სამართლის ექსპერტთა ჯგუფი - მრავალმხრივი იურიდიული მომსახურების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ორგანიზაცია "სამართლის ექსპერტთა ჯგუფი" 2016 წელს დაფუძნდა.
"ჩვენი კვალიფიკაცია შესაბამის დარგში ლიდერი კომპანიების იურისტებად მუშაობისა და დამოუკიდებელი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებას მოიცავს. შესაბამისად, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორი ტიპის მომსახურება სჭირდებათ კომპანიებს, რა არის მათი პრიორიტეტები. ამის გათვალისწინებით, ჩვენმა ორგანიზაციამ კლიენტ კომპანიებს მათზე მორგებული იურიდიული მომსახურება შესთავაზა, რაც ჩვენი ადვოკატების მიერ როგორც კორპორაციულ-სამართლებრივ საკითხებს, ისე სასამართლო დავების წარმოებას ითვალისწინებს", - სალომე ჭურაძე, იურიდიული კომპანია "სამართლის ექსპერტთა ჯგუფის" მმართველი პარტნიორი და "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი.
როგორც სალომე გვიყვება, კლიენტების დატვირთულობისა და მოთხოვნების მიხედვით, კომპანიის ერთი წარმომადგენელი მაინც, გუნდთან ერთად პერსონალურადაც კურირებს შესაბამისი კომპანიის სამართლებრივ მიმართულებას, რაც დამატებითი კომფორტია კლიენტებისთვის.
"ჩვენმა დამკვეთებმა იციან, რომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. მათ სამართლებრივი მიმართულების მართვა, მისი დაკომპლექტება თუ კონტროლი არ უწევთ, რადგან ჩვენ ვმართავთ სამართლებრივ მხარეს და ჩვენვე ვართ პასუხისმგებელი გუნდის პროფესიონალურ, კვალიფიციურ მუშაობაზე.
შესაბამისად, ჩვენი მიზანია, კომპანიებს სამართლებრივი საკითხების გადაჭრა გავუმარტივოთ. მეტიც, ისეთი მომსახურება შევთავაზოთ, რომელიც პროცესებს ისე დაგეგმავს, რომ კომპანიას სამართლებრივი პრობლემები თავიდან ააცილოს", - ამბობს სალომე.
როგორც სალომე გვიამბობს, იდეა 2016 წელს გაჩნდა. კოლეგებმა მრავალწლიანი გამოცდილების იურიდიული ფირმის საქმიანობისათვის გამოყენება გადაწყვიტეს, რითაც ხელს შეუწყობდნენ კომპანიებს, ეფექტიანად ემართათ მათი იურიდიული მიმართულება.
"კორპორაციული იურისტის პოზიციაზე ხანგრძლივმა გამოცდილებამ სწორად დაგვანახა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ იურიდიული საკითხები თავიდანვე სწორად დაიგეგმოს, რაც სამართლებრივი ხასიათის პრობლემებს თავიდან აგვაცილებს. გარდა იმისა, რომ ჩვენი იურისტები მნიშვნელოვანი კორპორაციულ-სამართლებრივი გამოცდილებით გამოირჩევიან, ისინი მოქმედი ადვოკატები არიან, რაც საშუალებას გვაძლევს, კომპანიებს კომპლექსური იურიდიული მომსახურება შევთავაზოთ", - აღნიშნავს სალომე.
იურიდიული მომსახურების გარდა კომპანია მომხმარებელს კვალიფიციურ მთარგმნელობით სერვისსაც სთავაზობს. დღეს, როდესაც ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო ტრანზაქციებში, ჩნდება სამართლებრივი დოკუმენტაციის კვალიფიციურად თარგმნის საჭიროებაც.
სალომე მიიჩნევს, რომ იურიდიული დოკუმენტები სწორედ იურისტებმა უნდა თარგმნონ. საერთაშორისო პრაქტიკას რომ გადავხედოთ, ეს მეთოდი ძალიან მიღებულია, მაგალითად, ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში იურიდიულ დოკუმენტაციას ძირითადად იურისტები თარგმნიან, რაც გონივრული და სწორია.
"გამოწვევა იყო კონკურენცია, რაც ძალიან მასშტაბურია საქართველოში. ჩვენი კოლეგების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ქვეყანას კვალიფიციური იურისტები არ უჭირს. ამის მიუხედავად, ერთგული და კმაყოფილი კლიენტები გვყავს. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენი მომსახურება სამართლის თითქმის ყველა დარგს მოიცავს, ისეთ კონტრასტულ მიმართულებებს, როგორიცაა უძრავი ქონება და საგანმანათლებლო საქმიანობა, რაც ჩვენი იურისტების მრავალმხრივი გამოცდილების დამსახურებაა", - მარიამ გიგოლაშვილი, იურიდიული კომპანია "სამართლის ექსპერტთა ჯგუფის" უფროსი იურისტი, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" სამართლის სკოლის დოქტორანტი.
როგორც მარიამი ამბობს, მოტივაციას კმაყოფილი და წარმატებული მომხმარებელი მატებთ.
"ვცდილობთ, მოვიცვათ სამართლის ყველა დარგი და მოვიზიდოთ ისეთი პროფესიონალები, რომ თანაბრად კომპეტენტური ვიყოთ ყველა მიმართულებით. მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე. კურსდამთავრებულები, რომლებიც ჩვენთან სტაჟირებას იწყებენ, საგულისხმო გამოცდილებას იძენენ და შემდეგ ჩვენთან იურისტებად იწყებენ მუშაობას.
ჩვენი მიზანია, ახალ თაობას გზა გავუხსნათ, პრაქტიკული გამოცდილების შეძენაში დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, რომ სამართლებრივი წერის, რისკების შეფასების, კლიენტის წარმომადგენლობის უნარები განივითარონ და ჩვენთან დასაქმდნენ.
ვგეგმავთ, საერთაშორისო ექსპერტები აქტიურად ჩავრთოთ ჩვენს საქმიანობაში, რათა კლიენტს შესაძლებლობა მივცეთ, სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო გამოცდილება, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება", - აღნიშნავს მარიამი.
კომპანიის 20-წლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე მუშაობისა და რისკების მართვის განსხვავებული სტანდარტები ჩამოყალიბდა, რაც მაღალკვალიფიციური, ხარისხზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას იძლევა.