არ არსებობს უნივერსალურად სწორი გზა – კოდი სანჩესის ბიზნესრჩევები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც კოდი სანჩესი სოციალურ ქსელებში თავის პირველ ნაბიჯებს იხსენებს, ზუსტად ისევე ეუფლება უხერხულობა, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს საკუთარი ციფრული წარსული აქტივობების დათვალიერებისას.
"ზოგიერთ ჩემს პირველ ვიდეოს რომ ვუყურებ, გული მიწუხდება, მაგრამ, როგორც ყველა ახალბედას, თავიდან თავს გახვევენ იმას, რაც სინამდვილეში შენი არ არის", – ამბობს სანჩესი.
ამ ადრეული შეცდომების მიუხედავად, სანჩესი ინტერნეტსივრცეში გავლენიან ფიგურად იქცა. მან სოციალურ მედიაში 15 მილიონი გამომწერი შემოიკრიბა და ბესტსელერის, Main Street Millionaire-ის ავტორიც გახდა. ეს წარმატება დიდწილად ერთი მთავარი გზავნილის ირგვლივ ააგო: ანტრეპრენერობა შენც შეგიძლია, ხოლო წარმატებისკენ მიმავალი გზა სწორედ მცირე ბიზნესის ფლობაზე გადის.
ეს ხედვა მისსავე გამოცდილებას ეფუძნება, რაც მის აუდიტორიასაც კარგად ესმის: სანჩესმა კარიერა ფინანსურ სექტორში ააგო, შემდეგ კი იმ აქტივების ყიდვა დაიწყო, რომლებსაც თავად "მოსაწყენ ბიზნესებს" უწოდებს – სამრეცხაოებს, ავტოსამრეცხაოებსა და გადახურვის კომპანიებს. მან დაინახა ის, რაც სხვებს გამორჩათ: ეს ბიზნესები სათანადოდ შეუფასებელი რესურსია – მათ უკვე ჰყავთ სტაბილური მომხმარებელი, მარტივად სამართავია და, რაც მთავარია, მათი ყიდვა საკმაოდ ადვილია, რადგან მფლობელები ხშირად ასაკოვანი არიან და საქმის გაძღოლა აღარ შეუძლიათ.
სანჩესმა ამ ბიზნესების ყიდვისა და მართვის საკუთარი სისტემა შექმნა, რასაც ონლაინსივრცეში გამომწერების დიდი აუდიტორია მოჰყვა.
დღეს, პირველი სამრეცხაოს შეძენიდან 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ, სანჩესს საკუთარი ხელწერა და მისია მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული: ის პირდაპირია, გულწრფელი და აქტიურ მოქმედებებაზე გადადის. ამჟამად ის ბევრად მასშტაბურ კომპანიას, Contrarian Thinking-ს უდგას სათავეში, რომელიც საინვესტიციო, საკონსულტაციო და მედიამიმართულებებს აერთიანებს.
თუმცა საკუთარი ნიშის მიგნებას დრო დასჭირდა. ციფრულ სამყაროში გზა ინფლუენსერებსაც ებნევათ და სანჩესიც ღიად აღიარებს, რომ თავის დროზე ბევრი ენერგია დახარჯა სხვების წარმატებული მოდელების გამეორებაში. როგორც თავად ამბობს, დღეს მისი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ სხვებს ამ შეცდომის არიდებაში დაეხმაროს.
სანჩესი არიზონაში, ფინიქსში გაიზარდა. მამამისს გრანიტის მცირე ბიზნესი ჰქონდა, დედა კი სპეციალური განათლების პედაგოგი იყო. ის ხედავდა, როგორ შრომობდნენ მშობლები თავდაუზოგავად და იმ ყველაფრისადმი სიყვარულით, რაც გააჩნდათ. ისინი მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ, რათა კოდისთვის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაეფინანსებინათ. თუმცა სანჩესმა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გააცნობიერა: ფული მხოლოდ ნივთების ყიდვის საშუალება კი არ არის, ფული თავისუფლებაა.
"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ფულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ფული არ გაქვს, სამყარო, უბრალოდ, თავს მოგახვევს თავის წესებს", – ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობდა, სწავლის დასრულებისთანავე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის, Vanguard-ის არიზონას ფილიალში ფინანსურ სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. იცოდა, რომ საქმეს კარგად ასრულებდა, თუმცა თავს მაინც ყოველთვის განზე მდგომ ადამიანად გრძნობდა. მის კოლეგებს სულ სხვა გარემოებები უწყობდათ ხელს: ძვირადღირებული კოსტიუმებით სავსე კარადები, პრესტიჟული დიპლომები, რესტორნებში ლანჩისა და სამუშაოს შემდეგ განტვირთვის ფინანსური შესაძლებლობა.
"არავინ იყო კეთილგანწყობილი მათ მიმართ, ვისაც ფული არ ჰქონდა და საქმეს ნულიდან იწყებდა. ხშირად მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მათთან ერთად გასართობად არ დავდიოდი. ერთხელაც, მეგონა მაწინაურებდნენ, თუმცა მითხრეს, რომ გუნდური მოთამაშე არ ვიყავი, რადგან სამუშაოს შემდეგ მათთან ერთად ჭიქა სასმელზე არასდროს ვრჩებოდი", – იხსენებს კოდი.
ეს სანჩესისთვის საკმაოდ მწარე გამოცდილება აღმოჩნდა. მან გაიაზრა, რომ ერთადერთი ბარიერი ფინანსები არ ყოფილა – მას აკლდა სოციალური უნარები, კორპორაციული თამაშების წესების ცოდნა, რაც უამრავ სფეროში დაწინაურებისთვის არის საჭირო.

"სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი, როცა საკუთარ თავს ვუთხარი: არასდროს მისცე ვინმეს უფლება, საბანკო ანგარიშის მონაცემების გამო უკანა რიგებში დაგაყენოს".
შემდეგ სანჩესმა იმ კოლეგებთან დაიწყო დაახლოება, რომლებიც ასევე არ ჯდებოდნენ ოფისის დაწესებულ კულტურაში. ფიქრობდა, რომ თუ მისნაირ ადამიანებთან შეკრავდა ალიანსს, წინსვლას ყველანი ერთად შეძლებდნენ. თანასწორ ადამიანებთან მყარი კავშირების აუცილებლობის იდეა სანჩესს მას შემდეგაც არ განელებია, რაც მისი კარიერა მკვეთრად განვითარდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Goldman Sachs, State Street, First Trust და Entourage Effect Capital. ამ კომპანიებში დაახლოებით 160 მილიონი დოლარის აქტივების მართვაში მონაწილეობდა. თუმცა, ფინანსურ წარმატებასთან ერთად, მიხვდა, რომ აღარ აინტერესებდა ის, რისკენაც მიისწრაფოდა.
"გავიხედავდი და დავინახავდი ადამიანს ძვირადღირებული მანქანებით, შემდეგ კაცს ცოლით, შვილებით, თუმცა ოჯახი საერთოდ არ იცნობდა მას... ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, რამდენი უბედური ადამიანია, რომელიც ამავდროულად ძალიან მდიდარია. ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მექნა, რომ ასეთი არ გავმხდარიყავი იმ შემთხვევაში, თუ ფინანსების სექტორში მუშაობას გავაგრძელებდი".
სანჩესისთვის ეს გახდა მეორე დიდი გარდატეხა, რამაც ფულზე აზრი შეაცვლევინა. თუ თავიდან სჯეროდა, რომ ფული თავისუფლების ტოლფასი იყო, ახლა მიხვდა – თუ ამ ფულის შოვნის პროცესის ტყვე გახდებოდი, ის თავად იქცეოდა მახედ.
სანჩესს უყვარს იმის მკაფიოდ განსაზღვრა, თუ რა არ სურს, რათა ზუსტად მივიდეს იმ წერტილამდე, რაც ნამდვილად უნდა. კოდის არ სურდა ბევრი ფულის შოვნა საკუთარი ბედნიერების კომპრომისის სანაცვლოდ.
ამიტომ დაიწყო მცირე ბიზნესებში ინვესტირება. ეს ის გარიგებები იყო, რისი ფინანსური შესაძლებლობაც იმ მომენტში ჰქონდა – პარალელური საქმე, რომლის შეთავსებაც ფინანსების სექტორში მუშაობისას შეეძლო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ამ მცირე ბიზნესებმა სერიოზული შემოსავლის მოტანა დაიწყეს. სანჩესმა დაინახა უკეთესი, ბედნიერი მომავლის პერსპექტივა და, საბოლოოდ, ფინანსების სამყაროს კარის საბოლოოდ დახურვაც გაბედა.
"ჩემს მშობლებს არ ესმოდათ, როგორ ვამბობდი უარს ფინანსებში მუშაობაზე – სფეროზე, რომელიც მათ ასეთ გამართლებად და საუკეთესო სამუშაო ადგილად მიაჩნდათ", – ამბობს სანჩესი.
მართალია, მის გარშემო ბევრი ფიქრობდა ასე, თუმცა თავად ზუსტად იცოდა, რომ დადგენილი კურსიდან უნდა გადაეხვია.
რაც უფრო იზრდებოდა მისი ბიზნესწარმატება, სანჩესმა დაინახა შესაძლებლობა, ბევრად მასშტაბურად ეფიქრა. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ თვითონ ჩაედო ინვესტიციები ამ ბიზნესებში, შეეძლო სხვებისთვისაც ესწავლებინა ეს საქმე და სრულიად განსხვავებული ფინანსური მოდელის სახე გამხდარიყო. სანჩესისათვის საკუთარი წარმატების საზომი დაგროვილი ქონება არ იყო, მან აქცენტი მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან საზომზე გადაიტანა – თუ რამდენად დაეხმარა სხვებს შემოსავლის გაზრდაში.
2019 წელს სანჩესმა დააფუძნა Contrarian Thinking – მედია და საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც მისი მრავალი პროექტი მოიცვა: კონტენტი, ინვესტიციები, საწევრო პროგრამები და ადამიანების გაერთიანებები. ეს ყველაფერი ეფუძნებოდა კერძო საინვესტიციო პრინციპებზე აგებულ სასწავლო პროგრამასა და პროცესებს. ეს სასწავლო პროგრამა სანჩესმა მცირე ბიზნესის ფორმატს მოარგო.
ეს წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა – სწორედ მან განაპირობა სანჩესის პირველი წიგნის, Main Street Millionaire-ის აღიარებაც. თუმცა, ამავდროულად, ამ გამოცდილებამ დააფიქრა ბიზნესლიტერატურისა და ინტერნეტში არსებული რესურსების შეზღუდვებზე.
კარიერის განმავლობაში სანჩესი აკვირდებოდა, როგორ ხვდებოდა უამრავი ადამიანი ერთსა და იმავე მახეში: უმეტესობა ბიზნესრჩევებს ისე უყურებს, თითქოს ეს უნივერსალური რეცეპტი იყოს, თითქოს სხვისი წარმატების გზა პირდაპირ და უცვლელად რომ გადმოიღო, ანალოგიურ შედეგს მიიღებ. სანჩესის თქმით, ბიზნესი შეიძლება არ იყოს უნიკალური, მაგრამ ადამიანი, რომელიც მას მართავს, ნამდვილად უნიკალურია.
"დამწყები ანტრეპრენერების უმეტესობის თაროები სავსეა ბიზნესის შენების შესახებ დაწერილი წიგნებით, მაგრამ თუ ვერ აცნობიერებ შენს უპირატესობებს და არ იცი შენი სუსტი მხარეები, მთელ ცხოვრებას სხვების ფორმულებზე მორგების ამაო მცდელობაში გაატარებ", – ამბობს კოდი სანჩესი.
მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში ხმა მილიონობით ადამიანს მიაწვდინა, სანჩესს ერთი აკვიატება გაუჩნდა: მას სურს, რომ ბიზნესრჩევები ბევრად პერსონალიზებული გახდეს. ანტრეპრენერები გამუდმებით ეძებენ მათთვის სწორ გზას, თუმცა კოდის სურს, რომ მათ ჯერ საკუთარ თავში ჩაღრმავებით დაიწყონ – გაიაზრონ საკუთარი ძლიერი მხარეები, განსაზღვრონ პირადი მიზნები და მხოლოდ ამის შემდეგ დასახონ გეგმა, რომელიც საუკეთესოდ მოერგება მათ უნიკალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.
"ჩემი რწმენით, უნდა ფლობდე ბიზნესს, რომელიც მოგებიანიცაა და რომლის მართვაც მართლა გსიამოვნებს", – აღნიშნავს ის. თუმცა ამატებს, რომ საქმე, რომელიც ბედნიერს გხდის, ყველამ საკუთარი გამოცდილებით უნდა იპოვოს და არა სხვისი მაგალითით.
მისთვის გუნდი მნიშვნელოვანია – გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ფინანსისტი, ოპერაციული მენეჯერი. კოდი გარშემო იკრებს ადამიანებს, რომლებიც შეესაბამებიან მის საჭიროებებსა და მიზნებს. ეს ჰგავს ექსპერტთა ინდივიდუალურად აწყობილ საკონსულტაციო საბჭოს. კარგ რჩევებსაც სწორედ მათი დახმარებით იღებს.
თუ გსურთ საკუთარი საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მას რამდენიმე კრიტერიუმი აქვს:
"გაუკეთებიათ თუ არა მათ რეალურად ის, რის გაკეთებასაც თქვენ გეგმავთ? ჩანან თუ არა კმაყოფილები ცხოვრებაში მიღებული გადაწყვეტილებებით? კარგი შედეგი მიიღეს? მათთვის ეს შედეგი სასიამოვნოა? ფლობენ თუ არა რეალურ კომპეტენციას თავიანთ სფეროში? არის თუ არა მათ მიერ მოცემული რჩევა გამოსადეგი სხვადასხვა მასშტაბისა და სექტორის ბიზნესისთვის? თუ ასე არ არის, მათ რჩევებს ზედმეტად სერიოზულად არ მივიღებდი".
თუმცა მცირე ბიზნესის მფლობელთა უმეტესობას არ აქვს დრო ან კონტაქტების ქსელი, რათა სანდო და გამოცდილი საკონსულტაციო საბჭო შექმნას. რა არის მათი უპირატესობა? რა სჭირდებათ კონკრეტულ ბიზნესებს წინსვლისთვის? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხის პოვნა მარტივი არ არის.
სანჩესმა გააცნობიერა, რომ მას ნამდვილად შეეძლო თავისი აუდიტორიისთვის ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. მისი კომპანია ათასობით ანტრეპრენერს ემსახურება, რისი წყალობითაც ისეთი მონაცემებსა და კანონზომიერებებზე ჰქონდა ინფორმაცია, რაც სხვებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
ნებისმიერი ბიზნესის ცენტრში პრობლემები დგას. ყველა ანტრეპრენერმა იცის: წარმატებას აღწევ მაშინ, როდესაც შენი მომხმარებლის პრობლემების იდენტიფიცირება შეგიძლია, ქმნი პროდუქტს ან სერვისს ამ პრობლემების გადასაჭრელად და შემდეგ მათ მაქსიმალურად დამაჯერებლად წარადგენ. სანჩესს სურს, რომ ანტრეპრენერებმა საკუთარი პრობლემებიც შეისწავლონ – ის ფაქტორები, რომლებიც მათ ბიზნესს სისტემატურად აფერხებს.
ამის გასარკვევად სანჩესის გუნდმა ათასობით წარმატების ისტორია შეისწავლა. გუნდი აკვირდებოდა, თუ როგორ განსხვავდებოდა ბიზნესების შედეგები ერთმანეთისგან მაშინ, როცა ყველა ერთსა და იმავე პრინციპებს მიჰყვებოდა. ამ კვლევამ 12 ისეთი პრობლემური პუნქტი გამოკვეთა, რომლებიც ბიზნესის ნებისმიერი მფლობელისთვის შესაძლოა ბარიერად იქცეს – მაგალითად, ფასების მომატების შიში. ამ გამოწვევებზე დაყრდნობით, კოდი სანჩესმა შესაბამისი არქეტიპები შექმნა, რათა ზუსტად გაეგო, ვინ უშვებს ასეთ შეცდომებს და რატომ. ამ გზით მას შეეძლო ბიზნესის მფლობელებს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვაში დახმარებოდა.
"ყველა არქეტიპს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ დეტალების ცოდნა ბიზნესის მფლობელებს ეხმარება განსაზღვრონ, თუ რომელი რჩევა გაითვალისწინონ, ნაცვლად იმისა, რომ ყველა მათგანი ბრმად მიიღონ, საბოლოოდ კი წარმატებას ვერ მიაღწიონ", – განმარტავს სანჩესი.
მაგალითად, თუ გაკლიათ ბიზნესპროცესების სტრუქტურირების უნარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი თქვენ გარეშე ვერ ფუნქციონირებს – სანჩესი ასეთ ადამიანს "მშრომელ ცხენს" უწოდებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარი ზურგით ატარებენ.
მაგრამ ეს საბოლოო გადაწვის პირდაპირი რეცეპტია. თუ შენი სისტემა წესრიგში არ არის, ბიზნესი შენ გარეშე ვერ იარსებებს, ეს კი ნიშნავს, რომ ვერც იმ ცხოვრებით იცხოვრებ, რაზეც ბიზნესის წამოწყებისას ოცნებობდი. "თუ იმდენად პროფესიონალი ხარ, რომ საბოლოოდ ყველაფერს შენ აკეთებ, საკუთარი თავის ბატონი ხდები... რომელიც ამავდროულად საკუთარ თავს ამონებს", – ამბობს სანჩესი.
რა უნდა ქნას ასეთი ტიპის ანტრეპრენერმა? სანჩესის თქმით, მან ამ 3 ნაბიჯით უნდა დაიწყოს:
- აღწერეთ ყველაფერი. სანჩესს ამის ვიდეოთი გაკეთება უყვარს – იწერს პროცესს და გუნდს უზიარებს, რათა მათ მისი მოქმედებების გამეორება შეძლონ.
- დელეგირება. დააკისრეთ გუნდს პასუხისმგებლობა საბოლოო მიზნებიდან გამომდინარე. მიეცით სამიზნე შედეგი, შესრულების ვადა და ნება დართეთ, თავად აირჩიონ გზა. ისევე, როგორც თქვენ მართავთ ბიზნესს თქვენი უნიკალური სტილით, ენდეთ გუნდსაც, რომ თავიანთი უნარებითა და ინტუიციით მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
- განზე გადგომის მეთოდი. შექმენით ისეთი სისტემა, საიდანაც საკუთარ თავს ეტაპობრივად გათიშავთ. დაბეჭდეთ და სამუშაო სივრცეში გამოაკარით შესასრულებელი პროცესების სიები. მიეცით გუნდს 1-გვერდიანი ინსტრუქციები და არა მრავალტომიანი დავალებები. მიეცით ბიზნესს საშუალება, იმუშაოს თქვენი ყოველწუთიერი ჩართულობის გარეშე. სანჩესი ამას "ჭეშმარიტ სტანდარტებს" უწოდებს. მისი თქმით, თუ რამის განმარტება ორჯერ გიწევთ, ესე იგი, რაღაცას არასწორად აკეთებთ.
"თუ მართლა არ გსიამოვნებთ ერთი და იმავეს უსასრულოდ გამეორება მთელი ცხოვრება, ჯობს დროულად ააწყოთ სისტემა და კომუნიკაციის სწორი პროცესი დანერგოთ".
რა თქმა უნდა, ზოგიერთი ბიზნესის მფლობელი გენიალურად აწყობს პროცესებს, თუმცა მათ სხვა პრობლემები აფერხებთ. მაგალითად, ისეთი ადამიანები, რომლებსაც ფასების გაზრდის ეშინიათ და ურჩევნიათ ფასდაკლება გააკეთონ, ვიდრე მომხმარებლის დაკარგვის საფრთხე შექმნან. სანჩესი ასეთ ტიპაჟს "კარგ ტიპს" (The Good Guy) უწოდებს და აფრთხილებს მათ: თუ კონკურენტული ფასის დაწესების გეშინიათ, ბიზნესის ზრდა შეჩერდება, გადაიღლებით, მომხმარებლები კი ყოველთვის მეტს მოგთხოვენ ნაკლებ ფასად. სანჩესი ამ ანტრეპრენერებს გამოწვევას სთავაზობს: გაორმაგეთ ფასი თქვენს მომდევნო 3 შეთავაზებაზე და ნახეთ, რა მოხდება. დიდი ალბათობით, მომხმარებლებს სჭირდებათ და აფასებენ თქვენს პროდუქტს, ამიტომ ახალ ფასსაც გადაიხდიან. ამის გამოცდის შემდეგ, ფასის მომატების ბარიერს გადალახავთ და აღარც მაშინ დათმობთ პოზიციებს, როდესაც კლიენტი ფასდაკლებას მოითხოვს.
მას შემდეგ, რაც სანჩესმა ეს არქეტიპები შექმნა, ისინი თავისი საზოგადოების ათასობით ანტრეპრენერზე გამოცადა – შექმნა ინდივიდუალური 90-დღიანი სტრატეგიული გეგმები. ამ არქეტიპების ირგვლივ ახალ წიგნზეც იმუშავა – Own or Be Owned, რომელსაც ბიზნესის შენების გზამკვლევს უწოდებს.
მიზნების შესასრულებლად გარკვეული ნაბიჯების მიშვნელობის მაგალითად მას მოჰყავს საკუთარი თავი, როგორც "უნებლიე ინფლუენსერი" – რაც ამტკიცებს იმას, თუ რა დიდი ფასი აქვს საკუთარი ძლიერი მხარეებისა და მიზნების გააზრებას.
"მართლა მინდა ყოველდღე სოციალურ მედიაში ყოფნა? არა. მაგრამ ეს ჩემს მიზანს ემსახურება, მე კი შემიძლია იდეები მკაფიოდ და სტაბილურად გადმოვცე. ვერ ვპოულობ სოციალურ მედიაზე უკეთეს მექანიზმს იმისთვის, რა მიზანიც მამოძრავებს – რეალური გავლენა მოვახდინო ბიზნესის მართვის მეთოდებზე".
მიუხედავად ამისა, არსებობს ბიზნესში უნივერსალური ჭეშმარიტებები? დიახ, ამბობს სანჩესი.
ის გვთავაზობს 4 უნივერსალურ რჩევას:
- თუ მცირე ბიზნესის მფლობელი ხართ, ნუ ჩადებთ გადაჭარბებულ რესურსს სოციალურ მედიაში. "ვირუსული წვდომა" ვერ გადაგარჩენთ და ვერც განმეორებით გაყიდვებს მოგიტანთ. მცირე ბიზნესის მფლობელების უმეტესობისთვის ბევრად უკეთესი იქნება, თუ კონცენტრირდებიან Google-ის შეფასებებზე, საკუთარი ვებგვერდის მოწესრიგებაზე.
- ნუ ჩადებთ გადაჭარბებულ რესურსს ხელოვნურ ინტელექტშიც. SEO და AEO მნიშვნელოვანია, რადგან ინტერნეტში ძიების შედეგად ხილვადობის მექანიზმს მომხმარებლის დიდი ნაკადის მოყვანა შეუძლია, თუმცა მცირე ბიზნესის მფლობელებს არ სჭირდებათ AI-ის ექსპერტობა. თქვენი საქმე კლიენტებთან მყარი, ადამიანური კავშირების დამყარებაა.
- თანამშრომლების დაქირავება უნივერსალურად რთულია, თუმცა ეს უდიდესი მოტივატორიცაა – შეხსენება იმისა, რომ თქვენი ბიზნესი ბევრი ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელია. "არაფერია იმაზე უკეთესი, როცა თანამშრომელს პირველად უწერ ძალიან დიდ ჩეკს, – ამბობს ის, – მცირე მეწარმეებს რომ ჰკითხოთ: როგორ ფიქრობთ, რამდენ ადამიანს დაეხმარეთ შვილების უნივერსიტეტში გაგზავნაში? რამდენს დაეხმარეთ პირველი სახლის ყიდვაში? რამდენიმეწლიანი ოპერირების შემდეგ, ამ ადამიანების რიცხვი 5-დან 20-მდეა. ეს საოცარი გრძნობაა".
- ბიზნესის ზრდის ყველაზე დიდი გასაღები კონტაქტზე ყოფნაა: უაპასუხეთ, როდესაც ვინმე გწერთ ან გირეკავთ. უპასუხეთ დაუყოვნებლივ. ეს არის უპირველესი მიზეზი, რის გამოც თქვენი ბიზნესი წარმატებული გახდება. მომხმარებლები დიდხანს არ ელოდებიან და სიამოვნებით აირჩევენ თქვენი კონკურენტის შედარებით დაბალ ხარისხს, თუ ის ოპერატიულად უპასუხებს.
მაგრამ, საბოლოო ჯამში, სანჩესის თქმით, ყველაზე უნივერსალური ჭეშმარიტება ალბათ ეს არის: ბიზნესი შეიძლება სტრატეგიებით ოპერირებდეს, თუმცა ის მაინც ღრმად ადამიანური საქმეა და ანტრეპრენერებს ეს არასდროს უნდა დაავიწყდეთ. ბიზნესი ემსახურება მომხმარებელს, თუმცა ის ასევე ისე უნდა იყოს აგებული, რომ ემსახურებოდეს იმ ადამიანსაც, რომელიც ამ ბიზნესის ცენტრში დგას.
ამ უკანასკნელზე სანჩესი ბოლო დროს განსაკუთრებით ბევრს ფიქრობს. ის და მისი ქმარი ამ ზამთარს პირველ შვილს ელოდებიან. სანჩესს არ სურს, რომ დროს მთლიანად სამუშაოს უთმობდეს, ამიტომ ახლა აქცენტს მეტად აკეთებს იმაზე, რაც მისთვის მართლა მნიშვნელოვანია: სურს ბიზნესი, რომელსაც ზოგჯერ მის გარეშეც შეუძლია ფუნქციონირება. სურს, თავისი გამოცდილებითა და გაკვეთილებით უამრავი სხვა ადამიანი გახადოს ფინანსურად უზრუნველყოფილი. მას აღარ სურს უნივერსალური რჩევების გაცემა, რადგან ბიზნესიც და ცხოვრებაც იმის შექმნაა, რაც პირადად შენზეა მორგებული და შენს შენს შემთხვევაში მუშაობს.
"როცა იცი, ვინ ხარ, რა არის შენი მიზნები და სწორად სვამ კითხვას – "რატომ" – გადაწყვეტილების მიღებაც ბევრად მარტივია", – ამბობს კოდი სანჩესი.
თარგმანი: ნინო იმერლიშვილი