თქვენ უკვე გაქვთ საჭირო მონაცემები კლიენტებზე, როგორ უნდა გამოიყენოთ? მარტივი სტრატეგიული ანალიზი იმის დადგენაში დაგეხმარებათ, თუ რის თქმას ცდილობენ თქვენთვის კლიენტები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ: უკვე გაქვთ ყველა ის მონაცემი, რომელიც თქვენი ბიზნესის შესაცვლელადაა საჭირო. რა თქმა უნდა, ინფორმაცია ისე უნდა მოაწესრიგოთ, რომ მისი გამოყენება შეძლოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: მონაცემთა დახმარებით წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როდესაც ამ ზღვა ინფორმაციის მიღებას და იმის მოძებნას ისწავლით, რაც სასარგებლოა და მას აამოქმედებთ. აი, ეს არის ნამდვილი საიდუმლო.
მსგავსი სტატია: დიდ მონაცემთა მეცნიერებისა და ანალიტიკის აღზევება ბიზნესში
არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი ბიზნესი დიდია თუ პატარა − ნებისმიერ შემთხვევაში, მონაცემთა გაანალიზება აუცილებელია. სწორედ ეს გამოავლენს იმ ჭეშმარიტებებს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ თქვენი კომპანიის მომავლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება შეძლოთ.
ჩემი მოვალეობა Farmers-ში მონაცემთა გამოყენებით ადამიანის ქცევაზე წარმოდგენის შექმნაა, რაც მომხმარებელთა უკეთ მომსახურებაში დაგვეხმარება. შესაძლოა სხვაგან ცოტა განსხვავებული გზები და საშუალებები არსებობდეს, მაგრამ ეს სამუშაო ნებისმიერი ინდუსტრიისა და ნებისმიერი ზომის კომპანიას ეხება.
თავიდან დავიწყოთ.
შეაგროვეთ თქვენი მონაცემები
ყველაზე უკეთ მიზანი გიკარნახებთ, რომლის შესრულებასაც ცდილობთ ან გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც იმედოვნებთ, თუ რომელი მონაცემი უნდა გამოყოთ თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული ინფორმაციიდან. ამასთან, მნიშვნელოვანია, მონაცემები, რომელთანაც გიწევთ შეხება, სრულ ინფორმაციას შეიცავდეს მომხმარებელთა შესახებ. არსებობს კონფიდენციალობის პრინციპები, რომლებიც მომხმარებელთა მონაცემებთან მუშაობის დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ. მაგრამ ნამდვილად ღირს დამატებითი ძალისხმევის გამოჩენა თქვენი მომხმარებლების დასაცავად და თქვენს ბიზნესზე მეტის გასაგებად. გადახედეთ შეძენის ჩანაწერებს, მომხმარებლების მონაცემთა ბაზებს, სოციალურ მედიაში აქტიურობას და ვებგვერდებს. სრული მასალები უნდა შეაგროვოთ, რომლებიც თქვენი მომხმარებლების საჭიროებებისა და შესაძლებლობების დადგენას გაგიადვილებთ, რათა იცოდეთ რა მოლოდინი უნდა გქონდეთ მათგან.
როგორი შთაგონების წყაროა ეს ყველაფერი? Dresner Advisory Services-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ მცირე და საშუალო კომპანიები ბიზნესანალიტიკის ინსტრუმენტებს მსხვილ კომპანიებზე სამჯერ ხშირად ნერგავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერები, ისევე როგორც თქვენ, მონაცემების დასამუშავებლად გზებს ეძებენ და შესაძლოა, ეს გაცილებით ეფექტურადაც მოახერხონ, ვიდრე თავიანთი სფეროს გიგანტებმა.
მსგავსი სტატია: კარგი გადაწყვეტილების მისაღებად, კარგი მონაცემებია საჭირო
გააანალიზეთ თქვენი მონაცემები
როგორც კი სხვადასხვა წყაროდან შეაგროვებთ მონაცემებს, რომლებიც შესაძლოა მუშაობისას გამოგადგეთ, იმ ინფორმაციის ძიება უნდა დაიწყოთ, რომელიც უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებასა და მიზნების სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. ჩვენი მაგალითის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე უკვე ყველაფერი უნდა გააანალიზოთ, რაც კი თქვენს მომხმარებლებზე დაადგინეთ. ვინ არიან თქვენი ბრენდის ჩემპიონები? ვინ არიან ყველაზე დიდი მფლანგველები? რა იცით თქვენი მომხმარებლების დემოგრაფიული მონაცემების შესახებ?
რაც უფრო მეტი პასუხის მიღებას შეძლებთ ამ კითხვებზე, მით მეტს დაადგენთ. მაგალითად, გაარკვევთ, რომ თქვენს ბიზნესშიც 80/20 წესი მოქმედებს (მოცულობის 80 პროცენტში მომხმარებლების 20 პროცენტს შეაქვს წილი) და უკვე გეცოდინებათ, რომ თქვენი პროდუქტები და მომსახურება "მილენიალებს" უფრო იზიდავთ თუ "ბეიბი ბუმერებს" (ან კიდევ სულ სხვა თაობას). ბიზნესანალიტიკის ინფორმაციის ასეთი გაანალიზება ადამიანებს ბიზნესზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს.
გამოიყენეთ თქვენი მონაცემები
ნამდვილი მუშაობა მაშინ იწყება, როდესაც ბიზნესანალიტიკის მონაცემები გაქვთ და იცით კიდეც, რას ეძებთ. ახლა დროა, ეფექტურობის განსაზღვრა დაიწყოთ, შესწორებები შეიტანოთ, რომ ყველაფრის ოპტიმიზაცია მოახდინოთ − შეტყობინებების მიმოცვლით დაწყებული, შეძენის პროცესით დამთავრებული, და თან ყველაფერი გამოსცადეთ, გამოსცადეთ, გამოსცადეთ! მაგალითად, მას შემდეგ, რაც მოძიებულ მონაცემებს მყიდველის პერსონის შესაქმნელად გამოიყენებთ, მათ საფუძველზე ცვლილებები უნდა განახორციელოთ. თუ მონაცემები უჩვენებს, რომ ქალ "მილენიალებთან" გზავნილების პირადი მიმოცვლისას გაქვთ უფრო დიდი წარმატებები, მაგრამ ციფრული ჩართულობა დაბალია, უკვე გეცოდინებათ, რომ ციფრული ინფორმაციისა და გამოცდილების შექმნით, რომელიც შემდგომ ურთიერთობებსა და შესყიდვებს შეუწყობს ხელს, სამომხმარებლო ბაზის გაზრდის შესაძლებლობა გაქვთ.
Dresner Advisory Services-მა ასევე დაადგინა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის შემოსავლებისა და კონკურენტული უპირატესობის ზრდა, სამთაგან ორი უმთავრესი მოტივია ბიზნესანალიტიკისა და ანალიტიკის სფეროში ინვესტიციის გასახორციელებლად.
ბიზნესანალიტიკის შესაძლებლობები უსაზღვროა და შესაძლოა თქვენთვის მხოლოდ იმის გამო იყოს შეზღუდული, რომ თქვენ ხელთ არსებული მდიდარი ინფორმაცია არ გაქვთ შესწავლილი. ანალიტიკა ინსტინქტებს ამძაფრებს და ადამიანებს უბიძგებს კომპანიები დაფუძნონ და ოცნებები აიხდინონ. თუ ჯერ კიდევ არ შეგიბიჯებიათ მონაცემთა ანალიტიკის სამყაროში, ნუ დააყოვნებთ! მართალია, წინასწარ ზუსტად ვერ განსაზღვრავთ რას იპოვით, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე საერთოდ განზე გადგომა და თქვენი ბიზნესის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმა.