Get All Access for $5/mo

დროის მართვა, პროდუქტიულობა და სიცოცხლის ხალისი შეწყვიტეთ ბევრი საქმის ერთდროულად კეთება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

მესამე წელია კორპორაციულ სამყაროს დავემშვიდობე და ანტრეპრენერულ ცხოვრებას მივსდევ, მაქვს საკუთარი ბიზნესი მეუღლესთან ერთად და ჩემი ყოველდღიურობის დიდ ნაწილს სწორედ ამ საქმის მართვას ვუთმობ. გაგიკვირდებათ, და ჩემთვის, როგორც ანტრეპრენერისთვის, დროის ეფექტურად გადანაწილება ახლა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ადრე, როდესაც სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი მენეჯერულ პოზიციებზე. როდესაც მუშაობ კომპანიაში, იცი, რომ ყოველ დილით, გარკვეულ დროს, მაგალითად 8 საათზე, უნდა გაიღვიძო, ადგე, გაემზადო და წახვიდე სამსახურში, საღამოს 6 საათამდე სამუშაო დრო მოახმარო მიმდინარე საქმეებს, ხოლო სამსახურის შემდეგ შეგიძლია თავისუფალი დრო დაუთმო პირად ცხოვრებას – დასვენებას, მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ა.შ. ამ ყველაფრისგან სრულიად განსხვავდება შენი ყოველდღიური რეჟიმი, როცა ხარ ანტრეპრენერი.

ერთი შეხედვით, როდესაც საკუთარი ბიზესი გაქვს, შენი თავის ბატონ-პატრონიც თავად ხარ და როგორც გინდა ისე გაანაწილებ საკუთარ დროსა და საქმეებს. თუმცა, ეს ყოველთვის ისე მარტივად არ გამოდის, როგორ კარგადაც ჟღერს. მაგალითად, ჩემთვის არ არსებობს დათქმული დრო, როცა ვიღვიძებ და ვიძინებ ან განსაზღვრული საათები, როცა ვიწყებ და ვამთავრებ მუშაობას, რადგან როდესაც საქმე მოითხოვს, ძალიან გვიანობამდე ან ხანდახან გათენებამდეც კი მიწევს მუშაობა. ბევრი ანტრეპრენერის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ბიზნესის საწყის ეტაპებზე, ხშირად იშლება ზღვარი საქმესა და პირად ცხოვრებას შორის, მით უმეტეს, თუ მეუღლეც ანტრეპრენერია და ბიზნესში ერთად ხართ (როგორც ეს ჩემ შემთხვევაშია). იმასაც კი ვერ ვახერხებთ ხოლმე, რომ თავისუფალ დროს, საერთო საქმის გარდა, სხვა რამეზეც ვილაპარაკოთ. გადავიტანთ თემას, ცოტა ხანი ვისაუბრებთ და მერე ჩვენდაუნებურად ისევ საკუთარი ბიზნესის მიმდინარე საკითხების ან სამომავლო სტრატეგიის განხილვას ვუბრუნდებით. ჩემთვის დიდი ხანია აღარ არსებობს განსაზღვრული შვებულების დღეები, რომლის დროსაც სრულიად მოვწყდები საქმეს და არცერთ ელექტრონულ შეტყობინებას ან საქმიან ზარს არ ვუპასუხებ. ასევე არ არსებობს ოფიციალური უქმეები და ხშირად შაბათ-კვირაც კი საქმეში გადის.

ასეთი რეჟიმით ცხოვრება საკმაოდ სტრესულია და აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც ხვდები, რომ საყვარელ ბიზნესზე გადაყოლილი და ბლოკნოტში ჩამოწერილ შესასრულებელ-მოსასწრებ საქმეთა სიაში ჩაფლული, თურმე საერთოდ ვეღარ პოულობ დროს იმისათვის, რაც ამ საქმის მიღმა გიყვარს, რაც სიამოვნებას და სიცოცხლის ხალისს განიჭებს, და უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: რისთვის ვმუშაობ ამდენს, თუ ცხოვრებისთვის აღარ მრჩება დრო?! ალბათ მსგავსი შეკითხვა ბევრ თქვენგანს დაბადებია და ყველანი ცდილობთ გადატვირთული ყოველდღიური რეჟიმის მიუხედავად, საკუთარი დრო როგორმე ისე გაანაწილოთ, რომ საქმეც პროდუქტიულად მოასწროთ და პირადი ცხოვრებისა და განტვირთვისთვისაც დაგრჩეთ ძალა და ენერგია. ჩემი ანტრეპრენერული, ხანდახან ქაოსური ყოველდღიური რეჟიმიდან გამომდინარე, პროდუქტიულობის რამდენიმე "წესი" ჩამოვაყალიბე, რომელიც მეხმარება დროის მართვაში ისე, რომ საქმეც გაკეთდეს და გადაღლილობისგან სიცოცხლის ხალისიც არ დამეკარგოს.

სწორედ ეს "წესები" მინდა ამ სტატიაში გაგიზიაროთ.

წესი #1: შეწყვიტეთ ბევრი საქმის ერთდროულად კეთება

არსებობს მოსაზრება, რომ სხვადასხვა საქმის ერთდროულად კეთება, ე.წ. multitasking არის ბევრი საქმის მოსწრების ეფექტური გზა, თუმცა ეს კონცეფცია პრაქტიკაში ხშირად საერთოდ ვერ ამართლებს. ადამიანის გონება ყველაზე პროდუქტიულად მუშაობს მაშინ, როდესაც თითოეულ საქმეზე ცალცალკე ახდენს კონცენტრირებას და მხოლოდ მაშინ გადადის ახალ დავალებაზე, როდესაც არსებულს ბოლომდე შეასრულებს. ბევრი საქმის ერთდროულად კეთება სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ ვერცერთს ვაკეთებთ სრულყოფილად და ტვინსაც ზედმეტად ვღლით და სტრესში ვაგდებთ. ასე რომ, სჯობს "ყველაფრის მოსწრებას" შევეშვათ, დავსახოთ პრიორიტეტები და თანმიმდევრულად მივყვეთ თითოეული საქმის შესრულებას.

წესი #2: მოახდინეთ საქმის დელეგირება

ბევრ ანტრეპრენერს, ან რომელიღაც კომპანიაში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანს, აქვს საქმის სხვისთვის გადაბარების პრობლემა, რადგან აშინებს ის, რომ სხვა საქმეს ისე კარგად ვერ გაართმევს თავს, როგორც მას წარმოუდგენია და ამიტომაც ურჩევნია ყველაფერი თვითონ აკეთოს. მეც ასეთი ადამიანების რიცხვს მივეკუთვნებოდი. ჩემი ბიზნესის შექმნიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველაფერს (დიდი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებით დაწყებული, ყოველდღიური, რუტინული დავალებების შესრულებით დამთავრებული) თვითონ ვაკეთებდი, ამას კი იმით ვხსნიდი, რომ ჩემი ბიზნესის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული და მის თუნდაც რომელიღაც პატარა ასპექტს სხვას ვერ ვანდობდი. თუმცა, დროთა განმავლობაში, კომპანია გაიზარდა, განვითარდა და მივხვდი, რომ მე, ერთი ადამიანი, ყველაფერს ვეღარ გავუმკლავდებოდი, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ამეყვანა ორი დამხმარე მენეჯერი. თავიდან ჩემთვის საკმაოდ რთული იყო მათთვის საქმეების ნაწილის გადაბარება, თუმცა ნელ-ნელა მივეჩვიე და გამოვიმუშავე საქმის დელეგირების უნარ-ჩვევა, რამაც კომპანიის სტრატეგიულ საკითხებზე მეტი ფიქრის დრო და საშუალება მომცა. გირჩევთ, ისწავლოთ საქმის დელეგირება, ერთბაშად ნუ მიანდობთ ყველაფერს სხვას, ეტაპობრივად გადააბარეთ კომპეტენტურ კოლეგებს თუ თანაშემწეებს საქმის ნაწილი – იმისათვის, რომ გრაფიკში დრო უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისთვის გამოითავისუფლოთ.

წესი #3: გამონახეთ დრო სიარულის ან ვარჯიშისთვის

შეიძლება ეს რჩევა ერთი შეხედვით თემისთვის შეუსაბამო მოგეჩვენოთ, თუმცა ჩემმა რამდენიმეთვიანმა აქტიურმა ცხოვრების წესმა დამარწმუნა იმაში, რომ ადამიანს გონებრივ მუშაობაში ძალიან უწყობს ხელს ფიზიკური აქტივობა და მოძრაობა. ეს შეიძლება იყოს სპორტულ დარბაზში სიარული, შინ ვარჯიში, ან თუნდაც ქუჩაში დღეში 1 საათი ფეხით გასეირნება. ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა ძალზე სასიკეთოდ აისახება თქვენს შრომისუნარიანობაზე, კონცენტრაციის უნარსა და ენერგიის დონეზე, რადგან მოძრაობა და ვარჯიში აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობასა და სხეულში სისხლის მიმოქცევას. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, გირჩევთ გამონახოთ დღეში 1 საათი მაინც თქვენთვის სასურველი ფიზიკური აქტივობისთვის, და აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად დადებითად აისახება თქვენს განწყობასა და პროდუქტიულობაზე.

წესი #4: დააჯილდოვეთ და შეაქეთ საკუთარი თავი

როდესაც ბევრს მუშაობთ, იმისათვის, რომ მოტივაცია არ დაკარგოთ და სამუშაო განწყობის შენარჩუნება შეძლოთ, აუცილებელია დადებითი უკუკავშირის მიღება. ნუ დაელოდებით სხვებს, რომ შეგაქონ ან თქვენი ნამუშევარი სათანადოდ დააფასონ – დაასწარით ყველას და თავად გახდით საკუთარი თავის მოტივატორი და დამფასებელი. ხანგრძლივი მუშაობის და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, დააჯილდოვეთ თქვენი თავი დასვენებით, მონატრებული მეგობრის ნახვით ან თუნდაც იმ ნივთის ყიდვით, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ გქონოდათ. მიეცით თავს განტვირთვის და ენერგიის აღდგენის საშუალება. დადებითი განწყობა და მუხტი ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს პროდუქტიულობაში. ხალისისა და დადებითი ენერგიის გარეშე, ნებისმიერი საქმე ბევრად რთული საკეთებელია, ამიტომ ნუ მოგერიდებათ – უთხარით საკუთარ თავს, რომ ხართ ძლიერი, ჭკვიანი და ყოჩაღი, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ!

ნინა მენთეშაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?