იულიუსი - მითი და სუბიექტური რეალობა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით − მაგალითად, მე ძალიან გვიან გავიგე, რომ ქართული ანდაზა − "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო" − სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს და პირველი დავითა თურმე დავას, კამათს ნიშნავს და არა ვინმე დავითას. თუმცა ამ შემთხვევაში ეს ანდაზა ისე მინდა გამოვიყენო, როგორც ის ადრე მე მესმოდა, ანუ თუ რამე მოუვა ვინმე დავითას, ისევ თავისი თავითა. მით უმეტეს, როცა არც არასწორად გაგებული ვერსია ტყუის − ადამიანს თუ პრობლემა აქვს, ძირითადად ეს მისი ბრალია. ღრმად მწამს, რომ ადამიანს არც თავისზე დიდი მტერი და არც მოყვარე ჰყავს, მისი არსებობა საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ყველაზე ტკბილი! თუმცა ზოგი იგებს, ზოგი აგებს, ამიტომ ზოგი არის ბედნიერი და შემდგარი, ზოგი − არა.
ასე რომ, წარმოგიდგენთ ახალ, თანამედროვე ქართულ ანდაზას − რაც მულტიტასკინგით მოგივიდეს, ყველა შენს უდისციპლინობას დააბრალეო. დიახ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არანაირი მულტიტასკინგი არ არსებობს და მოგვიანებით ჩემი ფიქრი უამრავმა სტატიამ თუ ტექსტმა გამიმყარა. განსაკუთრებით ეფექტური იყო ადამიანის ტვინის შესწავლაზე მომუშავე ნეირომეცნიერთა სტატიები, ბლოგები თუ გამოსვლები. საერთოდ, ტვინის შესწავლა ნამეტანი პერსპექტიული საქმეა. ძალიან დამაინტერესა, ისე რომ, ფსიქოლოგიას და ნეირომეცნიერებას ხომ არ დავეუფლო-მეთქი, ვფიქრობ. ნეირომეცნიერები მეცნიერულად, მყარი არგუმენტებით ადასტურებენ, რომ ადამიანს − არც ქალს და არც მამაკაცს, არ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე რამეზე კონცენტრირდნენ და აკეთონ. ასეთები ძალიან, ძალიან, ძალიან იშვიათად იბადებიან. იულიუს კეისარზე ამბობენ, 7 საქმეს ერთად აკეთებდაო. ვინ იცის, იქნებ მართალიცაა, მაგრამ რომაული ისტორიული ტექსტების დიფერამბული ხასიათიდან გამომდინარე, ეს ამბავიც ეჭვს მიჩენს, თუმცა ვერაფერს დავიჩემებ.
რა თქმა უნდა, იყო დრო, როცა მულტიტასკინგი, ანუ ერთდროული მრავალსაქმიანობა მოდაში იყო და ამით ადამიანები თავს იწონებდნენ კიდეც. ამ მოდას ერთი პერიოდი მეც ავყევი, მაგრამ მაგრად გადავიჩეხე და ბევრი ვინერვიულე კიდეც. მაგრამ დღეს ამას განვითარებულ ქვეყნებში აღარ მოგიწონებენ − ესეც ნეირომეცნიერების ბრალია (ღმერთი გაახარებთ). მათ დაამტკიცეს, რომ ერთდროული მრავალსაქმიანობა ვერ იძლევა შედეგს და უმრავლეს შემთხვევებში ეს მხოლოდ უშედეგო მოქმედებაა და სხვა არაფერი. და მე ეს მიხარია. აკი გითხარით, მაგრად გადავიჩეხე, რადგან ყოველთვის მეზარებოდა და არასდროს გამომდიოდა მრავალსაქმიანობა, და თურმე ნუ იტყვი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე ცუდი და უქნარა ვარ, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ეს არ შეუძლია და ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა.
ისე არ გამიგოთ, თითქოს მე უარვყოფ, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ბევრი საქმე, როგორც მულტიტასკინგს ხანადახან მოიხსენიებენ. რა თქმა უნდა, შეიძლება და გვაქვს კიდეც, მეც და თქვენც, მაგრამ ბევრი საქმე და ერთდროული მრავალსაქმიანობა − მულტიტასკინგი − განსხვავებული ცნებებია.
ბევრი საქმე ჩემთვის არის მაგალითად, ასე:
- მაქვს ერთი ბრენდინგის პროექტზე სამუშაო და კონკრეტულად დღეს აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ და ჩამოვაყალიბოთ ბრენდის მამოძრავებელი, მისია და ხედვა;
- მეორე ბრენდინგის პროექტზე პოზიციონირება და დაპირება უნდა გავაკეთოთ;
- მესამეზე ვიზუალური კონცეფციაა "გასავლელი" დიზაინერებთან;
- საღამოს მაქვს ლექცია, სადაც აუცილებლად მომზადებული უნდა მივიდე, რადგან დღეს ყურადღების მიპყრობა ძალიან ძნელია და როცა სტუდენტი შენს მოსასმენად მოდის, ეს დიდი პატივია და აქ "წავა რა" მომზადება დაუშვებელია, შერცხვები და სტუდენტის უპატივცემულობით სტუდენტისავე უპატივცემულობას (სრულიად დამსახურებულად) დაიმსახურებ;
- ლექციების შემდეგ, თუ მივუსწარი და დაძინებულები არ დამხვდნენ, ბავშვებს უნდა ვეკონტაქტო − მშობლობა ხომ მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტი არ არის? და მეუღლე? ნაკლებ მნიშვნელოვანია?..
- ვაი იმას, მერე კიდევ რამე თუ აქვს წასაკითხი, რადგან ხვალ ან ზეგ სჭირდება, რომ წაკითხული ჰქონდეს.
როგორ ფიქრობთ, ჩამოთვლილი საქმეები ერთდროულად ვინმეს გამოუვა? აი, მაგალითად სამსახურში, შესაძლებელია შევიყაროთ ერთ ოთახში და სამივე პროექტის ნაწილებზე ერთდროულად ვიფიქროთ? თან ფეისბუკი, ინსტაგრამი ან რაიმე სხვა გქონდეს გახსნილი და იქაც იყურებოდე. მე მწამს, რომ არა და ვერა.
გამოსავალი? ძალიან ბანალურ რამეს ვიტყვი, მაგრამ მე ამას "ძნელად დაძლევად ბანალურობას" ვუწოდებ − გამოსავალი არის დისციპლინა და დროის სწორად გადანაწილება. პირველი პროექტი 11:00-13:00, მერე ლანჩი, ლანჩის შემდეგ 14:30- 16:30 მეორე პროექტი და ბოლოს 17:00-18:30 მესამე. 18:35-ზე გასვლა ლექციაზე. შუალედები შეამჩნიეთ? ეს წუთშესვენებებია, გინდა ფეისბუკში სქროლე კილომეტრები და გინდა რამეს უყურე იუტუბზე ან ვინმეს დაურეკე და მოიკითხე − ახლობელს, სად დაიკარგეო, რომ არ გეძახონ.
ახლა რა არის მულტიტასკინგი? მულტიტასკინგი არის უდისციპლინო, ქაოსური ქცევა, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილის "კეთებას" (ვითომ) ცდილობ ერთდროულად და ამ დროს არაფერსაც არ ცდილობ და არაფერს აკეთებ. მეტიც − თუ მარტო არ აკეთებ და ამ პროცესს რამდენიმე მონაწილე ჰყავს, ეს მათი უპატივცემულობაა, მათი დროის გაფლანგვა. დროის, რომელიც მათი ცხოვრების დროის ნაწილია და მათ შენ ის დაგითმეს. თუმცა, რა თქმა უნდა ამის მსხვერპლი შენც შეიძლება იყო. რა, შენ თუ სქროლავ ფეისბუკს და ვითომ მისიის ფორმულირების ვარიანტებს წამოისვრი ხოლმე, ის ვერ დასქროლავს და წამოისვრის თუ რა? თუ თან ძმაკაცს ვერ დაურეკავს ან მიჯნურს, როგორც შეყვარებულის მოხსენიებაა ახლა მოდაში და თან ხედვას ვერ გადმოგიგდებს მაგიდაზე? ან პოტენციურ დამკვეთს?
ასე რომ, ჩემთვის ცნება "მულტიტასკინგი", ანუ ქართულად ერთდროული მრავალსაქმიანობა − მითია და ეს დისციპლინის უქონლობის, არამიზანმიმართულობის და დროის მართვის უუნარობის "გაპრავებაა". საკუთარ თავთან დამარცხების აღიარებაა. ამას ქალაქურად მიდებ-მოდება, გნებავთ, ბოდიალი ჰქვია, იმერულად "ბორიალი" ან "ბოჯგიალი", მეგრულად კი "პოტიკი" (უსაცოდავესი წვალების აღმნიშვნელი). ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მეც მემართება და თუ ეს მემართება, ვცდილობ აღმოვფხვრა. ხშირად გამომდის, ხშირად კი არა, და როგორც ზემოთ ვთქვი, ეს მუდმივი ბრძოლაა შენს თავთან და შენს ზნესთან. ზნე! − ყველაზე საშიში და საზარელი რამ ადამიანის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, როცა ნეგატიურს ეხება.
ასე რომ, გაანაწილეთ თქვენი დრო, კონკრეტული საქმისთვის გამოყავით კონკრეტული დროის მონაკვეთები და მოახდინეთ კონცენტრაცია და ფოკუსირება იმ კონკრეტულ საქმეზე. დაამთავრებ, გადადი სხვაზე და ასე შემდეგ. შუალედებში დაიტოვეთ ამოსასუნთქი, "პაპიროზის მოსაწევი" დრო, დასარეკი, მოსაკითხი და ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელი წუთები. ასეთი გამოთქმაც გამიგია: "ისეთ დღეში ვარ, მოსაფსმელი დრო არ მაქვსო", ჰოდა მოდით, ნუ ვიზამთ ამას.
პირველი კითხვის P.S.: თუ ვინმე შეიძლება იყოს "მულტიტასკერი", ეს ალბათ არის დედა! თუმცა ის უფრო კარგი დედაა, ვინც უამრავ საზრუნავს დროის მონაკვეთებზე ანაწილებს და მერე ახორციელებს. მაგრამ მაინც დედა დედაა და მას ბადალი არ ჰყავს!
უამრავი ინფორმაციაა, უამრავია წასაკითხი, მოსასმენი, გასაგები, სასწავლი; მოდის და მოდის ინფორმაცია და არასდროს ჩერდება. დიახ, არ იცი რას ეცე და რომელს მოჰკიდო ხელი. საზარელი ამბავია ნამდვილად. ძალიან ბევრჯერ დამმართნია და მემართება კიდეც − "ამაზონიდან" წიგნს გამოიწერ, ჩამოვა და მეორეს ნახავ, პირველი არ გაქვს დამთავრებული, რომ პირველში ამოიკითხავ ასეთი და ასეთი მაგარი წიგნი არსებობსო და მერე იმას გამოიწერ; ისე რომ, მეორეც არ დაგიწყია, მესამე ჩამოდის. მერე სადღაც კაი სემინარის ანონსი დაიდება, მერე ვიღაც კაი ტრენინგს გამოაგდებს. აქეთ ინტერნეტში ნახავ კარგ საიტს, მერე კარგ ბლოგს, მერე მაგარ პოდკასტს, არადა იქეთ, იუტუბზე ვიღაც მაგარის გამოსვლაა მოსასმენი, ახალი სერიალია საყურებელი, აქეთ ეს დასაწვავი ფეისბუკი და სოციალური მედია − დაპოსტავს ვიღაც რაღაცას, გინდა შეხედო, მოისმინო, დააკომენტარო და მიდიი, ირევი, გიჟდები და რა ქნა არ იცი. ეს ყველაფერი არის შფოთი და შფოთსა ამას ჰქვიან FOMO − Fear of Missing Out! ანუ "შიში, რომ სადღაც რაღაცას გამოტოვებ, ჩამორჩი რაღაცას!" ადრე რა მიჭირდა ასეთი, შფოთვა მხოლოდ ახალ წელს, აღდგომას და შობას მემართებოდა, თქვენც ალბათ გაიხსენეთ − სად წახვიდე რომ არ იცი − ახლა კი, ისე რომ, საზეიმო თარიღების შფოთი ვერ მოგვინელებია, ყოველდღიურობის აუტანელი შფოთი დაგვემატა.
თუ საახალწლო შფოთის გამოსავალს მივაგენით ზოგიერთმა − სახლში ვხვდები და ჩემთან მოდით რა! გამოსავალი აქაც არის − რა თქმა უნდა, ამასაც ძალიან მაგარი თვითდისციპლინა და დიდი ძალისხმევა სჭირდება, ამის უებარი წამალი კი თქვენს თავში ჩაღრმავება და ნამდვილი საჭიროებების, ინტერესების, მისწრაფებების იდენტიფიკაციაა, შემდეგ კი პრიორიტეტებია დასალაგებელი და მავნე "სქროლვები" მოსაშორებელი (ამას ჩემი ცოლი რომ კითხულობდეს, მაგრად დამცინებდა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის, წააწყდება სადმე ჩემს ნაბჟოტიალებს). იმ დღიდან ამ პრიორიტეტების მიხედვით უნდა ეძიოთ ინფორმაციაც, სწავლაც, კითხვაც, ტრენინგიც და სემინარიც. თუ რამე გამოგრჩებათ, ნუ ინერვიულებთ, ნუ გააღვიძებთ შფოთს თქვენში, გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ და სხვაც, თქვენსავით მოწადინებული, თქვენსავითვე წვალობს, თუმცა ისიც გახსოვდეთ − ის სხვა არ არის თქვენი კონკურენტი და მის გადაშენებაზე ნუ იოცნებებთ. თქვენი კონკურენტი არის − თქვენ! მეტსაც გეტყვით − უფრო სწორად, ძია მარკ ტვენი გეტყვით: "საკუთარი თავის გასამხნევებლად საუკეთესო გზა სხვისი გამხნევებაა", ამიტომ გაამხნევეთ სხვები და გამხნევდით თქვენც. მე მიცდია და მუშაობს.
მუდამ დისციპლინირებული და გარობოტებული ჩემი მტერი იქნა. ხანდახან აუცილებლად აურევთ და თბილისიდან ბათუმამდე ჩასქროლავთ, იკოტრიალებთ, არ წაიკითხავთ, არც ტრენინგზე წახვალთ, არც იუტუბზე მოისმენთ რამეს და იცით, რა? არა უშავს, ხანდახან ესეც საჭიროა და სხვანაირად არც გამოვა, ამიტომ არც ამაზე ინერვიულოთ. მაგრამ ყურადღებით იყავით, ნამეტანი არ გაგიგრძელდეთ, და გახსოვთ ყველაზე საზარელი სიტყვა − ზნეში! − არ გადაგივიდეთ.
დაბოლოს: ადამიანს მართავს ემოცია. რომ არა ემოცია მე ჩემი საყვარელი საქმე − ბრენდინგი − არ მექნებოდა, ამიტომ კიდევ ერთხელ შემოგთავაზებდით საკუთარ თავში ჩახედვას, საკუთარი თავის მოსმენას და იმ ვნებისა და ემოციის მოძებნას, რომელიც მართლა გამოძრავებთ, რაც მთელი თქვენი არსებით გინდათ და მერე ყველაფერი დალაგდება, გზაც გამოჩნდება და ხედვაც − რა, როგორ და რანაირად აკეთოთ, თანაც − უშფოთველად.
მოკლედ, როგორც კოხორა იტყოდა, ესაა ჩემი კომენტარი და მას ჭეშმარიტების პრეტენზია არ აქვს − მთხოვეს და მეც სიამოვნებით გაგიზიარეთ ჩემი აზრი, ჩემი ნაფიქრალი და მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ დარწმუნებული, ჩემს თავს წარმატებულ ადამიანად მივიჩნევ თუ არა, და მაქვს თუ არა უფლება გაგიზიაროთ თუნდაც ჩემი ნაფიქრალი. ისე, თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთანაც, წარმატების აღქმაც, მულტიტასკინგის არ იყოს, ცოტა არასწორი მგონია. წარმატება, ვფიქრობ მიდი-მოდის და ალაგ-ალაგ მიიღწევა. მთავარია, ხარ თუ არა ბედნიერი (რაღაცაში მაინც) ან მინიმუმ გრძნობ თუ არა, რომ ტყუილად არ ცხოვრობ და/ ან გიცხოვრია. თუ მაინცდამაინც წარმატების განსაზღვრაზე უნდა ვისაუბროთ, მე ის დაახლოებით ასე მესმის: წარმატება არაფერია, თუ შენ არ ხარ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და შენს გარშემომყოფებთან, შენს გარემოსთან, ანუ მილიარდიანი კაპიტალით უძილობას, ასიათასიანი კაპიტალით კაი ხვრინვის გამოცხობა მირჩევნია. გულწრფელად ვამბობ, ყველაზე მაგარ "მულტიტასკერს"− დედას გეფიცებით.
დაბოლოს: ცოდნის დღევანდელი ჩვენი გიჟური და სოცარი ტემპის მქონე ყოფისთვის ზედგამოჭრილი რუმისეული განმარტება: The art of knowing is knowing what to ignore. მოკლედ, რაღაცები დაიკიდეთ, ჩემო ძვირფასებო. მეტიც − ვალდებულები ხართ დაიკიდოთ, სხვანაირად გადაიწვებით. ძნელია, მაგრამ სჯობს სცადოთ და რაღაც ნაწილის დაკიდება გამოგივიდეთ, ვიდრე დანებდეთ, სულ არ სცადოთ და დარჩეთ შფოთიანი "მულტიტასკერი" და FOMO, რასაც კარგი არაფერი მოაქვს.
ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ, თუნდაც ეს ნახეთ: https://blog. rescuetime.com/multitasking/
საკუთარ თავთან, გარშემომყოფებთან და თქვენს გარემოსთან ჰარმონიას გისურვებთ!
მიაწვააააააა!
ამ ყველაფრისას, არ დაგავიწყდეთ ოჯახი; ბავშვები; მეგობრები; ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება; განტვირთვა − ვარჯიშით, სექსით, ღვინით, სეირნობით, სიცილით, ქეიფით, მუსიკით თუ რითაც გაგიხარდებათ (რაც არ ვნებს თქვენს ჯანმრთელობას); ადამიანები, ადამიანურობა, სიკეთე და რაც მთავარია −
სიყვარული!
"უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ".