რატომ არ გაძლევთ ტვინი დავალებების დასრულების საშუალებას: და 23-წუთიანი "გადატვირთვა", რომელიც ამას ცვლის
By Wilson Luna
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ყოველ კვირას ერთსა და იმავე ციკლში ხვდებით: უნდა მოამზადოთ სტატისტიკა, გადაამოწმოთ ზარები, წარადგინოთ ანგარიშები. ერთი კვირა გადის, და არაფერი იცვლება. პრობლემა ის არ არის, რომ მიზანს ვერ მიაღწიეთ. თქვენ, უბრალოდ, ვერ გადალახეთ ის ფაზა, რომელიც ამისთვის აუცილებელია.
შედეგად, თქვენი ბიზნესი ზრდას ვერ ახერხებს.
ეს არ ხდება დისციპლინის, მოტივაციის ან პროკრასტინაციის გამო. პრობლემა სხვა რამეშია, თქვენ "ნაკადის" (flow) მდგომარეობაში ვერ შედიხართ და არავინ გასწავლათ, როგორ მოაგვაროთ ეს.
თუ ბიზნესის მფლობელი ხართ და ზრდისკენ ისწრაფვით, სინამდვილეში ორი რამ გჭირდებათ:
- ისეთი აქტივობები, რომლებიც რეალურად უწყობს ხელს თქვენი ბიზნესის განვითარებას.
- პროდუქტიული მდგომარეობა, რომელშიც ამ სამუშაოს მაქსიმალური ხარისხით ასრულებთ.
თუმცა, მხოლოდ სწორი აქტივობები საკმარისი არ არის. საჭიროა შესაბამისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.
ადამიანისთვის ყველაზე პროდუქტიული მდგომარეობა არის ნაკადი (flow) ოპტიმალური ცნობიერების მდგომარეობა, რომელშიც თავს საუკეთესოდ გრძნობთ და საუკეთესო შედეგს აჩვენებთ. ამ დროს მთლიანად ხართ ჩართული დავალებაში და დროის აღქმაც კი იცვლება.
მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობა ამ მდგომარეობას იშვიათად აღწევს, რადგან არ იცის, როგორ მუშაობს ნაკადის ციკლი და რა ხდება მის საწყის ეტაპზე, იმ ფაზაში, სადაც უმეტესობა ჩერდება და ვეღარ მიდის წინ.
რატომ ჰგავს ბიზნესის განვითარებაზე მუშაობა ოთახში გველთან დარჩენას?
წარმოიდგინეთ, რომ სამედიცინო პრაქტიკის მფლობელი ხართ. შესაძლოა, შესანიშნავი სტომატოლოგი ან გამოცდილი ქირურგი იყოთ. თქვენს პროფესიულ საქმიანობას ბრწყინვალედ ართმევთ თავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენი ბიზნესი ადგილზე დგას, რადგან მისი განვითარების მიმართულებით მუშაობა გაცილებით რთულად გეჩვენებათ.
ბიზნესის განვითარება ყოველთვის უკავშირდება გაურკვევლობას, უარყოფის რისკსა და დისკომფორტს. ბევრი პრაქტიკის მფლობელისთვის ის ამოცანები, რომლებიც უშუალოდ პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება, თითქოს ოთახში გველის პირისპირ დგომას ჰგავს.
სწორედ ამიტომ იწყებთ მათგან თავის არიდებას.
ბიზნესის განვითარების ზოგიერთი ამოცანა სხვებზე გაცილებით ძლიერ შინაგან წინააღმდეგობას იწვევს, ხშირად წარსული გამოცდილების ან პირადი დამოკიდებულებების გამო. მაგალითად, თუ ბავშვობაში თქვენი ოჯახი ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა, შესაძლოა დღეს კვარტალური ბიუჯეტის დაგეგმვა გძულდეთ და ფინანსური ცხრილების გახსნასაც კი გაურბოდეთ.
როდესაც ასეთ ამოცანას ხედავს, თქვენი ტვინი მას შესაძლებლობად კი არა, საფრთხედ აღიქვამს. სწორედ ეს აღქმა გიშლით ხელს მოქმედებაში.
დანიშნულების ადგილი, რომელსაც "ნაკადი" ჰქვია, და კარიბჭე, რომლის გავლაც აუცილებელია
თავის წიგნში "ნაკადი: ოპტიმალური გამოცდილების ფსიქოლოგია" მიჰაი ჩიქსენთმიჰაი განმარტავს, რომ ნამდვილი ნაკადის (flow) მდგომარეობა მაშინ იწყება, როდესაც რთული დავალება თქვენს მაღალ უნარებს შეესაბამება.
თუმცა, როდესაც საქმე ბიზნესის განვითარების აქტივობებს ეხება, გამოწვევა არსებობს, მაგრამ თავდაჯერებულობა ქრება. სწორედ ამიტომ ვერ აღწევთ ნაკადის მდგომარეობას.
ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რომ ნაკადი ერთჯერადი მოვლენა კი არა, ციკლია, ამ მდგომარეობამდე იშვიათად მიდიან.
და ბიზნესის მფლობელების უმეტესობა ამ ციკლის პირველ ეტაპზეც კი ვერ გადადის.
ამ პირველ ეტაპს ბრძოლის ფაზა ეწოდება, და ის ზუსტად ისე უნდა იგრძნოთ, როგორც სინამდვილეში იგრძნობა
ნაკადი სწორედ ბრძოლით იწყება. ის იწყება იმ უსიამოვნო შეგრძნებით, როდესაც ციფრების გასაანალიზებლად ჯდებით და მოულოდნელად ტელეფონის აღების ან რაიმეს ჭამის ძლიერი სურვილი გიჩნდებათ. მზად ხართ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც ამ დისკომფორტს გაგიქრობთ და იმ საქმისგან გადაგახვევინებთ, რომლის გაკეთებაც ახლა ყველაზე ნაკლებად გინდათ.
სწორედ ეს დისკომფორტია იმის ნიშანი, რომ ნაკადის ციკლი უკვე დაიწყო, და არა იმის სიგნალი, რომ უნდა შეჩერდეთ და სხვა საქმეზე გადაერთოთ. ბიზნესის განვითარების პროცესში თქვენი ემოციები ყოველთვის სანდო გზამკვლევი არ არის.
ამას ბიოქიმიაც ადასტურებს. ბრძოლის ფაზაში იზრდება სტრესთან დაკავშირებული ნეიროქიმიური პროცესები: კორტიზოლის დონე იმატებს, ხოლო სეროტონინის მცირდება. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და არა გაფრთხილება, რომ უნდა შეწყვიტოთ მუშაობა.
ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა ასეთ დისკომფორტს იგრძნობთ, სწორი რეაქცია იქნება: "შესანიშნავია, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ ეტაპზე ვარ".
"გადატვირთვა", რომელზეც თითქმის არავინ საუბრობს
ბრძოლის ფაზის გავლა აუცილებელია, თუ გსურთ ნაკადის მდგომარეობაში შესვლა. ამ გზას მალსახმობი არ აქვს, თუმცა არსებობს ერთი პრაქტიკული ხერხი, რომელიც იქამდე მისვლას აადვილებს:
არ აიღოთ ტელეფონი. არ შეჭამოთ დონატი. 23 წუთის განმავლობაში არაფერი გააკეთოთ, გარდა იმ ამოცანისა, რომელსაც ასრულებთ.
ეს, სავარაუდოდ, ცხოვრებაში არაერთხელ გაგიკეთებიათ, თუმცა ვერ ხვდებოდით, რომ სწორედ ამ დროს "გადაირთო" თქვენი ტვინი სამუშაო რეჟიმზე. ამის ნაცვლად კი საკუთარ თავს ეუბნებოდით, რომ, უბრალოდ, ასეთი ტიპის სამუშაო თქვენთვის არ იყო.
ეს სიმართლე არ არის.
შესაძლოა, არასოდეს დაფიქრებულხართ იმაზე, რომ გარკვეული საქმიანობა არ მოგწონდათ მხოლოდ იმიტომ, რომ არასოდეს დარჩენილხართ ბრძოლის ფაზის დისკომფორტთან 23 წუთის განმავლობაში, ყურადღების გაფანტვის გარეშე.
23-წუთიანი წესი: რას აცნობიერებენ მარათონის მორბენლები, რასაც სპრინტერები ვერ ხვდებიან
ბიზნესის ზრდა 100-მეტრიანი სპრინტი არ არის. ის უფრო 26-მილიან მარათონს ჰგავს, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაშინ იწყება, როცა საწყისი ენთუზიაზმი უკვე გაქრა.
სპრინტერი სწრაფად იღლება. მარათონის მორბენალი კი სირბილს აგრძელებს მაშინაც, როდესაც ყველაფერი რთულდება.
თუ გსურთ ნაკადის მდგომარეობაში შესვლა, საკუთარ თავს მინიმუმ 23 წუთი მაინც მიეცით. ამის შემდეგ ყველაფერი გაცილებით ბუნებრივად იწყებს აწყობას. ეს ერთნაირად ეხება რთულ საუბრებს, ფინანსური მონაცემების ანალიზს, შედეგების შეფასებასა და ნებისმიერ სხვა რთულ ამოცანას.
პრაქტიკაში ამისთვის გამოიყენეთ დროის ბლოკები. დაგეგმეთ დღე 30-წუთიან მონაკვეთებად და თითოეული კონკრეტულ აქტივობას დაუთმეთ. აქტივობები იგივე დარჩება, რაც გუშინ იყო. შეიცვლებით თქვენ.
ყოველ ჯერზე, როცა ამ 23 წუთს ყურადღების გაფანტვის გარეშე გაივლით, თქვენს ტვინში რაღაც იცვლება. ნეირომეცნიერ დოქტორ ენდრიუ ჰუბერმანის განმარტებით, სწორედ ხანგრძლივი ძალისხმევისა და დისკომფორტის გადალახვის შემდეგ გამოყოფს ტვინი ძლიერ "ჯილდოს სიგნალს", რაც ამ პროცესს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.
როგორ გამოიყენოთ 23-წუთიანი წესი ბიზნესის გასაზრდელად
არ მისცეთ ემოციებს თქვენი ქცევის მართვის უფლება. მიიღეთ ისინი როგორც პროცესის ბუნებრივი ნაწილი და გააგრძელეთ მუშაობა. სწორედ ეს დისკომფორტი მიგიყვანთ ნაკადის მდგომარეობამდე.
წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ხშირად ის არის, რომ ადამიანები გადაწყვეტილებებს საკუთარი მომენტალური ემოციების მიხედვით იღებენ. 23-წუთიანი წესი პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ამ ჩვევას თავი დააღწიოთ.
თქვენ ბიზნესის განვითარება გსურთ. ამოცანები თავისთავად არც ისეთი რთულია. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ის არის, შეძლოთ მათთან დარჩენა, მიუხედავად დისკომფორტისა, და ბოლომდე კონცენტრირება.
ახლა უკვე იცით, საიდან უნდა დაიწყოთ.
თარგმანი: ანო ტვილდიანი