ემოციური ინტელექტის ფენომენი - ქეთევან ბოჯგუა სრულყოფილი კომფორტის ზონის შექმნის ხელოვნება
By თაკო გვაზავა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქეთევან ბოჯგუა
დემოკრატიის ლაბორატორიის დამფუძნებელი, ჟურნალისტი
"ბავშვობაში დედაჩემის ფეხსაცმლის ჩაცმა მიყვარდა. დავდგებოდი მაღალ ქუსლებზე და უცებ ვიზრდებოდი – სიმაღლეშიც და ასაკითაც. 6 წლის კიკინებიანი, უკბილო ქეთის ნაცვლად, სარკიდან ქალი მიყურებდა – 30 წლის, ექიმი, 2 შვილის დედა.
ექიმი არ გავმხდარვარ და შვილიც მხოლოდ ერთი მყავს, მაგრამ 30 წლის შემდეგ სხვისი ფეხსაცმლის მორგების ჩვევა ისევ დამრჩა. არა, არა, პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ. ინგლისურენოვან გამოთქმას ვგულისხმობ – Being in someone's shoes, ანუ სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენას.
ემოციური ინტელექტის დეფინიციაზე და როლზე დღეს იმდენს წერენ და საუბრობენ, რომ ეჭვი მაქვს, განსაკუთრებულს და ახალს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემთვის ემოციური ინტელექტი უპირველესად სწორედ სიტუაციის, საკითხის, პრობლემის მეორე ადამიანის თვალით დანახვა, იმაზე დაფიქრებაა, თუ რას ვიგრძნობდი, ვიფიქრებდი; როგორი მოტივაცია, მიზნები და სურვილები მექნებოდა მე, მის ადგილას რომ ვიყო. "სხვისი ფეხსაცმლის ჩაცმა" გეხმარება სტერეოტიპებისგან და წინასწარგანწყობებისგან გათავისუფლებაში, მოლოდინის მართვაში, კონფლიქტების თავიდან აცილებაში, საქმის კარგად კეთებასა და უკეთეს ადამიანად ქცევაში.
ეს ჩვევა ძალიან გამომადგა ჟურნალისტობისას. როცა წლების განმავლობაში მიწევდა შეხება პრაქტიკულად ყველა პროფესიის, სტატუსის, ასაკის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების, მრწამსის, პოლიტიკური შეხედულების ადამიანთან. ვისი ფეხსაცმელი აღარ მცმია – პრეზიდენტებისა და ოპოზიციონერების, ჯარისკაცებისა და სპორტსმენების, სასულიერო პირებისა და ათეისტების, მემარჯვენეებისა და მემარცხენეების, ექიმებისა და პაციენტების, დამნაშავეებისა და მსხვერპლების, მტრებისა და მეგობრების, ბავშვებისა და მოხუცების. ზოგჯერ სულ ფეხშიშველსაც მივლია.
დღეს ჟურნალისტი აღარ ვარ, მაგრამ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ და ეს ჩვევა ახლაც ძალიან მეხმარება. შეხვედრებზე, სიტყვით გამოსვლისას, ტრენინგის ჩატარებისას, პარტნიორებთან ურთიერთობისას. იგრძნო მეორე ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი თუ დიდი აუდიტორია, სწორი კომუნიკაციის წარმართვის აუცილებელი წინაპირობაა. კომუნიკაციის გარეშე კი დღეს ვერც ექიმი იქნები, ვერც მეწარმე და ვერც ლიდერი.
ასე რომ, ვაგრძელებ სხვისი ფეხსაცმლის მორგებას – იმისათვის, რომ ჩემებით უფრო მყარად დავდგე მიწაზე."