Get All Access for $5/mo

ქრაუდფანდინგი - მნიშვნელოვანი ალტერნატიული ფინანსური რესურსი დამწყები მეწარმეებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ბოლო 25 წლის განმავლობაში ინტერნეტტექნოლოგიების ინკრემენტულმა განვითარებამ გზა გაუხსნა ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის საგრძნობლად გააიოლა დაფინანსების მოძიება დამწყები მეწარმეებისთვის. გასაკვირი არაა, რომ დღესდღეობით ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრად მეტად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან, ბევრად მარტივად და სწრაფად ხდება მათ შორის ინფორმაციის გაცვლა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სწორედ მსგავსი გლობალური ცვლილებების ფონზე, სულ უფრო პოპულარული ხდება დაფინანსების მოპოვება crowdfunding მექანიზმის გამოყენებით, რაც დიდი ხანია განვითარებულ სამეწარმეო ეკოსისტემებში საჭირო ფინანსური რესურსების მოძიების ეფექტურ ალტერნატიულ საშუალებად ჩამოყალიბდა.

ტერმინი crowdfunding ორი ძირითადი სიტყვის ერთობლიობაა: crowd (ბრბო) და funding (დაფინანსება). ტერმინი პირველად მაიკლ სალივანმა გამოიყენა 2006 წელს, თუმცა თავად ამ მექანიზმის გამოყენებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს.

ქრაუდფანდინგის მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა, რაც ძირითადად ონლაინ სივრცეში სპეციალური პლატფორმების გამოყენებით ხდება.

სახალხო დაფინანსების პლატფორმა არის ონლაინსივრცე, სადაც ინდივიდები, მცირე ინვესტორები, აფინანსებენ სხვადასხვა იდეას/პროექტს. ის შეიძლება განვიხილოთ ორმხრივ ბაზრად, რამდენადაც ერთმანეთთან აკავშირებს ორი სახის ეკონომიკურ მოთამაშეს − პროექტის ავტორსა და ინვესტორს. თითოეულ ადამიანს, ვისაც აქვს დანაზოგი და სურს მისი დაბანდება საინტერესო და პერსპექტიულ პროექტში, სპეციალური პლატფორმის დახმარებით შინიდან გაუსვლელად შესაძლებლობა აქვს გახდეს ინვესტორი და დააბანდოს თავისი დანაზოგი მომგებიან, ინოვაციურ პროექტში. ამასთანავე, პლატფორმა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას − დასაქმებას და თვითდასაქმებას.

Crowdfunding-პლატფორმის იდეა შექმნის დღიდან ძალიან მალე გახდა პოპულარული, რამდენადაც ის იძლევა შესაძლებლობას გაჩნდეს ალტერნატიული დაფინანსების წყარო მეწარმეებისთვის და სტარტაპებისთვის. ამასთანავე, განხორციელდეს იდეები/პროექტები საზოგადოებრივი მხარდაჭერით და ჩართულობით. მსგავსი პლატფორმები საერთაშორისო ეკონომიკურ წრეებში აღიარებულია, როგორც:

  • რეალიზაციის დემოკრატიული ინსტრუმენტი (ვინაიდან მასა აფინანსებს);
  • სოციალური დასაბუთების ინსტრუმენტი (თუ ათასობით ადამიანი აფინანსებს პროექტს, ესე იგი ის ღირებულია);
  • ეტაპობრივი ზრდისა და ეფექტიანი ვალიდაციის ინსტრუმენტი (რადგან დაფინანსება მიდის რაუნდებად).

დღესდღეობით არსებული და გავრცელებული მოდელებიდან შეიძლება გამოვყოთ 4 ძირითადი ტიპის Crowdfunding მოდელი: ჯილდოზე დაფუძნებული, წილზე დაფუძნებული, სესხზე დაფუძნებული და ქველმოქმედებაზე, ანუ დონაციაზე დაფუძნებული. პირველი სამი ფორმა უშუალოდ ისეთი ტიპის საქმიანობებზეა მორგებული, როგორიცაა სტარტაპი, მეწარმეობა და მცირე ბიზნესი (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წილსა და სესხზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსების წარმოება საქართველოში შეზღუდულია. კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ კრძალავს აღნიშნული მექანიზმის საშუალებით ფასიანი ინსტრუმენტების საჯაროდ შეთავაზებას).

საგულისხმოა, რომ ინდივიდებისა და მცირე ინვესტორების მიერ ბიზნესპროექტების დაფინანსება არ არის მოტივირებული მხოლოდ დონაციით, ისინი სანაცვლოდ იღებენ:

  • , რომლის შექმნაც იგეგმება ბიზნესპროექტით (ჯილდოს შემთხვევაში);
  • აქციების წილს (წილის შემთხვევაში);
  • პროცენტს (სესხის შემთხვევაში).

აღნიშნული მექანიზმი ეფექტურია ნებისმიერი სახის სამეწარმეო აქტივობისთვის, რომლის მიზანიც ახალი და ინოვაციური პროდუქტის/ სერვისის შექმნაა. ის აერთიანებს ბევრად მეტ ინსტრუმენტს, ვიდრე ერთი შეხედვით ეს უბრალოდ ფინანსებია. ის შესაძლოა მეწარმის მხრიდან გამოყენებულ იქნას იდეის ვალიდაციისთვის, მარკეტინგისთვის, ბაზრის კვლევისთვის, პროდუქტზე უკუკავშირისთვის, ახალი კავშირების დამყარებისთვის, დისტრიბუციისთვის, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. პროექტების თემატიკა პრაქტიკულად შეუზღუდავია − დაწყებული სამაგიდო თამაშიდან, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტებით. ინდუსტრიის საერთო ჯამური მოცულობა, სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდნობით, 2025 წლისთვის 95 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

დღესდღეობით მსოფლიოში 2400- ზე მეტი მსგავსი საიტია, რომელთა საშუალებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აწარმოონ სახალხო დაფინანსების კამპანია. მათგან ყველაზე ცნობილი და მომხმარებელთა მხრივ ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე პლატფორმებია Kickstarter, Indiegogo და Gofundme. ყოველთვიურ უნიკალურ ვიზიტორთა რიცხვი Kickstarter-ზე 27 მილიონია, თუმცა სამწუხაროდ გეოგრაფიული შეზღუდვის გამო, საქართველოდან პროექტის ატვირთვა აღნიშნულ პლატფორმაზე შეზღუდულია. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს სხვა გლობალურ პლატფორმებზე. თუმცა, თუ პროდუქტის იდეა არის გლობალურ ბაზარზე გათვლილი და უნიკალურია, უცხოელი ან უცხოეთში მცხოვრები პარტნიორის მოძიების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ შეზღუდვების გადალახვაც.

სახალხო დაფინანსების გზით შეიქმნა და იქმნება უამრავი ინოვაციური და ტექნოლოგიური პროდუქტი, რომლებიც ყოველდღიურად ცვლის ჩვენს რეალობას. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus, რომელიც სწორედ სახალხო დაფინანსების გზით შეიქმნა Kickstarter-ზე, ასევე 3D-პრინტერი და სხვა.

ქრაუდფანდინგი არ არის სეზონური და შეუძლებელია საუკეთესო დროის სტანდარტულად განსაზღვრა, თუ თქვენი პროექტი არ გულისხმობს რომელიღაც სეზონური პროექტის წარმოებას. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე შეუფერებელი დრო კამპანიის საწარმოებლად არის ივლისი, აგვისტო და დეკემბერი.

საქართველოში crowdfunding- პლატფორმებიდან აღსანიშნავია www.investme.ge; www.raa.ge, www.fundraiser.ge; orbelianimeti.ge (ჯილდოზე დაფუძნებული), www. crystalcrowd.ge (წილზე დაფუძნებული), რომელთა მიზანი სტარტაპებისთვის ალტერნატიული ფინანსური რესურსის მოძიებაში დახმარებაა. InvestMe.ge-ზე განსათავსებელი პროექტების თემატიკა პრაქტიკულად შეუზღუდავია, თუმცა უპირატესობა ენიჭება შემოქმედებით ბიზნესს, კრეატიულ ინდუსტრიებს, სოციალურ მეწარმეობას და სოციალურ აქტივობებს.

შალვა ოთანაძე

InvestMe-ს თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

საუკეთესო აპლიკაციები ბიზნესისთვის 2020 წელს

ის ახალი და მოძველებული აპლიკაციები, რომლებიც ბიზნესის ზრდაში დაგეხმარებათ

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"