლად.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ საშინაო დავალებების კითხვებზე პასუხის გასაცემად, წერითი დავალებების შესრულებაში დასახმარებლად და ლექციების ჩანაწერების გასაკეთებლად.

სტუდენტების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საპასუხოდ, სასწავლებლებიც ადაპტირდნენ და გამოაქვეყნეს ChatGPT-ისა და სხვა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპები.

მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტი ურჩევს სტუდენტებს, ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების გამოყენებისას დაიცვან კონფიდენციალური მონაცემები, როგორიცაა არასაჯარო კვლევები და უზრუნველყონ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი არ შეიცავდეს უზუსტობებს. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პოლიტიკა ავალდებულებს სტუდენტებს, ChatGPT-ის გამოყენებამდე მიიღონ ინსტრუქტორის თანხმობა.

უნივერსიტეტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოსავლენად ასევე იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას წერილობით მასალებში, მაგალითად, ესეებში. თუმცა, New York Magazine-მა ამ თვის დასაწყისში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კოლეჯის სტუდენტები ChatGPT-ზე დაწერილ ნაშრომებში მართლწერის შეცდომების განგებ შეტანით ხელოვნური ინტელექტის დეტექტორებს გვერდს უვლიან.

კოლეჯში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ტენდენციამ შესაძლოა კრიტიკული აზროვნების უნარის შემცირება გამოიწვიოს. Microsoft-ისა და კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წელს გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმადაც, ადამიანები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან, ნაკლებად ავლენენ კრიტიკული აზროვნების უნარებს.

"არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ტექნოლოგიებს შეუძლიათ და იწვევენ კიდეც კოგნიტური შესაძლებლობების გაუარესებას, რომელთა შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია", - წერენ მკვლევრები.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.