ყველაზე დიდი ფინანსური შეცდომები, რომლებსაც ანტრეპრენერები უშვებენ და მათი გამოსწორების გზები

By John Rampton

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანტრეპრენერებს ხშირად აღიქვამენ როგორც რისკის მოყვარულებსა და შესაძლებლობების ოსტატებს. მიუხედავად გაბედული ნაბიჯებისა და ბიზნესგამარჯვებებისა, ბევრი მათგანი უფრო ბანალურ, მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვან საკითხთან – პირად ფინანსებთან – ბრძოლაში აგებს.

ბევრისთვის ეს ირონია გასაკვირია. თუკი შეგიძლია ბიზნესის აწყობა, განა საკუთარი ფულის მართვა უფრო მარტივი არ უნდა იყოს შენთვის? სინამდვილეში, მეწარმეობა სრულიად განსხვავებულ აზროვნებას მოითხოვს, ვიდრე კარგი ფინანსური ჩვევები.

მიზეზი? ის თვისებები, რომლებიც ბიზნესში წარმატებაში გეხმარებათ, როგორიცაა რისკისადმი ტოლერანტობა, ოპტიმიზმი და აგრესიული რეინვესტირება, შესაძლოა თქვენს პირად ფინანსებს ძირს უთხრიდეს.

აი, რატომ მარცხდება ბევრი მეწარმე პირადი ფინანსების მართვისას და როგორ ავირიდოთ თავიდან მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამეორება.

პირადი და ბიზნესფინანსების ზღვრის წაშლა

რა არის მეწარმეების მიერ დაშვებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური შეცდომა? ბიზნეს- და პირადი ანგარიშების ერთმანეთისგან არგამიჯვნა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ზედმეტად მკაცრი არ უნდა იყოთ საკუთარი თავის მიმართ, თუ ეს შეცდომა უკვე დაუშვით. ბიზნესის საწყის ეტაპზე შესაძლოა სრულიად უწყინარი ჩანდეს საკუთარი დანაზოგიდან თანხის აღება მარკეტინგული კამპანიის დასაფინანსებლად, ან ბიზნესბარათის გამოყენება სურსათის შესაძენად. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის ზღვარს შლის. უფრო და უფრო რთული ხდება შემოსავლების, ხარჯების, გადასახადებისა და მოგების კონტროლი. ამან შეიძლება შეგიქმნათ ილუზია, რომ თქვენი ბიზნესი იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე სინამდვილეშია, ან რომ იმაზე მეტი ფული გაქვთ, ვიდრე რეალურად ფლობთ.

როგორ გავიმარჯვოთ: დარწმუნდით, რომ თქვენს ბიზნესს აქვს საკუთარი საბანკო ანგარიში და საკრედიტო ბარათი. ასევე, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს გადაუხადოთ სისტემატური ხელფასი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის თავდაპირველად მცირე იქნება. ანაზღაურების თვალსაზრისით, საკუთარ თავს ისე უნდა მოექცეთ, როგორც თქვენი კომპანიის თანამშრომელს. ამგვარი მიდგომა აყალიბებს დისციპლინის შეგრძნებას და შემოაქვს სიცხადე თქვენს ფინანსებში.

ხარვეზები ფინანსურ განათლებასა და ცოდნაში

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მეწარმეს შეუძლია ბიზნესის წამოწყება და გაზრდა მინიმალური ფინანსური ცოდნითაც, პირადი და ბიზნესფინანსების საფუძვლიანი გაგება გადამწყვეტია გრძელვადიანი წარმატებისთვის. ბევრი ადამიანი ბიზნესს საკუთარი ძალებით იწყებს, იყენებს პირად დანაზოგებს ან სესხულობს ფულს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან ისე, რომ ბოლომდე არ ესმის ამ ნაბიჯების ფინანსური შედეგები.

იმისათვის, რომ მეწარმე გახდეთ, აუცილებელია ფლობდეთ პირადი ფინანსების მართვის საბაზისო საფუძვლებს.

  • ფულადი ნაკადების მართვა. მეწარმეებმა მუდმივად უნდა ადევნონ თვალი, როგორ შემოდის და გადის ფული მათ ბიზნესში. Wilbur Labs-ის კვლევის მიხედვით, დამფუძნებლების მესამედზე მეტი მიიჩნევს, რომ მათი მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ფულის გამოლევა გახდა.
  • ბიუჯეტირება და პროგნოზირება. თუ მეწარმეს შეუძლია ბიუჯეტის შედგენა და მისი დაცვა, მას შეუძლია ეფექტურად მართოს ვალები, გააკონტროლოს ხარჯები და თავდაჯერებულად გაყიდოს ახალი პროდუქტები.
  • საინვესტიციო გადაწყვეტილებები. სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად მეწარმეებმა უნდა შეაფასონ რისკები და ამონაგები, როდესაც საქმე ეხება მოგების რეინვესტირებას ან პირადი დანაზოგების გაზრდას.
  • დაფინანსების მოპოვება. მყარი ფინანსური გეგმა და საკუთარი ციფრების ზედმიწევნით ცოდნა ნდობას უჩენს გამსესხებლებსა და ინვესტორებს. ეს გეხმარებათ თქვენი ხედვის ნათლად ჩამოყალიბებასა და თქვენი პასუხისმგებლობის დემონსტრირებაში.

როგორ გავიმარჯვოთ: გახდით ფინანსური კონცეფციების მცოდნე თქვენი ბიზნესის შენების პარალელურად. გამოიყენეთ სამეწარმეო კურსები, წიგნები, პოდკასტები და პროფესიული ქომუნითები. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, გაიარეთ კონსულტაცია ფინანსურ ექსპერტთან. თქვენ არ გევალებათ გახდეთ სერტიფიცირებული ბუღალტერი (CPA), თუმცა, თქვენ უნდა ფლობდეთ "ფულის ენას" იმ დონეზე, რომ შეძლოთ თქვენი ბიზნესის ეფექტურად მართვა.

არასტაბილური შემოსავალი იწვევს არარეგულარულ დანაზოგებს

ხელფასიანი თანამშრომლებისგან განსხვავებით, მეწარმეები ანაზღაურებას რეგულარული გრაფიკით არ იღებენ. ამ ცვალებადობის გამო, დიდია ცდუნება, რომ დანაზოგი მხოლოდ "კარგ დროს" გააკეთოთ, ხოლო "ცუდ პერიოდში" ზედმეტი დახარჯოთ.

საბოლოო ჯამში, ეს "ნადირობისა და შიმშილის" ციკლი დაუცველს გტოვებთ საგანგებო სიტუაციების, საგადასახადო სეზონისა თუ პენსიაზე გასვლისთვის.

როგორ გავიმარჯვოთ: თქვენი ყველაზე დაბალშემოსავლიანი თვეების საფუძველზე, შექმენით ბაზისური ყოველთვიური ბიუჯეტი. ამ ციფრის გამოყენებით მოახდინეთ დანაზოგების ავტომატიზაცია. ასევე, დარწმუნდით, რომ თქვენი საგანგებო ფონდი ფარავს თქვენს ხარჯებს სულ მცირე 6-12 თვის განმავლობაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელ დიდ მოგებას მიიღებთ, მისი გარკვეული პროცენტი გრძელვადიანი დანაზოგებისა და ინვესტიციებისკენ მიმართეთ.

გადამეტებული დამოკიდებულება ბიზნესზე, როგორც სიმდიდრის ერთადერთ წყაროზე

მეწარმეები ხშირად ვარაუდობენ, რომ მათი ბიზნესი მათსავე საპენსიო გეგმას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მოელიან, რომ ან სოლიდურ თანხად გაყიდიან მას, ან უახლოეს მომავალში მისგან შემოსავლის მიღებას გააგრძელებენ.

თუმცა, ბიზნესი, ისევე როგორც ბაზრები, არაპროგნოზირებადია. კერძოდ, პროფესიულმა გადაწვამ , ჯანმრთელობის პრობლემებმა ან ეკონომიკურმა კრიზისმა შესაძლოა თქვენი სტრატეგია ჩაშალოს. შესაბამისად, თუ თქვენი მთელი ქონება მხოლოდ თქვენს კომპანიაშია ინვესტირებული, თქვენი მომავალი რისკის ქვეშაა.

როგორ გავიმარჯვოთ: დარწმუნდით, რომ ახდენთ თქვენი ქონების დივერსიფიკაციას. ადრეული ეტაპიდანვე დაიწყეთ ინვესტირება თქვენი ბიზნესის მიღმა. ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში, საბროკერო ანგარიში, უძრავი ქონება ან ანუიტეტი. გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბიზნესი შეიძლება იყოს თქვენი სიმდიდრის მთავარი წყარო, ის არ უნდა იყოს ერთადერთი.

მოულოდნელი საგადასახადო სიურპრიზები და არასწორი მართვა

გადასახადები თვითდასაქმებული პირებისთვის შესაძლოა საკმაოდ რთული და კომპლექსური იყოს. როდესაც კვარტალური გადახდები იგვიანებს, საგადასახადო შეღავათები არასწორად არის გაგებული, ან ფინანსური ვალდებულებების დათვლა ბოლო წუთზე ხდება, ამას შედეგად მოჰყვება ჯარიმები, სტრესი და ფულადი ნაკადების პრობლემები.

როგორ გავიმარჯვოთ: გაიარეთ კონსულტაცია ბუღალტერთან, რომელსაც ესმის თქვენი კომპანიის ინდუსტრია და ბიზნესსტრუქტურა. იდეალურ შემთხვევაში, გადასახადებისთვის საჭირო თანხა ყოველთვიურად ცალკე ანგარიშზე უნდა გადადოთ. შეგიძლიათ განიხილოთ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაც, რომელიც რეალურ დროში ადევნებს თვალს შემოსავლებსა და გამოსაკლებ ხარჯებს. გახსოვდეთ, რომ საგადასახადო დაგეგმვა არ არის ის, რაც წელიწადში ერთხელ უნდა გააკეთოთ; ეს არის პროცესი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს.

პენსიაზე გასვლის დაგეგმვის უგულებელყოფა

პენსიაზე გასვლა იშვიათად არის მეწარმეების პრიორიტეტების სათავეში. ჩვენ მუდმივად ახალი პროდუქტების გაყიდვითა და ახალი კონტრაქტების მოპოვებით ვართ დაკავებულნი. დამსაქმებლის მიერ დაფინანსებული საპენსიო გეგმის (მაგალითად, 401(k)) არარსებობის პირობებში, ყველაზე ხშირი არჩევანი არაფრის კეთებაა.

თუმცა, პენსია არ იცდის. რაც უფრო ადრე დაიწყებთ დაზოგვას, მით მეტად გაიზრდება თქვენი ფული დროთა განმავლობაში.

როგორ გავიმარჯვოთ: გაეცანით საპენსიო ანგარიშებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მეწარმეებისთვის (როგორებიცაა Solo 401(k), SEP IRA და SIMPLE IRA). ამ ანგარიშებში ინვესტირება შესაძლოა საგადასახადო თვალსაზრისით მოგებიანი იყოს და გთავაზობთ შენატანების მაღალ ლიმიტებს. გარდა ამისა, თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად, მოახდინეთ მცირე ყოველთვიური შენატანების ავტომატიზაცია და თანდათან გაზარდეთ ისინი.

ზრდის პერიოდში "ცხოვრების სტილის ინფლაცია" ხდება

როდესაც თქვენი ბიზნესი წინ მიდის, ჩნდება დიდი ცდუნება, გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების სტილი. ფიქრობთ, რომ ეს დაიმსახურეთ, იქნება ეს უკეთესი ავტომობილი, უფრო დიდი სახლი თუ მეტი მოგზაურობა.

თუმცა, ცხოვრების სტილის ინფლაციამ შესაძლოა "შეჭამოს" თქვენი მოგება და ხელი შეგიშალოთ გრძელვადიანი სიმდიდრის დაგროვებაში. უარესი: თუ მოგვიანებით თქვენი შემოსავალი შემცირდება, შესაძლოა აღმოჩნდეთ გადამეტებული ფინანსური ვალდებულებების წინაშე.

როგორ გავიმარჯვოთ: ნაცვლად იმისა, რომ ორიენტირი აიღოთ თქვენს საუკეთესო წელიწადზე, დააწესეთ ცხოვრების სტილის საზღვრები თქვენს საშუალო შემოსავალზე დაყრდნობით. გამოიყენეთ 50/30/20 წესი: 50% – აუცილებელი საჭიროებები; 30% – სურვილები; 20% – დანაზოგები და ვალების დაფარვა. ასევე, კარგი აზრია დაზოგოთ მეტი მაღალი შემოსავლის პერიოდში. შედეგად, თქვენ არ აღმოჩნდებით ფინანსურ "მარწუხებში" უფრო რთულ, მცირეშემოსავლიან პერიოდებში.

პროფესიონალური ფინანსური რჩევის ძიებაზე უარის თქმა

მეწარმეები ხშირად ამაყობენ იმით, რომ ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის შექმნისას ეს თვისება აღტაცებას იწვევს, ფინანსების მართვისას ეს რისკთან არის დაკავშირებული.

პროფესიონალური რჩევის გარეშე თქვენ შესაძლოა მხედველობიდან გამოგრჩეთ საგადასახადო სტრატეგიები, საინვესტიციო შესაძლებლობები ან რისკის შემცირების ტაქტიკები, რომლებსაც შეუძლია დაგიზოგოთ ან მოგიტანოთ ათასობით დოლარი.

როგორ გავიმარჯვოთ: ფინანსური მრჩეველი თქვენი სამეწარმეო გუნდის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ბიზნესის მფლობელებმა უნდა ეძებონ ნდობით აღჭურვილი მრჩევლები, რომლებიც მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე არიან ორიენტირებული. გარდა იმისა, რომ ისინი დაგეხმარებიან ფულადი ნაკადების დაგეგმვასა და რისკების მართვაში, მათ შეუძლიათ შეგიმუშაონ გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიები და დაგეხმარონ საპენსიო დაგეგმვაში. კარგი მრჩეველი არა მხოლოდ თქვენს ფულს მართავს, არამედ გეხმარებათ თქვენი თავისუფლების დაცვაშიც.

იფიქრეთ როგორც ფინანსურმა დირექტორმა (CFO)

როგორც მეწარმეები, ჩვენ მიჩვეულები ვართ აღმასრულებელი დირექტორივით (CEO) აზროვნებას – რისკისადმი ტოლერანტულად და ზრდაზე ორიენტირებულად. თუმცა, თქვენს პირად ფინანსებს ფინანსური დირექტორის (CFO) აზროვნება სჭირდება: ფრთხილი, სტრატეგიული და დეტალებზე ორიენტირებული.

ბიზნესისა და პირადი ფინანსების გამიჯვნა, თანმიმდევრული დაზოგვა, შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაცია და გადასახადებისა თუ პენსიის წინასწარ დაგეგმვა – ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც ფინანსურ სტაბილურობასა და სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ.

თქვენ ბევრი იშრომეთ ბიზნესის ასაშენებლად. ამიტომ დარწმუნდით, რომ ასევე, ქმნით ისეთ ფინანსურ მომავალს, რომელიც მყარად იდგება მას შემდეგაც კი, როცა დიდი შრომა და ფუსფუსი ჩაწყნარდება.

თარგმანი: მარიამ ქობალია

John Rampton

Entrepreneur Leadership Network® VIP

Entrepreneur and Connector

John Rampton is an entrepreneur, investor and startup enthusiast. He is the founder of the calendar productivity tool Calendar.