TikTok ამ კვირაში აშშ-ში დასაქმებულ ზოგიერთ თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
TikTok-ის ელექტრონული კომერციის განყოფილება, TikTok Shop, აშშ-ში თანამშრომლების შემცირებას გეგმავს.
სამშაბათს TikTok Shop-ის ხელმძღვანელმა, მუ ცინგმა, აშშ-ის თანამშრომლებს შიდა მეილი გაუზიარა, რომლითაც მათ ოთხშაბათს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილს მიიღებდა. მემორანდუმში, რომელსაც Bloomberg-ი გაეცნო, მუ თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ოთხშაბათ დილას TikTok-ი აშშ-ში ოპერაციებსა და გლობალურ ანგარიშებზე "ოპერაციულ და საკადრო ცვლილებებს" ელოდონ.
გლობალური ძირითადი ანგარიშების გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს მსხვილ ბრენდებთან, ხოლო ოპერაციების განყოფილება მხარს უჭერს გამყიდველებს, პარტნიორებსა და კრეატორებს TikTok-ზე.
მუ წერს, რომ TikTok-ი თანამშრომლებს "გუნდის გრძელვადიანი ზრდისთვის უფრო ეფექტური ოპერაციული მოდელების შესაქმნელად" ათავისუფლებს. მემორანდუმში ის სამუშაო ადგილების შემცირებას "რთულად განსახილველ თემად" მოიხსენიებს.
Business Insider-ის ცნობით, თანამშრომლებმა ოთხშაბათ დილიდან დაიწყეს მეილის მიღება, რომელიც მათი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე ინფორმაციას შეიცავდა.
გაურკვეველია, რამდენ თანამშრომელზე იმოქმედა შემცირებამ. მუმ მემორანდუმში აღნიშნა, რომ TikTok-ის მიზანია, ამ ფაქტით დაზარალებულ თანამშრომლებს მალევე აცნობონ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
გასულ თვეში, TikTok Shop-მა მმართველობისა და გამოცდილების გუნდის რესტრუქტურიზაციის გამო, აშშ-ში რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.
TikTok-მა TikTok Shop-ი აშშ-ში ოფიციალურად 2023 წლის სექტემბერში წარადგინა. სავაჭრო პლატფორმა TikTok-ის ვიდეოაპლიკაციის ჩანართია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნივთებს კონკრეტული გამყიდველებისგან. ის მყიდველებს TikTok-ში აერთიანებს და იყენებს მიმზიდველ ალგორითმს, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს პროდუქტები, რომლებიც მათთვის საინტერესო იქნება.
Capital One-ის კვლევის თანახმად, 2024 წელს TikTok Shop-მა 47 მილიონზე მეტი ამერიკელი მყიდველი მიიზიდა. ამასთან, ამერიკელები სოციალურ ქსელში შოპინგისთვის დღეში 32 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ.
როგორც Business Insider-ს TikTok Shop-ის ოთხმა თანამშრომელმა განუცხადა, წელს TikTok Shop-ის გაყიდვები ტარიფების გამო შემცირდა. აპრილის შუა რიცხვებში ჩინურ საქონელზე ტარიფები 145%-მდე გაიზარდა. ამ თვის დასაწყისში აშშ-მა ჩინურ საქონელზე ტარიფები დროებით 30%-მდე შეამცირა, ხოლო ჩინეთმა აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადები 125%-დან 10%-მდე შეამცირა. BI-ის წყაროების თანახმად, მაისის დასაწყისში უცხოელი გამყიდველებისგან TikTok Shop-ის დღიური გაყიდვები აშშ-ში ტარიფების გამო ყოველთვიურად თითქმის 25%-ით შემცირდა.
TikTok-ს აშშ-ში 7 000 თანამშრომელი ჰყავს, რომელთაგან 1 000-ზე მეტი სიეტლის მახლობლად ცხოვრობს. Bloomberg-ის ცნობით, კომპანიას სხვა ოფისები ნიუ-იორკში, კალიფორნიასა და ტეხასში აქვს.
TikTok-ს იმისთვის, რომ აშშ-ში ახალი მფლობელი იპოვოს და გამოეყოს მშობელ კომპანიას, ByteDance-ს, 19 ივნისამდე აქვს ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პლატფორმას აკრძალვა ემუქრება.
ვადა კონგრესის მიერ 2024 წლის აპრილში მიღებული კანონის საპასუხოდ არის დადგენილი და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორჯერ გაახანგრძლივა, რადგან TikTok-ი მყიდველის პოვნას ცდილობს. ტრამპმა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ მას TikTok-ის მიმართ "ცოტა თბილი პოზიცია" აქვს, ამ თვის დასაწყისში აღნიშნა, რომ შესაძლოა ვადა კიდევ გაახანგრძლივოს, თუკი 19 ივნისამდე შეთანხმება არ მიიღწევა.
ამ დროისთვის, TikTok-მა შემოთავაზებები მიიღო Oracle-ის თანადამფუძნებლის, ლარი ელისონისგან, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Perplexity-სგან, AppLovin-ისგან, Amazon-ისა და LA Dodgers-ის ყოფილი მფლობელის, ფრენკ მაკკორტ უმცროსისგან, რომელიც გაერთიანდა Shark Tank-ის ინვესტორ კევინ ო'ლირისთან და Reddit-ის თანადამფუძნებელ ალექსის ოჰანიანთან The People's Bid for TikTok-ზე. შემოთავაზებები იყო სხვებისგანაც.
თარგმანი: მარიამ ქობალია