Get All Access for $5/mo

პროდუქტიულობა, როგორც წარმატების ერთ-ერთი გარანტი სწრაფად მზარდი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა 85% დღეში 10-ზე მეტ საათს მუშაობს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

თუკი საკუთარ ცხოვრებასა და ირგვლივ მყოფ საზოგადოებას გადახედავთ, აბსოლუტურად დარწმუნდებით, რომ კაცობრიობას ამდენი მოფუსფუსე ადამიანი არ ახსოვს. ჩვენი დილა იწყება შეხვედრებზე, შეუმოწმებელ შეტყობინებებსა და გასახორციელებელ ზარებზე ფიქრით. ასევე იმ საქმეების გონებაში ამოტივტივებით, რომლებიც გუშინ უნდა გაგვეკეთებინა. დრო, რომელსაც ოჯახს ვუთმობთ, შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: ელ.ფოსტის შემოწმება და პარალელურად მეუღლის მონოლოგის მოსმენა, თუ როგორი ამაღელვებელი იყო თქვენი შვილის დებიუტი საახალწლო ზეიმზე.

ყველა ანტრეპრენერმა ზუსტად იცის, რომ გასაკეთებელ საქმეთა სია იშვიათად თავისუფლდება. სწრაფად მზარდი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა 85% დღეში 10-ზე მეტ საათს მუშაობს.

ნამდვილი ანტრეპრენერები არასოდეს ითვლიან საათებს, თუმცა ყურადღებას აქცევენ გაკეთებულ საქმეებს. ნაყოფიერად მუშაობის უნარი არის ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელსაც სასურველ შედეგამდე მივყავართ. პროდუქტიულობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორისაა: მოტივაცია, წვრთნა, სამუშაო გარემო, სხვა ადამიანების მხარდაჭერა, დროის მენეჯმენტი და გონიერება.

აღქმა იმისა, ვმუშაობთ თუ არა ნაყოფიერად, ძალიან სუბიექტურია. "თუ გასაკეთებელი მაქვს 10 საქმე და დღის ბოლოს გავაკეთე მხოლოდ 5, ვითრგუნები", − ამბობს კომპანია Redcom-ის პრეზიდენტი, გრეგორი რედინგტონი, − "ხოლო თუ 5 საქმე მაქვს და ყველას შევასრულებ, თავს პროდუქტიულად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზუსტად ის 5 საქმე იქნება".

როცა ვაცნობიერებთ, რომ დღეში არსებული 24 საათი გეგმების სრულფასოვნად შესასრულებლად არასაკმარისია, მაშინ დროა ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას ყურადღებით გავეცნოთ.

რატომ ხდება, რომ ზოგ საკითხს სამომავლოდ განსახილველად "გავიმეტებთ" ხოლმე?

საქმის გადადება სპეციფიკური მახასიათებელია ატრეპრენერებისთვის, რომელთაც ხანდახან არ აქვთ საკმარისი გამოცდილება ან ცოდნა პრობლემის მოსაგვარებლად. ხშირად ეს მორალურ დამარცხებასა და სურვილის ნაკლებობასთან ასოცირდება. ფსიქოლოგიის პროფესორი ტიმოთი ფაიჩილი გვირჩევს, რომ თუკი გვესმის რა ახდენს ჩვენს მოტივირებას, თუკი შეგნებულად გავიაზრებთ მიზეზს, რატომაც გადავავადებთ ხოლმე საქმეებს, მაშინ აუცილებლად დავიწყებთ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვას, ანუ მოქმედებას.

ყურადღება გაამახვილეთ პროგრესზე და არა გასაკეთებელი საქმეების რაოდენობაზე

პროდუქტიულობის აღმწერი ერთ-ერთი კომპანიის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, უმეტესწილად ადამიანთა მიერ ჩამოწერილ სიაში, გასაკეთებელი საქმეების მხოლოდ ნახევარი შეიძლება შესრულდეს ერთ დღეში. ეს კი პრობლემაა, რადგან ენერგიული, მოტივირებული პიროვნებები უფრო პროდუქტიულები არიან, ვიდრე იმედგაცრუებულები. და რა შეიძლება იყოს უფრო მეტად მოტივაციის დამქვეითებელი, ვიდრე თქვენს დღიურში არსებული შეუსრულებელი საქმეების სია?

დააწესეთ გამიზნული შესვენება

შეიძლება ეს ყველაფერი პარადოქსულად მოგეჩვენოთ, თუმცა გამიზნული შესვენებების გამოყენება აუცილებლად დაგეხმარებათ კონცენტრაციის გაუმჯობესებაში. კვლევები აჩვენებს, რომ მცირე შესვენებებით სარგებლობა ადამიანებს ეხმარება შეინარჩუნონ პროდუქტიულობა და პირიქით.

დაიმახსოვრეთ "ორი წუთის კანონი"

ანტრეპრენერი სტივ ოლენსკი გვირჩევს, რომ დავნერგოთ "ორი წუთის კანონი", რომლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუკი მუშაობის დროს ხვდებით, რომ გარკვეული საქმე შეიძლება ორ წუთში გააკეთოთ, მაშინ დროა იმოქმედოთ. ოლენსკის მიხედვით, ასეთი საქმეების დაუყოვნებლივ შესრულება უფრო ნაკლებ დროს წაიღებს, ვიდრე მაშინ, როცა მოგვიანებით მიუბრუნდებით.

შექმენით თქვენი გარემო ოფისში

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა დადგენილია, რომ ოფისის ისე მოწყობა, რომ გარემომ ესთეტიკური სიამოვნება გამოიწვიოს, პროდუქტიულობის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორია. განათავსეთ თქვენს ირგვლივ მცენარეები, სურათები ან სხვა ისეთი რამ, რასაც სახეზე ღიმილის გამოწვევა შეუძლია.

შეამცირეთ ხელისშემშლელი ფაქტორები (რამდენადაც შესაძლებელია)

კოლეგა, რომელიც მოკლე საუბრისთვის შემოირბენს თქვენს ოთახში, შესაძლოა პრობლემის გამომწვევად ნაკლებად მიიჩნიოთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას აქვს გავლენა პროდუქტიულობაზე − თანაც მხოლოდ უარყოფითი. ხელისშემშლელი ფაქტორების შემცირება შეიძლება გულისხმობდეს ოფისის კარის დახურვას, დროებით განმარტოებას ან შინიდან მუშაობას ისეთ პროექტებზე, რომლებიც სწრაფ დაგეგმვას საჭიროებს.

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტიულობის ზრდის ხრიკები უამრავია, უმთავრესი ალბათ ჩვენი აღქმაა, რომ შეგვიძლია ნაყოფიერი მუშაობა, რომ ვაფასებთ ჩვენს ძალისხმევას, უნარებს. ეს ყველაფერი კი, ვფიქრობ, მომავალში საქმეების იოლად შესრულების გარანტი იქნება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს