DGN Consulting - მრავალწლიანი გამოცდილებით, ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებისა და კომპანიების რიცხვის ზრდის პარალელურად, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა საკონსულტაციო მომსახურებაზე, როგორც ფინანსურ, ისე საბუღალტრო, იურიდიულ, საგადასახადო თუ სხვა მიმართულებებით. გარდა ამისა, თუკი საქართველოში საოპერაციოდ შემოსულ საერთაშორისო კომპანიებს თავიანთი ადმინისტრირების ნაწილი აუთსორსზე, როგორც წესი, მხოლოდ ზედმეტი დაბრკოლებების თავიდან ასარიდებლად გააქვთ, ადგილობრივი ბიზნესის დიდი ნაწილი ამ ნაბიჯს იძულებით მიმართავს. ამის უამრავი მიზეზი არსებობს − კადრების დეფიციტით დაწყებული, არასაკმარისი რესურსით დამთავრებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, გარე დამკვირვებლის თვალით დანახული პრობლემები და გადაწყვეტები, სწრაფი ზრდისა და განვითარებისათვის შესანიშნავი ინსტრუმენტია.
სწორედ ამგვარ საკონსულტაციო საქმიანობას ემსახურება კომპანია DGN Consulting, რომელიც უკვე წლებია არსებობს, თუმცა 2022 წლის მარტიდან მას გამოცდილი ქართველი სპეციალისტების გუნდი შეუერთდა და მიზნად დაისახა, სრულიად განსხვავებული მომსახურება შეეთავაზებინა როგორც ადგილობრივი ბაზრისათვის, ისე საქართველოში დაფუძნების მსურველი საერთაშორისო მოთამაშეებისათვის.
DGN Consulting-ის საქმიანობის უკეთ გასაცნობად, Entrepreneur კომპანიის პარტნიორს, იურიდიულ სფეროში 15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალს − გრიგოლ სიდამონიძეს ესაუბრა.
გრიგოლის კარიერული გზა კომპანია BDO Legal-იდან იღებს სათავეს. როგორც თავად გვიამბობს, მას ყოველთვის აინტერესებდა სახელმწიფო სერვისების მიმართულება და BDO-ში გატარებული წარმატებული ხუთწლიანი პერიოდის შემდეგ, გრიგოლი აეროპორტების გაერთიანებას შეუერთდა, სადაც თბილისის აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტის იურიდიულ ნაწილს ხელმძღვანელობდა. შემდეგ იყო ერთწლიანი თანამშრომლობა GWP-ისთან, რომელიც Georgia Capital-ის მიერ ახალი შეძენილი გახლდათ და კომპანიაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობდა. პარალელურად, მან დაიწყო თანამშრომლობა კომპანია PKF-თან, ხოლო თავისუფალ დროს ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას და კითხულობდა ლექციებს. გრიგოლის თქმით, მალევე მან PKF-ს შესთავაზა იურიდიული, საგადასახადო და საბუღალტრო მიმართულებების განვითარებაც, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში და სამი წლის განმავლობაში სწორედ ამ ნაწილს კურირებდა.
გასული წლის მარტში გრიგოლმა და მისმა გუნდმა მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ კომპანია PKF და დამოუკიდებელი საქმიანობა დაეწყოთ. "რიგი მიზეზების გამო, გადავწყვიტეთ ცალკე გამოვსულიყავით და გაგვეგრძელებინა იმის კეთება, რაც გვინდოდა. დღეს, DGN-ის ქოლგის ქვეშ, ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდა კომპანიებს, მათ, ვისაც სურთ რაღაც შეცვალონ საკუთარ ბიზნესში, განვითარდნენ, ისწავლონ და მიაღწიონ ბიზნესის ავტონომიურობას, დამფუძნებლისგან დამოუკიდებლობას, რაც ამჟამად საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის კომპანია, რომელიც არასოდეს დაზარდება ბიზნესს, რათა მის ყველა "რატომ"-ს ამომწურავი პასუხი გასცეს, რაც წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა", − აღნიშნავს გრიგოლ სიდამონიძე.
ბატონო გრიგოლ, უპირველეს ყოვლისა, გავუზიაროთ მკითხველს, რა ტიპის ბიზნესებთან თანამშრომლობს DGN, ვინ არის თქვენი მიზნობრივი სეგმენტი?
მინდა აღვნიშნო, რომ საკონსულტაციო ბიზნესს აქვს კლიენტების აყვანისა და კომპანიებთან თანამშრომლობის განსაკუთრებული სპეციფიკა. როგორც წესი, ჩვენთან ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებმაც ან სადმე წაიკითხეს ჩვენი წარმატებული პროექტების შესახებ, ან ჩვენმა არსებულმა თუ ყოფილმა კლიენტმა ურჩია DGN-ის მომსახურება.
ბიზნესების ოპერირების სფეროზე მეტად, ჩვენ მათი დამფუძნებლების მიდგომასა და მიზნებს ვაქცევთ ყურადღებას, რის მიხედვითაც ბუნებრივი ფილტრაცია ხდება და გვრჩება კომპანიები, რომლებიც ნამდვილად ზრდაზე, სწავლაზე და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.
მაგალითისთვის, არსებობენ კომპანიები, რომელთაც არ სჭირდებათ ზედმეტი ინიციატივა ბუღალტრისაგან. ისინი ჩამოყალიბებული არიან თავიანთ სამუშაო მიდგომაში, არ სვამენ შეკითხვებს და შესაბამისად, არც პასუხებს ეძებენ. მათთვის ბუღალტერია გაზომვადი აუცილებლობაა და არა წინსვლის ინსტრუმენტი. თუკი კომპანიას საკომუნიკაციო არხი დაკეტილი აქვს და მხოლოდ ბუღალტერს, იურისტს ან ფინანსისტს ეძებს, ვცდილობთ თავი შევიკავოთ მათთან ურთიერთობისაგან.
მეორე მხრივ, არიან კლიენტები, რომელთაც შედარებით ახალი დაწყებული აქვთ ბიზნესი, ახალგაზრდები და გამოუცდელები არიან რიგ მიმართულებებში, ან მიუხედავად მათი ცოდნისა და გამოცდილებისა, სურთ გააუმჯობესონ კომპანიის არსებული მდგომარეობა, რითაც საინტერესო ხდება მათთან მუშაობა და ვცდილობთ მათ მოთხოვნებს უფრო მოვერგოთ. ასეთი მომხმარებლები ჩვენგან საბუღალტრო სერვისზე, საგადასახადო ინსპექტირებაზე და იურიდიულ მომსახურებაზე გაცილებით მეტს იღებენ. ჩვენ მათ ვუზიარებთ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, ვეხმარებით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, როგორებიცაა "ქლაუდ"-სერვისები, ინფორმაციის გაცვლის ახალი და დაცული საშუალებები, რითაც საბოლოო ჯამში ჩვენთან ურთიერთობა კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.
ჩვენი კლიენტები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე აგვყავს, ცდილობენ რაღაც შეცვალონ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში და გახდნენ უკეთესები. ეს შესაძლოა უამრავი მიზეზით იყოს განპირობებული. ზოგადად, ადამიანებს ახასიათებთ, რომ თუ შეუძლიათ გადაიხადონ და რაიმე პრობლემა აირიდონ, არც იკვლევენ, რატომ იხდიან. ცხადია, ეს ბიზნესში ნაკლებად ხდება, მაგრამ თუ რაიმე რთული საკითხია და ბევრნაირად შეიძლება განიმარტოს, ბიზნესს უჩნდება საჭიროება მდგომარეობა გარე პირმა შეაფასოს. სწორედ ასეთ შემთხვევებში, კლიენტები მოდიან ჩვენთან და რჩევას გვეკითხებიან, ხოლო ჩვენ, არსებულ საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, ვეძებთ პრობლემის არსს და მისი გადაწყვეტის ვარიანტებს ვთავაზობთ ბიზნესებს.
ობიექტური საზომებით რომ შევაფასოთ, საკონსულტაციო მომსახურება საკმაოდ იაფია, იმ სარგებელთან შედარებით, რასაც ის ბიზნესს აძლევს. DGN-ში, როგორც წესი, ანაზღაურებას დახარჯული დროის მიხედვით ვითვლით. თუ ვატყობთ, რომ ჩვენი ჩართულობის საჭიროება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შევთანხმდით, აუცილებლად ვეუბნებით კლიენტებს ამის შესახებ, ისევე, როგორც, თუ საწყის შეთანხმებაზე მეტს ვმუშაობთ. ესაა ჩვენი გუნდის დამოკიდებულება საქმის მიმართ, რაც ბაზარზე ნდობას აყალიბებს.
რა სახის სერვისებს სთავაზობთ თქვენს კლიენტებს და რა ხელშესახებ სარგებელს იღებენ ისინი თქვენთან ურთიერთობით?
DGN-ი ბიზნესებს სამი მიმართულებით სთავაზობს დახმარებას, ესენია: ფინანსური მომსახურება, იურიდიული სერვისი და საკონსულტაციო ნაწილი.
ჩვენი ფინანსური მომსახურება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბუღალტერია, მიმდინარე აუთსორსინგი, მთავარი ბუღალტრის მომსახურება, კვარტალური შემოწმებები, ბუღალტერიის აღდგენა, საგადასახადო აუდიტი, საგადასახადო დაგეგმვა, საგადასახადო კონსულტაციები, საგადასახადო დავები, ანგარიშგების მომზადება, აუდიტის პროცესში დახმარება, მარეგულირებლისთვის მომზადება, ბანკებისთვის მომზადება, ფინანსური ანგარიშგების სქემის მომზადება, სადავო საბუღალტრო ოპერაციების სწორი გატარებების დაგეგმვა, ანგარიშთა გეგმის შემუშავება და ა.შ.
რაც შეეხება იურიდიულ მიმართულებას, ჩვენს კლიენტებს ვუწევთ მიმდინარე საკონსულტაციო მომსახურებას, სასამართლო თუ საარბიტრაჟო დავებში წარმომადგენლობას, ვეხმარებით სამართლებრივ საკითხებზე მოსაზრებების მომზადებაში, ხელშეკრულებებისა და ტრანზაქციების სამართლებრივ მხარდაჭერაში, ისევე, როგორც ლიცენზიებსა და ნებართვებზე სამართლებრივი მხარის უზრუნველყოფაში.
DGN-ის საკონსულტაციო მომსახურება კი აერთიანებს: დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას, ფინანსურ და იურიდიულ მომსახურებას, ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობისას შერწყმის/გაყოფის მომზადებასა და განხორციელებას, ბიზნეს-სტარტაპების მხარდაჭერას, ბიზნესგეგმის მომზადებას, ფინანსური მოდელის დამუშავებას, სტრუქტურირებას, კონტროლის მექანიზმების დაგეგმვას, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია/შეფასებას, კონკრეტული ტრანსაქციის ოპტიმიზაციას, კომპანიიდან გასვლის (exit) გეგმისა და სტრუქტურის შემუშავებას.
კლიენტებთან ურთიერთობისას, დეტალურად გავდივართ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას და ვაფასებთ თითოეულ ტრანზაქციას, რომელსაც ბუღალტერი აღრიცხავს. ვაფასებთ რამდენად სწორადაა ეს ყველაფერი აღრიცხული და ვადარებთ ჩვენ მიერ შედგენილ საგადასახადო დეკლარაციებს, ვიკვლევთ სხვაობებს და ვადგენთ, რითაა ეს სხვაობები განპირობებული. შემდეგ კი, კომპანიებთან ერთად ვთანხმდებით, სად და რა მიმართულებით შეიძლებოდა ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილება.
ჩვენი დიდი სურვილია, DGN-ის ბუღალტერიის შედეგები არ იყოს უბრალოდ საგადასახადო ადმინისტრირება, არამედ იყოს პერიოდული ანგარიშგება, რომელსაც მენეჯმენტი მიიღებს, გაითვალისწინებს და ისწავლის ბიზნესის დასავლური, ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებითა და სტანდარტით მართვას. ეს, რა თქმა უნდა, ყველას პრობლემა არაა, თუმცა ჩვენი სერვისების გამოყენება კომპანიებს შიდა კადრების ცოდნისა და ავტონომიურობის დონის ასამაღლებლადაც შეუძლიათ.
არ არსებობს უნიკალური ფორმულა, რომელიც ყველას ხელს აძლევდეს. საკონსულტაციო სერვისი არის ინსტრუმენტი, რათა მენეჯერმა მიიღოს უკეთესი გადაწყვეტილებები, ხოლო თუ როგორ და რაზე დაყრდნობით უნდა მივიღო ეს გადაწყვეტილებები, ამისათვის არსებობს ინდუსტრიის სტანდარტი და თითოეული კომპანიის ინდივიდუალური საჭიროებები. ზოგიერთ კომპანიას სამუშაოს ვადებში შესრულება უჭირს, ზოგს − კადრების ნაკლებობა აწუხებს, თუმცა სწორედ "მტკივნეული ადგილების" გამოვლენა და მათი სწორად ასახვაა ის, რასაც ჩვენი კომპანია აკეთებს.
ვისაუბროთ თქვენს აქტიურ პროექტებზე. რა სახის კონტრიბუცია შეაქვს DGN-ს პარტნიორი კომპანიების განვითარების საქმეში?
დღეის მდგომარეობით, რამდენიმე აქტიური პროექტი გვაქვს, რომელშიც ყველანი ჩართული ვართ. ერთ-ერთი ასეთია კრიპტოვალუტებით მოვაჭრეთა ჯგუფი, რომელთანაც გამართული ბიზნესის ფორმის შექმნაზე ვმუშაობთ. ამ სფეროში არის რიგი პრობლემები, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბანკებთან ურთიერთობის ნაწილში. ეს ყველაფერი გამოწვეულია შემდეგით: როგორც წესი, ბანკები და კრიპტომოვაჭრეები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგად ერკვევიან თავიანთ სფეროში, ბანკს სწორ ინფორმაციას ვერ აწვდიან, რის გამო ხშირია ანგარიშების დახურვა და სხვა სახის ბარიერები. ამჟამად, საჭიროა ამ სფეროსთვის ინსტიტუციური ჩარჩოები შეიქმნას, ჰქონდეს ბუღალტერია, აღრიცხვის წესი, ანგარიშგების ფორმა, რაც ბანკთან ურთიერთობას გაამარტივებს.
კრიპტოსამყაროში კიდევ ერთი პროექტი გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ურთიერთობა გვქონდა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ბიუროსთან. ეს ქართული NFT-პროექტია, რომელსაც რეგულატორთან კომუნიკაციაში დავეხმარეთ და ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლეთ ამ სფეროში.
გარდა ამისა, გვაქვს ისეთი საინტერესო პროექტი, როგორიცაა კინოინდუსტრია. ჩვენი გუნდი ეხმარება ქართულ კინოკომპანიას ფილმის საერთაშორისო გაყიდვაში, ამ ყველაფრის სამართლებრივად დალაგებაში და უშუალოდ დისტრიბუტორებთან თუ საერთაშორისო კინოსტუდიებთან ურთიერთობაში. გარდა ამისა, ახალი ფილმის პროექტზეც ვმუშაობთ, სადაც ჩვენი როლი კიდევ უფრო დიდია და ფინანსურ მართვასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ.
გვაქვს საქმიანი ურთიერთობა ლოკოკინების გადამამუშავებელ ქარხანასთან, რომლის დაფუძნების დღიდან აქტიურად ვართ ჩართული მათი ბიზნესის ფორმირებაში და დღემდე ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს პროექტი ძალიან საინტერესო იყო თუნდაც იმ ნაწილში, რომ საქართველოდან პირველად გავიდა ხორცპროდუქტი ევროკავშირის ქვეყანაში შუამავალი რგოლის გარეშე. ამ პროექტზეც ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპანიის ფინანსურ და იურიდიულ მხარდაჭერას, ასევე, ვეხმარებით ბანკებთან და ინვესტორებთან ურთიერთობაში.
ჩვენი მუშაობის სტილი და მიდგომა ხშირად სცდება სტანდარტული საკონსულტაციო კომპანიის სამუშაო ფარგლებს და ეს სწორედ ის მთავარი ფაქტორი იყო, რის გამო გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად საქმიანობა. ჩვენთვის ფინანსურ სარგებელზე მეტად, მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე ადამიანების, საინტერესო პროექტებისა და ბიზნესების აღმოჩენაა. ვეხმარებით დამწყებ ბიზნესმენებს იდეის ხორცშესხმაში, მოსამზადებელ სამუშაოებში, ფანდრაიზინგში და ა.შ. ხშირად სრულიად უსასყიდლოდ ვმუშაობთ სტარტაპერებთან, რომლებსაც ვუზიარებთ ხედვებს და ვეხმარებით პოტენციალის რეალიზებაში. პირადად ჩემთვის, ეს არის საინტერესო და სავსებით შესაძლებელია თავად გავხდე ინვესტორი, რომელიც მათ დაეხმარება.
გვაქვს განცდა, რომ ასეთი მიდგომით საკუთარი წვლილი შეგვაქვს ინდივიდის, გარემოს, ქართული ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში. როგორ გარემოშიც უნდა ვცხოვრობდეთ, ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, რა ხდება ჩვენ გარშემო. თუ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, უნდა დავეხმაროთ კიდეც. ხდება ისეც, როდესაც რომელიღაც კონკრეტული სტარტაპი ნაკლებად რელევანტურია, მაგრამ ხვალ შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი ბიზნესი, რომელსაც ის კონკრეტული სტარტაპერი იდეალურად მოერგება. ყველაზე მეტად კი ის გვახარებს, რომ მთელი გუნდი ამ სულისკვეთებითა და ღირებულებებით ვართ გაერთიანებული.
DGN-ის ამოცანაა, ჩვენ განვვითარდეთ საქართველოს ბაზართან ერთად და შევთავაზოთ ისეთი რაღაცები, რაც საინტერესო იქნება ყველასთვის, თუმცა დღეს ამაზე ფიქრისთვის არ სცალიათ. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული "მშრალი" სერვისების გაყიდვით, არამედ გვსურს საკონსულტაციო სერვისის ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ საქართველოში.
DGN-ის გუნდის შესახებ გვიამბეთ. რომელი ღირებულებების გარშემო ერთიანდებით და როგორია თქვენი რეკრუტინგული პოლიტიკა?
ამჟამად, DGN-ში ხუთი ადამიანი ვართ, რომლებიც ყველა ზემოთ აღნიშნულ პროექტზე ვმუშაობთ. მაგრამ ეს არაა საკმარისი იმ მოთხოვნისთვის, რომელიც ბაზარზე დაგვხვდა. შესაბამისად, ვიმატებთ კადრებს. ახალი ადამიანების შემოსაკრებად, გვაქვს ორი მარტივი კრიტერიუმი: ჩვენ ვიმატებთ ისეთ კადრებს, რომლებსაც ვიცნობთ, ვიცით მათი გამოცდილება და ვენდობით პროფესიულად, გვინდა მათთან მუშაობა. თუ ადამიანი არ იზიარებს ჩვენს ფასეულობებს, ჩვენთან ვერ იმუშავებს. მეორე მხრივ, გვსურს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავასაქმოთ, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, შესაძლოა ახალ კურსდამთავრებულებიც კი. მათგან გამოცდილება არ გვჭირდება, არამედ გვინდა ღრმა, კვალიფიციური ცოდნა, რათა დიალოგი გაგვიმარტივდეს და ერთ ენაზე ვისაუბროთ.
სამომავლოდ, გვსურს ისეთ გუნდად ჩამოვყალიბდეთ, რომელსაც ექნება დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, ეცოდინება, რომ თუ არ სცადე, არაფერი გამოვა, ხოლო თუ ცდი, შეიძლება შეგეშალოს კიდეც. აქ იმიტომ ვართ, რომ შეცდომები დავუშვათ, ვისწავლოთ და შეკითხვები დავსვათ. უნდა დავუმეგობრდეთ კლიენტს და გავითავისოთ, რა არის ბიზნესი. არ ვეძებთ ფანტასტიკურ ბუღალტრებს, რომლებმაც არ იციან ბიზნესი და ვერ ხედავენ თავიანთ როლს. ასეთი კადრები ან ჩვენ უნდა გავზარდოთ, ან უნდა ვიცნობდეთ მათ. სწორედ ამიტომ ვართ ამ ეტაპზე ხუთნი, თუმცა როგორც უნდა გაიზარდოს ჩვენი გუნდი, გვჯერა, რომ მთავარი პრინციპები ხელშეუხებელი დარჩება.
თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პირველ ნაბიჯებს ბიზნესში?
უპირველეს ყოვლისა, ყველას ვურჩევდი, დაივიწყონ სტერეოტიპები, რომლებიც ხელს უშლიან იდეის განხორციელებას. აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ სამართლებრივ ჩარჩოსა და ფინანსების მართვას. კომპანიის ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე, თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი მისი ყველა აქციონერისათვის.
არასოდეს შეეშვათ საქმეს მარტივი დაბრკოლებების გამო. დღეს საქართველოში ძალიან დიდი რესურსია საიმისოდ, რომ ბიზნესმა კარგად აიდგას ფეხი. ბევრი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია ამ ქვეყანაში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ბევრად უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ, ვიდრე გვაქვს. რატომღაც, ქართველებს გამბედაობა გვაკლია, არადა გაცილებით მარტივია პირველი ნაბიჯის გადადგმა, როდესაც დარწმუნდები საკუთარ შესაძლებლობებში.
ყველა ანტრეპრენერს ვურჩევდი, რომ როგორც კი რაიმე იდეა გაგიჩნდებათ, აუცილებლად დაწერეთ, აჩვენეთ მეგობრებს, ნაცნობებს, ბევრი ისაუბრეთ ამ იდეაზე და მიიღეთ უკუკავშირი. ხშირად ეშინიათ, რომ იდეას მოჰპარავენ, თუმცა მხოლოდ იდეას არანაირი ფასი არ გააჩნია, თუ მის უკან სპეციფიკური ცოდნისა და გამოცდილების ადამიანი არ დგას.
დღეს ბაზარზე ყველა ეძებს კარგ მენეჯერს − ადამიანს, რომელსაც სურს საქმის კეთება, არ ეზარება განვითარება და სწავლა. ინვესტიცია მოდის ადამიანში. ასეთი ადამიანები ჩვენ გვყავს, მაგრამ ისინი ყველაზე ნაკლებად გაბედული არიან ბიზნესის დასაწყებად.
დავამატებდი, რომ არ დაზოგონ რესურსი შესაფერისი საკონსულტაციო სერვისის მიღებაზე. დახარჯეთ დრო შესაფერისი კონსულტანტის მოძიებაზე და დარწმუნდით, რომ ეს ის ადამიანია, რომელთან ურთიერთობაც გიხარიათ და რომელსაც ენდობით. არაფერი უნდა მოგერიდოთ მასთან და არც შეკითხვების დასმის უნდა შეგრცხვეთ. პასუხგაუცემელი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, სწორედ სტერეოტიპული აზროვნების მსხვერპლი ვხდებით და გადაწყვეტილების მიღებაც რთულდება.
როგორია DGN-ის უახლოესი სამომავლო გეგმები 2023 წლისთვის?
2023 წელს უამრავ ცვლილებას ველით. საპარტნიორო შემადგენლობაში მატება გვექნება და უკვე გვაქვს მოლაპარაკება Compliance-მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალთან. ამავდროულად, ვგეგმავთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის აყვანას და მათ სწავლებას.
2022 წელი ჩვენთვის ერთგვარი პირველადი ორიენტირი იყო, ხოლო ნამდვილ სტარტის ხაზს წელს გადავკვეთთ. შარშან ბევრი ვიმუშავეთ პროდუქტებისა და სერვისების ფორმირებაზე, რასაც საკონსულტაციო ბიზნესში ძალიან დიდი დრო მიაქვს. ბევრი კონტროლის მექანიზმია საჭირო, კონფიდენციალურობის ნაწილია ძალიან მკაცრად დასაცავი და გასააზრებელი, შესაბამისი ინსტრუმენტებია დასანერგი მის დასაცავად.
მუდმივად ვფოკუსირდებით ტექნოლოგიების აქტიურად ათვისებაზე და ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ვიღებთ რეკომენდაციებს პროგრამული უზრუნველყოფის, "ქლაუდ"-სისტემების დანერგვისა და საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესების კუთხით.
ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2023 წელს ახალი ოფისით ვიქნებით წარმოდგენილი, სადაც ადამიანი კომფორტულად იგრძნობს თავს. ჩვენ ერთადერთი ინდიკატორი გვაქვს − თუ ადამიანი შემოსვლისთანავე გაიღიმებს, ესე იგი ადგილი სწორად შეგვირჩევია, რისი დიდი იმედიც გვაქვს.