კევინ ო'ლირი: როგორ ვუმკლავდები ოჯახურ და ფინანსურ ურთიერთობებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ძალიან ხშირად მეკითხებიან, რას ვაკეთებ მაშინ, როდესაც ოჯახის წევრები ჩემთან ფულის სათხოვნელად მოდიან. ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან არ გინდა შენს ძმას, დას ან ბიძაშვილს თავი ცუდად აგრძნობინო.
მაგრამ როდესაც საქმე ოჯახისა და ფულის ურთიერთობას ეხება, ეს ხშირად ცუდად მთავრდება. ჩემს შემთხვევაში ოჯახის წევრები არცთუ იშვიათად მოდიან ფულის სათხოვნელად. აქედან გამომდინარე, მარტივი სტრატეგია შევიმუშავე. ვფიქრობ, ეს სიტუაციის მოგვარების ერთადერთი გზაა.
მე არასდროს გავცემ სესხს, არამედ ვჩუქნი
არ მინდა ვინმე ჩემთან ვალში იყოს, მით უმეტეს, როცა საქმე ოჯახის წევრს ეხება. მაგალითად, თუ ვინმე მთხოვს ვასესხო $150 000 სარესტორნო ბიზნესის დასაწყებად, მე მას ვჩუქნი $50 000-ს.
მე ამ ადამიანს თვალებში ჩავხედავ ან ხელს ჩამოვართმევ და მივანიშნებ, რომ ეს ჩემი საჩუქარია და იგი აღარ უნდა დაბრუნდეს უკან ფულის სათხოვნელად. ასევე ვართმევ პირობას, რომ აღარასდროს ისაუბროს საჩუქარზე, რომელიც გავუკეთე.
ელოდო ოჯახის წევრს, დაგიბრუნოს ფული, რომელიც ასესხე, დიდი პრობლემაა. თანაც მე მიყვარს საჩუქრების გაცემა. თუ ვინმე ისევ მოვა ჩემთან და ფულს მთხოვს, მაშინ ჩვენს კონტრაქტს გავახსენებ.
ოთხი მიზეზი, თუ რატომ არის ეს საუკეთესო გზა დააბალანსო ურთიერთობა ოჯახსა და ფულს შორის.
1. ფული ანგრევს ოჯახებს.
ფინანსური პრობლემები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ოჯახები ინგრევა. იმ ძალის უგულებელყოფა, რომელიც ფულს აქვს, არ შეიძლება. ჩემი ოჯახი იზრდება. ასეთ დროს, რაც უფრო მეტი ფული გაქვს, მით მეტი პრობლემა ჩნდება.
ფულის სესხება კი არ არის ის ფაქტორი, რომელიც ოჯახს სიმყარეს შეუნარჩუნებს.
2. შენ არ შეგიძლია ყველა გააბედნიერო.
როცა ოჯახის წევრებზე ზრუნავ, ისინი სულ უფრო მეტს მოელიან შენგან. სამყარო ასე არ მუშაობს, ამიტომ ზედმეტად არაფერი სცადო.
3. პრივილეგია დაავადებაა.
თუ ვიღაცას მისცემ გარანტიას, რომ მათ არ მოუწევთ გარისკვა, არც არასდროს გარისკავენ. ისინი არაფერს გააკეთებენ, რადგან თავს ვალდებულად არ მიიჩნევენ. არ მინდა ფული ვასესხო ადამიანებს, რომლებიც მიყვარს.
4. მე გამოვიმუშავე ჩემი თავისუფლება.
როცა ახალგაზრდა ხარ, გიწევს ბევრი რამ მსხვერპლად გაიღო, რათა სამომავლოდ თვითმყოფადი და თავისუფალი იყო. ახლა შემიძლია ის ვაკეთო, რაც მინდა და ეს ძალიან მაბედნიერებს. მაგრამ მე არ ვხარჯავ დროს უქმად. დრო ყველაზე ღირებული რამაა და ის ყოველდღე უფრო ძვირფასი ხდება. ამიტომ არ მოუსმინოთ ისეთ ხმაურს, რომელიც ენერგიას გართმევთ.
ჩემმა შვილებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, რადგან მიხვდნენ, რომ უფასო ლანჩი არავის ხვდება. მათ გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად შეექმნათ საკუთარი კარიერა და არ ყოფილიყვნენ პრივილეგირებულები.