მევიოლინემ 350 000 აპლიკანტი დაამარცხა, რათა Snoop Dogg-ის ნაყინის კომპანიის დეგუსტატორი გამხდარიყო ხელფასი - 10 000 დოლარი
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორ ერგო ენაბელ ტრევესს პლანეტის ყველაზე "ტკბილი" სამუშაო? შეიძლება ითქვას, რომ მან თავისი სავიოლინო სიმები ოსტატურად ააჟღერა.
კარნეგი-ჰოლისა და სიდნეის ოპერის სოლისტი ვიოლინოს ვირტუოზი Snoop Dogg-ის ბრენდის, Dr. Bombay-ს, ნაყინის პირველ საერთაშორისო დეგუსტატორად დასახელდა. ამ პოზიციაზე, სადაც თვიური ანაზღაურება $10 000-ია, HR პლატფორმა Deel-ის მეშვეობით 130-ზე მეტი ქვეყნიდან 350 000-ზე მეტმა მსურველმა იბრძოლა.
დუბაიში მცხოვრებმა ავსტრალიელმა ენაბელ ტრევესმა 3-თვიანი კონტრაქტი გააფორმა - იგი Dr. Bombay-ს ახალ ბაზრებზე გასვლაში, ახალი გემოების შექმნასა და Deel-ის თემატური ნაყინის იდეის განხორციელებაში დაეხმარება. "Entrepreneur"-ი ენაბელს მის ახალ, გამორჩეულ ამპლუაზე ესაუბრა.
რა მეთოდოლოგიით დაამარცხე ამდენი აპლიკანტი?
მინდოდა, ჩემს ძლიერ მხარეებზე გამემახვილებინა ყურადღება. კონკურსანტების დიდ ნაწილს საკუთარი ფერმა ჰქონდა ან წლების განმავლობაში სწავლობდა რძის პროდუქტებს. ნაყინი მიყვარს, თუმცა საკუთარ თავს ექსპერტს ვერ ვუწოდებდი, ამიტომ იმას დავეყრდენი, რაც ყველაზე კარგად გამომდის. საკონკურსო ვიდეოში ვიოლინოზე სნუპის ცნობილი მელოდია დავუკარი. როდესაც ტოპ 15-ეულში მოვხვდი, "Young, Wild & Free"-ს ქავერით კიდევ უფრო გავამყარე პოზიციები. ვფიქრობ, სწორედ ამ მუსიკალურმა კავშირმა მიიპყრო სნუპის ყურადღება.
უკვე წარმატებული მევიოლინე ბრძანდებით. რატომ გადაწყვიტეთ ასეთ ამპლუაში ბედის ცდა?
იდეალური დრო დაემთხვა. ანდრე რიეს მსოფლიო ტურნე ახალი დასრულებული მქონდა და წლების განმავლობაში პირველად გამომიჩნდა თავისუფალი გრაფიკი. გარდა ამისა, ნაყინი ვის არ უყვარს? და, რა თქმა უნდა, თვითონ სნუპიც. მუსიკის ყველა ჟანრს ვაფასებ, მისი შემოქმედებაც ყოველთვის მიყვარდა და კოლეგასთან მუსიკალური კავშირის დამყარების შანსმა ძალიან მიმიზიდა.
რას აქცევთ ყურადღებას ახალი გემოს გასინჯვისას?
ერთ სიტყვით - სიახლეს. მინდა ისეთი გემო, რომელიც არასდროს მიგემია, თორემ ვანილი მილიონჯერ შექმნილა. Dr. Bombay-ს გემოების შექმნელმა, დოქტორ მაიამ, დამანახა, რომ ნაყინის გემო ეტაპობრივად იხსნება: რამდენიმე წამში სრულიად ახალი ნოტები შემოდის. ღვინოზე კი საუბრობენ ასე, მაგრამ ნაყინში ასეთი დახვეწილი გემოები პირველად ვიგრძენი. ბრენდი ნოსტალგიურობითაც გამოირჩევა: "Sherbet"-ი ან "Peanut Butter Jelly Time" პირდაპირ 90-იანებში გაბრუნებს. ძალიან მინდა, იმ დროინდელ პოპულარულ ტკბილეულსა თუ სასუსნავებზე დაფუძნებულ ახალ გემოებს მივაგნო.