Get All Access for $5/mo

წაძინების ძალა - როგორ ვიძინოთ პროდუქტიულობის გასაზრდელად

By Aytekin Tank

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროფესიონალი ათლეტები ცნობილნი არიან ცხოვრების სტილითა და თამაშამდე არსებული რიტუალებით. რიტუალები თავად მოთამაშეებივით უნიკალურია ხოლმე. თუმცა ცნობილია, რომ ყველაზე გავრცელებული მაინც ერთია − სპორტსმენებს თამაშამდე წაძინება უყვართ.

წაძინებაში პროფესიონალებიც კი ცნობილია, მაგალითად, NBA-ის ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი და აწ გარდაცვლილი კობი ბრაიანტი. ეს კი დამთხვევა სულაც არაა − კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი დასვენება შემდეგ თქვენს პერფორმანსს აუმჯობესებს.

ამის მიუხედავად კი "მუშაობის დროს წაძინება" კვლავაც ისე აღიქმება, როგორც ნეგატიური ჩვევა. სტარტაპების სამყაროში დღის ძილი შეიძლება არაეთიკურადაც მიიჩნიონ, რადგან აქ ანტრეპრენერები შესაძლებლობების მაქსიმუმზე მეტსაც აკეთებენ ხოლმე წარმატებისთვის. მაგრამ ზუსტად სამუშაო საათებში წაძინება ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან ბუსტერად მიიჩნევა. უპირველესად კი, წაძინება ე.წ. "გადაწვისგან" გვიცავს.

Harvard Business Review-ს მიხედვით, კვლევები აჩვენებს, რომ ამერიკელი დასაქმებულების 61% მუდმივად "გადაწვის" პირასაა და ნებისმიერ დროს აქვთ შეგრძნება, რომ შეიძლება, უბრალოდ მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლონ. ხოლო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გადაღლილობა ამერიკულ ბიზნესებს წლიურად $218 მლრდ უჯდებათ − ეს ვლინდება როგორც დაბალ პროდუქტიულობაში, ისე ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახურის გაცდენაში.

Jotform-ში მუხლჩაუხრელად შრომის გვწამს, ხანდახან შეჯიბრსაც კი ვაწყობთ ამაში, მაგრამ ჩვენს დირექტორსა და მთლიანად კომპანიასაც სჯერა, რომ გამოძინებას დიდი ძალა აქვს. სწორედ ამიტომ ვქმნით ატმოსფეროს, სადაც პროპორციულად კარგად ვისვენებთ.

გიზიარებთ ხერხებს, როგორ გამოიძინოთ შუადღისას და იყოთ მეტად პროდუქტიული სამუშაო პროცესში.

დააყენეთ მაღვიძარა

წაძინების შემდეგ ალბათ გაგღვიძებიათ ისევ დაღლილს, თითქოს ბუნდოვანი აღქმით და უმოტივაციოს − ეს მუშაობისთვის არც ისე კარგია. ექსპერტები ამბობენ, რომ შუადღისას წაძინებისათვის საუკეთესო ხანგრძლივობა 20-30 წუთია. მეტიც − არის შემთხვევები, როცა 10 წუთიც კი საკმარისია სტრესის მოსახსნელად. სწორედ ამიტომ, დრო რომ აკონტროლოთ, მაღვიძარა დაგეხმარებათ. როგორც გაჯეტებისა და აპლიკაციების მოყვარული, კალენდრის გამოყენებასაც გირჩევთ, რათა კონკრეტული დრო ძილისთვის მონიშნოთ − ხოლო თქვენს მეხსიერებას კიდევ ერთი დასამახსოვრებელი აქტივობა მოაკლოთ.

დაისვენეთ დღის პირველ ნახევარში

შუადღის ძილი იდეალური შემავსებელია ენერგიის იმ დანაკლისისა, რომელსაც ღამით შესაძლოა ვერ იღებდეთ, ან თუნდაც ღამით კარგად გეძინოთ. მაგრამ დღის წაძინებამ არ უნდა აგირიოთ ღამით ძილის რეჟიმი − ამიტომაც ექსპერტები დღის პირველ ნახევარში გირჩევენ შესვენებას.

ჩვენ ყველას დღის განსხვავებული რუტინა და ცხოვრების რეჟიმი გვაქვს. დილით ადრე ვინც იღვიძებს, მისთვის ორი საათი შუადღეა, მაგრამ ვინც ღამით გვიანობამდეა ფხიზლად და დილით გვიან ფხიზლდება, მისთვის შუადღე შეიძლება ხუთი საათი უფრო იყოს. კოგნიტიური ნეირომეცნიერი სარა მედნიკი The Guardian-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ წაძინება ჩვენი ორგანიზმის დროის მიხედვით უნდა მოხდეს. როცა ენერგია გეცლებათ, ტემპერატურაც ეცემა და გრძნობთ, რომ ჭიქა ყავა გჭირდებათ. ეს რეალურად საუკეთესო დროა იმისათვის, რათა წაუძინოთ.

იყავი მოქნილი

არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ცოტა ძილი ჰყოფნით. მაგალითად, მარგარეტ ტეტჩერს დღე-ღამეში ხუთი საათი ეძინა, ისევე, როგორც იულიუს კეისარს, ნაპოლეონ ბონაპარტს, თომას ჯეფერსონსა და მარია კიურის. თუმცა ნეირომეცნიერებს, ჯანმრთელობისა და ძილის მკვლევრებს ამაზე ერთადერთი სათქმელი აქვთ − ეს ძალიან იშვიათად წარმატებული შემთხვევაა. ღამის განმავლობაში ადამიანს 7.5-8 საათი ძილი სჭირდება ენერგიის აღსადგენად.

ნიკ ლიტლჰეილსი ძილის საკითხებზე მუშაობს ისეთ ელიტურ კლუბებთან, როგორებიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალი" და ბევრი მსგავსი. ის The Guardian-თან ამბობს, რომ 24 საათში უნდა გვეძინოს 7.5-8 საათი, ეს დრო კი შეგვიძლია ღამისა და დღის ძილზე გავანაწილოთ. ამიტომაც, თუკი ღამით მხოლოდ 6 საათი გეძინათ, დღისით თავს დაძინების უფლება მიეცით. ხოლო ღამით 7 საათი ძილის შემთხვევაში, დღის განმავლობაში მცირე წაძინებაც საკმარისი იქნება. გრაფიკის მოქნილობა უმთავრესია.

გამონახე დრო

როცა საქმე დღისით წაძინებას ეხება, ხშირად ვამბობთ − "კი მაგრამ, დრო რომ არ მაქვს?" ჩემი ანტრეპრენერული მოგზაურობის დასაწყისში მეც ასე ვიტყოდი. ჩემი ცხოვრების რეჟიმი მაშინ არარეალურად დატვირთული იყო და წასაძინებლად დროს არასდროს გამოვნახავდი.

გარკვეულ ეტაპზე ყველაფრის დაგეგმარება, პრიორიტეტებად განაწილება და ფილტრაცია დავიწყე − განმეორებადი დავალებების წინასწარ გაწერა, ელ.ფოსტის სამუშაო სივრცეში მეტად გამოყენება, ხარჯთაღრიცხვა. ნელ-ნელა სამუშაო რეჟიმი ახალ ტემპში გადავიდა და ავტომატიზაციაც დავიწყე. იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდე ჩემთან დასაქმებულებს − კლიენტებთან ურთიერთობისას ელ.ფოსტით ყველაფრის გავლა, ყოველი დეტალის ასე დაზუსტება და აპლიკაციებისა და გაჯეტების გამოყენება დასახმარებლად. მალე სისტემა ისე კარგად ამუშავდა, რომ გამოგვიჩნდა თავისუფალი დროც. ავტომატიზაციამ მომცა საშუალება, დრო წასაძინებლადაც მეპოვა.

როგორც ბიზნესის მფლობელმა, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი რამ პრაქტიკაში ვისწავლე − იმისათვის, რომ საქმე კარგად ვაკეთოთ, ხანდახან უბრალოდ ნაკლებად უნდა დავიტვირთოთ თავი. თავისი არსით Less is more მიდგომა წინააღმდეგობრივად ჟღერს, მაგრამ პროაქტიურობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ხანდახან 20-წუთიანი წაძინებისთვის გამონახო დრო. მით უმეტეს, თუკი ამ მცირე შესვენებას შეუძლია გაგხადოს უფრო ბედნიერი, პროდუქტიული და ჯანმრთელი.

Aytekin Tank

Entrepreneur Leadership Network® VIP

Entrepreneur; Founder and CEO, Jotform

Aytekin Tank is the founder and CEO of Jotform and the author of Automate Your Busywork. Tank is a renowned industry leader on topics such as entrepreneurship, technology, bootstrapping and productivity. He has nearly two decades of experience leading a global workforce.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მწვანე ბიზნესი

4 ეკომეგობრული ინდუსტრიული წარმოება საქართველოში

გაეცანით 4 "მწვანე" კომპანიას საქართველოს ინდუსტრიული წარმოებიდან