რას გვიყვება 3 გიგანტის ისტორია იმის შესახებ, თუ საიდან ჩნდება სინამდვილეში საუკეთესო ბიზნეს-იდეები Slack, Airbnb, Shopify - არცერთი მათგანი არ დაწყებულა ისე, როგორც ხალხს ჰგონია - ვნახოთ, რა აქვთ სასწავლი მათგან მომავალ მეწარმეებს.

By Roy Dekel

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველას უყვარს სამეწარმეო საქმიანობის დავარცხნილი ვერსია. დამფუძნებელი ამჩნევს იდეალურ შესაძლებლობას, შეიმუშავებს სტრატეგიას, იზიდავს ინვესტიციებს და ახორციელებს გენიალურ გეგმას, რომელიც ზუსტად ისე მუშაობს, როგორც მოსალოდნელი იყო.

ეს ისტორია მშვენივრად ჟღერს ინტერვიუებში. რეალობა კი, როგორც წესი, ბევრად უფრო ქაოსურია.

ბევრი წარმატებული კომპანია სულაც არ დაბადებულა რაიმე გრანდიოზული ხედვიდან. ისინი გაჩნდნენ იმედგაცრუებიდან, გვერდითი პროექტებიდან, ჩაფლავებული იდეებიდან ან იმ პრობლემების გადაჭრიდან, რომლებიც დამფუძნებლებს უბრალოდ თვალწინ ედოთ.

ანტრეპრენერობის შესახებ უსიამოვნო სიმართლე ის არის, რომ ბევრი წარმატებული ბიზნესი უფრო აღმოჩენილია, ვიდრე გამოგონილი, ამ განსხვავებას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

აღმოჩენა ნიშნავს იმას, რომ დამფუძნებელმა თავიდან სულაც არ იცოდა, რეალურად რას აშენებდა. ის ექსპერიმენტებს ატარებდა, აკვირდებოდა, რაზე ჰქონდათ ადამიანებს რეაქცია და ავლენდა, სად იმალებოდა რეალური ღირებულება. ზოგიერთი უმსხვილესი თანამედროვე კომპანიის ისტორია სწორედ ასე დაიწყო.

Airbnb: დროებითი გამოსავალი, რომელიც გიგანტად იქცა

Airbnb არ დაწყებულა, როგორც მასპინძლობის სფეროს რევოლუცია და ცვლილების ამბიციური მცდელობა – ის დაიწყო იმით, რომ დამფუძნებლებს ბინის ქირის გადახდა უჭირდათ.

სან-ფრანცისკოში გამართული ხალხმრავალი კონფერენციის დროს სასტუმროები სრულად იყო დაჯავშნილი და ბრაიან ჩესკიმ და ჯო გებიამ გააცნობიერეს, რომ შესაძლოა მათივე ბინაში იმალებოდა შესაძლებლობა. მათ იყიდეს გასაბერი ლეიბები, სტუმრებს შესთავაზეს დასაძინებელი ადგილი საუზმით და შექმნეს მარტივი ვებგვერდი, რათა ამ შეთანხმებას ოფიციალური სახე ჰქონოდა.

იმ დროს ეს იდეა აბსურდულად ჟღერდა. უცხო ადამიანების სხვის სახლში დარჩენის კონცეფცია მომხმარებელთა უმეტესობისთვის უხერხული და არასანდო იყო. ინვესტორებმაც, საწყის ეტაპზე, ძირითადად უარი თქვეს კომპანიაზე, რადგან ეს იდეა ზედმეტად უცნაურად მიაჩნდათ მასშტაბირებისთვის.

მაგრამ ის, რამაც Airbnb გააძლიერა, გასაბერი ლეიბები არ ყოფილა. დამფუძნებლებმა დაინახეს, რომ ადამიანები მზად იყვნენ, სასტუმროების პროგნოზირებადობა გაეცვალათ ისეთ გამოცდილებაზე, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და პერსონალური იყო. რაც მთავარია, მათ გააცნობიერეს, რომ ინტერნეტში ნდობის ჩამოყალიბება შესაძლებელი იყო დიზაინის, მიმოხილვების, ფოტოგრაფიისა და მომხმარებლის ქცევის მეშვეობით.

ეს ხედვა გახდა იმ კომპანიის საძირკველი, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა მოგზაურობა გლობალურ დონეზე. წარსულის გადმოსახედით Airbnb რევოლუციურია, იმ დროს კი ის, უბრალოდ, ქირის ფულის გასტუმრების სასოწარკვეთილ მცდელობას ჰგავდა.

Slack: წარუმატებლობაში დამალული კომპანია

Slack თანამედროვე ბიზნესში შემთხვევითი აღმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. დამფუძნებლები თავდაპირველად ონლაინთამაშს ქმნიდნენ კომპანიის მეშვეობით, რომელსაც Tiny Speck ერქვა. მრავალი სტარტაპის მსგავსად, კომპანიას ჰქონდა ხედვა, სამოქმედო გეგმა და მტკიცე რწმენა იმისა, თუ რა უნდა გამხდარიყო.

პრობლემა ის იყო, რომ თამაში არ ამართლებდა. მომხმარებლების ზრდა დიდ იმედებს არ იძლეობდა, პროგრესი ნელი იყო, და თავად ბიზნესიც წვალობდა, რომ საკუთარი არსებობა გაემართლებინა.

თუმცა, კომპანიის შიგნით გუნდს ჰქონდა შიდა შეტყობინებების პლატფორმა თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის კოორდინაციისთვის. ეს ინსტრუმენტი გამორჩეულად ეფექტური აღმოჩნდა. მან შეამცირა უთანხმოებები და გადაჭრა თანამშრომლების პრობლემები ისე, როგორც ეს არსებულ სამუშაო პროგრამულ უზრუნველყოფას არ შეეძლო.

საბოლოოდ, დამფუძნებლები რთული რეალობის წინაშე დადგნენ: ინსტრუმენტი, რომელიც მათ კომპანიის დასახმარებლად შექმნეს, უფრო ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე თავად კომპანია.

ადამიანების უმეტესობა უგულებელყოფდა ამ სიგნალს თავდაპირველი იდეისადმი ერთგულების გამო. მაგრამ სიჯიუტე საშიში ხდება, როდესაც ის ხელს გვიშლის იმის დანახვაში, თუ საიდან ჩნდება რეალური შესაძლებლობა.

Slack-ის დამფუძნებლებმა მიმართულება შეცვალეს. ამ გადაწყვეტილებამ წარუმატებელი კომპანია მსოფლიოში სამუშაო სივრცის კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმად გარდაქმნა.

Shopify: არსებული ინსტრუმენტებით უკმაყოფილო დამფუძნებლების მიერ შექმნილი

Shopify-ც იმედგაცრუებიდან და უკმაყოფილებიდან აღმოცენდა და არა გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვიდან. დამფუძნებლები ონლაინრეჟიმში სნოუბორდის აღჭურვილობის გაყიდვას ცდილობდნენ, თუმცა იმ დროს არსებული ელექტრონული კომერციის ინსტრუმენტები ძლიერ შეზღუდული იყო. არსებული პლატფორმების სკაუთარ თავზე მორგება ჭირდა, ტექნიკურად დამღლელი იყო და მეწარმეების ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებდა.

იმის ნაცვლად, სხვებს დალოდებოდნენ, Shopify-ს დამფუძნებლებმა პრობლემის გადაწყვეტა თავად მოიფიქრეს. თავდაპირველად პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ მათივე ბიზნესის მხარდასაჭერად არსებობდა. თუმცა დროთა განმავლობაში დამფუძნებლებმა დაინახეს, რომ ზედაპირს მიღმა რაღაც უფრო დიდი ხდებოდა.

პრობლემა, რომელსაც ისინი აწყდებოდნენ, უნიკალურად მხოლოდ მათი არ ყოფილა. მილიონობით ანტრეპრენერს სურდა ბიზნესის ონლაინ აწყობა ისე, რომ ყოველ ნაბიჯზე არ ებრძოლა რთული პროგრამული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

ამ გააზრებამ Shopify შიდა დამხმარე ინსტრუმენტიდან ისეთ პლატფორმად აქცია, რომელმაც თანამედროვე ელექტრონული კომერციის სახე შეცვალა.

"შემთხვევითი" კომპანიების მიღმა არსებული კანონზომიერება

ის, რაც ისეთ კომპანიებს აკავშირებს, იღბალი არ არის – ეს არის სწრაფად რეაგირების უნარი.

არცერთ ამ დამფუძნებელს არ დაუწყია რწმენით, რომ ეს საქმე მილიონებს მოუტანდა. ისინი, უბრალოდ, ყურადღებით აკვირდებოდნენ მოვლენებს, რათა შეემჩნიათ, საიდან ჩნდებოდა ნამდვილი ღირებულება.

ბევრი მომავალი ანტრეპრენერი წლებს ხარჯავს მილიარდდოლარიანი იდეის ძიებაში და ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება უშუალოდ თვალწინ არსებული, შედარებით მცირე პრობლემები. მათ სჯერათ, რომ წარმატებული ბიზნესი აუცილებლად გენიალურ იდეას უნდა ეფუძნებოდეს.

თუმცა, პრაქტიკაში ბევრი კომპანია უბრალო უკმაყოფილებითა და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრით იწყება: რაღაც გაფუჭებულად გეჩვენება, რაღაც არაეფექტიანად მუშაობს, რაღაც მნიშვნელოვანი ჯერ არ არსებობს.

დამფუძნებელი ეძებს გამოსავალს საკუთარი თავისთვის და საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ უამრავ სხვა ადამიანს ზუსტად იგივე რამ სჭირდება.

პრობლემის ასეთი გააზრება ქმნის სიცხადეს, სიცხადე კი ხშირად ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე თეორიულად გაწერილი ინოვაცია.

სამეწარმეო საქმიანობა კი, როგორც წესი, აღმოჩენის პროცესია. სტარტაპების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მცდარი შეხედულება არის ის, რომ თითქოს დამფუძნებლებმა თავიდანვე ზუსტად უნდა იცოდნენ, საით მიდიან. რეალობა კი ისაა, რომ უმეტესობამ ეს არ იცის.

კომპანიის მშენებლობის საწყისი ეტაპები ხშირად სავსეა გაურკვევლობით, მცდარი ვარაუდებითა და მუდმივი ცვლილებებით. დამფუძნებლები, რომლებიც გადარჩებიან, იშვიათად არიან ისინი, ვისაც ყველაზე დახვეწილი გეგმები აქვთ. გადარჩებიან ისინი, ვისაც ყველაზე სწრაფად სწავლის უნარი შესწევს.

სწორედ ამიტომ აქვს მოქმედებას ასეთი დიდი მნიშვნელობა. ადამიანებს უყვართ დაგეგმვა, რადგან დაგეგმვა ნაყოფიერ პროცესად აღიქმება ისე, რომ მარცხის რისკის წინაშე არ აყენებს მათ. თუმცა მხოლოდ რეალურად საქმიანობის დაწყება გაიძულებს, რეალობას შეეხო – სწორედ რეალობაა ის, სადაც ბიზნესი სინამდვილეში იქმნება.

პირველი იდეა შეიძლება ჩაფლავდეს. მეორეც შეიძლება ჩაფლავდეს. თუმცა ყოველი მცდელობა გვეხმარება უნარების დახვეწაში. სწორედ ამიტომ ანტრეპრენერობა იშვიათადაა წრფივი გზა.

კომპანია, რომელსაც საბოლოოდ ააშენებთ, შესაძლოა სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს იმისგან, რაც თავდაპირველად წარმოგედგინათ. ხანდახან რეალური შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ იჩენს ხოლმე თავს, რაც პირველადი იდეა ჩამოიშლება.

ხანდახან კი ის, რაც თქვენს ცხოვრებას ცვლის, იწყება როგორც უბრალოდ დროებითი გამოსავალი, გვერდითი პროექტი ან იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც საკმარისად გაღიზიანებდათ იმისთვის, რომ საბოლოოდ რამე მოგემოქმედებინათ. შემდეგ კი, ერთ დღესაც, გააცნობიერებთ, რომ ეს შემთხვევითი პროექტი მთელი ამ დროის განმავლობაში მილიონიანი კომპანია გამხდარა.

Roy Dekel

Entrepreneur Leadership Network® Contributor

CEO of SetSchedule

Roy Dekel, an American-Israeli entrepreneur, investor, and philanthropist, co-founded and invested in numerous business, including SetSchedule, Rentastic, and Taskable. With unwavering commitment, he pushes tech innovation boundaries, redefining possibilities in enterprise and consumer spheres.