Get All Access for $5/mo

ოლგა ბაბლუანი - კრეატიული მედიაანტრეპრენერი ჩარჩოებს მიღმა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლოკაცია: TBILISI MARRIOTT HOTEL, დიზაინერი: ირაკლი რუსაძე/SITUATIONIST

დღესდღეობით, ქართული კომერციული მედიასივრცე შემეცნებითი, კრეატიული გადაცემებისა და კონტენტის სიმცირეს განიცდის, რაც უპირველეს ყოვლისა, ასეთი შინაარსის მედიაპროდუქტის დაბალი რეიტინგითა და შესაბამისად, ფინანსური ინტერესის არარსებობითაა განპირობებული. თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი აუდიტორია იცნობს პროექტებს, რომლებმაც მოახერხეს საგანმანათლებლო, საინტერესო გადაცემებით პოპულარობის მოპოვება და დიდი ხნის განმავლობაში კონტენტის დამოუკიდებლად წარმოება.

Entrepreneur-ი სწორედ ასეთი პროექტების ავტორს, ნოვატორული ხელწერის მქონე პროფესიონალს − ოლგა ბაბლუანს ესაუბრა, რომელმაც 21-ე საუკუნის ქართულ სატელევიზიო სივრცეში სრულიად განსხვავებული სტანდარტის შემოტანა მოახერხა.

"დავიბადე მთაწმინდაზე, "იტალიურ ეზოში". გადაცემის "მშვიდობით იარაღო" კონცეფცია სწორედ ამ ეზოს ეფუძნებოდა, სადაც რუსი, სომეხი, ქურთი, ქართველი და მრავალი სხვა ეთნოსი თბილისურ გარემოში თანაცხოვრობდა. 10 წლის ვიყავი, როდესაც დიდუბეში, ნამდვილ საბჭოთა ინდუსტრიულ დასახლებაში გადავედით საცხოვრებლად, თუმცა სრულიად ანტისაბჭოთა მოქალაქის, კინორეჟისორის ოჯახში გავიზარდე, სადაც მეგობრობას და სიყვარულს პირველი ადგილი ეკავა. გავიზარდე წიგნებს, კინოსა და წარმოსახვით პერსონაჟებს შორის, სადღაც ჩემს პარალელურ სამყაროში. ლიტერატურით გავეცანი აქაურობას: ამ ფორმით მოხდა ჩემი პირველი კავშირი რეალობასთან. ალბათ ესაა ერთ-ერთი მიზეზიც, თუ რატომ შემიყვარდა ცხოვრება და შემდეგ უკვე ადამიანებიც, მათი სუსტი და ძლიერი მხარეებით. დღემდე ასე ვხედავ და აღვიქვამ ადამიანებს, როგორც პერსონაჟებს, თავიანთი ინდივიდუალური ცხოვრებისეული ამბებით. ასეთი დამოკიდებულებით შეუძლებელია ოდესმე სიძულვილის გრძნობა გაგიჩნდეს, ბავშვური ცნობისმოყვარეობა კი არასოდეს ქრება! მჯერა, რომ წიგნიერებამ შეიძლება გადაარჩინოს ადამიანი, გახადოს ჰუმანური, ასწავლოს კეთილგანწყობილი აზროვნება, გაუხსნას თვალსაწიერი და პიროვნული შესაძლებლობების არეალი, განსაკუთრებით ამ "ტექნო" ეპოქაში, როცა პერფორმანსის მარათონია და ინდივიდები საკუთარი თვითპრეზენტაციით არიან წარმოდგენილნი", − გვიამბობს ოლგა.

"მშვიდობით იარაღო" და "რა დროს ძილია"... ოლგას ორი გამორჩეული და აუდიტორიისათვის საყვარელი პროექტი გახლავთ, რომლითაც ქართველი მაყურებელი წლების განმავლობაში არა მარტო ესთეტიკურ სიამოვნებას, არამედ შემეცნებით და კულტურულ ინფორმაციას იღებდა.

აღსანიშნავია, რომ ბაბლუანების ცნობილმა ქართველ კინემატოგრაფთა ოჯახმა ევროპულ კინოინდუსტრიაშიც წარმატებით დაიმკვიდრა თავი. "ოქროს ლომი", "სან დენსის" კინოფესტივალის ორმაგი ჯილდო, ევროპის საუკეთესო ფილმის ტიტული და კიდევ არაერთი აღიარება კი, ბაბლუანების ევროპული წარმატების მხოლოდ დასაწყისია. საინტერესოა ოლგა ბაბლუანის ფილმოგრაფიის ნუსხაც: "13 ცამეტი" (ვენეციის კინოფესტივალის "ოქროს ლომის" გამარჯვებული, სან დენსის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი); "მემკვიდრეობა" (სან დენსის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი); keep smiling − ფრანგულ-ქართული კოპროდუქცია, (ვენეციის ფესტივალი); "ბრაკო" − canal+-ის წარმოება, პოპულარული სერიალი საფრანგეთში (emmy awards ჯილდოს მფლობელი ); "კრიმინალების არმია" − ფრანგი რეჟისორის, რობერტ გედიგიანის ფილმი, საფრანგეთი; L'entante cordiale − ვენსან დე ბრუსის კომერციული ფილმი (საფრანგეთი) და რეზო გიგინეიშვილის ფილმი − "სიყვარული აქცენტით".

როგორც თავად ოლგა ამბობს, სწამს მეგობრობის, ღმერთის არსებობის შეგრძნების დონეზე, სიყვარულის სასწაულმოქმედი ძალის, შვილების, მუდმივი სწავლის და შრომის. იმის, რომ საკუთარი თავისგან ვერავინ დაგვიხსნის, დაუსრულებელი რესურსი ჩვენშია და ყველაფერი საინტერესო ჩვენგან მოდის. სწამს, რომ არ არსებობს წაგება და 20-წლიანი უწყვეტი პროფესიული გზის, განვლილი თუ სამომავლო პროცესების გადაფასების შემდეგ, იგი კვლავ წერს და მუშაობს ახალ პროექტზე. გახლავთ ორი შემეცნებითი დისკუსიის, კერძოდ − "პროფესიული განათლების პოპულარიზაცია" (მწერალთა სახლი) და "განათლებისა და ხელოვნების მნიშვნელობა" (ხელოვნების მუზეუმი) ინიციატორი, მოდერატორი და ორგანიზატორი.

Entrepreneur გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობთან, ჟურნალისტთან, პროდიუსერთან, წამყვანთან და რაც მთავარია, მედიაანტრეპრენერ ოლგა ბაბლუანთან:

მოგვიყევით თქვენი პირველი სატელევიზიო პროექტის "მშვიდობით იარაღო" შესახებ, რომელიც ქართულ ტელესივრცეში სრულიად განსხვავებული კონცეფციის ფორმატს გულისხმობდა. რა იყო გადაცემის მთავარი არსი და მიზანი, რისთვისაც ის იქმნებოდა?
განსხვავებული სოციალური სფეროსა და პროფესიის ადამიანები ხვდებოდნენ ერთმანეთს ერთ სივრცეში, სახლის ტიპის სტუდიაში.

ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი სტუმარი იყო ის, ვინც გავლენას ახდენდა საზოგადოებაზე საკუთარი სტატუსით, დანარჩენი მოწვეულები მაყურებლისთვის ძირითადად უცნობი, ან ნაკლებად ცნობილი სახეები იყვნენ, არამედიური პროფესიებით. მე, როგორც წამყვანი, პირველ ეტაპზე ვიღებდი მთავარ სტუმარს, ვთამაშობდით ნარდს, სპონტანური საუბრის რეჟიმში ვსვამდი პიროვნების შეცნობისთვის მისაღებ შეკითხვებს, რასაც თვითდინებაზე აგებული ნარატივი მოსდევდა. დანარჩენ სტუმრებს საშუალება ეძლეოდათ, ელაპარაკათ თავიანთი პროფესიების სოციალურ დატვირთვაზე, ინტერესებზე და გაეცვალათ მოსაზრებები თავისუფლებაზე, ახალგაზრდობის მომავალზე, ემიგრაციაზე, ხელოვნებაზე და ა.შ. ფორმატი საშუალებას იძლეოდა, რომ ერთმანეთი რესპონდენტებს წარმოეჩინათ. ჩემი დიდი პლუსი, როგორც პროექტის ავტორისა და ხელმძღვანელის, იყო აქაური ცხოვრების ყოველდღიურობის არცოდნა, ადამიანების არცნობა − კრეატიული სპონტანურობა აუცილებელი იყო ამ ფორმატისთვის.

ვიგონებდით თამაშებსაც. მაგალითად, ვისროდით მიზანში, ვარჩევდით ფილოსოფიურ გამონათქვამებს, ბოკალის კითხვები, მაქს ფრიშის კითხვარიც ძალიან სახალისო იყო. მაგალითად, შეკითხვა: რა გვხდის უსამშობლოს? მაყურებელიც ხომ ფიქრობს ამ პოსტკოლონიურ ოკუპაციაში, რა მხდის ნეტავ უსამშობლოსო?..

სპონტანური საუბრის ეს რეჟიმი და ქართული მედიისთვის უჩვეულო ექსპერიმენტული ფორმატი, გარდა იმისა, რომ მაყურებელს საკითხს მრავალფეროვანი პერსპექტივიდან აცნობდა, თქვენთვის, როგორც ავტორისა და წამყვანისათვის, გარკვეულ რისკსაც შეიცავდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად იყო ერთი მხრივ სტუმარი და მეორე მხრივ მაყურებელი ამ ტიპის თავისუფალ დიალოგებში ჩასართავად?
ყველა მონაწილე სიხარულით ერთვებოდა, როცა იგებდნენ გადაცემის იდეას, ხოლო რისკი არის ცვლილების საწინდარი პიროვნული ტრანსფორმაციისთვის, სულიერი სტაგნაციის წინააღმდეგ. მე მესმის და მჯერა კარგად გაცნობიერებული რისკის. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპი იყო ჩემთვის. რაც შეეხება შინაარსს − პირიქით, ძალიან დადებითი მუხტი ტრიალებდა. წარმოიდგინეთ, ერთ სტუდიაში შეკრებილი სხვადასხვა პროფესიის უცნობი ადამიანები, მაგალითად: მემანქანე, მეხანძრე, პრემიერმინისტრი, მხატვარი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, მუსიკოსი და ა.შ. ერთად, თავიანთი შეხედულებების გაზიარების საშუალებით. ეს იყო ის დემოკრატიული საზოგადოებრივი გარემოს სურათი, რომელიც საქართველოში მინდოდა მეხილა − ერთიანი, აწყობილი სოციუმი, სადაც გამართული კანონმდებლობის ქვეშ, მოქალაქეები გრძელვადიანი პერსპექტივით ცხოვრობენ. ეს მხოლოდ წარმოსახვითი, ილუზიური დადგმაა. ერთ სივრცეში სტუმრად გვყავდა იმ მომენტში დაპირისპირებული ადამიანები. ამ შინაარსის სატელევიზიო პროექტი მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში ვეღარ განხორციელდება.

მცირე დისკომფორტი გათვლილი გვქონდა − ის, რომ პოლიტიკურ მიკერძოებებში "დავედანაშაულებინე" მაყურებელს მაშინ, როდესაც გარკვეული საზოგადოების ნაწილისთვის ესა თუ ის პოლიტიკოსი, ან მთავარი სტუმარი არ იყო მისაღები. რამდენიმე შემთხვევაში ასეც მოხდა. ბუნებრივია, ჩემთვის ეს ხელის შემშლელი ფაქტორი არ ყოფილა, ვინაიდან მთავარი იყო გადაცემას შინაარსობრივად თავისი როლი შეესრულებინა. დღემდე, რვა წლის თავზე, ტრიალებს ზოგიერთი გადაცემის ვიდეოც. ვისაც როგორ უნდა, იმ კონტექსტში ატრიალებს.

მუსიკა, რომლის შესახებაც ხშირად გვეკითხებოდნენ, ეკუთვნის ბექა გოჩიაშვილს, დამდგმელი რეჟისორი კინოოპერატორი მინდია ესაძე იყო, აღმასრულებელი პროდიუსერი − ლანა ქუთათელაძე, კასტინგის მენეჯერი − ლელი მიმინოშვილი.

გარდა ჩემი ოჯახისა, პროექტის მხარდამჭერი "სილქ როუდ ჯგუფი" გახლდათ. ამ ჯგუფის როლი განსაკუთრებულია ქვეყანაში ძალიან ხარისხიანი და საჭირო კულტურულ/შემეცნებით პროექტების ინიციირების კუთხით.

პოლიტიკა ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ პოლარიზებულ გარემოს? საქართველოში პოლიტიზებული და პოლარიზებულია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სფერო. მედია ამ რეალობის განსაკუთრებული მაგალითია. პოლიტიკური ომების საუკეთესო იარაღს დღეს ტელევიზიები წარმოადგენს. არადა, მოსახლეობის 80%-ს ინფორმაცია სწორედ ტრადიციული მედიიდან მიეწოდება. მთავარი თემატიკა ხალხს მიღმა რჩება. უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ არსებობს ღირებულებების სამართლიანი ღერძი, მსოფლიოს მორალური წყობის გადალაგება მიმდინარეობს. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ამ დროს რომელ ისტორიულ ფურცელზე ვართ? რის გამკეთებლები ვართ, როცა სამწუხარო ფაქტია და ერთმანეთის განადგურებით ვართ დაკავებულები. არის რაიმე საერთო ეროვნული ინტერესების მატარებელი საკითხი, რომლის გარშემო ყველანი ვერთიანდებით? "შინ ევროპაში" დასავლური ღირებულებები სწორედ საერთო ინტერესებზე დგას, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე. ეს არის ის დასავლური "სახლი", რომლისკენაც მიგვეჩქარება.

"რა დროს ძილია" თქვენი კიდევ ერთი საავტორო წარმატებული პროექტია. რა იყო პროექტის არსი და როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა გადაცემამ უკვე ამოწურა თავისი თავი სატელევიზიო სივრცეში, რამდენად ზუსტად განხორციელდა ის ჩანაფიქრი, რომელიც დასაწყისში გქონდათ?
100%-იანი სიზუსტით არასოდეს არაფერი ხორციელდება, მაგრამ მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ჩვენდა სასიხარულოდ გაამართლა. პროგრამა ეთერში 5 წლის განმავლობაში იკავებდა საკმაოდ ღირსეულ ადგილს. ეს პროექტიც სიახლე იყო: შემეცნებითი ფორმატი, ასე ვთქვათ "ჟურნალი", სადაც ლაღი განწყობით ვათავსებდით ინფორმაციას, სიამოვნებასა და განათლებას. სტუდიის დიზაინიც ახალი შეფუთვით მოვარგე პროგრამის კონცეპტუალურ დატვირთვას: "ლოფტის" ტიპის სახლში განვალაგეთ სამი განსხვავებული ლოკაცია, რაც ქმნიდა ვიზუალურ და შინაარსობრივ ბალანსს.

სიახლისთვის, ვცდილობდით მოგვეძია სრულიად უცნობი, მედიის მიღმა დარჩენილი ადამიანები − "რა დროს ძილია?!" − რა კეთდება ქვეყანაში. მაყურებელი იზიარებდა პროგრესზე ორიენტირებულ ინფორმაციას, რაც უსახავდა მომავლის იმედს. "ბედნიერების წარმოჩენას, გარდა გამბედაობისა, ერთი თავხედური პლუსი აქვს: ის მიმბაძველობისკენ გიბიძგებს". ეს ნათელი ჭეშმარიტება გადაცემის სლოგანადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

თემატური მრავალფეროვნება − თითოეული სიტყვა მსმენელის ინტერესზე უნდა ყოფილიყო მორგებული, კომერციული იქნებოდა ეს, თუ სხვა. მაგალითად, იურისტები საუბრობდნენ თავიანთ საქმიანობაზე და ასევე, საოჯახო დავების გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებებზე. ამით მაყურებელი იგებდა, სად და როგორ შეეძლოთ უფასო დახმარების მიღება. კულტურული განტვირთვისთვის, ერთსა და იმავე გადაცემაში ფრანგი მსახიობის, ვენსან კასელის ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერე, პოპულარული მუსიკალური გაფორმებით ვინარჩუნებდით დინამიკას: საპენსიო ფონდის არსი, ეკოლოგიური პრობლემები, მომღერალი ქეთი მელუა, საპრეზიდენტო არჩევნები, ძალადობის პრევენცია, ევროპის ახალგაზრდა ელჩები, კინოდოკუმენტალისტიკა და სექსუალური განათლება... ასობით მცოდნესა და სპეციალისტს უსმენდა ქართველი მაყურებელი.

აზრი ვლინდება ფორმაში. დღევანდელი დროის შეფასებად მიჩნეულია ტერმინი − "დაჩქარებულ დრო". ეს ადეკვატური ტექნიკური ტერმინია. რეალურად, დრო არ არსებობს, ჩვენი მოგონილია, ჩვენვე ვაჩქარებთ ჩვენს ყოფას. ეს სხვა საკითხია... გადაცემას რომ დავუბრუნდეთ, დღეს ამ დროის რეჟიმში, ხარისხიანად უნდა მიაწოდო მაყურებელს შენი სათქმელი. საჭირო, საინტერესო და პატარა შოუ ერთად შეათავსო, ეს იქცევს ყურადღებას. მაგალითად, გენიალური გელა ჩარკვიანი პროპაგანდის საფრთხეს პროფესიონალ სპორტსმენთან ერთად ხსნიდა სტუდიაში; ლევან ბერძენიშვილის ლექციების მოსმენა ძალიან დიდი ცოდნის წყაროა, მაგრამ ტელევიზია არ არის საგანმანათლებლო დაწესებულება, ამიტომ შეკითხვას, თუ როგორ გვიყვარს საქართველოში, ავთანდილისა და ტარიელის მაღალი ღირებულებების ფონზე, ბატონმა ლევანმა მოკლედ და საინტერესოდ უპასუხა. იმავე ფორმით, ლევან გიგინეიშვილმა, კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლთან ისაუბრა ნათლისღების რელიგიურ/ისტორიული დატვირთვაზე. და ასე შემდეგ.

სანამ ტელეკომპანია "იმედზე" შედგებოდა გადაცემა, მქონდა საუბარი სხვა კომერციულ ტელევიზიებთან და მიუხედავად სირთულეებისა, "იმედის" ტელევიზიასთან მუშაობა ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. მაშინ სულ სხვა მედიავითარება იყო. 2016 წლის ბოლოს მიმდინარეობდა კომერციული ტელევიზიების გაერთიანება, ახალი ჰოლდინგის შექმნა (GDS, "მაესტრო", "იმედი"), რაც საინტერესოდ ისმინებოდა, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველი იყო. დავიწყეთ "მაესტროზე" გადაცემა "რა დროს ძილია", 6 თვეში გადავედით "იმედის" რეიტინგულ არხზე. ვმუშაობდით აუთსორსზე. ეს იყო არაჩვეულებრივი კრეატიული პერიოდი. ისევ დატვირთული სამუშაო რეჟიმი, ლაღი და საქმიანი გარემო. უპირველესად, ნიჭიერი და ძლიერი პროფესიონალი ქალების გუნდი შედგა. შიდა განწყობა ეკრანიდანაც იგრძნობოდა.

როდესაც ყოველ კვირას ათასობით მაყურებელი გელოდება, უდიდესი სიამოვნებაა, გაჯერებული დიდ პასუხისმგებლობის გრძნობასთან. საკმარისია ჩაირთოს კამერა და აბსოლუტურად ყველაფერი სხვა, სასცენო გარემოში ინაცვლებს. ადამიანების სიყვარულს ყველგან ვგრძნობ. თითქმის ყოველდღე მხვდებიან, მწერენ და მეკითხებიან, რატომ აღარ გადის გადაცემა. გულწრფელად მიხარია. ეს ნიშნავს, რომ სწორად მიმუშავია.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრულიც. ამის აღიარება ბავშვობიდან მაწუხებდა. "რა დროს ძილია"-მაც ამოწურა თავისი შემოქმედებითი რესურსი. მე ძალიან მჭირდებოდა დასვენება, ეს იყო გარდაუვალი. "არასოდეს არ თქვა არასოდეს!" დღეს სატელევიზიო ინტერესი არ მაქვს. მე უფრო ენთუზიაზმით ვიყავი განწყობილი კრეატიული მედიის შესაძლებლობებისადმი საქართველოში, მაგრამ სარეკლამო ბაზრის სიმწირე და ასევე პოლიტიკური ვითარება, საკუთარ დღის წესრიგს ამყარებს.

ზოგადად, მძიმედ აღიქმება ყველაფერი: ხუმრობა, სილაღე, სპონტანური ურთიერთობები... ყველაფერს დიდი "გამადიდებელი შუშა" მოჰყვება, რაც ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად ფუჭია.

ნამდვილად გამიმართლა. მადლობელი ვარ ზურა ნაყეურის, გოგა კალანდარიშვილის, მაკა ლომიძის და ზოგადად, "იმედის" ხელმძღვანელობის, ჩვენი ჯგუფის ყოველდღიური მხარდაჭერისთვის.

უამრავი პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩვენი მხარდამჭერი.

რამდენად რთულია, იყო ერთდროულად კრეატიული გადაცემების ავტორი, პროდიუსერი და წამყვანი? როგორ ანაწილებთ საკუთარ თავში ამ როლებს?
საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. არანაირი სენტიმენტებისა და კომპრომისის ადგილი არ რჩება. პროექტის ხელმძღვანელობა სწორ ურთიერთობრივ ბალანსს წარმოადგენს. ყველანაირი გამოწვევისთვის მზად ხარ. მთავარია, გქონდეს სტრატეგიული ხედვა იმისა, თუ რას ემსახურება შენი საქმიანობა. ღირებული ადამიანების შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პროფესიულ რგოლს თავისი დატვირთვა აქვს და ცალკეულ მუშაობას მოითხოვს თითოეულ მათგანთან. ადამიანური თვისებებისა და ურთიერთგაგების გარეშე, ჯანსაღი გარემო ვერ შეიქმნება. სულ ორ შემთხვევას ვიხსენებ, როცა თანამშრომელმა არ გაამართლა. ქეთი უროთაძე, ლიკა ბაბლუანი, თაკო ქველიძე არიან ნამდვილი მეგობრები და პროფესიონალები, ერთად გავიარეთ ყველა ბობოქარი ეტაპიც. ძირითადად, ქალების გუნდი ვმუშაობდით, სადაც დიდ სამუშაო რეჟიმში ყოველ წელს თითო გოგო თითო ბავშვს აჩენდა. ამით მინდა აღვნიშნო ქალების პროდუქტიულობის უდიდესი პოტენციალი.

ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ საქმიანობას წარმატებით გაართვით თავი. ამაში ხომ არ დაგეხმარათ ისიც, რომ თქვენი პროფესიული ბიოგრაფია საფრანგეთში, მსახიობის კარიერით იწყება? რას ნიშნავს თქვენი ბიოგრაფიის ეს ნაწილი თქვენთვის?
ეკრანი ერთგვარი სცენაა, შოუს ნაწილია. საქართველოში დღეს ყველაზე დიდი "სცენა", ხილვადობის კუთხით, არის ტელევიზია.

წამყვანობა ცალკე სამუშაო პროცესს მოიცავს − მიუხედავად იმისა, რომ არ ვთამაშობ, მიმყავს დისკუსიები. სამსახიობო განათლება აუცილებელი იყო ჩემთვის, ჩემი არტისტული ხასიათის ლეგიტიმაციისთვის. ვსწავლობდი თეატრისა და დრამის ცნობილ სასწავლებელში Ecole Florent. ამ პერიოდში კარგად ვხედავდი, რომ მხოლოდ მსახიობის პროფესია არ მიზიდავდა, არ მიყვარდა თეატრში თამაში. მე თვითონაც უნდა ვიყო კრეატიულ პროცესში ჩართული. მხოლოდ მსახიობის ამპლუაში, ალბათ მოწყენილობისგან ჩავიფერფლებოდი. სწავლის პროცესში ფრანგული მედიით ვიყავი გატაცებული, რომელმაც ესთეტიკური თუ კრეატიული თვალსაზრისით დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ვესწრებოდი მედიატრენინგებს. ამავე პერიოდში, ჩემმა ძმამ, გელა ბაბლუანმა, შექმნა პროდაქშენი − "ლა სტრადა", გადაიღო ფილმი "13 ცამეტი", სადაც მეც მივიღე მონაწილეობა. ეს ძალიან ბედნიერი და მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, როგორც პროფესიული კუთხით, ასევე პირად ცხოვრებაში. ჩემი ოჯახის კინობიოგრაფიაში ახალი ეტაპი დაიწყო. "13 ცამეტი" ქართველი რეჟისორის ერთადერთი ფილმია, რომლის "რიმეიქი" აშშ-ში, ჰოლივუდის კინოვარსკვლავებთან ერთად შეიქმნა. გარდა საავტორო კინოაღიარებისა, ფილმს კომერციული, მეორე სიცოცხლეც ჰქონდა.

საფრანგეთი ახსენეთ... ზოგადად, როგორ ფიქრობთ, რა როლი მიუძღვის ამ კულტურას თქვენი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში?
ერთი ფრანგული ტექსტიდან გეტყვით ნაწყვეტს: "მეორე ადამიანი, "სხვა" შენ მიღმა, არის საოცრება. სწორედ საოცრებაა და ამიტომ არ უნდა დავუშვათ იმ "სხვის", სხვა ადამიანური სასწაულის დაკარგვა. მაგრამ სხვასთან ერთად როგორ იქნები, თუ საკუთარ პიროვნებაში რაღაცები ჯერ კიდევ ვერ გაგიგია... თუ შენს თავში არაფერი გაგირკვევია, სხვაში რას გაიგებ?.. სხვის მიმართ სიმპათია გვაქვს იქ, რაშიც პატივს ვცემთ საკუთარ თავს. ნამდვილ სიმპათიაზეა საუბარი და არა სოციალურ ურთიერთობებზე აწყობილ სიმპათიაზე. სხვაში შენ გიყვარს ის, რაც შენში ცოტა მაინც გადაგიწყვიტავს, რომ შეგყვარებოდა. და თუ არაფერი იცი შენ შესახებ, არაფერი გესმის საკუთარი თავის, მაშინ იქნები ისეთი მერყევი და დაუცველი, რომ ყველა ადამიანს საკუთარი "მე"-ს შესაქმნელად გამოიყენებ და ვერასოდეს გაიცნობ სხვის საოცრებას, შესაბამისად, საკუთარ თავს", − ეს არის საფრანგეთი. თავისუფლების ისეთი მასშტაბი, რომ იჯერებ შენს უკვდავებას.

მომავალში ხომ არ აპირებთ კინოში თამაშს? არის როლი, რომელსაც სიამოვნებით შეასრულებდით?
პრიორიტეტად არ მივიჩნევ, თუმცა შანსი არის და როლზეცაა დამოკიდებული. თანამედროვე კომედიაში კი ნამდვილად ვითამაშებდი, სრულიად თავის თავზე ორიენტირებულ დამოუკიდებელ ქალს...

რაც შეეხება დღევანდელ ქართულ კინოში ქალის ადგილს, 99% შემთხვევაში, ეს არის მძიმე კულტურულ/მენტალურ მარწუხებში მოქცეული ქალის სოციალური სახეები.

ამას, რა თქმა უნდა, თავისი ახსნა აქვს: ეკონომიკური სიდუხჭირე, განათლების ხარისხის კატასტროფული მაჩვენებელი და ღირებულებების გაუფასურება. დაფინანსებაზე მორგებული კრეატიული სიმწირე... არადა, ხელოვნება სწორედ რომ თავისუფალი სივრცეა, თავისუფლება ხომ პროგრესის საწინდარია. კინოს შეუძლია ცვლილებებზე გავლენის მოხდენა.

მიუხედავად საბჭოთა ცენზურისა, ჩვენს კინომემკვიდრეობაში ქალი ბევრად ლაღი, დამოუკიდებელი და სოციალურად ინტეგრირებულია, ხასიათში მოსდევს რომანტიზმში გაჯერებული სენტიმენტებიც, მაგრამ შემოქმედებითი კუთხით, ფილმების დონე ძალიან მაღალია.

ძალიან მომეწონა სოსო ბლიაძის ფილმი. მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, პერსონაჟი გოგონები იმედისმომცემი ტიპები არიან მათივე თაობისთვის. მორალურად სამეცადინო ტონის გარეშე, კარგად ჩანს ფილმში, რომ ეს ადამიანები გამოსავალს ყოველთვის იპოვიან თანამედროვე სამყაროში. რადიკალური მენტალური წყვეტაა წარსულთან, საბჭოთა სკოლის გავლენის სწავლებასთან, საფესტივალო "თემატიკასთან".

რას ურჩევდით ახალგაზრდებს?
ყოველდღე გვეცვლება ჩვენ გარშემო სამყარო, გვეცვლება შეხედულებები და ვიცვლებით ჩვენც. შემიძლია რჩევა მხოლოდ ერთი რამის: გაუფრთხილდით საკუთარ დროს − ეს არის ერთადერთი, რაც ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის. კარგად დაუფიქრდით, ვისთან და რაში იხარჯებით!

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია