Get All Access for $5/mo

კარგს ვაკეთებ თუ ცუდს? ცნობილი შეფმზარეული დევიდ ჩანგი საკუთარ თავს ყველაზე რთულ შეკითხვას უსვამს, რომელიც კი შეიძლება ანტრეპრენერმა თავის თავს დაუსვას. პასუხები კი ცვლილებებისკენ უბიძგებს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

"მიჭირს იმ კარგის დაფასება, რაც ჩემ გარშემო მოხდა", − ამბობს დევიდ ჩანგი. კარგი კი მის ცხოვრებაში ნამდვილად ბევრი იყო. მისმა Momofuku რესტორანთა ჯგუფმა, იგი ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შეფმზარეულად და რესტორატორად აქცია, ის Netflix-ის სერიალ Ugly Delicious-ის ვარსკვლავია. ამასთან ერთად, ბესტსელერადქცეული კულინარიული წიგნის ავტორი და კიდევ ბევრი სხვა.

ჩანგი სულ მალე ახალ წიგნს, მემუარებს გამოაქვეყნებს, სახელწოდებით "შეჭამე ატამი" (Eat a Peach), რომელშიც წარმატებებისკენ მიმავალ გზას აღწერს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. ჩანგი ღიად საუბრობს დეპრესიასა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობაზე, ახლა თავისი ბიზნესისა და ინდუსტრიის მომავალზე ღელავს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ამ საკითხებზე საუბარი მასში და სხვებშიც დადებით ცვლილებებს გამოიწვევს. "საბოლოო ჯამში, ვიცი, რომ კარგად გამომდის ის, რისთვისაც ვიბრძვი", − ამბობს იგი, − "მაგრამ ვფიქრობ, საკუთარი მიზნების მიღწევისას, ჩემდა უნებურად ბევრი ცუდიც გავაკეთე". იგი იმაზეც საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითანალიზი.

"შეჭამე ატამი" მემუარებია, მაგრამ დასაწყისშივე ამბობთ, რომ თქვენი აზრით, ეს "სახელმძღვანელოა, თუ რა არ უნდა გააკეთო ბიზნესის დაწყებისას". რატომ უნდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც არ უნდა გავაკეთო?

ვფიქრობ, ანტრეპრენერობა იმას ნიშნავს, თუ რა უნდა გაიღო მსხვერპლად იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიო. როდესაც უკან ვიხედები და ყველაფერს ვიხსენებ, რაც მოხდა, ვხვდები, რომ არავის უთქვამს, ღირდა თუ არა ამ მსხვერპლის გაღება. რას აკეთებთ თქვენი მიზნის მიღწევის შემდეგ? მე ერთის თქმას ვფიქრობ: "ფრთხილად იყავით, როდესაც რაღაცას ისურვებთ". განა გონივრულია ყველაფერზე წასვლა, ყველაფრის შეწირვა რაღაცის მისაღწევად?

ერთს გეტყვით და დამიჯერეთ, რომ ეს ცარიელი სიტყვები არ არის: ახლა საკუთარ თავში ნამდვილად ნაკლებად ვარ დარწმუნებული და იმაშიც, რაც ვიცი ან რაც გამიკეთებია. როდესაც ამას ვიხსენებ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდა ვარ, მაინც ვკითხულობ − ამ სამყაროში უფრო მეტი კარგი გავაკეთე? ნამდვილად შევძელი რაღაცის შეცვლა, თუ ვინმე უფრო მეტად დავტანჯე? ამ შეკითხვებს ნამდვილად ვუსვამ ჩემს თავს.

და მაინც, თქვენ პრაქტიკულად ყველაფერს მიაღწიეთ, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს თქვენს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს.

სწორედ ამის თქმას ვცდილობ. ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავზე ვფიქრობ, შესაძლოა ეს კარგი შეგრძნება იყოს, ოღონდ ცოტა ხნით, და მერე თითქმის აუცილებლად ცუდად მთავრდება. ჩემს მრისხანებაზეც ბევრი მითქვამს: ნამდვილად ცუდი ბოსი ვიყავი − ყვირილი, კივილი... მე არ ვიყავი მზად. მე არაფერი ვიცოდი. მე არ მქონდა ნასწავლი, რომ ამ სამყაროში ყველაფერში ეჭვი უნდა შემეტანა. ვერც საკუთარი თავისთვის ვისწავლე შეკითხვების დასმა. უკან ვიყურები და ჩემს თავს ვეუბნები: ადამიანო, ამას კი მიაღწიე, მაგრამ რაიმე სხვა გზებიც ხომ არ იყო? არ მინდა იგივე შეცდომები ორჯერ გავიმეორო. მინდა დავრწმუნდე, რომ უკეთესი გზების მოძებნაც შემიძლია.

"კარგს ვაკეთებ თუ ცუდს?" − ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არავისთვის იქნება ადვილი. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთონ ანტრეპრენერებმა, თუ საკუთარ თავს ამ შეკითხვას დაუსვამენ და პასუხი არ მოეწონებათ?

თუ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებთ, ან პასუხებმა შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს, მაშინ ბიზნესისთვის ხელის მოკიდება ნამდვილად არ ღირს. მე არ ვფიქრობ, რომ ბიზნესს მხოლოდ იმიტომ უნდა მოჰკიდოთ ხელი, რომ ფული გქონდეთ. მაგალითად, აი, ასეთი შეკითხვა: ფული მინდა? დიახ, მინდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთო. ჩემთვის ეს შეკითხვა ასე ჟღერს: სწორად გავაკეთე თუ არა ყველაფერი?

თქვენ იცით, რომ ახლა იმ ეტაპზე ვარ, როდესაც ჩემი [რესტორნის] ინდუსტრია პოტენციურად გაქრობის პირასაა. უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ Momofuku ამ ვითარებას თავს ვერ გაართმევს. ეს შესაძლოა, დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო. ჩემი ინდუსტრია განადგურებულია. იგი საშინელ საფუძველზეა აშენებული. კორონავირუსის გამოჩენამ სოლიდარობის გამოცხადების და რთული შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მოგვცა. მაგალითად, რატომ გვინდა 2020 წლის თებერვალს დავუბრუნდეთ, როდესაც ახლა გვაქვს შესაძლებლობა რეალურად შევაფასოთ, რა მუშაობს და რა არა?

რა სახის პრობლემებს გულისხმობთ?

უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს უფრო მეტი ანაზღაურება სჭირდებათ. ჩვენ უფრო სამართლიანები უნდა ვიყოთ. ჩვენ მეტი მრავალფეროვნება გვჭირდება. ჩვენ ეკოლოგიური პრობლემები გვაქვს. მე მძულს Chipotle, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, მათ საერთოდ შეცვალეს ინდუსტრია, იმის გამო, რომ ქათმების მოშენების წესები გააუმჯობესეს. მათ უკეთესობისკენ შეცვალეს ვითარება და ეს კარგია.

ასე რომ, დასკვნა უნდა გავაკეთო და უნდა ვთქვა: კეთილი, იქნებ ეს გავაკეთოთ და თუ წარმატებული იქნება, შესაძლოა ინდუსტრია მთლიანად შეცვალოს. კარგად გადაუხადეთ თანამშრომლებს, შეღავათები მიეცით, საპენსიო პაკეტი და ჯანდაცვა დაუფინანსეთ, ანაზღაურებადი შვებულება მიეცით და ავადმყოფობის დღეებიც დაუფინანსეთ, და სხვა ყველაფერი ამდაგვარი. მთავარი ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემაა: უკეთესად ვმუშაობთ? ადამიანები უფრო ბედნიერები არიან? აქვთ თუ არა უკეთესი ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის? ვზრუნავთ თუ არა ჩვენს მომწოდებლებზე, ფერმერებზე, მომხმარებლებზე? მათ ტკივილებსა და პრობლემებს კიდევ ხომ არ ვუმატებთ?

როგორ ფიქრობთ, სინამდვილეში ასე ხდება ცვლილებები?

Chipotle-მ ქათმების მოშენების წესები შეცვალა და სანაცვლოდ მათ ის შეცვალეს, რადგან ეს გზა მომგებიანი და წარმატებული იყო. ამიტომ ამ ყველაფერს ყოველთვის შემდეგნაირად ვუყურებდი: როგორ უნდა გახდეს კომპანია უზომოდ მომგებიანი და როგორ უნდა შეიცვალოს თავადაც ამ წარმატების წყალობით?

ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ამდენი საშინელება გამოვცადეთ. მედიის გაკეთება ვცადეთ, პირველი სამზარეულო ვიყავით საკვების მიწოდების სერვისით − გაცილებით ადრე, ვიდრე ამ ტიპის სამზარეულოები საერთოდ ცნობილი გახდებოდა. მე იმდენად მჯერა მისი, რომ ორჯერაც კი ვცადე, ნაწილობრივ იმიტომ, რომ საიჯარო გადასახადის პრობლემებიც დავინახე და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულიც. და რაღაც ამგვარი მდგომარეობა შეიქმნა − თუ შევძლებდი ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც გაამართლებდა და იმუშავებდა, დარწმუნებული ვარ, ადამიანებს საშუალება ექნებოდათ ნაკლები ემუშავათ და მეტი ფული ჩაედოთ ჯიბეში. ჩვენ რესტორნების სრულიად განსხვავებული კონცეფციები ვცადეთ, აპარატურის მწარმოებელი კომპანია შევქმენით. იმიტომ, რომ თუ რომელიღაც მათგანი გაამართლებდა, ოცნება ნამდვილად აგვიხდებოდა − ის იმდენს ფულს მოგვიტანდა, რომ ჩვენი რესტორნების ამუშავებას შევძლებდით. სავარაუდოდ, ზარალი გვექნებოდა, მაგრამ მაინც.

თქვენ ძალიან დაუნდობელი ხართ საკუთარი თავის მიმართ − ეს მთელ თქვენს წიგნში ჩანს. თქვენ აღწერთ, თუ როგორ გაიგეთ, რომ "მიშლენის" ორი ვარსკვლავი მიიღეთ და როგორ აგიტანათ შიშმა. გრძნობების გაკონტროლება ბევრს შეუძლია, მაგრამ არსებობს კი რაიმე სახის სტრატეგია, რომლის დახმარებითაც უკეთ იგრძნობთ თავს?

მე შემიძლია საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ სრულიად უანგარო მიზნები მაქვს, როდესაც ისინი სინამდვილეში მთლიანად ეგოისტურია. ბევრ ანტრეპრენერს შეუძლია, საკუთარი თავი რაშიც უნდა ყველაფერში დაარწმუნოს. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ გახდა ბევრი ანტრეპრენერი უზომოდ წარმატებული, და ამიტომ გამოიმუშავებს ტონობით ფულს. და დგება დრო, როდესაც ისინი ფიქრს იწყებენ: "აი, ახლა უკვე შემიძლია გაცემაზე ვიფიქრო". და მე იმასაც ვფიქრობ, იქნებ ასე არ უნდა იყოს, იქნებ ეს თქვენს საქმესთან ერთად უნდა აკეთოთ.

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან