მასკმა SpaceX-ისა და xAI-ის გაერთიანების შედეგად 1,25 ტრილიონი დოლარის ღირებულების კომპანია ჩამოაყალიბა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თავდაპირველად დაიწყო რაკეტებით, შემდეგ იყო ხელოვნური ინტელექტი. ამჟამად კი ილონ მასკი ორივეს ერთ გიგანტურ კომპანიაში აერთიანებს. ორშაბათს SpaceX-მა xAI შეიძინა, რითაც შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია, რომლის საერთო ღირებულება 1,25 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს გარიგება კიდევ უფრო ამყარებს SpaceX-ის დომინაციას და, ამავდროულად, სასიცოცხლო ფინანსურ მხარდაჭერას უწევს xAI-ს, რომელმაც AI კონკურენტებთან დაწევის მცდელობაში უზარმაზარი რესურსი დახარჯა.
მასკი აცხადებს, რომ საბოლოო მიზანი კოსმოსში მონაცემთა ცენტრების აშენებაა, სადაც არ არსებობს მიწის რესურსის შეზღუდვა და მზესთან სიახლოვე მზის ენერგიის ათვისების უკეთეს შესაძლებლობას იძლევა. SpaceX-მა უკვე წარადგინა გეგმები კომუნიკაციების ფედერალურ კომისიაში (FCC) "ორბიტალურ მონაცემთა ცენტრების სისტემის" გასაშვებად, რომელიც მილიონამდე თანამგზავრისგან შედგება. თუმცა, ექსპერტები ამ იდეასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტექნიკურ და ფიზიკურ შეზღუდვებზე აფრთხილებენ, ზოგიერთი სკეპტიკოსის აზრით კი, ეს გაერთიანება, უბრალოდ, xAI-ის ფინანსური გადარჩენის მცდელობაა.
გაერთიანებული კომპანია შესაძლოა საფონდო ბირჟაზე ივნისისთვის გავიდეს, სადაც მასკი აქციების საჯარო განთავსებით (IPO) დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის მოზიდვას იმედოვნებს.
თარგმანი: მარიამ ქობალია