Get All Access for $5/mo

ანტრეპრენერობის მომავალი: ერიკ იუანი, ZOOM დაგვეხმარება ZOOM

By Jason Feifer

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ნახტომი მომავალში

მარტის შუა რიცხვები იყო, ერთ-ერთი კვირადღე და კალიფორნიის სკოლები ამ დღეს გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ერიკ იუანის ქალიშვილი ამ პირველ დღეს თავის ახალ განრიგზე მორგებას ცდილობდა. გოგონა მამას მიუბრუნდა − ისე, როგორც ყველა ბავშვი მიმართავს თავის მშობლებს და მას სთხოვა Zoom-ის გამოყენებაში დახმარებოდა.

"მას არასოდეს დაუსვამს ჩემთვის შეკითხვა Zoom-ის შესახებ!" − ამბობს იუანი. ის არც არასოდეს ელოდა თავისი შვილისგან შეკითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. "როდესაც Zoom-ი შევქმენით, ჩვენი მიზანი კორპორაციების და ბიზნესმომხმარებლის მომსახურება იყო. არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემს შვილსაც მოუწევდა Zoom-ის გამოყენება".

სწორედ მაშინ მიხვდა იუანი, რომ მისი სამყარო შეიცვლებოდა. მის მიერ შექმნილი ინსტრუმენტი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ კორპორაციული კომუნიკაციებისთვის იყო განკუთვნილი, ყოველდღიური ცხოვრების განმსაზღვრელი ნაწილი გახდა. მისი მიზანი უკვე აღარ იყო მხოლოდ დიდი კომპანიის შექმნა. ახლა ის უკვე იმაზე ფიქრობდა, რომ თავისი კომპანია მზად უნდა ყოფილიყო ამ უჩვეულო, მაგრამ გადამწყვეტი მომენტისათვის, თუმცა ეს ადვილი არ იქნებოდა.

იუანი თითქმის მთელი თავისი კარიერის განმავლობაში აუთსაიდერი იყო და ამიტომ ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა, რომ Zoom-ის ვარსკვლავი ასე გაბრწყინდებოდა. იგი ჩინეთიდან იყო, სილიკონის ველზე 1997 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც რვაჯერ უთხრეს უარი ვიზაზე. მან Webex-ში დაიწყო მუშაობა, ინგლისური ენა შეისწავლა და საბოლოოდ, იდეა შეიმუშავა უფრო მარტივი და უფრო მოსახერხებელი ვიდეოკონფერენციის სისტემის შესახებ.

ამით აღფრთოვანებული არავინ დარჩენილა. ინვესტორებმა უთხრეს, რომ ბაზარი სავსე იყო. ამიტომ მან Screen saver-ი შექმნა თავის კომპიუტერზე, რომელიც შემდეგ სიტყვებს იმეორებდა: "შენ არასწორი ხარ". ეს იმიტომ, რომ შთაგონების წყარო ჰქონოდა და სვლა გაეგრძელებინა. "ეს ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ ნამდვილად გაძლევს მიზეზს, თანაც საფუძვლიანს, რომ რაღაც გააკეთო", − ამბობს იგი ახლა ამ თავის გზავნილზე. "ყველაფერი უნდა გააკეთო, რისი გაკეთებაც შეგიძლია და თავდაუზოგავად იმუშაო იმის დასამტკიცებლად, რომ სხვა ადამიანები ცდებოდნენ".

ბოლოსდაბოლოს, მან ზუსტად ასე გააკეთა: Zoom-ი 2019 წელს საჯარო კომპანია გახდა, რამაც იუანს მილიარდერის სტატუსი მისცა. თუმცა, Zoom-მა თავის პიკს მაინც პანდემიამდე მიაღწია − ყოველდღიურად 10 მილიონი მონაწილე ჰყავდა. აპრილისათვის, ამ მაჩვენებელმა 300 მილიონსაც კი გადააჭარბა.

"ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით, Zoom-ის თითოეული თანამშრომელი, ჩემი ჩათვლით", − ამბობს იგი, − "წლების განმავლობაში, დაძაბული მუშაობის შემდეგ, დავინახეთ, რომ ნამდვილად შეგვეძლო ადამიანების დახმარება". მაგრამ მან ისიც იცოდა, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა.

იუანის თანამშრომლებს უკიდურესად დაძაბულ რეჟიმში მოუწევდათ მუშაობა. მას სწრაფად დასჭირდებოდა ახალი თანამშრომლების დაქირავება. დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ისინი გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც შეძლებდნენ და იმ პრობლემებზე რეაგირებასაც, რომლებიც აქამდე არც კი განუხილავთ, ან კიდევ, არც არასოდეს შეჯახებოდნენ.

იუანი ამბობს, რომ საკუთარი თავის რწმენა ჰქონდა და მხოლოდ იმ გადაწყვეტილებების გამო კი არა, რომლებსაც დღეს იღებს, არამედ იმის გამოც, რასაც მრავალი წლის წინ ჩაუყარა საფუძველი. იგი კომპანიის დაფუძნების პერიოდს იხსენებს: "მე საკუთარ თავს ვკითხე, რა ტიპის კომპანიაში მინდა მუშაობა მომდევნო 10, 15 ან 20 წლის განმავლობაში". ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მისთვის მარტივი იყო: იუანს ისეთი კომპანიის შექმნა სურდა, რომელიც ბედნიერად აგრძნობინებდა თავს და ამის გათვალისწინებით დაიქირავა თანამშრომლები. "ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით საკუთარ თანამშრომლებს: ყოველ დილით, როდესაც გაიღვიძებთ, პირველი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, ასეთი უნდა იყოს − ვარ თუ არა ბედნიერი?", − ამბობს იგი.

"თუ თავს ბედნიერად გრძნობთ, გთხოვთ, მალე მოდით ოფისში. თუ თავს ბედნიერად არ გრძნობთ, შეგიძლიათ შინ დარჩეთ", − ამბობს

იგი, − "ბედნიერების ცნება კომპანიის კულტურის სახელმძღვანელო პრინციპად იქცა. 100-ზე მეტი თანამშრომელი მოხალისედ მუშაობს "ბედნიერების გუნდში", რომელიც ღონისძიებებს მასპინძლობს გუნდის წევრებისთვის. ამასთან ერთად, კომპანია იმ გზებსაც ეძებს, რომლითაც Zoom-ს სხვებისთვისაც შეუძლია ბედნიერების მოტანა. მაგალითად, მსოფლიოს 100 000-ზე მეტ სკოლას უფასო მომსახურებას სთავაზობს. "ჩემს გუნდს ჩემგან ბიძგი არ სჭირდება", − ამბობს იგი, − "მათ იციან, რა უნდა გააკეთონ. ამიტომ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა, ჩვენი ბიზნესის გარდასაქმნელად".

იუანი წამით დაფიქრდა იმაზე, თუ რა ჰქონდა მას და მის კომპანიას, როდესაც პანდემია დაიწყო და მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. დადებითი ის იყო, რომ თავის გუნდს ენდობოდა, მისი პროდუქტის არქიტექტურა კი, ძლიერი და მასშტაბური იყო. მაგრამ პრობლემებიც გამოჩნდა. მონაწილეები ისეთი სისწრაფით იზრდებოდნენ, რომ Zoom-ის სერვერებს ბევრად უსწრებდნენ. ამიტომ მან ყოველდღიური შეხვედრები დანიშნა, რათა კომპანიის გამტარუნარიანობაზე გაემახვილებინა ყურადღება და მონაცემთა დამუშავების ახალი ცენტრების დამატება გააგრძელა (Zoom ახლა 19-ს იყენებს).

ახალმა მონაწილეებმა, რომლებიც ასობით მილიონობით შედიოდნენ Zoom-ში, ყოველთვის არ იცოდნენ, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს პროდუქტი. ამიტომ, Zoom-მა სწრაფად გაზარდა მომხმარებელთა მომსახურების გუნდი, რათა მათ ყველასთვის გაეცათ პასუხი.

აპრილისთვის კომპანიას უსაფრთხოების საკითხების გამო შეექმნა პრობლემები. Zoom-ს ბევრი შეცდომა ჰქონდა დაშვებული. მათ შორის ერთი ის იყო, რომ ჰაკერებს საუბრების მოსმენისა და ადამიანებს სხვების ჩათებში გამოჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ, რაც "Zoom-დაბომბვის" სახელით გახდა ცნობილი. ამან ის გამოიწვია, რომ ბევრმა მსხვილმა კომპანიამ და სამთავრობო დაწესებულებამ შეწყვიტა Zoom-ის გამოყენება და ამას ნეგატიური

ამბების ტალღა მოჰყვა. იუანის თქმით, მას მარტივი სამოქმედო გეგმა ჰქონდა კომპანიის შიგნით: არაფრის დამალვა და სწრაფი რეაგირება. უსაფრთხოების ხარვეზების გადალახვა შეიძლებოდა, მაგრამ გასაიდუმლოებული რეაგირება შესაძლოა მომაკვდინებელი გამხდარიყო კომპანიისთვის.

"მომხმარებლები საკმაოდ ჭკვიანები არიან", − ამბობს იგი, − "თუ ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იქნება, ისინი მალე მიხვდებიან, რომ Zoom-ი ის კომპანიაა, რომელსაც შეიძლება ენდო". იუანმა თავის გუნდს უთხრა, რომ 1 აპრილიდან 1 ივლისის ჩათვლით, განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებისა

და კონფიდენციალურობის მახასიათებლებზე გაემახვილებინათ. მათ გაასწორეს შეცდომები და ივნისში სწრაფად მოიყვანეს ახალი დირექტორი ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში, ახალი ინჟინრები უსაფრთხოების საკითხებში და ობიექტური ექსპერტები იმის შესამოწმებლად, იყო თუ არა სისტემაში ხარვეზები. Zoom-მა ყოველკვირეული ვებინარებიც დაიწყო, რომ მომხმარებლებს შეკითხვები დაესვათ როგორც უსაფრთხოების, ისე Zoom-თან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ. ის თავის ბლოგზე რეგულარულად აქვეყნებდა სიახლეებს. მაისისთვის Zoom-ს ნიუ იორკის განათლების დეპარტამენტი, ასევე კიდევ მრავალი სხვა დაუბრუნდა და მომხმარებლის ზრდა გაგრძელდა. იუანის სტრატეგიამ გაამართლა.

ამის შემდეგ Zoom-ის გუნდმა პროდუქტის გაუმჯობესებაზე დაიწყო მუშაობა. ყველა კომპანიას შეუძლია თავისი მომხმარებლებისგან ბევრი ისწავლოს, მაგრამ Zoom-ს უკუკავშირის გასაოცარი არხი ჰქონდა: უშუალოდ ისმენდა მომხმარებლების აზრს, და გარდა ამისა, იმასაც ითვალისწინებდა, რაც მაშინ იყო აქტუალური − ხუმრობები შაბათის საღამოს შოუს პირდაპირ ეთერში ძირითადად იმ ადამიანებს ეხებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ Zoom-ზე მათი ხმა გათიშული იყო. "როდესაც ტომ ჰენქსი გამოჩნდა Zoom-ზე, ის ჩემი გმირია! − გავიფიქრე, უჰჰ, ეს ძალიან მაგარია", − ამბობს იუანი. მაგრამ ამას სერიოზულად უყურებდა, − "ჩვენთვის ნებისმიერი მოსაზრება მნიშვნელოვანი იყო, კუთვნილად არაფერს მივიჩნევდით".

Zoom-ის ყოველდღიური მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ როგორც იუანი ამბობს, კომპანიას არ მოუწია იმ წესის შეცვლა, რომლითაც გამოხმაურებებს აგროვებდა. მას უკვე ჰქონდა გამართული სისტემა რეგისტრაციისა და იმის შესამოწმებლად, თუ რას ითხოვდნენ მომხმარებლები. გუნდი კი, სათანადოდ იყო მომზადებული მათი საჩივრების ღრმად შესასწავლად.

"ადამიანები გვეუბნებიან, თუ რა უნდა გავაკეთოთ, − ისინი გვკარნახობენ, თუ როგორ შეიძლება გამოსავლის მოძებნა", − ამბობს იგი, − "ჩვენ ერთი ნაბიჯით უკანდახევა და იმის გაგება გვსურს, თუ რა არის პრობლემა". ზოგჯერ მომხმარებლის მოსაზრება შესაძლოა სწორი არ იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.

ამ პროცესმა მთელი წლის განმავლობაში მრავალი ცვლილება გამოიწვია. მაგალითად, აგვისტოში Zoom-მა ახალი ფილტრები და განათება წარმოადგინა, და ხმაურის ჩახშობაც უფრო მეტად შეძლო. სექტემბერში მან განაცხადა, რომ მომხმარებლებს რამდენიმე ვიდეოს მიბმაც შეეძლოთ, პედაგოგებმა კი ახალი ინსტრუმენტები მიიღეს. მაგალითად, მოსწავლეების განთავსების ვირტუალური სქემა. ოქტომბერში, Zoom-ის ყოველწლიურ (ახლა უკვე ვირტუალურ) ღონისძიებაზე Zoomtopia, მან ინტეგრაციის გაუმჯობესების შესახებ გააკეთა განაცხადი ისეთ აპლიკაციებთან, როგორიცაა Asana და Slack − ეს Zoom-ით ღონისძიებების გაყიდვის ონლაინბაზარია; ასევე, გამჭოლი დაშიფვრის შესახებ უფასო და ფასიანი მომხმარებლებისთვის და კიდევ ბევრ სხვაზე.

როდესაც იუანი თავისი ბიზნესისა და ვირტუალური კომუნიკაციის მომავალს უყურებს, ხედავს, რომ ამ სფეროში დიდი პროგრესია მოსალოდნელი. იგი მოელის, რომ ხელოვნური ინტელექტი ბოლოსდაბოლოს რეალურ დროში გადათარგმნის ხმას და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ერთმანეთს Zoom-ით დაელაპარაკებიან. მისი თქმით, Zoom-ი თითოეული შეხვედრის დასრულებისთანავე მისი სრულყოფილი, ლაკონური რეზიუმეს შექმნასაც შეძლებს. "ტექნოლოგიის დახმარებით ჩვენ მხოლოდ ფიზიკური კი არა, კულტურული, ენობრივი, და ემოციური ბარიერების მოცილებაც შეგვიძლია", − ამბობს იგი, − "ორ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობენ ისინი, ერთმანეთის ნდობის მოპოვება და ერთმანეთის გაგება მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით შეუძლია".

და როგორ შეძლებს Zoom-ი ამ ყველაფერს? "ზუსტად ისე, როგორც 2020 წელს შეძლო", − ამბობს ის. როდესაც კომპანიას ძლიერი კულტურა აქვს, პროდუქტი და მომხმარებელთა საჭიროებებზე რეაგირების უნარი, მას ზრდა-განვითარება და ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეუძლია.

Jason Feifer

Entrepreneur Staff

Editor in Chief

Jason Feifer is the editor in chief of Entrepreneur magazine and host of the podcast Problem Solvers. Outside of Entrepreneur, he is the author of the book Build For Tomorrow, which helps readers find new opportunities in times of change, and co-hosts the podcast Help Wanted, where he helps solve listeners' work problems. He also writes a newsletter called One Thing Better, which each week gives you one better way to build a career or company you love.