სანამ მილიარდერი გახდებოდა, 24 წლის მარკ კუბანი 5 თანამობინადრესთან ერთად "ჯოჯოხეთის სასტუმროში" ცხოვრობდა მომავალი მილიარდერის ადრეული საცხოვრებელი პირობები ფუფუნებისგან ძალიან შორს იყო
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სანამ მილიარდებს გამოიმუშავებდა, მარკ კუბანი ტეხასის შტატის ქალაქ დალასში ვიწრო, სამსაძინებლიან და ორსააბაზანოიან ბინაში ხუთ თანამობინადრესთან ერთად ცხოვრობდა და საკუთარი საწოლიც კი არ ჰქონდა.
კუბანმა ამ კვირის დასაწყისში პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა, რომ ორი წლის განმავლობაში 125 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინაში ცხოვრობდა. ის ამ ბინაში "ბოლო გადავიდა", ამიტომ დასაძინებლად იატაკი ერგო, პირადი ნივთების დასაწყობად კი "ადგილი საძინებლის კუთხეში".
კუბანის თქმითვე, "სულაც არ აწუხებდა 5 თანამობინადრესთან ერთად ცხოვრება".
"ყველანი ერთ ნავში ვისხედით, – დაწერა მან. – იქ 24 წლის ასაკში გადავედი. იქ და შემდეგ მოპირდაპირე მხარის ქუჩაზე 2 წელი ვცხოვრობდი, სანამ მხოლოდ ერთი თანამობინადრე დამჭირდებოდა".
მან აღიარა, რომ მსგავსი საცხოვრებელი პირობებით ყველა კმაყოფილი ვერ იქნებოდა.
"თუ ეს ცხოვრების წესი თქვენთვის არ არის, დაე, ასე იყოს. თუ არ ფიქრობთ, რომ დასაწყისისთვის ნებისმიერ სამსახურში მოწყობა თქვენთვის სწორი კარიერული არჩევანია, გააკეთეთ ის, რასაც სწორად მიიჩნევთ. მე ეს არ მაღელვებს და არავის განვსჯი", – დაწერა მან.
ბინის ქირა 2 388 დოლარს შეადგენდა. ექვს ადამიანზე გაყოფის შედეგად, თითოეული ქირაში დაახლოებით 400 დოლარს იხდიდა. მომავალი მილიარდერის ადრეულ საცხოვრებელს შესაფერისი მეტსახელიც ჰქონდა. "მას "ჯოჯოხეთის სასტუმროს" ვეძახდით".
კუბანი X-ზე რეგულარულად აზიარებს კარიერულ რჩევებს და ახალგაზრდა დასაქმებულებს მოუწოდებს, მუდმივად განაგრძონ სწავლა. ივნისში კუბანმა ახალგაზრდებს მოუწოდა, მსხვილ კომპანიებზე ფოკუსირების ნაცვლად, ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესზე გაემახვილებინათ. მისი არგუმენტი ის იყო, რომ შედარებით მცირე კომპანიებს შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის (AI) ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა სჭირდებოდეთ, რაც ახალბედებს კომპანიის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანის შანსს აძლევს.
კუბანმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა თანამშრომლებს შეუძლიათ ასეთ ბიზნესებს ასწავლონ, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის აგენტები ისეთი პროცესების სამართავად, რომელთა მოსაგვარებლადაც მათ ადრე დრო ან ფული არ ჰყოფნიდათ.
"პატარა კომპანიები ძალიან დააფასებენ იმ ღირებულებას, რომელსაც მათ შემატებთ", – დაწერა კუბანმა.
კუბანი მილიონერი 1990 წელს, 32 წლის ასაკში გახდა, როდესაც თავისი კომპიუტერული საკონსულტაციო ბიზნესი, MicroSolutions, კომპანია CompuServe-ს 6 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ამის შემდეგ მან თანადააფუძნა AudioNet, რომელიც მოგვიანებით Broadcast.com-ად იქცა. 1999 წელს კომპანია Yahoo-მ 5,7 მილიარდ დოლარად შეიძინა, რითაც კუბანი 40 წლის ასაკში მილიარდერი გახდა.
Bloomberg-ის მილიარდერთა სიის (Bloomberg Billionaires Index) მიხედვით, 68 წლის კუბანი ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება 10,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კუბანს წარსულში იმაზეც უსაუბრია, რომ სიმდიდრის მიუხედავად, პირად ცხოვრებას ჩვეულებრივ რიტმში ინარჩუნებს. 2023 წელს, პოდკასტში The Really Good Podcast სტუმრობისას, მან თქვა, რომ ყველაფრისთვის დამხმარე პერსონალის დაქირავებას საოჯახო საქმეების თავად კეთება და მანქანის დამოუკიდებლად მართვა ურჩევნია.
"უბრალოდ, ვცდილობ, ვიყო ერთი და იგივე ადამიანი ნებისმიერ ეტაპზე. ვგულისხმობ იმას, რომ იმად ვრჩები მდიდარიც, როგორიც სიღარიბეში ან საშუალო შეძლებისა ვიყავი", – თქვა მან.
თარგმანი: თინათინ ლუხუტაშვილი