Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ფინანსური და პანდემიური კრიზისები XXI საუკუნეში რომელი ტიპის კრიზისი უფრო დამაზიანებელია გლობალური ბაზრებისთვის - პანდემიისგან მიღებული შედეგები თუ წმინდა ფინანსური კრიზისი.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

1959 წლის 12 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ინდიანას შტატის ქალაქ ინდიანაპოლისში ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ წარმოთქვა სიტყვა, სადაც განმარტა ჩინური იეროგლიფი ' ', რომლის პირდაპირი თარგმანი "კრიზისს" ნიშნავს, ხოლო იეროგლიფები ცალ- ცალკე საფრთხესა და შესაძლებლობას გულისხმობს.

ერთგვარად სიმბოლურია, რომ ოცდამეთხუთმეტე პრეზიდენტის სიტყვებს სწორედ ამ სტატიის შესავალ ნაწილად ვიყენებ, რადგან კრიზისი, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს, ერთი შეხედვით, არა მხოლოდ ფინანსური "ბუშტის გახეთქვით" ხდება, არამედ სწორად დაგეგმილი და გაწერილი ფინანსური შოუს ნაწილია, რომელიც მოიცავს საფრთხესაც და შემდგომ ცვლილებებსა და შესაძლებლობებსაც.

სტატიის საშუალებით შევეცდები, ჩავშალო რამდენიმე საკითხი და გავიგოთ, თუ რომელი ტიპის კრიზისი უფრო დამაზიანებელია გლობალური ბაზრებისთვის − პანდემიისგან მიღებული შედეგები თუ წმინდა ფინანსური კრიზისი. ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებას თუ დავეყრდნობით, საუბარია ამ კრიზისის სამ ძირითად ეკონომიკურ მსგავსებაზე. საინტერესო იქნება სამივე მათგანის განხილვა და ჩაშლა, თუ რამდენად შეგვიძლია ძველი და მიმდინარე პროცესების მსგავსების დანახვა.

პირველი მსგავსება ალბათ ყველაზე ნათელი და მარტივი დასანახია. ის, რომ ორივე კრიზისის ავტორი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკიდან მოდის (ამერიკის შეერთებული შტატები − 2008 წელი და 2019 წლის მიწურულს − ჩინეთი), რამაც შემდგომ გლობალური სახე მიიღო. ფრენკ ნეითის (1921 წ.) წიგნის "რისკი, გაურკვევლობა და მოგება" მიხედვით, მარტივად შეგვიძლია ამ შემთხვევებს ვუწოდოთ "გაურკვევლობა", რადგან როგორც ნეითი წიგნში განმარტავს, "გაურკვევლობა" − ეს არის შეუფასებელი რისკი. ეს რისკია, რომლის გამოკვლევა, იდენტიფიცირება შეუძლებელია, რის გამოც ასევე შეუძლებელია მათი პროგნოზირება. სწორედ ეს განმარტება შეესაბამება ამ უჩინარ "კოვიდ"-ვირუსს და ასევე სხვა მსგავს ვირუსებს. იგივე იყო 2007 წელს, როცა აშშ-ში ყველანაირი ინფორმაციის გარეშე ხდებოდა სუბსიდირება კრედიტებისა მოსახლეობაზე. საბოლოოდ, მოხდა ის, რომ ეს ტოქსიკური რისკი წლების განმავლობაში იმალებოდა და ვერავინ შეამჩნია მისი ზრდა და იმის პროგნოზი, თუ როდის მოხდებოდა ფინანსური კოლაფსი, რომელიც მოედო მსოფლიოს და გავრცელდა. შესაბამისად, ამერიკას მოუხდა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გარკვეულ ეტაპზე გაყინვა, რათა თვითონ გარკვეულიყვნენ, საიდან გამომდინარეობდა საფრთხე და როგორ შეეძლოთ პრობლემის მოგვარების დაწყება. იგივე მოხდა და ხდება COVID-19-ის შემთხვევაშიც, როცა გაჩერდა მსოფლიო და გაიყინა ეკონომიკური საქმიანობები ქვეყნებს შორის. მსოფლიო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ შეიქმნა მსოფლიო პანდემიის განუსაზღვრელი ინდექსი, და ასევე, გლობალური ეკონომიკის განუსაზღვრელობის ინდექსი (GEPU), რომელიც გამოთვლილია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) კურსით. ქვემოთ მოცემული ორი გრაფიკი ერთად სწორედ ამ ორი ინდექსის ცვლილებებს ასახავს დროის ამა თუ იმ მონაკვეთზე. გრაფიკის მარცხენა მხარეს მოცემულია სხვადასხვა ეპიდემიური შემთხვევა XXI საუკუნის დასაწყისიდან, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსხვავებული სიძლიერით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არცერთი მათგანი არ ყოფილა ისეთი გლობალური ეპიდაფეთქება, როგორიც ახლა მიმდინარე კორონავირუსია. გრაფიკზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად დიდია სხვაობა COVID-19-სა და სხვა ისეთ ვირუსებთან, როგორებიც იყო

SARS-ი (მწვავე რესპირატორული სინდრომი), ფრინველის გრიპი A (H5N1-Avian), ღორის გრიპი (H1N1-Swine) და ებოლა. თუ ამ 5 ძირითადი ვირუსის ცვლადებს შევადარებთ, წმინდა გლობალური ეკონომიკის განუსაზღვრელობის ინდექსს დავინახავთ, რომ სწორედ კორონავირუსის დროს მივიღეთ გლობალური ეკონომიკის განუსაზღვრელობის ინდექსის ზრდა, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, სწორედ მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებით გამოითვლება, რაც მიუთითებს მსოფლიო ქაოსზე. მაგალითისთვის, კორონაპანდემიის დროს GEPU-მ მიაღწია 348-ე ნიშნულს და სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, როცა წინა შემთხვევები, როდესაც ინდექსი გაიზარდა, მოხდა ისეთ ისტორიულ მომენტებში, როგორებიც იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისი (202 − ოქტომბერი, 2008 წელი), ევროპის სუვერენული კრიზისი (202 − 2011 წელი), Brexit-რეფერენდუმი (228 − 2016 წლის ივნისი), აშშ-ის არჩევნები (228 − 2016 წელი) და სავაჭრო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის (342 − 2019 წელი).

გრაფიკი 1

მეორე მსგავსება ამ ორ კრიზისს შორის არის ეკონომიკური კოლაფსი. კოლაფსში ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ ზუსტად ანალოგიური სცენარით მოხდა წამყვანი ქვეყნების საფონდო ბირჟების ფასების სწრაფი ვარდნა და ამასთან, ორივე გლობალური რეცესია თანმიმდევრულად შეფასდა ყველაზე დიდ ეკონომიკურ ვარდნად გლობალური დეპრესიის შემდეგ.

გრაფიკი 2 გვიჩვენებს S&P 500 ინდექსის 2008 წლიდან 2020 წლამდე მოძრაობას დროში. ამავე გრაფიკზე ასევე გამოსახულია და მოხაზულია პერიოდი, როდესაც Lehman Brothers გაკოტრდა (09.16.08). შესაძლოა, მკითხველმა არ იცოდეს ამ კომპანიის შესახებ, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ ეს იყო გლობალური ფინანსური სერვისების კომპანია, რომლის 170-წლიანი ისტორია, შეიძლება ითქვას, ყველასთვის მოულოდნელად სწორედ რომ 2008 წელს დასრულდა.

გრაფიკი 2

ატლანტიკური საბჭოს რეპორტში მოცემულ ამ გრაფიკზე, კარგად ჩანს ის შედარება და მსგავსება, რაც ორივე კრიზისის დროს დაფიქსირდა − ეს არის პიკი 2020 წლის 19 თებერვლის შემთხვევაში და შემდეგ იდენტური სწრაფი ვარდნა.

S&P 500 ინდექსი ნამდვილად არ არის ის ერთადერთი, სადაც ვხედავთ ეკონომიკურ განმეორებით სცენას, რადგან კიდევ უფრო საინტერესოდ მიმაჩნია, რომ მოვახდინოთ ისეთი მნიშვნელოვანი ინდექსის განხილვა, როგორიც არის დოლარის ინდექსი (DXY). დოლარის ინდექსი იმიტომ, რომ სწორედ ამ ვალუტას შეგვიძლია ვუწოდოთ არასაბირჟო ბაზარზე დომინანტი, რომელიც საპირწონეა სხვა ყველა მსოფლიო ვალუტისთვის. შესაბამისად, ანალიტიკოსები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას დოლარის ინდექსის მოძრაობას და სწავლობენ მას.

გრაფიკი 3-ზე მოცემულ დოლარის ინდექსზე ლურჯად მოქცეული პერიოდი 2009 წლის ეკონომიკურ კოლაფსსა და ვარდნას ასახავს, ხოლო სტაფილოსფერ მართკუთხედშია 2020 წლის მიმდინარე მდგომარეობა.

გრაფიკი 3

მაგალითისთვის, 2009 წლის 3 თებერვალს დოლარის ინდექსი შეადგენდა 89.923-ს, რომლის სწრაფი ვარდნის დროს, 1 წლის შემდეგ, 2010 წლის მიწურულს ის 74.36-მდე ჩამოვიდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 წლის განმავლობაში ის 15 პუნქტით დაეცა მსოფლიოს ბაზარზე. 2020 წლის 3 თებერვალს დოლარის ინდექსი 103.94-ს შეადგენდა, რომლის ასევე სწრაფი ვარდნის 1 წლის შემდეგ, 2020 წლის მიწურულს იგი 90.42-ს უდრის და ამ სტატიის წერის პერიოდშიც კი ეცემა. ჯამში, ჩვენ უკვე გვაქვს თითქმის 14-პუნქტიანი ვარდნა, რომლის დასასრული ამ ეტაპისთვის უცნობია. რა თქმა უნდა, 15 და 14-პუნქტიანი ვარდნა მსოფლიოს ორივე კრიზისში განსხვავებულად აისახება და არსებული მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ორივე მათგანი დამაზიანებელია, თუმცა კოვიდპანდემიის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო მეტად იგრძნობა ყველა კონტინენტზე, ვიდრე იყო 2009 წელს.

ამასთან, "კოვიდ"-პანდემიის შემთხვევაში, არ უნდა გამოგვრჩეს მსოფლიოში ალბათ ყველაზე პოპულარული გამოთქმა, როგორიც არის Great Lockdown, როგორც ამას უწოდებს მსოფლიო სავალუტო ფონდი (IMF). Great Lockdown იგივეა, რაც ქვეყნების საყოველთაო დაკეტვა, რაც არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება, და ეს ყოველივე პირდაპირ კავშირშია იმ ვაქცინასთან, რომლის შექმნასაც მსოფლიო ყოველდღე შეუსვენებლად ცდილობს. ინიცირებული რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP), რომელმაც 2020 წლის პირველ მეოთხედში ევროზონის შემთხვევაში 16%-იანი, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, 4.8%-იანი ვარდნა აჩვენა. თვალშისაცემია ის პროცენტული განსხვავებები, რომლებიც ზემოთ აღვნიშნეთ, და ამის ახსნა იმით ხდება, რომ ევროზონამ ადრეული შოკი განიცადა და უფრო სწრაფი გადაწყვეტილებებით მოახდინა საზღვრების ჩაკეტვა, ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

რადგან შევეხეთ ქვეყნებისა და კონტინენტების ჩაკეტვის თემას, ვფიქრობ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, გავიხსენოთ და შევადაროთ ეს ორი კრიზისი ამ მიმართულებით და დავინახოთ, თუ რა შედეგებით დასრულდა 2009 წელს ფინანსური კრიზისი და რა შედეგები მივიღეთ Lockdown-ის შემთხვევაში 2020 წელს. საამისოდ შეგვიძლია დავეყრდნოთ მსოფლიო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ მოწოდებულ გრაფიკს, სადაც ძალიან კარგად ჩანს ის პროცენტული განსხვავებები, რომლითაც ხდება ამ ორი პროცესის შედარება.

არის სწორედ ის კარგი ილუსტრაცია, სადაც მსგავსების დანახვა ნამდვილად შეიძლება. აშშ-მ, ევროზონამ, იაპონიამ, ორივე კრიზისის შემთხვევაში განიცადეს გაცილებით ძლიერი ეკონომიკური კრახი, ვიდრე ჩინეთმა და ინდოეთმა, რომლებმაც ორივე კრიზისის შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, მალევე მოახდინეს მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) დადებითი პროცენტის ჩვენება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020 წელს გაძლიერებულმა კონტროლმა და ქვეყნების ჩაკეტვამ კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა ამერიკას, ევროზონასა და იაპონიას, რაც სავსებით მოსალოდნელი შედეგიც გახლდათ.

გრაფიკი 4

მესამე მსგავსება მსოფლიოს რეაქციაა კორონავირუსის მიმართებით. მსგავსი შემთხვევების ეკონომიკური შოკის შესამცირებლად, ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ მასობრივი მხარდაჭერა უზრუნველყო.

ატლანტიკური საბჭოს სტატიაში საკმაოდ კარგი და სწორი შედარება აქვს პროცესებს, რომელსაც ეწოდება "გადაღვრის ეფექტი" (spillover effect). ეს ეფექტი სწორედ რომ გლობალურ, სისტემურად მნიშვნელოვან ბანკებზე აისახა (G-SIB) გადამდები ინფექციის მსგავსად, რომელიც შემდგომში საზღვრებს გასცდა. ანალოგიური რამ გამოვლინდა COVID-19-ის პერიოდში უფრო მომწიფებულ ეკონომიკებში, რომლებიც ერთგვარად ქმნიან შიდა ინფორმაციას და შემდგომ ხდება ამ ინფორმაციის გადინება და გაჟღერება გლობალურად. ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთავარ როლს ასრულებს სახელმწიფო და მისი მეთაურები, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მოწოდებებს ავრცელებენ რეგულაციების შესახებ. გავლენიანი ჟურნალი The Economist სწორედ ამ საზოგადო ფიგურებს უძღვნის მცირე ანალიტიკას და სტატიას. სტატიაში მოხსენიებულია განსაკუთრებით ევროპაში 3 ცნობილი ფრაზა, რომელიც პირველად 2012 წლის ივლისში გააჟღერა ევროპული ცენტრალური ბანკის (ECB) უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ, რომელიც საუბრობდა ევროს გაუფასურების შეჩერებაზე, რაც ყველაზე მეტად ინვესტორებს აწუხებდათ. ეს ფრაზებია: whatever it takes, And believe me, it will be enough. ქართულად ისინი ითარგმნება, როგორც: "რაც საჭირო იქნება", "მერწმუნეთ", "ეს საკმარისი იქნება". ამ სამი ცნობილი ფრაზიდან, პირველი ფრაზა − "რაც საჭირო იქნება", "კოვიდ"-პანდემიის დროს უკვე განმეორდა მრავალჯერ სახელმწიფო მეთაურების მხრიდან. ამასთან, აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ მსგავსი ფრაზები ხელს უწყობს ფინანსური ბაზრების დამშვიდებას მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის უკან არის არგუმენტირებული სანდოობის მაღალი დონის მაჩვენებელი. შესაბამისად, ჟურნალი "ეკონომისტი" გვთავაზობს ძალიან საინტერესო გრაფიკს, სადაც ასახულია სწორედ ამ პირველი ფრაზის ფინანსური ბაზრების ეფექტი 2012 და 2020 წლებში. მედიის მიერ გაჟღერებული ექო, რომელიც მსოფლიოში წამიერად ვრცელდება, სიგნალია ბაზრებისთვის, თუ საით განაგრძონ მოძრაობა. ამასთან, ინვესტორების ანალიტიკა და მსოფლიო მოლოდინი სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც ხვდებიან, სწორია თუ არა მაღალი ორგანოების მხრიდან გაჟღერებული დამამშვიდებელი ფრაზები.

გრაფიკი 5 ამის კარგი მაგალითია, და როგორც ხედავთ, 2012 წელს "რაც საჭირო იქნება" ფრაზამ ნამდვილად გაამართლა, რადგან გვაქვს მყისიერი პროცენტული ზრდა სახელმწიფო ბონდებზე, რასაც ვერ ვიტყვით 2020 წლის 11 მარტს გაჟღერებულ იმავე ფრაზაზე, სადაც ნაჩვენებია კრიტიკული ვარდნა. ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ ECB-ის ყოფილმა პრეზიდენტმა 2012 წელს განაცხადა, რომ სწორედ ევროპული ცენტრალური ბანკი შეიძენდა დიდი რაოდენობით ევროზონის პრობლემატური ქვეყნების სუვერენულ სესხებს, რითაც, ერთი მხრივ, დამშვიდდებოდა ბაზარი, ხოლო მეორე მხრივ, პარალელურად გასცემდა პრემიას, რომელსაც ითხოვდნენ ინვესტორები, რათა ეყიდათ ესპანური და იტალიური სახელმწიფო ბონდები.

გრაფიკი 5

ახლა გადავხედოთ, თუ რა მოხდა 2020 წელს და რა მსგავსი სცენარი განმეორდა. 2020 წლის 17 მარტს შეიკრიბნენ "დიდი შვიდეულის" წევრი

ქვეყნების (კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები) მეთაურები. ამ შეკრებაზე, მედიის საშუალებით ისინი მსოფლიო მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ ძლიერი ეკონომიკური ზრდისთვის. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში G-20 ქვეყნების ლიდერებმა ასევე პირობა დადეს, რომ ძალებს არ დაიშურებდნენ, რათა თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და საარსებო წყაროები დაეცვათ. დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა, ასევე იტალიისა და ესპანეთის პოლიტიკოსებმაც გამოიყენეს 2012 წლის, შეიძლება ითქვას, უკვე გაცვეთილი ფრაზები, რომლებიც აღარ აღმოჩნდა ისეთივე ეფექტიანი, როგორც ეს მარიო დრაგის დროს იყო. არ უნდა დავუკარგოთ ამერიკელებსა და ევროპელებს ის მრავალი სტიმულაციის პაკეტების გამოშვება, რომელიც მიმართულია ფინანსური ბაზრების სტაბილურობისკენ. თუმცა ერთი ნათელია, რომ დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის პერიფრაზირებამ ისე ვერ იმუშავა ლონდონის საფონდო ბირჟის ვარდნის შეჩერების მიმართულებით, როგორც ეს ბატონმა დრაგიმ შეძლო ევროზონის ბონდებისთვის. მაქსიმალურად შევეცადე, გამეთვალისწინებინა ის ძირითადი ასპექტები და ნიუანსები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია XXI საუკუნის კრიზისებთან.

21-ე საუკუნეში, ვფიქრობ, შეგვიძლია მოვახდინოთ კრიზისების კლასიფიცირება, როგორც კლასიკური გლობალური ფინანსური კრიზისებისა, რომელიც უკვე გადავიტანეთ 2007- 2009 წლებში და ახალი გლობალური გართულებული ეპიდემიური კრიზისები, კორონავირუსის მსგავსად. დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ მომავალში არაერთი ფინანსური კრიზისი გველის, რომელიც გაცილებით ნორმალურად მეჩვენება, რადგან ყველა პიკს ყოველთვის ახლავს ვარდნა. თუმცა სავალალოა ის ახალი გამოწვევა, რომელიც პირველად დაფიქსირდა 2019 წელს კორონავირუსის სახით. ეს არის მოულოდნელობის ის ეფექტი, რომლის პროგნოზირება მომავალში შეუძლებელია, თუმცა მსოფლიოს დაანახა, რა მიმართულებით გვჭირდება გაძლიერება და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური მიღწევები არ კმარა, თუ სხვა ყველა დარგი არ იქნება სულ მცირე ერთ დონეზე განვითარებული.

კორონავირუსის პარალელურად, უკვე დროა, უშუალოდ ყველა ქვეყანამ დაიწყოს იმ არასწორი და ემოციური ნაბიჯების აღიარება და მათზე მუშაობა, რათა მომავალში ნებისმიერ გლობალურ პანდემიას მსოფლიო უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს, ვიდრე ეს ახლა ხდება. არის რიგი ქვეყნები, და ისინი თავს იწონებენ მიღწეული შედეგებით და თავიანთი ექსპერიმენტებით, რომლებმაც ამჯერად იმუშავა, თუმცა მსგავსი ან უარესი ვირუსის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, ექსპერიმენტული გადაწყვეტილებები შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. საჭიროა სახელმწიფოების სრული გააქტიურება და ერთიანი გეგმების შემუშავება, თუ როგორ მოხდეს, თუნდაც საშუალო ვირუსზე, დროული რეაგირება, რათა ამას არ მოყვეს ისეთი ფინანსური ბაზრების ჩამოშლა, როგორიც დღეს გვაქვს სახეზე. ფაქტია, რომ კორონავირუსმა უკვე უფრო მეტი ზიანი მიაყენა მსოფლიოს, ვიდრე ეს ფინანსური კრიზისის დროს მოხდა დეკადის წინ. შესაბამისად, დასკვნა მარტივია, რომ ხელოვნური თუ ბუნებრივი ვირუსის გლობალური გავრცელება უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ფინანსური ვარდნები.

რატი ქირია

საინვესტიციო ანალიტიკოსი, ტრეიდერი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ