Get All Access for $5/mo

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ზოგიერთი ადამიანის გვერდით ყოფნა ძალიან დამღლელია, რადგან მთელ ენერგიას გაცლით და მომავალზე კონცენტრირების უნარსაც გიკარგავთ. ანტრეპრენერებისთვის კი სამუშაოს თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია. ამ ტიპის ადამიანებს ცხოვრებაში სტრესი და შფოთი შემოაქვთ და უკეთესი იქნება, თუ მათგან შორს დაიჭერთ თავს.

ალბათ რამდენიმეს იცნობთ კიდეც, შესაძლოა თქვენთანაც მუშაობენ, ზოგიერთთან მეგობრობთ ან ცხოვრობთ. რაც მალე მოიცილებთ მათ თქვენი ცხოვრებიდან, მით უკეთესი იქნება. გაეცანით 8 ტიპის ადამიანს, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ.

ვინც სხვებს განიკითხავს

ამ ტიპის ადამიანები აუცილებლად გამონახავენ ნებისმიერის გაკრიტიკების საბაბს, ვისთანაც რაიმე ურთიერთობა ჰქონიათ. თქვენ მხოლოდ დროს დაკარგავთ, თუ მათთვის რაიმეს ახსნას შეეცდებით − ვერაფერს გააგონებთ, ერთ ყურში შეუშვებენ და მეორედან გამოუშვებენ. ისინი დასკვნებს ფაქტების გაგებამდე აკეთებენ, ყურადღებით არავის უსმენენ და მათთან ურთიერთობა უკიდურესად ძნელია. ამ ტიპის ადამიანებისთვის რჩევის ან რაიმე კომენტარის თხოვნა დროის ფუჭად ფლანგვაა.

ვისაც სხვების შურს

ანტრეპრენერობა ოღროჩოღრო გზაზე სიარულს ჰგავს – გამარჯვებებით და დამარცხებებით არის აღსავსე. სირთულეების დროს მომხრეების ძლიერი გუნდი გვერდით უნდა გყავდეთ, რომლებსაც თქვენი წინსვლა გულწრფელად გაეხარდებათ და მოგილოცავენ. შურიან ადამიანს თქვენი წარმატება არასოდეს აღაფრთოვანებს, რადგან ამ ტიპის ადამიანები ყოველთვის დარწმუნებულნი არიან, რომ წარმატებას მათ გარდა სხვამ არავინ უნდა მიაღწიოს.

ვისაც სხვების გაკონტროლება უყვარს

ასეთმა ადამიანებმა სხვების მოსმენა არ იციან, რადგანაც დარწმუნებულნი არიან, რომ თავადაც საუკეთესოდ აკეთებენ ყველაფერს და ბიზნესგარემოში მათთან გამკლავება მართლაც კოშმარია. წარმატებული ბიზნესსტრუქტურა ისეთ გუნდს მოითხოვს, რომელსაც მოსმენისა და ინსტრუქციების შესრულების უნარი აქვს. ისეთი თანამშრომელი, რომელსაც სხვების გაკონტროლება უყვარს და ყველას უფროსად წარმოუდგენია თავი, უსაზღვროდ დიდ პრობლემებს შეგიქმნით.

ვინც ქედმაღალია

თავდაჯერება და ქედმაღლობა ერთმანეთში არ აგერიოთ. თავდაჯერებული ადამიანები შთაგონებას იძლევიან, ქედმაღლები კი მხოლოდ შეგაშინებენ და გაგაღიზიანებენ. ზოგიერთები თავს უკეთ მხოლოდ სხვებისადმი ამპარტავნული დამოკიდებულების გამოხატვისას გრძნობენ. მიაჩნიათ, რომ მათზე კარგი არავინაა. თუ პირად ცხოვრებაში ეს გამაღიზიანებელია, პროფესიულ გარემოში კიდევ უფრო უხერხულ ატმოსფეროს ქმნის.

ვინც ყოველთვის მსხვერპლის როლშია

მუდმივი მსხვერპლი ყოველთვის თავს იმართლებს, შეცდომებსა და არასწორ საქციელში სხვებს სდებს ბრალს. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არასოდეს იღებს და თითს მუდამ სხვისკენ იშვერს. სხვების დადანაშაულებას კი დომინოს ეფექტი აქვს − მეტისმეტად ართულებს ვითარებას. ასეთი ხალხი თქვენს ბიზნესში არ დატოვოთ და ნაკლები პრობლემა გექნებათ.

ნეგატიური ადამიანები

ყველაზე დიდი ენერგოვამპირები ნეგატიური ადამიანები არიან. უარყოფითად განწყობილი პერსონები თქვენი დადებითი ენერგიით საზრდოობენ. თავს უკეთ მაშინ გრძნობენ, როდესაც ვინმეს თავის ჭკუაზე ატრიალებენ. ამ ტიპის ადამიანი არავის უჭერს მხარს და არც თქვენს შესაძლებლობებსა და პოტენციალზე გაამახვილებს ოდესმე ყურადღებას. ის თქვენი ნებისმიერი იდეის დისკრედიტაციას შეეცდება და მხარდაჭერის ნაცვლად იმ გზებზე მიგითითებთ, რომლითაც შესაძლოა მარცხი იწვნიოთ.

მატყუარები

წარმატების მიღწევას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როდესაც გარშემო შემდგარ ადამიანებს შემოიკრებთ, რომელთაც თქვენი სჯერათ და რომლებსაც დაეყრდნობით. მარტყუარებს ვერ დაუჯერებთ − მათზე იმედის დამყარება უკიდურესად ძნელია იმის გამო, რომ ვერ გაიგებთ, როდის ტყუიან და როდის მართალს ამბობენ. ამ ტიპის ადამიანთან ურთიერთობა გაგასავათებთ, ამიტომ თქვენი ცხოვრებიდან აუცილებლად ჩამოიცილეთ და აღარც ტყუილების მოსმენა მოგიწევთ და აღარც იმის გამო აღშფოთდებით, რომ გატყუებენ.

ჭორიკანები

ჭორიკანების ყოფნა კომპანიაში ძალიან სახიფათოა − ისინი უარყოფით გარემოს ქმნიან. ადამიანები იმიტომ ჭორაობენ, რომ საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულნი − ფაქტებსა და ვარაუდებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ. შემდეგ კი, ამ არასწორ ინფორმაციას ყველგან ავრცელებენ. ეს ბევრის განაწყენებას იწვევს და ფაქტობრივად, მტრების გაჩენის პირდაპირი გზაა.

შორს თქვენგან თუ თქვენ გარშემო ჩამოთვლილთაგან რომელიღაც ტიპის ადამიანი ტრიალებს, სავარაუდოდ, თქვენზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს. როგორღაც უნდა მოახერხოთ მათი თავიდან მოცილება. ასე ყურადღებას აღარაფერი გაგიფანტავთ და თქვენს მიზნებზე კონცენტრირებას შეძლებთ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

Business News

"თუ საჭიროა, იტირე, შემდეგ გაიღიმე. წინ წადი, იყავი შეუპოვარი"

როჯერ ფედერერის სიტყვა დარტმუთის კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე