მარკ ზაქერბერგი Meta-ს 79 000-ვე თანამშრომელს პირადად ვერ დაელაპარაკება, ამიტომ მან საკუთარი თავის AI ვერსიის შექმნა გადაწყვიტა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უწოდეთ მას ChatGPZuck: Meta მარკ ზაქერბერგის AI ვერსიას ქმნის. Financial Times-ის ინფორმაციით, კომპანია ამზადებს აღმასრულებელი დირექტორის ციფრულ კლონს, რომელსაც თანამშრომლები მაშინ მიმართავენ, როდესაც რეალურ მარკთან დაკავშირებას ვერ მოახერხებენ. AI კლონი სპეციალურად იწვრთნება ზაქერბერგის მანერების, საუბრის ტონის, საჯარო გამოსვლებისა და კომპანიის სტრატეგიული ხედვების მიხედვით. პროექტის მიზანია, Meta-ს 79 000-მა თანამშრომელმა თავი უფრო მეტად დაკავშირებულად იგრძნოს სილიკონის ველის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ხელმძღვანელთან.
ზაქერბერგი აშკარად დიდ იმედებს ამყარებს AI-ხელმძღვანელებზე. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ის ავითარებდა "AI შტაბის უფროსს" – პერსონალურ აგენტს, რომელიც პასუხებს იმ საკითხებზე მოიძიებს, რისთვისაც მას ადამიანების მრავალი შრის გავლა უწევდა. ახლა კი ის ამ მოდელის მასშტაბირებას მთელ კომპანიაში ახდენს. Meta-ში სჯერათ, რომ ეს ექსპერიმენტი შესაძლოა ინფლუენსერებმა და კრეატორებმაც გაიმეორონ.
ზაქერბერგი Meta-ს "AI-ზე დაფუძნებულ" კომპანიად გარდაქმნასა და მართვის იერარქიის შემცირებისკენ ისწრაფვის. კომპანია მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს ხელოვნურ ინტელექტში, რათა ტექნოლოგიურ მეტოქეებთან კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. თანამშრომლები უკვე აქტიურად ქმნიან პერსონალურ AI-ასისტენტებს ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა My Claw.
თარგმანი: მარიამ ქობალია