3 შეკითხვა, რომელსაც ჯეფ ბეზოსი ნებისმიერ კანდიდატზე დასვამს მისი Amazon-ში აყვანამდე და რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
- ხართ თუ არა ამ ადამიანით აღფრთოვანებული?
- გაზრდის თუ არა ეს ადამიანი გუნდის საშუალო ეფექტურობას, როდესაც მისი წევრი გახდება?
- რა სფეროში შეიძლება გახდეს ეს ადამიანი სუპერვარსკვლავი?
Amazon-ში ხომ არ გსურთ მუშაობის დაწყება ან რაიმეს გაგება მისი დამფუძნებლის ადამიანურ რესურსებზე? თუ ასეა, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. კომპანიის ერთ-ერთმა პირველმა თანამშრომელმა 1999 წელს, ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჯეფ ბეზოსი იყო პასუხისმგებელი და მას უნდა ეზრუნა, რომ შემდეგი აპლიკანტისთვის სტანდარტები კიდევ უფრო მაღალი ყოფილიყო.
ბეზოსის გრაფიკი უფრო დაძაბული გახდა მისი კომპანიის ზრდასთან ერთად და, ბუნებრივია, ის უკვე აღარ ხელმძღვანელობს კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, მაგრამ 1998 წელს დაწერილ წერილში მან სრულიად ნათლად უჩვენა, თუ როგორი მაღალი სტანდარტებია დანერგილი Amazon-ში და ამასთან ერთად, სამ მთავარ შეკითხვაზეც გაამახვილა ყურადღება.
როგორც ტომ პოპომარონისმა CNBC- ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, ეს შეკითხვები მარადიულია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 22 წლის წინ დაიწერა და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, როგორც დამქირავებლებმა, ისე კანდიდატებმა.
ვიდრე ბეზოსი კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებდა, აეყვანა თუ არა სამსახურში, მენეჯერებს ამ სამ შეკითხვაზე სთხოვდა პასუხის გაცემას:
1. ხართ თუ არა ამ ადამიანით აღფრთოვანებული?
"თუ იმ ადამიანებზე ფიქრობთ, რომლებითაც მთელი თქვენი ცხოვრება აღფრთოვანებული იყავით, სავარაუდოდ ისეთები იქნებიან, ვისგანაც რაღაცის სწავლა ან მაგალითის აღება შეძელით. მე ყოველთვის ვცდილობდი მხოლოდ იმ ადამიანებთან მემუშავა, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ და ყველას ვურჩევ, ასეთივე მომთხოვნები იყვნენ. ცხოვრება ნამდვილად ხანმოკლეა, სხვანაირად მოქცევა არ ღირს", – ამბობს ბეზოსი თავის წერილში.
2. გაზრდის თუ არა ეს ადამიანი გუნდის საშუალო ეფექტურობას, როდესაც მისი წევრი გახდება?
"ჩვენ ქაოსის წინააღმდეგ გვინდა ბრძოლა და ამიტომ კომპანიის სტანდარტები განუწყვეტლივ უნდა იზრდებოდეს. მე თანამშრომლებს ვთხოვ, წარმოიდგინონ, როგორი იქნება კომპანია 5 წლის შემდეგ. ამ ეტაპზე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიმოიხედოს და თქვას: "კომპანიაში ძალიან მაღალი სტანდარტებია, კმაყოფილი ვარ, რომ აქ მოვხვდი!"
ამით Amazon-ის დამფუძნებელი ხაზგასმით ამბობს, რომ მათ ყოველთვის უნდა გაზარდონ სტანდარტები, როდესაც კომპანიაში ახალი თანამშრომლების აყვანაზეა საუბარი.
3. რა სფეროში შეიძლება გახდეს ეს ადამიანი სუპერვარსკვლავი?
" ბევრ ადამიანს უნიკალური უნარები, ინტერესები და შეხედულებები აქვს, მართალია, ეს ხშირად მათ სამსახურთან არც არის დაკავშირებული, მაგრამ ნებისმიერი ჩვენგანის სამუშაო გარემოს გაამდიდრებს". ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ დამსაქმებლებმა, რომ სამუშაო გარემოს ხარისხის გაუმჯობესება შეძლონ.