Cyber Monday Sale! 50% Off All Access

4 ნაბიჯი საკომუნიკაციო უნარების გასაუმჯობესებლად

By Amy M. Chambers

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უმეტესობას სურს კარგი კომუნიკატორი იყოს და ამ უნარით ბევრი ამაყობს. თუმცა, საკმაოდ ადვილია გავრცელებულ ხაფანგებში მოხვედრა, რომლებიც ჩვენს აუდიტორიას აბნევს და უკან გვაბრუნებს.

გამორჩეული კომუნიკატორი ხართ, თუ გამუდმებით ფიქრობთ როგორ იქცევით სხვებთან, განსაკუთრებით − თქვენგან განსხვავებულებთან. თუ გუნდს ხელმძღვანელობთ ან კარიერულ წინსვლას ცდილობთ, უზომოდ მნიშვნელოვანია, თქვენი სიტყვების გამო ვინმემ უნებლიეთ გარიყულად ან შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თავი. ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ, რომლებიც თავიდან უნდა ავიცილოთ.

1. ბუნდოვანი ან თუნდაც ნახევრად ბუნდოვანი მინიშნებები

როდესაც სპორტის რომელიღაც პოპულარული სახეობა ან ფილმი მოგვწონს, ზოგჯერ შეცდომას ვუშვებთ და ვვარაუდობთ, რომ სხვაც ასე იქნება. შემდეგ მასზე მივანიშნებთ და ვერც კი ვამჩნევთ, რომ შესაძლოა ჩვენი აუდიტორიის ნაწილი დავკარგოთ.

განსაკუთრებით, გავრცელებულია სპორტზე მითითება. ისეთი მარტივი ფრაზები, როგორიცაა: "ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ", "ამ პროექტში მოლოდინის რეჟიმში ვართ", ან "არ მინდა, ეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდეს", შესაძლოა სრულიად ბუნებრივი იყოს ჩვენთვის, მაგრამ ყველასთვის ასე არ იქნება. გამორჩეული კომუნიკატორები ისე საუბრობენ, რომ ყველამ შეძლოს გაგება, განსაკუთრებით კი, დიდ ჯგუფებში.

კორპორაციულ გარემოში ან რაიმე სახის შერეულ ჯგუფთან საუბრისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მინიშნებებს სპორტსა ან ფილმზე ყველა ვერ გაიგებს, თუნდაც ისეთ პოპულარულ ფილმებზე მიანიშნებდეთ, როგორიცაა "კერკეტი კაკალი" ან "ნათლია". ვისაც არ უნახავს, ისინი ადვილად იკარგებიან საუბარში, რადგან მათთვის ეს ტერმინოლოგია უბრალოდ უცნობია.

ერთია, თუ მეგობრებთან ან თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ხართ, და დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ყველასთვის ნაცნობი და გასაგები იქნება, რას გულისხმობთ. მაგრამ სულ სხვაა, ჩვენს საყვარელ ფილმზე, შოუზე, სახელგანთქმულ ადამიანებზე ან სპორტზე მითითება, იმაზე დაფიქრების გარეშე, იცის თუ არა ყველამ რაზე ვსაუბრობთ. თუ ასეთ წყაროებს მიანიშნებთ, რისკავთ, ვინაიდან შესაძლოა აუდიტორიიდან რომელიღაც მათგანს წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რაზეა საუბარი ან საერთოდ უმეცრად იგრძნოს თავი. თქვენ უნდა შეწყვიტოთ საუბარი ან შეამოწმოთ, გრძნობენ თუ არა ისინი ამ საუბრის მონაწილეებად თავს და პირდაპირი გზები მოძებნოთ იმის სათქმელად, რასაც გულისხმობთ.

2. გაუგებარი განზოგადებები

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც განზოგადება უყვარს და ხშირად ვიყენებთ ფრაზებს, როგორებიცაა: "ეს ძალიან ხშირად ხდება", "ყველა ასე გრძნობს თავს" ან "ის გიჟივით იქცევა" . უკეთესი სიტყვა მოძებნეთ, თუ ისეთს იყენებთ, რომლის ინტერპრეტირებაც შესაძლებელია. განზოგადებული გამონათქვამები არაფერში დაგეხმარებათ და თან არც სიზუსტით გამოირჩევა.

თუ შეფასებას ცდილობთ, რამდენი დრო დასჭირდება ამა თუ იმ საქმეს, შეეცადეთ კონკრეტულ საათებამდე, დღეებამდე ან კვირებამდე დაიყვანოთ. თუ მსჯელობა გსურთ იმის შესახებ, რამდენად გავრცელებულია რაიმე დაავადება ან სტიქია, მონაცემები მოიძიეთ, თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა რეალურად თითოეული მათგანით. თუ ვინმეს ქცევას აღწერთ, ყურადღება გაამახვილეთ, შეგიძლიათ თუ არა მისი სუბიექტურად კი არა, ობიექტურად და ზუსტად აღწერა. რაღაცას "საშინელ გამოცდილებას" ნუ დაარქმევთ, უბრალოდ აღწერეთ, კონკრეტულად რამ გახადა ის ასეთი "საშინელი".

სიტყვებს, როგორებიცაა: "ბევრი", "ყველა" ან "გადარეული", განსხვავებული მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ადამიანისთვის. როდესაც მონაცემებზე შეგვიძლია საუბარი და ვითარების სპეციფიკური და გაზომვადი ენით განხილვა, ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენი სიტყვები არასწორად გაიგონ ან არასწორად ახსნან. ამ შემთხვევაში ჩვენი პრობლემები ან სავარაუდო ვარიანტები მხოლოდ "ინტუიციაზე" კი არა, მონაცემებზე დაფუძნებული ხდება. ნამდვილი პროფესიონალები და მოწიფული ზრდასრული ადამიანები ისე ურთიერთობენ ერთმანეთთან, რომ არასოდეს იყოს რაიმე ბუნდოვანი და დაბნეულობა არ გამოიწვიოს. ბუნებრივია, ამ მიდგომას უფრო მეტად აფასებენ ადამიანები.

3. ანალოგებისა და მეტაფორების მეტისმეტად ხშირად გამოყენება

ანალოგებსა და მეტაფორებს მეტყველებაში ხშირად იყენებენ ადამიანები, განსაკუთრებით თუ დარწმუნებულნი არიან, რომ მათი აუდიტორია გაუგებს. როდესაც ანალოგს ან მეტაფორას იყენებთ საუბარში, ის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კარგად გასაგებს ნაკლებად გასაგებს ადარებთ.

თუმცა, ანალოგებისა და მეტაფორების მეტისმეტად ხშირმა გამოყენებამ შეიძლება ყურადღება გაუფანტოს თქვენს აუდიტორიას. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ იყენებთ, თქვენს აუდიტორიას სთხოვთ, საკუთარი გონებით სადღაც სხვაგან იმოგზაურონ, რის გამო მათ ყურადღება გადააქვთ იმისგან, რაც იმ მომენტში ხდება. ისინი, ვინც მუდმივად ადარებენ ერთს მეორეს, რისკის წინაშე არიან − მარტივსა და პირდაპირ ურთიერთობას ვერ მოახერხებენ.

თუ საჭიროდ მიგაჩნიათ რაღაცის ასახსნელად ყველაფრის ერთმანეთთან შედარება, სავარაუდოდ, საკმარისად კარგად ვერ ერკვევით არსებულ ვითარებაში ან კომფორტულად არ გრძნობთ თავს, როდესაც მასზე პირდაპირ საუბრობთ. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ორი ადამიანის ერთმანეთთან შედარებისას. იმის თქმა, რომ "რიკი ისეთივეა, როგორიც სარა", შესაძლოა ერთი შეხედვით საკმაოდ უწყინარი ჩანდეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რიკი არ არის სარა. ის სხვა პიროვნებაა და დიდი შანსია, რომ ისინი მთლად ერთნაირები არ არიან. იმის თქმა, რომ ორი ადამიანი ან ნივთი ერთნაირია, იგნორირების შესანიშნავი გზაა, სინამდვილეში ის უნდა დავაფასოთ, რაც მათ განასხვავებს. განსხვავებების დაფასება ლიდერობისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელოვანი ელემენტია.

4. მოდური სიტყვები

მოდური სიტყვები რაღაცის თქმის შესანიშნავი გზაა, ბევრი ლაპარაკის გარეშე. ჩვენ რეგულარულად ვიყენებთ მათ საუბრის დროს და ვამბობთ: "არცერთი შემოთავაზებული ვარიანტი არ მომწონს, მოდით, არასტანდარტულად ვიაზროვნოთ", ან "თქვენ ვერ ისაუბრებთ ჯონთან ამაზე, მას საერთოდ ვარდისფერი სათვალე უკეთია". თითქმის ყოველთვის არის რაღაცის ახსნის უფრო თვალსაჩინო ან აღწერილობითი გზა. თქვენი სიტყვები − "არასტანდარტულად ვიაზროვნოთ", ნიშნავს, რომ უფრო ინოვაციური ან შემოქმედებითად მოაზროვნენი უნდა იყოთ, თუმცა მას ნამდვილად არ შეაქვს სიცხადე, თუ რატომ არ არის კარგი შემოთავაზებული ვარიანტი.

უმრავლესობისთვის უფრო გონივრული იქნება შემდეგის თქმა, განსაკუთრებით, თუ მრავალფეროვანი ჯგუფი გყავთ: ის მაფიქრებს, რომ ეს იდეები მოკლევადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და იმაზე, რაც უკვე გაკეთებული გვაქვს. რა მოხდება, თუ სრულიად განსხვავებულ მიდგომას გამოვიყენებთ, მეტ ყურადღებას გავამახვილებთ, როგორ გამოიყენებენ ჩვენი კლიენტები ციფრულ ტექნოლოგიებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში? რაიმე განსხვავება იქნება თუ არა?"

"ვარდისფერი სათვალე უკეთია" − ალბათ იმას გულისხმობს, რომ ჯონს ძალიან მოსწონს არსებული მდგომარეობა ან მიმართულება, მაგრამ ვერ ხსნის, რატომ ან რა უნდა გაკეთდეს. უმრავლესობისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა თქმა: "ვიცი, რომ ის მხარს უჭერს დღევანდელ ინიციატივას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპილოტე პროექტის განხილვას ესწრებოდა. მოდით, მასთან ერთად გამოვიკვლიოთ ალტერნატივები და პირდაპირ დავუსვათ რამდენიმე შეკითხვა, განსაკუთრებით ამ მიდგომის რისკ-ფაქტორების შესახებ და იმაზეც, თუ რა შეიძლება არასწორად წავიდეს". ამ ფორმით თქვენ რეალურად გამოხატავთ იმას, რასაც გრძნობთ, რასაც ფიქრობთ და როგორი მომავალი გსურთ, ნაცვლად იმისა, რომ ყველას მისცეთ საკუთარი დასკვნების გამოტანის საშუალება.

არ დაივიწყოთ, როდესაც ადამიანებთან გაქვთ ურთიერთობა − თქვენი თავისთვის კი არა, ეს თქვენი აუდიტორიის სასარგებლოდ კეთდება. ამ ოთხ შეცდომას აარიდეთ თავი და ეს დაგეხმარებათ არ გარიყოთ, არ დაკარგოთ ან არ დააბნიოთ ადამიანები, რომელთა ტვინი თქვენგან განსხვავებულად მუშაობს. ეს მოგცემთ საშუალებას უფრო ეფექტური გზავნილით წარდგეთ მათ წინაშე.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ფინო - წარმატების 13 წელი

"ფინოს" პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანია, 13 წლის განმავლობაში მან 300-ზე მეტ კომპანიას გაუწია მომსახურება თითქმის ყველა ინდუსტრიიდან.