Get All Access for $5/mo

10 გზა, თუ როგორ არ უნდა გადადოთ საქმეები და როგორ უნდა გახდეთ მაქსიმალურად ნაყოფიერი წარმატება, რომლისკენაც ისწრაფოდით, მაშინ მოვა, როდესაც საქმეებს აღარ გადადებთ

By Kelly Lynn Adams

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქმეების გადადება შესაძლოა ცხოვრებაშიც ძალიან ძვირად დაგიჯდეთ და ბიზნესშიც. სტრესებამდეც მიგიყვანოთ, გაუგებრობებშიც ამოგაყოფინოთ თავი და შესაძლებლობებიც ხელიდან გაუშვათ. Psychology Today-ის მიხედვით, ბევრი ადამიანი დავალებების გადავადებას ამჯობინებს ბოლო წუთამდე და როგორც აღმოჩნდა, 20% ასე გამუდმებით იქცევა.

დღეს უკვე ნორმად არის მიჩნეული ყურადღების სხვა საქმეებზე გადატანა. დღეს ადამიანებს ადრინდელზე მეტად მიუწევთ გული სხვადასხვა მიმართულებით და ამასობაში, დროზეც იზრდება მოთხოვნა, გრაფიკზეც და ენერგიაზეც.

ადამიანთა უმრავლესობა პირად და პროფესიულ სირთულეებთან გამკლავებას ცდილობს და ამიტომ გადააქვს ყურადღება სხვა საკითხზე. ამ დროს საკმაოდ დიდ დროს ხარჯავს − სოციალურ მედიაზე გადართვა იქნება ეს, გავრცელებული ხმებით დაინტერესება, ბლოგების კითხვა თუ ტელევიზორის ცქერა. მართალია, ნებისმიერი ეს საქმიანობა ამ კონკრეტულ დროს უკეთ გვაგრძნობინებს თავს, მაგრამ ამავე დროს, ხელს გვიშლის ჩვენი ამოცანების, ოცნებებისა და სურვილების განხორციელებაში. როგორ უნდა გამოვავლინოთ მაქსიმალური შრომის ნაყოფიერება ასეთ პირობებში, როდესაც თვითონ ვუშლით ხელს საკუთარ თავს და საბოტაჟს ვუცხადებთ?

რატომ ვაჭიანურებთ საქმეების დასრულებას?

ბალკისა და დურუს სტატიის თანახმად, საქმეების გაჭიანურება და მათი გადადება მთელ რიგ პრობლემებს უკავშირდება. კერძოდ, დროის ცუდი მართვა იქნება ეს, ორგანიზაციული უნარებისა და მოტივაციის ნაკლებობა, სამუშაოზე კონცენტრირების უნარის არქონა, არარეალური მოლოდინი და პირადი პრობლემები, უარყოფით ფიქრებზე კონცენტრირება, არასწორი წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე, რწმენის არქონა, დაბალი თვითშეფასება, პერფექციონიზმი, და წარუმატებლობასა თუ წარმატებასთან დაკავშირებული შფოთვა და შიშები.

მე თვითონ საკუთარ განზრახვებსა და მოქმედებებს შორის არსებულ სივრცეში ვცხოვრობ, სამუშაოებსაც ვაჭიანურებდი და ჩემ მიერ დადგენილ ვადებსაც ვარღვევდი, რის გამოც შესაძლებლობებს ვუშვებდი ხელიდან, გაუგებრობებშიც ვხვდებოდი და სტრესებიც მრავლად მხვდებოდა. გზიდან რომ არ გადამეხვია და საქმეები მომავლისთვის არ გადამედო, ამ ყველაფერს თავიდან ავიცილებდი.

ქვემოთ რამდენიმე გზას გაეცნობით, თუ როგორ უნდა სძლიოთ საკუთარ თავს, არ გადადოთ საქმეები და როგორ უნდა გახდეთ მაქსიმალურად ნაყოფიერი.

1. შეკითხვები დაუსვით საკუთარ თავს და გულწრფელები იყავით

ოდესმე თუ შეგიხედავთ თქვენი მდგომარეობისთვის სხვა კუთხიდან? საქმე ის არის, რომ ჩვენ, უმეტეს შემთხვევაში, ვიცით, რა გვიშლის ხელს. თუ არ იცით, სად ხართ, იქ მისვლას ვერ შეძლებთ, სადაც მისვლა გსურთ. საკუთარ თავსა და არსებულ ვითარებაში გასარკვევად შესაძლოა ეს რამდენიმე შეკითხვა დაგეხმაროთ.

  • არარეალურ მოლოდინს ხომ არ უსახავთ საკუთარ თავს?
  • როგორ ახდენთ ზემოქმედებას საკუთარ თავზე?
  • რას ეუბნებით საკუთარ თავს?
  • რატომ გსურთ ამ საქმის გაკეთება, ან რა საჭიროა მისი გაკეთება?
  • როგორი შედეგები მოჰყვება თქვენ მიერ შესრულებულ საქმეს, ან რით დაჯილდოვდებით, როდესაც მას შეასრულებთ?
  • რა გიშლით ამ დავალების შესრულებაში ხელს?

გამოუყავით საკუთარ თავს დრო და ამ შეკითხვებს გაეცით პასუხი.

2. აპატიე საკუთარ თავს

შეეგუეთ ფაქტს, რომ ეს უკვე მოხდა. ბევრ ჩვენგანს გადაუდია საქმე ამა თუ იმ დროს, მაგრამ ამის გამო თავის გვემა არ ღირს. იმისთვის, რომ სწრაფად წახვიდეთ წინ და მაქსიმალურად ნაყოფიერი გახდეთ, უნდა აღიაროთ და შეეგუოთ იმას, რაც მოხდა. აღიარეთ, აპატიეთ საკუთარ თავს და გზა გააგრძელეთ. ზედმეტი ფიქრი და კირკიტი საჭირო არ არის, აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომლებიც წინ წაგიყვანთ.

3. ეიზენჰაუერის მატრიცა

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც მიაჩნიათ, რომ ყველაფერი სწრაფად უნდა გაკეთდეს და ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ სინამდვილეში მართლა ასეა? სიმართლე ისაა, რომ ჩვენი ამოცანების უმრავლესობის შეცვლაც შეიძლება, მათი შესრულების ვადებისაც, ან საერთოდ, მათი გადახედვაც.

ეიზენჰაუერის მატრიცა ძლიერი სტრატეგიაა ამოცანების გასანაწილებლად, იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად უნდა შესრულდეს ისინი და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი.

არსებობს ოთხი კვადრატი, რომლებიც ამოცანების დახარისხებაში დაგეხმარებათ: სასწრაფო/მნიშვნელოვანი, სასწრაფო/ნაკლებად მნიშვნელოვანი, არცთუ გადაუდებელი/მნიშვნელოვანი, არცთუ სასწრაფო/ნაკლებად მნიშვნელოვანი. დაადგინეთ, რომელ კვადრატებში უნდა მოათავსოთ თქვენი ამოცანები. ეს დაგეხმარებათ იმაზე გაამახვილოთ მთელი თქვენი ენერგია, დრო და ყურადღება, რაზეც საჭიროა.

4. დაიწყეთ: წუთიანი მეთოდი

ნებისმიერი ნაბიჯი წუთით დაიწყეთ. ყველაფერი, რაც საჭიროა მოქმედებაზე გადასასვლელად და ნაბიჯის გადასადგმელად − წუთია. დაიწყეთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს; დაიწყეთ, თუნდაც მზად არ იყოთ. ბევრი ადამიანი მეტისმეტად ბევრს ფიქრობს და ძალიან ცოტას აკეთებს. დაუყოვნებლივ დააყენეთ თქვენი წამზომი და მოქმედებაზე გადადით.

5. პროექტი მცირე ამოცანებად დაყავით

როდესაც ბევრია გასაკეთებელი, და ამ დროს, ყველაფრის ერთად გაკეთება გვსურს, შეიძლება ისე გამოგვეცალოს ძალები, მთლიანად დავკარგოთ ანალიზის უნარი და თან, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ დავიწყებთ. ასეთ დროს ერთ წერტილში ვიყინებით და ამიტომ, ვერაფერს ვაკეთებთ. ზოგადი მიზნის მცირე ამოცანებად დაყოფა კი, თანმიმდევრულ ქმედებებს, თავდაჯერების გაძლიერებას და იმპულსების გაზრდას უწყობს ხელს. საბოლოოდ, ეს ის არის, რაც თამაშის წესებს ცვლის.

6. შორს ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავთ

დღეს ადამიანებს ადრინდელზე მეტი რამ უფანტავთ ყურადღებას − მათი ტელეფონები, სოციალური მედია და ახალი ამბები. ყურადღების კონცენტრირების დრო უფრო მოკლეა, ცხოვრება კი − უფრო ხმაურიანია. Udemy-ის გამოკითხვის თანახმად, ოთხი დასაქმებულიდან თითქმის სამი (70%) აღიარებს, რომ სამუშაოს შესრულებისას ყურადღება ეფანტებათ, ხოლო 16% ირწმუნება, რომ მათ თითქმის ყოველთვის გადააქვთ სხვა საკითხზე ყურადღება, სამუშაოს წყდებიან.

ამიტომ, გათიშეთ თქვენი სოციალური მედიაშეტყობინებები, მოძებნეთ ადგილი, სადაც არაფერი და არავინ შეგაწუხებთ, და არც მუშაობას შეგაწყვეტინებთ, და დააკვირდით, კიდევ რა გიფანტავთ ყურადღებას. როდესაც ადამიანს ყურადღებას რაიმე უფანტავს და სხვა საკითხზე უწევს გადართვა, დაახლოებით 23 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ დავალებას დაუბრუნდეს. ჩვენ თან ვცხოვრობთ და თან ყურადღების გაფანტვის საშუალებას ვაძლევთ საკუთარ თავს, და ასეთ დროს, უფრო ადვილი ხდება საქმეების მომავლისთვის გადადება.

7. სამაჯურის მეთოდი

ეს მეთოდი სემინარზე ვისწავლე, რომელსაც თ. ჰარვ ეკერი ხელმძღვანელობდა. ელასტიკური ან რეზინის სამაჯური გაიკეთეთ მაჯაზე და ყოველ ჯერზე, როდესაც აღმოაჩენთ, რომ დრო გაგყავთ, სამუშაოს არ ასრულებთ ან უარყოფითი აზრები მოგდით თავში, მას მოჰკიდეთ ხელი და დაატკაცუნეთ. ეს მოქმედება უარყოფით აზრებთან და გაჭიანურებასთან აკავშირებს ფიზიკურ ტკივილს, და შეიძლება ეფექტური გზა იყოს გონზე მოსასვლელად, რომ აღარც დრო დაგეკარგოთ და ნეგატიურ აზრებსაც დააღწიოთ თავი.

8. ექსპერიმენტების ჩატარება ვადებთან დაკავშირებით

შეიძლება თუ არა ვადების დადგენა და გრაფიკის შედგენა დაგეხმაროთ, და სამუშაო აღარ გააჭიანუროთ, აღარ გადადოთ? Psychological Science-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ირკვევა, რომ ვადების დადგენა ფაქტობრივად აუმჯობესებს დავალების შესრულების უნარს. საკუთარი თავისთვის ვადების დადგენა და საერთოდ, ვადების არსებობა, ეფექტური საშუალებაა სამუშაოს დროულად დასასრულებლად. საკუთარ თავთან დაიწყეთ თამაში, ექსპერიმენტები ჩაატარეთ და თვითონ დაუდგინეთ საკუთარ თავს ვადები. დაუკვირდით, შეძლებთ თუ არა სამუშაოს დასრულებას კონკრეტულ დროში. შეიძლება საკმაოდ სახალისოც კი იყოს მცირე შეჯიბრის გამართვა თქვენს განზრახვას, სიტყვასა და მოქმედებას შორის.

9. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი

დავუშვათ, ისეთ დავალებაზე გსურთ მუშაობის დაწყება, რომლის შესრულებაც აუცილებელია, და გადაწყვიტეთ იგი ერთი საათით ადრე დაასრულოთ. ამ ერთი საათის ბოლოს, საკუთარი თავი უნდა დააჯილდოოთ, რაღაც სასიამოვნო შესთავაზოთ. ამგვარი ჯილდოები წინასწარ უნდა დაგეგმოთ, ისევე, როგორც თქვენი ნაბიჯები, და შემდეგ ამისთვის საკუთარი თავის დაჯილდოება ბევრად თავდაჯერებულს გაგხდით. მცირედით დაიწყეთ და თვალყური ადევნეთ თქვენს პროგრესსა და ჯილდოებს. რაც მეტ ჯილდოს მისცემთ საკუთარ თავს, მით უფრო მოტივირებული გახდებით. საკუთარი თავისადმი უფრო მეტ ნდობას, თავდაჯერება და წარმატება განაპირობებს, რაც შესაბამისად, უფრო დიდი წარმატების წინაპირობაა.

10. გარემო და ენერგია

დაუკვირდით, დღის რომელ მონაკვეთში ხართ ყველაზე ეფექტური?

რომელ გარემოში ხარ ყველაზე პროდუქტიული?

როდესაც საქმე მოქმედებაზე გადასვლასა და ნიადაგის შემზადებას ეხება, იმისათვის, რომ დავალება დროულად დაასრულოთ და არ გადადოთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენს გარემოს აქვს, ასევე, თქვენს ენერგიას. მაგალითად, თუ დილით ხართ ყველაზე ენერგიული და თან იმ გარემოში, სადაც მოტივაციაც გაქვთ, უსაფრთხოდაც გრძნობთ თავს და შთაგონებულიც ხართ, ეს მოქმედებამდე მიგიყვანთ. დაადგინეთ, დღის რომელ მონაკვეთში გრძნობთ თავს საუკეთესოდ და როგორ პირობებში აღწევთ წარმატებას − ასეთ დროს წარმატების მიღწევის სურვილი კიდევ უფრო გაგიმძაფრდებათ და ენერგეტიკაც ბევრად ძლიერი გექნებათ.

უნდა გაარკვიოთ, რა უდევს საფუძვლად იმ ფარულ ემოციებს, და ასევე, იმ გარეგან თუ შინაგან მიზეზებს, რომლებიც დავალების შესრულებაში გიშლით ხელს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ განსაზღვრას, რომელი სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენება შეგიძლიათ, რომ უფრო პროდუქტიული გახდეთ და ნაკლები რამ გადადოთ მომავლისთვის.

Kelly Lynn Adams

Entrepreneur Leadership Network® Contributor

Executive, Life & Leadership Coach, Business Strategist, & Speaker

Kelly Lynn Adams is a consultant, executive certified coach, growth strategist and high-performance optimization expert. She speaks, coaches and writes on the power of high performance, mental wellbeing, stress-management strategies, sustainable business growth and clarifying purpose and passion.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი