Get All Access for $5/mo

კლასტერი 42 00 N, 43 30 E როგორია ბიზნეს და ინდუსტრიული კლასტერები?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

"ადამიანთა ყოველი ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო მითებს, რომლებიც მხოლოდ ხალხის კოლექტიურ წარმოსახვაში არსებობს.

ეკლესიები დაფუძნებულია საერთო რელიგიურ მითებზე. ორ კათოლიკეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუძლია ჯვაროსნულ ლაშქრობაში ერთად წასვლა ან საავადმყოფოს ასაშენებლად ფულის შეგროვება, რადგან ორივეს სწამს, რომ ღმერთი განკაცდა და ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად ეცვა ჯვარს;

სახელმწიფოები ეფუძნება საერთო ეროვნულ მითებს. ორ სერბს, ერთმანეთსაც რომ არ იცნობდეს, შეუძლია, ერთმანეთის გადასარჩენად გაწიროს თავი, რადგან ორივეს სჯერა, რომ არსებობს სერბი ერი, სერბების სამშობლო და სერბეთის დროშა;

სასამართლო სისტემები ეფუძნება იურიდიულ მითებს. ორ ადვოკატს, ერთმანეთსაც რომ არ იცნობდეს, შეუძლია, ერთობლივი ძალისხმევით სრულიად უცნობი ვინმე დაიცვას, რადგან ორივეს სჯერა, რომ არსებობს კანონი, სამართალი, ადამიანის უფლებები (და კიდევ - გასამრჯელო)" .

იუვალ ნოა ჰარარი

ბეთლემის ვარსკვლავი 2020

წლის ბოლო დღის, 31 დეკემბრის ნაყოფიერად გატარება გადავწყვიტე. როგორც 2020 წელს შეეფერება, პირველი ზარი 9:30-ზე დაირეკა. წლის შემაჯამებელი წერილების წერა, პარტნიორების მილოცვა, შემდეგი წლის გეგმების დასახვა, მედიტაცია და ა.შ. Mandalorian-ის (Star Wars-ის საგას გაგრძელების) საკვანძო სერია. ახლა 19:06-ია და ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტე. ტექსტი შეეხება ინდუსტრიული კლასტერების როლსა და მნიშვნელობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების პროცესში. ასევე იმასაც, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების (იქნება ეს ბუნებრივი რესურსები, ხელსაყრელი გეოგრაფია თუ ტექნოლოგიური ტრადიციები) პრიორიტეტებად დასახვა ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.

კლასტერის ხსენებისას უმეტესობა ჩვენგანს ალბათ მუდამ გაახსენდება კორონავირუსი, 2020 წელი და გლობალური პანდემია, თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე გამართული ბრიფინგები, ინფიცირებულთა რაოდენობის პერიოდული ზრდა და კლება, პანდემიასთან ჭიდილის წარმატებული მსოფლიოსთვის სანიმუშო დასაწყისი და კორონავირუსის "ღირსეული" დაბრუნება (Comeback), რომელმაც ერთი უკიდურესობიდან მეორეში ჩაგვაგდო. დეკემბერში ჩაკეტვამ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 5000-დან 1000-ამდე ჩამოიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში პანდემიით გამოწვეული ყოველდღიური მსხვერპლი რამდენიმე ათეულს აღწევს. დეკემბრის მონაცემებით, საბედნიეროდ, 2020 წლის ყველა უცნაურობასთან ერთად, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ისევე, როგორც 22 დეკემბრის ღამეს გამოსახული შობის ვარსკვლავი დედამიწის ცაზე. გაზაფხულიდან პანდემიური სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის იმედს 11 ნაწილობრივ დამტკიცებული ან მესამე ფაზაში მყოფი ვაქცინა იძლევა.

მსოფლიოში 100 სულ მოსახლეზე Covid19-ის წინააღმდეგ ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობით ისრაელი ლიდერობს, ხოლო ტოპ-ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

Covid19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციაში დაწინაურებული ქვეყნების სია. წყარო: Business Insider

როგორც უკვე ვახსენე, 22 დეკემბერს დედამიწიდან ცაზე შობის (ბეთლემის) ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელიც ლეგენდის თანახმად, ქრისტეს შობის მაუწყებელი და მწყემსების/მოგვების მეგზური იყო ბეთლემამდე მისასვლელ გზაზე. ამ ყველაფრის მიზეზი სატურნისა და იუპიტერის ერთმანეთთან განსაკუთრებულად მიახლოება და მოკაშკაშე ვარსკვლავის ვიზუალური ეფექტის შექმნა გახდა, რისი მომსწრეც დედამიწელები ბოლოს 800 წლის წინ, 1226 წელს გახდნენ. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი არც დიად შოთა რუსთაველს გამორჩენია:

"ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;

ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს".

(რუსთველი 2003: 1429)

ასე აქვს აღწერილი ნესტანისა და ტარიელის შეხვედრა რუსთაველს. რამდენადაც ვიცით, მუშთარითა და ზუალით მოხსენიებული პლანეტები იუპიტერი და სატურნია, თუმცა ეს სხვა ისტორიაა და ახლა იმას დავუბრუნდეთ, რითაც დავიწყეთ.

ბიზნეს და ინდუსტრიული კლასტერები

ეპიდემიოლოგიის, ასტრონომიისა და სხვა დისციპლინების გარდა, კლასტერის ფენომენი ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ინდუსტრიასთან მიმართებაშიც გამოიყენება. სტატიის ამ ნაწილში გაგაცნობთ გეოგრაფიული ბიზნესკლასტერების ცნებას, რომელიც თანამედროვე ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და პოლიტიკის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ინდუსტრიული კლასტერი წარმოადგენს კონკრეტულ ინდუსტრიაში ერთმანეთთან დაკავშირებული ბიზნესების, მომწოდებლებისა და შესაბამისი ინსტიტუციების გეოგრაფიულ კონცენტრაციას, რომლებსაც აქვთ საზიარო ცოდნა, სამუშაო ძალა, ბაზრები, სადისტრიბუციო და მარკეტინგული არხები, ხშირ შემთხვევაში მიზნებიც კი. აღნიშნული ორგანიზაციების ერთმანეთთან გეოგრაფიული სიახლოვე დამატებითი ღირებულების ეფექტიანად შექმნის შესაძლებლობას ქმნის.

Sillicone Valley-ს გრაფიკული გამოხატულება; წყარო: Wired

ინდუსტრიული კლასტერების კარგ მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს სილიკონის ველი (კალიფორნია) - კომპიუტერული ჩიპების წარმოებისა და ტექნოლოგიური კლასტერი; ლონდონში - ფინანსური სექტორის, დეტროიტში კი - ავტომანქანების წარმოების კონცენტრაცია; ჰოლივუდში, როგორც კინოინდუსტრიისა და დღეისთვის ასე მნიშვნელოვანი ბოსტონისა და მიუნხენის ბიოფარმაცევტული კლასტერები და ა.შ. საგულისხმოა, რომ კოვიდის წინააღმდეგ გამოყენებული ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების ტოპ-სამეული: სხვადასხვა ბიოფარმაცევტული კლასტერების ნაყოფია. კომპანია BioNtech გერმანული, ფრანკფურტ რაინ-მაინ რეგიონში დაფუძნებული, კლასტერის ნაწილია (ინდივიდუალიზებული იმუნოინტერვენციის კლასტერი/ The Cluster for Individualized Immune Intervention), ხოლო Astrazeneca (Cambridge, UK) და Moderna (Cambridge, US) ოკეანის სხვადასხვა მხარეს მდებარე კემბრიჯის სახელგანთქმულ ბიოტექნოლოგიურ კლასტერებში აღმოცენებული კომპანიებია.

კლასტერში მონაწილე სხვადასხვა ორგანიზაციის ერთმანეთთან სიახლოვე ქმნის კონკურენტული უპირატესობის განვითარების, სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე დამატებითი ღირებულების ეფექტიანად შექმნის შესაძლებლობას. ამ ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა ერთ გეოგრაფიულ არეალში კონცენტრირებული: სერვისების ხელმისაწვდომობა, და კონკრეტულ სექტორში ჩართულ ადამიანებთან ურთიერთობის მეტი სიხშირე (networking), სხვადასხვა კომპანიის მიერ ერთობლივი შესყიდვების ხარჯზე შემცირებული ღირებულება შესასყიდ პროდუქციაზე, კვალიფიციურ მუშახელზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. მიიჩნევა, რომ კლასტერების ფენომენი ზრდის კომპანიებისა და ორგანიზაციების პროდუქტიულობას, რაც აუმჯობესებს კონკრეტული ინდუსტრიის/სექტორის კონკურენტულ შესაძლებლობებს ლოკალურ და გლობალურ დონეზე. ტერმინი ბიზნესკლასტერი, იგივე ინდუსტრიული კლასტერი ან კონკურენტული კლასტერი საზოგადოებას ჰარვარდის უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა პროფესორმა, მაიკლ პორტერმა გააცნო და პოპულარიზება გაუწია წიგნში - "ერების კონკურენტული უპირატესობები" (1990).

ზემოთ აღნიშნული სტრატეგიის ნათლიის, ამავე მაიკლ პორტერის აზრით, გრძელვადიანი განვითარებისა და ქვეყნის, რეგიონის კონკურენტუნარიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად არ არის საკმარისი მხოლოდ ცალკე აღებული 4 ძირითადი მიდგომით ხელმძღვანელობა:

  1. "ბიზნესმეგობრული" მიდგომა, რომელიც ზოგადად ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს და მიზნად ისახავს, მრავალი პარამეტრით დაეწიოს და გაუსწროს კონკურენტ რეგიონებს/ქვეყნებს. ის ქმნის ზოგად ბიზნესგარემოს, ამარტივებს ბიზნესის კეთებას და ა.შ., თუმცა პარამეტრების სიმრავლის გამო პროგრესი ნაკლებად ხელშესახებია;
  2. "დიდ მოთამაშეებზე ნადირობა" - აგრესიული ბრძოლა და კონკურენცია სხვა ქვეყნებთან მსხვილი ქარხნებისა და ინვესტიციებისთვის, რომელსაც ხშირად "გამარჯვებულის წყევლასაც" კი ეძახიან, რადგან ქვეყანას ძვირი უჯდება აღნიშნული საწარმოების ქვეყანაში შემოყვანა (სუბსიდიებისა და შემცირებული გადასახადების ხარჯზე და ა.შ.). ეს მიდგომა ხშირად არ ითვალისწინებს უკვე არსებულ, ლოკალურ კონტექსტს და კონკურენტულ უპირატესობებს, რასაც შეიძლება დაეფუძნოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია;
  3. "შემდეგი დიდი გარღვევა (next big thing - ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგია და ა.შ.)", ახალ, ცხელ მაღალტექნოლოგიურ და სწრაფად მზარდ ინდუსტრიებში ჩართვა, სადაც ძალიან ბევრი მოთამაშე ცდილობს, იყოს წარმატებული და მათგან რეალურად მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს წარმატებისთვის აუცილებელი არსებული ბაზა და შესაბამისი კონტექსტი;
  4. "ავაშენოთ და მოვლენ" პრინციპი - მსხვილი ინფრასტრუქტურის შექმნასა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პროექტების განვითარებას გულისხმობს. აღნიშნული მიდგომა იშვიათად გვთავაზობს ძლიერ კონკურენტულ უპირატესობას სხვა რეგიონებთან და ქვეყნებთან შედარებით. ინფრასტრუქტურის არსებობა ვერ აკომპენსირებს ტალანტის ნაკლებობას, აღნიშნულ გეოგრაფიაში ურთიერთდაკავშირებული ბიზნესების არარსებობასა და სხვა სისუსტეებს.

რა თქმა უნდა, ნაწილობრივ აღნიშნული მიდგომების გარკვეული კომბინაციაც მუშაობს. არც მათი უგულებელყოფა უნდა ღირდეს, თუმცა, იმავე პორტერის აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ძლიერი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, დღის ბოლოს კი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის გასაზრდელად - საჭიროა განვითარების ახალი პარადიგმა. ის ხსნას განვითარების პოლიტიკის ახალ მიდგომაში ხედავს, რომელიც: 1) მეტად იქნება კონცენტრირებული საერთაშორისო დონეზე კონკურენტული უპირატესობის ზრდაზე, და არა მხოლოდ მოკლევადიანი სამუშაო ადგილების შექმნაზე; 2) დაფუძნებული იქნება კლასტერებზე; 3) სისუსტეების აღმოფხვრის ნაცვლად, ფოკუსირებული იქნება არსებულ და პოტენციურ უპირატესობებზე; 4) აქტივობების სიის ნაცვლად, შექმნის განვითარების საერთო სტრატეგიას; 5) დაისახავს პრიორიტეტებს, განსაზღვრავს რიგითობას, ეტაპობრივად შეეცდება სისუსტეების აღმოფხვრას; 6) და ზემოთ ხსენებული უფრო მეტად იქნება გამყარებული მონაცემებითა და ინფორმაციით, ვიდრე პოლიტიკითა და ცარიელი სურვილებით.

SAKARTVELO − ფაგების აკვანი

იმედისმომცემია, რომ საქართველოში გაეროს ინდუსტრიული ორგანიზაციის (UNIDO) მიერ ჩატარდა, ე.წ., მეპინგი (Cluster mapping) - პირველადი მოკვლევა, რომელშიც შესწავლილ იქნა 40-ზე მეტი ინდუსტრიის/სფეროს პოტენციალი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, კონკურენტული უპირატესობისა და უნიკალური ტექნოლოგიური შესაძლებლობის არსებობა, ზრდის პოტენციალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი და ა.შ. აღნიშნული სექტორებიდან შეირჩა 7 მაღალი პოტენციალის მქონე, ჩანასახოვანი კლასტერი და ჩატარდა სიღრმისეული კვლევა.

გ. ელიავას მიერ დაფუძნებული ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი, თბილისი 1939 წელი

წყარო: საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა

სასიხარულოა, რომ აღნიშნულ კლასტერებს შორისაა საქართველოსთვის უკვე ტრადიციული, ხოლო მსოფლიოსთვის უნიკალური და ინოვაციური ფაგებისა და ბიოფარმაცევტული სექტორიც. 2021 წლისთვის ფაგებისა და ბიოფარმაცევტული კლასტერის ოფიციალური საფუძვლის ჩაყრა ნამდვილად ისტორიული მომენტია ინდუსტრიისთვის, განსაკუთრებით პანდემიური მოცემულობისა და მის ფონზე ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის უპრეცედენტოდ მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით. აღნიშნული კლასტერი და მიმართულება ერთდროულად მომხიბვლელია ზემოთ ხსენებული ძველი და ახალი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებით. ფაგები და ზოგადად ბიოტექნოლოგია 100%-ით NEXT BIG THING და ოცდამეერთე საუკუნის განმაპირობებელია, თუ ყველაზე მთავარი არა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა (ხელოვნურ ინტელექტთან ერთად) და ამავდროულად, და ჩვენდა საბედნიეროდ, ამ მიმართულებას საქართველოში მნიშვნელოვანი კონტექსტი და ტრადიცია აქვს. ისევე როგორც წინა სტატიაში, აქაც სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველო ღვინის გარდა, ფაგების ტექნოლოგიის სამშობლოც არის. საქართველოში აკუმულირებული თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება ფაგებისა და სხვადასხვა იმუნობიოლოგიური პრეპარტების შექმნა-წარმოების მიმართულებით უდიდეს შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველომ გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანოს ანტიბიოტიკო-რეზისტენტობასთან, ასევე მოსალოდნელ პანდემიებთან ბრძოლაში. როგორც ამბობენ, როდესაც პანდემიებზე ვსაუბრობთ, უფრო სწორი კითხვა იქნება - როდის იქნება შემდგომი პანდემია, ვიდრე საერთოდ იქნება თუ არა ის.

ჩვენ კი იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ გაზაფხულიდან ნელი, მაგრამ უწყვეტი ტემპით მსოფლიო შეძლებს მიმდინარე პანდემიასთან გამკლავებას, ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის კრიტიკულად მზარდი ტენდენციის შეფერხებას (მათ შორის ფაგების დახმარებით) და იმას, რომ შემდეგი ვირუსული პანდემია სულ მცირე რამდენიმე ათეული წელი აღარ შეგვახსენებს თავს. კიდევ ერთი, რისი რწმენა და იმედიც განსაკუთრებულად უნდა წავახალისოთ, არის ის, რომ ყველანი ერთ ნავში ვზივართ, რომ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ დაუღალავი მცდელობა და შევქმნათ ღირსეული, საქართველოს მოქალაქეთა კლასტერი (გეოგრაფიული კოორდინატები 42 00 N, 43 30 E), კლასტერებისაგან შემდგარი კლასტერი, გუნდებისაგან შემდგარი გუნდი, საერთო მიზნით, საერთო იდეითა და სხვადასხვა ამოცანით.

რატი ღოლიჯაშვილი

ანტრეპრენერი, ბიოფარმაცევტული კომპანია „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია