ლიდერობის 5 ტაქტიკა, რომელიც ვიეტნამის ომის ლეგენდარული გმირისგან უნდა ვისწავლოთ სტრატეგიები, რომლებიც გუნდის წარმატებას უწყობს ხელს და გენერალ-ლეიტენანტ ჰალ მურის გასაოცარ დამსახურებებზეა დაფუძნებული
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გენერალ-ლეიტენანტი ჰაროლდ გრეგორი "ჰალ" მური უმცროსი, შეერთებული შტატების არმიის ოფიცერი იყო, რომელმაც ხელმძღვანელობის შესანიშნავი სტილით გაითქვა სახელი ია დრანგის ბრძოლაში (პირველი დიდი შეტაკება აშშ-ის ძალებსა და ვიეტნამის სახალხო არმიას შორის ვიეტნამის ომის დროს). გამორჩეული სამსახურისთვის ის ჯვრით დააჯილდოვეს, ამავე დროს, ბრინჯაოს ვარსკვლავითა და მეწამული გულითაც (სხვა ჯილდოებს შორის). ის მე-7 საკავალერიო პოლკის პირველი ბატალიონის მეთაური იყო. მისი ჯარისკაცების გმირობა უკვდავყოფილია წიგნში "ოდესღაც ჯარისკაცები ვიყავით... და ახალგაზრდები…" რომლის საფუძველზეც გადაღებულია ფილმი "ჩვენ ჯარისკაცები ვიყავით". მარტივად რომ ვთქვათ, მური მაშინაც სამაგალითო იყო და შემდეგ სამსახურშიც. მან ძლიერი, ეფექტიანი ლიდერის თვისებები გამოავლინა და წინამდებარე ესე იმ გაკვეთილების შეფასების მცდელობაა, რომლებიც მისი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან უნდა ვისწავლოთ.
1. რა მნიშვნელობა აქვს მომზადებას
მური ხვდებოდა, რომ მაქსიმალურად მცოდნე და მომზადებული უნდა ყოფილიყო ნებისმიერ მისიაში წარმატების მისაღწევად. ის დიდ დროს უთმობდა მტრის ტაქტიკის შესწავლას, დაზვერვის ანგარიშების გაანალიზებასა და ვიეტნამის რელიეფისა და მისი მოსახლეობის კულტურის შესწავლას. ჯარების წვრთნისას უზომოდ თავგანწირული იყო: ჯარისკაცები ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ზღვრამდე მიჰყავდა, მაგრამ ყოველთვის ზრუნავდა, რომ გამოწვევებისთვის, რომლებიც წინ ელოდათ, მზად ყოფილიყვნენ. მათ შორის, მოწინააღმდეგეთა ქმედებების წინასწარი განსაზღვრაც უნდა შესძლებოდათ.
დასკვნა: ლიდერებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ თავიანთი ინდუსტრიის, ორგანიზაციისა და გუნდის წევრების შესახებ და მოულოდნელობებისთვის მზად უნდა იყვნენ. დროის გამოყოფა სწავლის, დაგეგმვისა და სტრატეგიის შემუშავებისთვის, საფუძვლიანი გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს და გუნდებს ქმნის, რომლებიც გამარჯვებისთვის არიან მზად.
2. ადაპტაცია და მოქნილობა
ია დრანგის ბრძოლამ ნათელყო, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორი თვისება. მური უამრავ სირთულეს შეეჯახა აშშ-ის არმიასა და ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალებს შორის შეტაკებისას. მათ შორის, მას მოწინააღმდეგეზე ბევრად ნაკლები ჯარისკაცი ჰყავდა და ისინი ალყაში იყვნენ მოქცეულები. თუმცა, ამ სირთულეებს ხელი არ შეუშლია მისთვის. სათამაშო მოედნის გასათანაბრებლად ტაქტიკის მორგება შეძლო, კერძოდ, ძალების გადასროლა − ძლიერი თავდაცვითი პერიმეტრის შესაქმნელად და დახმარების გამოძახება საჰაერო მხარდაჭერისთვის. მური საბოლოოდ გამარჯვებამდე მიიყვანა მძიმე ბრძოლაში ადაპტირების უნარმა და მიზნების მკაფიო ხედვამ.
დასკვნა: დაბრკოლებების ან მოულოდნელი ცვლილებების დროს, ლიდერები ახალი იდეების მოსასმენად და სტრატეგიების შესაცვლელად უნდა იყვნენ მზად გუნდებისა და ორგანიზაციების განვითარებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
3. წინ გაძღოლა
მური ბრძოლების დროს მოვლენების ეპიცენტრში იყო, თავისი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდა და მათ რისკ-ფაქტორებს იზიარებდა. მურის მისიისადმი ერთგულება აშკარად ჩანდა და ამიტომ თანამებრძოლებისთვის შთაგონებისა და მოტივაციის წყარო იყო. ბრძოლაში პირადად მონაწილეობდა და ამით სამხედრო მოსამსახურეებს შორის ნდობასა და მოტივაციას განამტკიცებდა, ერთიანობისა და მიზანდასახულობის გრძნობას აძლიერებდა.
დასკვნა: ეფექტიანი ლიდერები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ გუნდების ყოველდღიურ ოპერაციებში, მათ მიზნებისადმი თავიანთი ერთგულება უნდა უჩვენონ და საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭირონ და უხელმძღვანელონ. წინ გაძღოლა ნდობის განმტკიცებას და საერთო მიზნის განცდას უწყობს ხელს.
4. ზრუნვა დაქვემდებარებულებზე
მურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერული თვისება ჯარის კეთილდღეობისადმი ერთგულება იყო. მან სახელი გაითქვა იმით, რომ პირადი ურთიერთობები ჰქონდა ჯარისკაცებთან და ყურადღებით უსმენდა, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდათ. ია დრანგის ბრძოლის შემდეგ დრო გამონახა და პირადად მისწერა თითოეული ჯარისკაცის ოჯახს, რომლებიც მოქმედების დროს დაიღუპნენ, სამძიმარი გამოხატა და მოგონებები გაუზიარა მათ ახლობლებს.
ამგვარმა მზრუნველობამ ბრძოლის დროს ჯარის ხელმძღვანელობის სტილზეც მოახდინა გავლენა: მურმა ჯარისკაცების უსაფრთხოება პრიორიტეტად მიიჩნია და ყველაფერს აკეთებდა, რათა მინიმუმამდე დაეყვანა მსხვერპლი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს რთული და ძვირადღირებული გადაწყვეტილებების მიღებას ნიშნავდა.
დასკვნა: ლიდერებისთვის ყველაზე მთავარი უნდა იყოს გუნდის წევრების კეთილდღეობა, გულწრფელად უნდა იზრუნონ მათზე, მათ პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე. მხარდამჭერი გარემოს შექმნით ისინი ნდობას, ერთგულებას და ზნეობასაც განამტკიცებენ, თუ ემპათიისა და გულისხმიერების ატმოსფეროს შექმნას შეუწყობენ ხელს.
5. უწყვეტი სწავლა-განათლება
გენერალ-ლეიტენანტი მური მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უნარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებს ეძებდა. მათ შორის, სამხედრო საქმეში კურსებს ესწრებოდა, დიპლომები ჰქონდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაზვერვის სფეროებში. თავის ჯარებსაც მოუწოდებდა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის მოეკიდათ ხელი, აღიარებდა, რომ მრავალმხრივ განვითარებული და მცოდნე გუნდი უფრო დიდი ალბათობით მიაღწევდა წარმატებას.
მურმა სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგაც გააგრძელა სწავლა და თავისი გამოცდილების გაზიარება. იგი თანაავტორი გახდა წიგნისა "ჩვენ ერთ დროს ჯარისკაცები ვიყავით... და ახალგაზრდები". იგი სიტყვით გამოდიოდა ლიდერობასა და სამხედრო ისტორიის თემებზე. სწავლისადმი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგული იყო და სწამდა, რომ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდე.
დასკვნა: ლიდერებს კულტურის შექმნა შეუძლიათ, რომელიც უკეთ უჭერს მხარს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ორგანიზაციის წარმატებას ზრდის შესაძლებლობების მოძიებით და გუნდების წახალისებით, რათა მას მიბაძონ.