თუკი $1 000 000 თქვენი მიზანია სემ პარი და შაან პური თავიანთ პოდკასტში ბიზნესიდეების შესახებ საუბრობენ წარმატებულ ანტრეპრენერებთან. ორივე თანხმდება, რომ მილიონი დოლარი ამაღელვებლად ჟღერს, თუმცა საბოლოო მიზანი ვერ იქნება.
By Jason Feifer
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორ უნდა იშოვოთ ან რაში გჭირდებათ ეს თანხა? პოპულარული პოდკასტის, "ჩემი პირველი მილიონი" თანამწამყვანები საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გვიზიარებენ - მათ ხომ რამდენიმე მილიონი აქვთ გამომუშავებული.
სემ პარი და შაან პური თავიანთ პოდკასტში ბიზნესიდეების შესახებ საუბრობენ წარმატებულ ანტრეპრენერებთან. ორივე თანხმდება, რომ მილიონი დოლარი ამაღელვებლად ჟღერს, თუმცა საბოლოო მიზანი ვერ იქნება.
"როცა პირველ მილიონს მიაღწევ, ბევრი ინვესტიცია არ გექნება. მეორე მხრივ, არც ფული გაქვს იმდენი, მთელი ცხოვრება უზრუნველად იცხოვრო. ამიტომაც სვამ კითხვებს, კიდევ რა უნდა შეცვალო და მაინც, რა რიცხვები ჟღერს მართლა კარგად?", - გვეუბნება პური.
- მილიონი ნამდვილად ნიშნავს რამეს?
შაანი: თქვენი სურვილების ასასრულებლად, უმეტესწილად, მასზე ბევრად ნაკლები ან ბევრად მეტი გჭირდებათ. მილიონი ერთგვარი მკვდარი ზონაა, სადაც არაფერი არ ხდება. სინამდვილეში ფული ხომ მხოლოდ ხელსაწყოა. მას არაფრის მოცემა არ შეუძლია, გარდა რაღაც დონის თავისუფლებისა. და ეს თავისუფლება სხვადასხვანაირია სხვადასხვა რიცხვთან. მაგალითად, თუკი ბანკში გაქვთ $250 000 - შეგიძლიათ რაღაც ისეთი წამოიწყოთ, რომ აღარავის წინაშე მოგიწიოთ სამსახურეობრივი ვალდებულების ქონამ 24-36 თვის განმავლობაში. შეგიძლიათ ეს აჩუქოთ თქვენს თავს.
შემდეგი დონე არის "აღარასდროს მომიწევს მუშაობა" - დაახლოებით $10 მლნ. კარიერის საწყის ეტაპზე დროს ცვლით ფულში - $10 მლნ-ის შემდეგ კი თქვენი ფული თავად შოულობს ფულს, ანუ თქვენ თქვენი თავისთვის მუშაობთ. შეგიძლიათ ის აკეთოთ, რაც გსურთ.
გამოიანგარიშეთ, რა ღირს ყველაფერი ის, რაც ცხოვრებისგან გინდათ და ასე დააწესეთ მიზნები, პირველადი მიღწევები და, რაც მთავარია, ჩამოყალიბდით: რა თანხა გჭირდებათ იმისთვის, რომ სამსახურს თავი დაანებოთ და ანტრეპრენერი გახდეთ?
- თქვენ როგორ მოამზადეთ მსგავსი გათვლები?
სემი: ფაილი ჩანაწერებით 22 წლის ასაკიდან მქონდა, როცა ფინანსურად ჯერ კიდევ არ ვიყავი მყარად. ყოველთვიურად ვიწერდი, რამდენს ვშოულობდი და რამდენს ვხარჯავდი, რა უნდა შემენახა. გამოვთვალე, თუ რამდენი უნდა დამეზოგა დანახარჯების გათვალისწინებით, რომ აღარასდროს დამჭირვებოდა. გადავწყვიტე, რომ $18 მლნ-მდე უნდა დამეზოგა.
ვკითხულობდი წიგნებს ბიზნესმენებზე, ვინც მათი კომპანიები ახალგაზრდა ასაკში გაყიდეს და მიიღეს ის რიცხვი, რითაც უზრუნველად ცხოვრობენ. ასე უფრო გაუმარტივდათ იმ დიდი საქმის კეთება, რაც რეალურად სურდათ. ამიტომაც მიზნად დავისახე, რომ ამეშენებინა ბიზნესი შესაბამისი შემოსავლით და მომავლით. ამ ყველაფერს კი ფანატიკოსის მსგავსად Google Sheets-ში ვინიშნავდი.
- ეს ხომ გენიალური სტრატეგიაა!
სემი: კი, და აი, რატომ - როცა წესები შენი შექმნილია, იცი, დიდი თამაში როგორ ითამაშო. ეს კი ნაკლები სტრესი და თამაშით მეტი სიამოვნების მიღებაა.
- შაან, შენ რა მიდგომა გქონდა?
შაანი: როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვიფქრობდი, რომ 30 წლის ასაკამდე მექნებოდა მილიონი საბანკო ანგარიშზე, Forbes 30 Under 30 სიაში ვიქნებოდი, მოკლედ - დიდი გეგმები. მაგრამ, უცებ 29 წლის გავხდი და ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე დავდექი. ვფიქრობდი, რომ გრაფიკს ჩამოვრჩებოდი. არ მქონდა მილიონი, ვერც "ფორბსის" სიაში მიპოვიდით, ეს ცუდი გრძნობა იყო. ამიტომაც ჩემს თავს ასეთი რამ ვუთხარი: "გაქვს ორი არჩევანი - ან აგრძელებ წუწუნს, რომ გრაფიკს ჩამორჩები, ან აცნობიერებ, რომ ყველაფერი წინ გაქვს და აგრძელებ სვლას. აქამდე რაც მიმუშავია, ყველაფერი სწორედ იმისთვის იყო, რომ შემდეგ საყვარელი საქმე მეკეთებინა. ზოგიერთი მიზანი ახლა სულელური ჩანს, ამიტომაც ჩემი 20 წლის ვერსიის შედგენილ სიას უნდა გადავხედო".
ეს ფსიქოლოგიური, გარდატეხის მომენტი იყო. როგორც კი ამაზე დავფიქრდი, იდეების მოდინება დაიწყო. გავყიდე კომპანიაც კი და 31 წლის ასაკში მულტიმილიონერი ვიყავი.
- თქვენი ორივეს ნაბიჯები გათვლილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა არჩევანი გააკეთეთ.
სემი: მე და შაანს მოგვაფიქრდა ასეთი რამ. მას ABZ ვუწოდეთ. როცა რაღაც იდეაზე იწყებს ადამიანი ფიქრს, ფიქრობს Z-ზე, რაც მოგზაურობის დასასრულია. ამაღელვებელი და შთამაგონებელია ყოველდღიურად გაღვიძება, როცა Z-ს ცალსახად ხედავ. თუმცა რეალურად, უნდა ფოკუსირდე A-სა და B-ზე - მთავარი ჯერ პირველი მომხმარებლის მიღებაა, შემდეგ მეორის, სხვა ყველაფერზე კი ამ ორ მოვლენას შორის ნერვიულობ.
- როგორ უნდა შეაფასონ ადამიანებმა, რომ მილიონამდე სწორ გზაზე დგანან?
შაანი: ჩემი დაკვირვებით, ადამიანები ხშირად ინერციით მიდიან წინ. ჩემმა მენტორმა ერთხელ მითხრა: "ფრთხილად იყავი. შეიძლება ხვალ გაიღვიძო და აკეთო ზუსტად ის, რასაც გუშინ აკეთებდი. იმიტომ არა, რომ ეს საუკეთესო გზაა - იმიტომ, რომ ამას სულ აკეთებ". სწორედ ამიტომაც მე მუდამ ცვლილების მხარეს ვარ - თუკი ვგრძნობ, რომ სწორია, თუნდაც შედეგს ვერ ვხედავდე, მაინც გავაკეთებ.
სემი: იაპონური ტერმინი "იკიგაი" გაგიგონიათ? წარმოიდგინეთ ვენის დიაგრამა იმის შესახებ, თუ რა უნდა სამყაროს, რისთვის გადაიხდიდა მსოფლიო, რა უნარები მაქვს მე და რა მიყვარს? ვფიქრობ, ადამიანები ამ დიაგრამიდან ერთ ან ორ ნაწილში ცდილობენ მოხვედრას. მაგალითად - "რა უნდა მსოფლიოს" და "რის კეთება მიყვარს მე". მაგრამ იქნებ არ გამოგდის, რის კეთებაც მოგწონს, ან იქნებ ამაში ფულს არავინ გადაიხდის?
სწორედ ამიტომ, ამ დიაგრამის ცენტრში უნდა მოექცე. თუკი ასე მოიქცევი, პირველი მილიონის შოვნა არც ისე რთული იქნება. შეიძლება, დაახლოებით, 5 წელი დაგჭირდეს. მთავარია, ამისთვის დროის დასათმობად იყო მზად.
- თქვენს პასუხებს ერთი რამ აერთიანებს - მნიშვნელობა იმის განსაზღვრის, თუ რატომ ვაკეთებთ კონკრეტულ საქმეს.
სემი: დიახ, აუცილებელია, იყოთ გულწრფელები და სწორად გადარეულები. ერთგვარი სიგიჟე აუცილებლად დაგჭირდებათ, თუმცა სწორად მიმართული.