Get All Access for $5/mo

მორალური პასუხისმგებლობა ტვირთი თუ კომფორტი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ლელი შევჩენკო

არქიტექტორი, "ლელი შევჩენკო და პარტნიორები"-ის დამფუძნებელი

შევეცდები ავხსნა, რას ნიშნავს მორალური პასუხისმგებლობის ფენომენი ჩემთვის, როგორც არქიტექტორისა და ბიზნესის მმართველისთვის. მორალური პასუხისმგებლობის შესრულებაა, როცა მიცემულ პირობას შეასრულებ და დათქმულ ვადებში განახორციელებ პროექტებს მაქსიმალურად კარგი შედეგით. როცა მუდმივად მუშაობ საკუთარ თავზე და ხარ ყოველთვის ახლის ძიებაში, კითხულობ, აანალიზებ, ეცნობი, ვითარდები და ცდილობ მხოლოდ საკუთარი ინტელექტისა და ნიჭის საფუძველზე შექმნა ინდივიდუალური ნამუშევარი; სხვის იდეებს არ გამოიყენებ, როდესაც არ მიმართავ არანაირი სახის პროტექციასა და მფარველობას და მხოლოდ საკუთარი პროფესიონალიზმის იმედად მიდიხარ წინ, წინაღობებს არ უშინდები; როცა შენი გუნდის წევრების პიროვნული და შემოქმედებითი მიღწევები მნიშვნელოვანია შენთვის და მათი მოტივაციის ამაღლება საკუთარ პასუხისმგებლობადაც მიგაჩნია; როცა ჯანსაღი, გულახდილი და გახსნილი თამაშით თამაშობ.

დღეს ბიზნესი მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანური რესურსების მართვის უნართან. საუკეთესო რეკლამა საზოგადოებასთან მართალი და გახსნილი ურთიერთობაა, შეულახავი იმიჯი ყველაზე კარგი გზაა საქმიან ურთიერთობებში სწორად პოზიციონირებისთვის.

იყო დრო, როცა საუკეთესო მენეჯერებად და მმართველებად მიიჩნეოდნენ ხელმძღვანელები, რომლებიც ერთპიროვნულად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ისე მართავდნენ კომპანიებს. ასეთი ადამიანებისთვის ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლების წინაშე მორალური პასუხისმგებლობის გათვალისწინება.

ოცდამეერთე საუკუნის დაჩქარებულმა ყოველდღიურობამ, კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე სამუშაო რეჟიმის მიჯაჭვულობამ, უზარმაზარმა საინფორმაციო ტალღამ და მაღალმა კონკურენციამ გამოიწვია და მოიტანა მეტი ადამიანური კომუნიკაციის ნოსტალგია, მოთხოვნილება, და გუნდური სულისკვეთებაც სწორედ ამ ყველაფერთანაა პირდაპირ კავშირში. ახლა ადამიანებს ვეღარ მართავ ერთპიროვნულად, დასჯის ან სამსახურიდან გაშვების შიშით, და ასე ვერც წარმატებულ ბიზნესს აწარმოებ.

დღეს საუკეთესო მენეჯერად მიიჩნევა მხოლოდ ის, ვინც რეალურად კარგი ლიდერია, ვინც გამოირჩევა პიროვნული ქარიზმით, ინდივიდუალური აზროვნებითა და მაღალი მორალური პასუხისმგებლობით, ამის გათვალისწინებით კი ის საზოგადოებრივ ფიგურასა და აზრის განმსაზღვრელსაც წარმოადგენს სოციუმის გარკვეული წრეებისთვის. ლიდერს ადამიანები სიხარულითა და დიდი ენთუზიაზმით მიჰყვებიან ნებისმიერი წამოწყების განხორციელებაში.

ჩემი აზრით, მორალური პასუხისმგებლობის შესრულება არასდროს კვეთს წარმატებას. არ მიმაჩნია სწორად გამოთქმა – მიზანი ამართლებს საშუალებას. წარმატება მხოლოდ საბოლოო მიზნის მიღწევაში არ მდგომარეობს, არამედ გზის სწორად და სამართლიანად, სუფთა სინდისით გავლაშიც. სწორედ ეს არის ადამიანის ძლიერება და პროფესიონალიზმის გამოხატულება.

მორალურ პასუხისმგებლობას არც ტვირთად აღვიქვამ და არც კომფორტად. ჩემთვის ეს უფრო პიროვნული განვითარების ღერძია, რომელიც იცავს ადამიანებს გზიდან გადაცდომისგან ნებისმიერ – პირად თუ საქმიან ურთიერთობებში.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

LIMONATI BY BORJOMI - ნამდვილი ქართული ლიმონათი, მხოლოდ ბორჯომისგან

"ბორჯომი" სასმელების ახალ კატეგორიაში შედის