რიზ უიზერსპუნს ასეთი კარიერული რჩევა აქვს: შეწყვიტეთ ოცნებების დევნა – ამის ნაცვლად, გააკეთეთ შემდეგი
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რიზ უიზერსპუნი უპირისპირდება კლასიკურ კარიერულ რჩევას, რომელიც მიგვითითებს, რომ მივყვეთ ჩვენს ოცნებებს. ნაცვლად ამისა, ის აცხადებს, რომ კარიერული წარმატება მოდის არა მხოლოდ მისწრაფებების, არამედ საკუთარი ნიჭის იდენტიფიცირებითა და რეალიზებით.
Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც მან თავის 30 მილიონ გამომწერს გაუზიარა, მსახიობმა და მეწარმემ აღწერა სატელეფონო საუბარი ახალგაზრდა ქალთან, რომელსაც მისთვის არასასურველი სამსახურიდან წასვლა სურდა. როდესაც უიზერსპუნმა ჰკითხა, თუ რა იყო მისი ნიჭი, ქალს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
უიზერსპუნმა, რომელიც მონაწილეობდა ისეთ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში, როგორიცაა Legally Blonde, The Morning Show და Big Little Lies, ეს დიალოგი სასწავლო გამოცდილებად აქცია. მისი თქმით, ოცნებების დევნის ნაცვლად, ჩვენ ჩვენს ნიჭს უნდა გავყვეთ. მისი აზრით, გზა მნიშვნელოვანი წარმატებისკენ ნაკლებად უკავშირდება რომანტიკულ იდეალებს და უფრო მეტად თვითშემეცნებაზეა დაფუძნებული: გაარკვიეთ, რა გამოგდით უნიკალურად კარგად და შემდეგ ამ მიმართულებით მაქსიმალურად დახარჯეთ ენერგია.
"ყველას აქვს ოცნებები. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ის გახდებით, რაზეც ოცნებობთ. თქვენ უნდა აკეთოთ ის, რის ნიჭიც გაქვთ.თქვენი ცხოვრებისეული ამოცანაა, გაარკვიოთ, რა არის თქვენი კონკრეტული, უნიკალური ნიჭი და მას გაჰყვეთ", – განმარტა უიზერსპუნმა Instagram-ის ვიდეოში.
უიზერსპუნმა საკუთარი რჩევა თავად გამოსცადა. მან პოპულარობა მოიპოვა ისეთ ჰიტებში მონაწილეობით, როგორიცაა 2005 წლის მიუზიკლი Walk the Line და 2014 წლის სათავგადასავლო ფილმი Wild, რის შემდეგაც კარიერა გააფართოვა და წარმატებული საპროდიუსერო კომპანია Hello Sunshine დააფუძნა. 2021 წელს უიზერსპუნმა Hello Sunshine-ის საკონტროლო პაკეტი გარიგებით გაყიდა, რომელმაც ბიზნესი დაახლოებით 900 მილიონ დოლარად შეაფასა.
ენდეთ თქვენს შინაგან მონაცემებს და არამხოლოდ ოცნებებს
ექსპერტები ეთანხმებიან უიზერსპუნს იმაში, რომ მხოლოდ ოცნებები არ უნდა იყოს კარიერის გზამკვლევი. ლიდერობის ქოუჩმა, ამინა ალტაიმ დეკემბერში CNBC-ს განუცხადა, რომ გატაცებები "ბუნებით ცვალებადია" და ისინი შესაძლოა "მალე გაქრნენ". მან გააფრთხილა მკითხველი, რომ ნუ დაუკავშირებენ მთელ კარიერას იმას, რაც მათ მხოლოდ დროებით, კონკრეტულ პერიოდში აინტერესებთ. ოცნებები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, მაშინ როცა კარიერა გრძელვადიანი არჩევანია, რომელიც მდგრადობას მოითხოვს.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის შტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, სუზი უელჩმაც, გასულ წელს განუცხადა CNBC-ს, რომ მნიშვნელოვანია იმის იდენტიფიცირება, თუ რა გამოგდით კარგად, ანუ იმ შინაგანი მიდრეკილებების პოვნა, რაც გარკვეულ უნარებსა და კომპეტენციებში სხვებზე უკეთესს გხდით. ეს ემთხვევა უიზერსპუნის რჩევას: "გაარკვიეთ, რა არის თქვენი კონკრეტული, უნიკალური ნიჭი" და მიჰყევით მას.
უელჩმა მიზანმიმართული კარიერის ძიება ჩამოაყალიბა, როგორც "ტრანსცენდენტურობის სფეროს" პოვნა, სადაც სამი რამ იკვეთება: ღირებულებები, უნარები და ინტერესები, რომლებსაც თქვენი ფინანსური უზრუნველყოფა შეუძლიათ. ოცნებები ხშირად ასახავს თქვენს ღირებულებებსა და ინტერესებს, თუმცა უელჩი გვაფრთხილებს, რომ რეალური უნარებისა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გარეშე ისინი კარიერის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის.
ძლიერი მხარეების აღმოჩენა
უიზერსპუნის რჩევა, ვაკეთოთ ის, რისი ნიჭიც გვაქვს, ჩვენი მხრიდან ნიჭის გამოსავლენად თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს.
უელჩის თქმით, იმ სფეროს პოვნა, სადაც "ბრწყინავთ", შესაძლოა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას ჰგავდეს: "რა მიზეზებით გაქებენ ადამიანები მუდმივად? რომელი დავალებები გეჩვენებათ უფრო მარტივი, ვიდრე სხვებს? სად დადეთ რეალური, გაზომვადი შედეგები?"
უელჩმა აღნიშნა, რომ ამ თანდაყოლილი უნარების აღიარება არის სწორედ ის, რაც "ხსნის გზას იმ საქმიანობისკენ, რომლითაც უნდა დავკავდეთ და იმ ცხოვრებისკენ, რომელიც სრულფასოვანი განვითარებისკენ წაგვიყვანს".