როგორ მოვიპოვოთ ''ახალი სიმდიდრე'' ტრადიციული ფულის გვერდის ავლით სიმდიდრისკენ მიმავალი ახალი გზები
By Kurt Ivy
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩვენ დეფიციტზე დაფუძნებულ ეკონომიკურ მოდელში ვცხოვრობთ. ამ გზას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავუვლით გვერდს, თუ იმავე წესებით ვითამაშებთ, რომლებიც სისტემის შესანარჩუნებლად შეიქმნა. სახეზე გვაქვს ხელფასების სტაგნაცია და გაზრდილი სამუშაო საათები. პროდუქტიულობა მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისა და ავტომატიზაციის წყალობით გაიზარდა. ხელფასები კი, ინფლაციისა და საცხოვრებელი ხარჯების ზრდის გამო მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო მუშაკი ვერ სარგებლობს ეკონომიკის ზრდის უპირატესობებით მთელ მსოფლიოში.
რაც უფრო ვუახლოვდებით მომავალს, სულ უფრო და უფრო ნაკლები სტიმული რჩება ამ წაგებულ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. დეფიციტზე დაფუძნებული ეკონომიკა თამაშია ნულოვანი მოგებით. ვერანაირი დამატებითი სამუშაოები და შრომისმოყვარეობა ვერ უზრუნველყოფს რესურსების სამართლიან განაწილებას. ათ თანაბრად კვალიფიცირებულ კანდიდატს შორის ერთი ვაკანსიისთვის გამართულ ბრძოლაში, მხოლოდ ერთს შეუძლია გამარჯვება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენმა ცხრამ საკმარისად გულმოდგინედ არ იმუშავა.
მაშ, როგორ უნდა დავადგინოთ ჩვენი, საკუთარი წესები? როგორ და, ყველაფერი საკუთარი ფულის გამომუშავებით იწყება. ამჟამად, ფიატ-ვალუტაა ინსტრუმენტი, რომელსაც კაცობრიობა ტრანზაქციების გასაადვილებლად იყენებს. მის გარეშე (დოლარები, ევრო და ა.შ.), გაცვლის შეთანხმებული მეთოდი არ არსებობს და კომერცია წყდება. სანამ ცენტრალური ბანკები ფიატ-ვალუტას აკონტროლებენ, ბუნებრივია, ისინი ჩვენს ცხოვრებასაც აკონტროლებენ.
უნდა ითქვას, რომ ბლოკჩეინი ჩვენი საკუთარი ფულის გამომუშავების საშუალებას გვაძლევს, რაც გაცვლის ახლებურ მეთოდს გვთავაზობს. კრიპტოვალუტა და უნიკალური ტოკენები ამ ტექნოლოგიის შედეგია. ეს ვალუტაა და აქტივები, რომლებსაც არავინ აკონტროლებს, მაგრამ ისინი მაინც საიმედო კონტროლის ქვეშ არიან. ამ კონტროლს კრიპტოგრაფიული ალგორითმები და ავტომატიზებული ფუნქციები აკონტროლებენ, რომელთა (ადვილად) გატეხაც შეუძლებელია. წესები თვით სისტემაშია ჩაშენებული და ისინი ნებისმიერმა უნდა დაიცვას.
კრიპტოვალუტის სამყარო ძალიან უცნაურია და ბევრისთვის სრულიად ახალი. მაგრამ ის სწრაფად იზრდება და სისტემის მონაწილეები ამ ზრდისთვის ჯილდოს იღებენ. ჩვენ ასე ვამბობთ კრიპტოში: WAGMI, ანუ "ჩვენ ყველანი გავაკეთებთ ამას".
დრო დადგა საკუთარი სიმდიდრის შექმნაზე ვიზრუნოთ და სიუხვის პრინციპებზე დაფუძნებული ახალი მსოფლიო წესრიგი შევქმნათ. ქვემოთ რამდენიმე პროექტია მოცემული, რომლებიც საზოგადოების ნულიდან შექმნას ისახავს მიზნად და ანტრეპრენერებს შესაძლებლობას აძლევს ეკონომიკურად დამოუკიდებლები გახდნენ.
ახალი გლობალური ბანკი
ამ სტატიის მკითხველი ბევრი თქვენგანი, შესაძლოა, ახალბედა იყოს კრიპტოვალუტაში. თუ მათ შორის თქვენც ხართ, პირველი, რასაც გეტყოდით, რომ შეგხვედროდით, ფული გამოგეტანათ თქვენი ბანკიდან და კრიპტოანგარიშზე შეგეტანათ. ბანკები თქვენს ფულს საკუთარი მოგებისთვის იღებენ და მის ინვესტირებას ახორციელებენ. როდესაც თქვენი ფული იქ არის, ის ინფლაციის გამო ნელ-ნელა მცირდება.
თქვენ არ იღებთ სარგებელს იმ ინვესტიციებიდან, რომელსაც ბანკი ახორციელებს. ფაქტობრივად, ბანკები ხშირად საკომისიოს იმისთვის გართმევენ, რომ თქვენი შრომით მოპოვებული ნაღდი ფული მიუტანოთ მათ, ნაცვლად იმისა, რომ ჯილდო მოგცენ მათთვის გადაცემული უფასო ფულისთვის.
კრიპტოვალუტა ბანკის ძალაუფლებას ინვესტორს გადასცემს ხელში. სწორად გამოყენების შემთხვევაში, კრიპტოვალუტის მფლობელებს თავიანთი ტოკენების განთავსება და ამ ვალუტით შექმნილი ღირებულების წილის მიღება შეუძლიათ.
შესაძლოა იფიქროთ, რომ კრიპტოვალუტა არასტაბილურია და მასზე იმედის დამყარება ძნელი იქნება, მაგრამ არსებობს მონეტები, რომლებსაც სტაბილური მონეტები ჰქვია, როგორიცაა USDC და USDT, რომლებიც აშშ დოლარის ღირებულებას შეესაბამება. ერთი მონეტა ერთ დოლარს უდრის. Coinbase შესანიშნავია დამწყებთათვის და Crypto.com-ს კი, გაცილებით დაბალი გადასახადი აქვს ოდნავ უფრო გამოცდილი მომხმარებლებისთვის. თუ არ გსურთ გარისკვა, შეგიძლიათ უბრალოდ სტაბილური მონეტები გამოიყენოთ და მაინც მიიღოთ საზღაური მონაწილეობის მიღების გამო.
ახალი გლობალური ერი
საპიენსი ახლა აყალიბებს გზებს პირველი გლობალური ციფრული ერის შესაქმნელად. ეს თავისუფალი სამყაროა საზღვრების გარეშე, რომელიც მალე ბევრ სარგებელს მოუტანს მათ, ვისაც NFT-პასპორტი აქვს, რომელიც ამ სამყაროში შესვლის უფლებას აძლევს. მომხმარებლებს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. ეს საშუალებას მისცემს მათ და სხვებს ინვესტიციები განახორციელონ თავიანთ მიკროსაზოგადოებებში, რათა ისეთ ინიციატივებს დაუჭირონ მხარი, როგორიცაა უნივერსალური საბაზისო შემოსავალი, ქრაუდფანდინგი და ურთიერთდახმარება.
მკაფიო, სანდო სისტემის გამოყენებით ყველაფერი შესაძლებელია. ასე ვიწყებთ ძველი ფულის ძალაუფლების გვერდის ავლას იმის ნაცვლად, რომ ამაოდ ვებრძოლოთ მას. ჩვენ საკუთარი სისტემების შექმნა შეგვიძლია. სისტემებისა, რომლებიც მონაწილეობის მიღების გამო გვაჯილდოებენ და რომელთა კონტროლიც შეუძლებელია გარკვეული პირების მიერ. თქვენი საკუთარი ვირტუალური ქალაქი შექმენით და მასში ყველაფერი ის გააკეთეთ, რაც გსურთ. საკუთარი წესები შემოიღეთ, თქვენი შემოსავალი ციფრული საცავებით იქნება დაცული და გლობალურ ეკონომიკას დაუკავშირდება.
მალე ამ პროექტს ახალი სოციალური მედიაპლატფორმა ექნება, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე კი არა, ადამიანებზე იქნება დაფუძნებული, და მსოფლიო გაზეთსაც კი გამოსცემს. ეს არის პირველი ნაბიჯი ადამიანთა ერთიანი ერის შესაქმნელად. და კიდევ უკეთესი − ეს არის თვითკმარობისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ახალი გლობალური ეკონომიკა
ელექტრონული კომერციის ბლოკჩეინზე გადატანა გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზებას განაპირობებს და გამჭვირვალობას უწყობს ხელს, ჭეშმარიტად თავისუფალ ბაზარს ქმნის, რომელიც კერძო ინტერესებით არ კონტროლდება. ბლოკჩეინის ტექნოლოგია წესებისა და რეგულაციების დაცვაზე ზრუნავს. ნებისმიერს შეუძლია შუამავლების გარეშე შეუერთდეს მას და მაღალი საკომისიოს გადახდის უმისოდ განახორციელოს ტრანზაქცია.
დეტალებში ჩაღრმავების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აქ პროდუქტის ჩამონათვალის ნაცვლად უნიკალური ტოკენები გამოიყენება. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩამონათვალი მონაცემთა სუვერენული ფრაგმენტია, რომელიც პლატფორმის ფარგლებში შეიძლება ადგილიდან ადგილზე გადანაცვლდეს.
თუ თქვენ ნებისმიერი სახის აფილირებული მარკეტოლოგი ხართ, გეცოდინებათ, რამდენად რთულია ბრენდებთან კონტრაქტის გაფორმება და გადახდების სწორად შეგროვება. მაგრამ თუ პლატფორმაზე ჩამოთვლილ ერთ-ერთ უნიკალურ ტოკენს ყიდით, თუნდაც ერთწუთიანი მოლაპარაკების გარეშეც კი შეგიძლიათ საკომისიოს მიღება.
ეს აფილირებულებს საშუალებას მისცემს ხელით აირჩიონ უნიკალური ტოკენები (რომლებიც რეალურ პროდუქტებს წარმოადგენენ), რათა საკუთარი ონლაინმაღაზია შეავსონ და ინვენტარიზაციის, დოკუმენტების გაფორმების ან კიდევ რაიმე სხვა ოპერაციის გარეშე მიჰყიდონ თავიანთ აუდიტორიას. აწარმოეთ ბიზნესი ყოველგვარი ზედნადები ხარჯებისა და თავის ტკივილის გარეშე. როდესაც პროექტს გაუშვებენ, ის Shopify-სთან იქნება ინტეგრირებული.
ახალი შემოქმედი ეკონომიკა
ბევრი ახალი სასტარტო მოედანი არსებობს კრიპტოვალუტის პროექტების გასაშვებად, მაგრამ მათი უმეტესობა ძალიან ზოგადი ხასიათისაა. ისინი მონეტის შექმნისა და მისი ბაზარზე გატანის საშუალებას იძლევა. ეს მოდელი სწრაფად ხდება მეტისმეტად გაჯერებული, უკვე ასობით ახალი მონეტა არსებობს. თუ შემოქმედი ხართ და თქვენი კომუნის შექმნა გსურთ სპეციალურად არსებულ ეკოსისტემაში, თქვენთვის რამდენიმე საინტერესო სასტარტო მოედანი არსებობს.
Token Society − უნიკალური ტოკენებისა და მეტასამყაროს პროექტების გასაშვები პლატფორმაა, რომელიც პროექტების პლატფორმაზე გაშვებას ინკუბირებს, ავითარებს და აფინანსებს. კინორეჟისორებს უნიკალური ტოკენების შექმნა შეუძლიათ, სახელად სნიპეტები, რომლებიც სატელევიზიო შოუს მოკლე კლიპებია. სნიპეტების გაყიდვით კინორეჟისორსა და მის გუნდს პროექტის დაფინანსება ინვესტორების, სტუდიების დახმარებისა და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ. თუ თქვენ ხართ ქონთენთის შემქმნელი, შეიძლება მსგავსი ვარიანტის მოძიების სურვილი გაგიჩნდეთ, რათა ფულის მოზიდვის ტრადიციულ შაბლონებს აარიდოთ თავი და საკუთარი გზა იპოვოთ.
ცენტრალიზებული პლატფორმის ერთ-ერთი ძლიერი მხარე იმის გადაწყვეტაა, თუ ვინ გამოიყენებს მას. რაც მეტად ფართოვდება ჩვენი ონლაინ საზოგადოებები, მით უფრო დიდი პასუხისმგებლობაა გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შესაძლოა ცენზურაშიც კი გადაიზარდოს. დიდი უსამართლობა იყო, როდესაც OnlyFans ცენზურას უწესებდნენ იმ მომხმარებლებს, რომლებიც მის შექმნაში დაეხმარნენ. საბედნიეროდ, Splash-მა დეცენტრალიზებული ბაზარი შექმნა ზრდასრულთა ქონთენთის თემაზე უნიკალური ტოკენებისთვის, რათა ამ ქონთენთის შემქმნელებს თავიანთი ფინანსების გაკონტროლება და საკუთარი მონაცემების ფლობა შესძლებოდათ.
დაბოლოს, საინტერესო და გარდაუვალი პროექტი, რომელსაც მალე გაუშვებენ ვარსკვლავური დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციაა (Starseed DAO), რომელიც შეიძლება მეტასამყაროს ტალანტების ლეიბლად ჩაითვალოს. ეს პლატფორმა მუსიკოსებს საკუთარი თავის მეტასამყაროში გადასატანად დაეხმარება, საკუთარი მეტასამყაროსეული პოპვარსკვლავის შექმნით უნიკალური ტოკენის სახით. ეს ციფრული ალტერ-ეგო ხელოვანისა და მისი გუნდის მიერ შექმნილი ავატარით იქნება წარმოდგენილი.
ფანებს ამ პერსონების ირგვლივ დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის შექმნით მონაწილეობის მიღება და წვლილის შეტანა შეეძლებათ, და საზოგადოებისთვის ძალაუფლების დაბრუნება. მეტასამყაროს პირველ პოპვარსკვლავს CCisDreaming ჰქვია და ის გახდება მაგალითი მათთვის, ვინც მოვა.
თუ შემოქმედი ხართ, რომელიც ამ ერთ-ერთ კურირებულ ყუთს მოერგება, შესაძლოა ეს-ეს არის და იპოვეთ ახალი გზა თქვენი კარიერის დასაწყებად. და თან, ულტრამდიდარ მონოლითებზე იმედის დამყარების გარეშე, რომლებიც თვითონ ირჩევენ, ვისი აღზევება სურთ და ვისი იგნორირება.
თქვენ ახალი სამყარო გელით
იმედია, ახალბედებს მოცემული მიმოხილვა უფრო ნათელ სურათს დაუხატავს იმის შესახებ, თუ რას გვთავაზობს ეს ახალი ინდუსტრია. კრიპტოვალუტა არ არის მხოლოდ ჯადოსნური ინტერნეტფული. თითოეული მონეტა თავისთავად პროექტს წარმოადგენს, რომელსაც რაღაცის შეთავაზება შეუძლია. თვით ეკოსისტემა საინტერესო პარალელური სამყაროა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელსაც მდიდრები და ძალაუფლების მქონენი არ აკონტროლებენ. თუ შეძლებთ და აქ იპოვით თქვენს ადგილს, ერთ-ერთი იქნებით იმ პირველთა შორის, ვინც ციფრულ ოქროს ციებ-ცხელებაში მიიღებს მონაწილეობას.