როგორ შევამჩნიოთ შესაძლებლობები, რომლებსაც სხვები ვერ ხედავენ? წარმატებულ ანტრეპრენერებს კი არ უმართლებთ, ისინი სამყაროს განსხვავებული ლინზით უყურებენ.
By Nir Eyal
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დილის 5:30 საათი, ფილადელფია. ოცდაათიოდე წლის ენ მაჰლუმი ქუჩაში დარბის და გვერდს უვლის უსახლკარო მამაკაცებს, რომლებსაც მანამდე ასჯერ მაინც შეხვედრია. ისინი ყოველთვის იქ იყვნენ – თავშესაფრის წინ, განთიადისწინა სიბნელეში შეჯგუფებულები. ქალაქის სხვა მცხოვრებლების მსგავსად, ენსაც კარგად ჰქონდა ათვისებული "გულგრილობის ხელოვნება": თვალის არიდება, ნაბიჯის აჩქარება და ამ ადამიანების აღქმა ურბანული პეიზაჟის ჩვეულებრივ დეტალებად.
მაგრამ ერთ დილას ყველაფერი შეიცვალა. ერთ-ერთმა მათგანმა ხელი დაუქნია, ენმაც უპასუხა. მეორე დღეს კი ხუმრობა შეაგება. ამ უბრალო ადამიანურმა კონტაქტმა ენს კითხვა გაუჩინა, რომელმაც მისი ცხოვრება სრულად შეცვალა: "რატომ ვარ მე მორბენალი, ისინი კი უსახლკაროები? რატომ არ შეგვიძლია ყველამ ერთად ვირბინოთ?"
ბევრი ამ კითხვას იქვე დატოვებდა, მაგრამ ენმა ამ ადამიანებში დაინახა ის, რაც სხვებისთვის უხილავი იყო: პოტენციალი. მან ისინი სარბენად დაპატიჟა. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი საქველმოქმედო ორგანიზაციას Back on My Feet ("ისევ ფეხზე"). მოგვიანებით, ფიტნეს-ინდუსტრიაში მოღვაწეობით ენმა 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. როდესაც ეკითხებიან, წარმოიდგენდა თუ არა ასეთ წარმატებას, ის მშვიდად პასუხობს: "რა თქმა უნდა!" და ეს არასდროს მოდის აროგანტულობიდან – ენს ყველა ადამიანის, პირველ რიგში კი, საკუთარი პოტენციალის სწამს.
საიდან მოდის ეს ხედვა?
ზოგს ეს ნიჭი თანდაყოლილად აქვს, ენისთვის კი ბავშვობის ტრავმის გაკვეთილი იყო. 12 წლის ასაკში ის საკუთარ უბანს წრეებს იმიტომ არტყამდა, რომ შინ არსებულ ქაოსს გაჰქცეოდა – მამამისმა აზარტულ თამაშებში ოჯახის მთელი ფული წააგო, მშობლები დაშორდნენ, ენის ცხოვრება კი თავდაყირა იდგა.
თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, ენის მსოფლმხედველობის საძირკვლად იქცა: მამამისმა, კაცმა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, საკუთარ თავზე მუშაობა დაიწყო და ფეხზე დადგა. ენმა დაინახა, რომ ტრანსფორმაცია შესაძლებელია, თუკი ადამიანს აქვს დისციპლინა, მხარდაჭერა და ჰყავს ვინმე, ვისაც მისი სჯერა. სწორედ ამ შინაგანმა რწმენამ უკარნახა მას, რომ თავშესაფრის წინ მდგომი კაცები მხოლოდ უსახლკაროები კი არა, პოტენციური მორბენლები იყვნენ.
"იღბლის" მეცნიერება
ენ მაჰლუმის ისტორია "პროვოცირებული იღბლის" კლასიკური მაგალითია. მკვლევარი რიჩარდ ვაისმანი წლების განმავლობაში სწავლობდა, რატომ არიან ზოგიერთები "იღბლიანები". აღმოჩნდა, რომ იღბლიან ადამიანებს, უბრალოდ, უფრო ფართო ხედვის არეალი აქვთ.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში მან ადამიანებს სთხოვა, გაზეთში ფოტოები დაეთვალათ. "უიღბლო" მონაწილეები ისე იყვნენ კონცენტრირებული დავალებაზე, რომ ვერც კი შეამჩნიეს მეორე გვერდზე დიდი ასოებით დაწერილი განცხადება: "შეწყვიტეთ თვლა, გაზეთში 43 ფოტოა". მათ ვერც შუა გვერდზე მოთავსებული წარწერა დაინახეს: "უთხარით ექსპერიმენტატორს ეს ფრაზა და მოიგეთ $250".
"იღბლიანებმა" კი ეს შესაძლებლობები მაშინვე დაიჭირეს. ისინი არ იყვნენ უფრო ნიჭიერები, ისინი, უბრალოდ, სამყაროს უფრო ფართო ლინზით უყურებდნენ. ენ მაჰლუმმაც სწორედ ასე დაინახა შესაძლებლობა იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემას ხედავდნენ.
რწმენის "ბრმა ზონები"
თუმცა რწმენას, რომელიც გვეხმარება შესაძლებლობების დანახვაში, მეორე მხარეც აქვს. ენის დაუოკებელმა ენერგიამ მისი ბიზნესი, Solidcore, მწვერვალზე აიყვანა, მაგრამ ამავე თვისებამ პრობლემებიც შეუქმნა. მისი სიმკაცრე და მაღალი მოთხოვნები თანამშრომლებისთვის ხშირად აუტანელი ხდებოდა.
როდესაც გუნდმა მისი გადადგომა მოითხოვა, ენი არ გაჯიუტებულა. მან კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი მთავარი რწმენა: ტრანსფორმაცია ყოველთვის შესაძლებელია, მათ შორის საკუთარი თავისაც. მან აღიარა, რომ კომპანიას სჭირდებოდა ლიდერი, რომელიც გუნდთან ერთად გაიზრდებოდა. ენმა პოსტი დატოვა, მოგვიანებით კი ბიზნესი სარფიანად გაყიდა და მილიონობით დოლარი თანამშრომლებს გაუნაწილა.
როგორ შევცვალოთ საკუთარი რწმენები და ქმედებები?
წარმატება მხოლოდ საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა არ არის. ეს არის უნარი, შეამჩნიო ის, რაც შენ გარშემოა. ჩვენი რწმენები განსაზღვრავენ, რას დავინახავთ და რა დაგვრჩება მიღმა.
დაფიქრდით:
- რომელმა რწმენებმა მოგიყვანათ აქამდე?
- რომელი რწმენა გიღებთ დღეს ახალ კარებს?
- რომელი რწმენა შეიძლება გიხურავთ მათ ჩუმად?
რწმენები არ არის მოცემულობა, ისინი ინსტრუმენტებია. და როგორც ნებისმიერ კარგ ხელოსანს, თქვენც გჭირდებათ მათი პერიოდული განახლება.
ენი მაჰლუმის ხედვა იყო ის, რომ რწმენით გამოწვეული ტრანსფორმაცია ყოველთვის შესაძლებელია – საკუთარი თავის ჩათვლით. იგივე ეხება თქვენს რწმენებს. ისინი არ არის ფიქსირებული – უფრო მეტად იარაღებია. ყველაზე ბრძენმა მშენებლებმა კი ყოველთვის იციან, როდის არის მათი ინსტრუმენტების განახლების დრო.