Get All Access for $5/mo

რა არის თქვენი საყრდენი პანდემიის დროს? 4 მთავარი ნაბიჯი სტარტაპებისთვის კატასტროფის გადასატანად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

მაშინ, 2008 წელს, სრულიად ბედნიერი, წარმატებულ სარეკლამო-ტექნოლოგიურ ბიზნესს ვმართავდი – ზუსტად იმ დღემდე, ვიდრე ეკონომიკა დაეცემოდა. იმ დილით გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი საფოსტო ყუთი გადავსებული იყო, საკუთარი კლიენტების დაახლოებით 50 პროცენტი მწერდა, რომ ჩემი მომსახურებით აღარ ისარგებლებდა. სულ მალე ათობით ჭკვიანი, შრომისმოყვარე თანამშრომლის გათავისუფლება და ჩემი ოფისის გადატანა მომიხდა ფარდულში, რამდენიმე გადარჩენილთან ერთად და გარდა ამისა, ჩემი ოჯახის, სახლის დატოვებაც, და ცოლთან ერთად ერთოთახიან ნესტიან ბინაში გადასვლაც. არც ჩემთვის მქონდა ფული და არც დარჩენილი თანამშრომლებისთვის ხელფასის გადასახდელად, შაბათ-კვირას ავეჯს ვარემონტებდი და ეზოში ვყიდდი, რომ როგორღაც გამეტანა თავი.

სამწუხაროდ, ბევრი სტარტაპი ახლა უყურებს პირდაპირ თვალებში ისეთ კრიზისს, რომელთან შედარებით არაფერია ის, რაც დოტკომების კრახის ან დიდი რეცესიის დროს მინახავს. დამფუძნებლებს წარსულის ეკონომიკურ კატასტროფებზე სწავლა და კრიზისების მართვის სფეროში გაცილებით ღრმად მოუწევთ გარკვევა, რათა კომპანიები პანდემიას გადაურჩნენ და თან, ბევრი თანამშრომლის გათავისუფლების გარეშე.

სამწუხაროდ, წარმატებული ბიზნესის მართვისას შეძენილი უნარები არ არის გარანტია იმისა, რომ კატასტროფებს გაუმკლავდებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზღვის სელაპებთან, მფრინავ გამანადგურებლებთან და საბრძოლო ხომალდის კაპიტანთანაც კი მქონდა საუბრები იმის დასადგენად, თუ როგორ ასწავლიან ისინი თავიანთ ხალხს გაუთვალისწინებელ კატასტროფებთან გამკლავებას, და აღმოვაჩინე, რომ არსებობს ოთხი საკვანძო ნაბიჯი, რომლებიც ყველა ორგანიზაციამ უნდა გადადგას, დიდი კრიზისის დროს თავის გადასარჩენად:

1. შეაჩერეთ სისხლდენა

უპირველესად, ზარალი უნდა შეაფასოთ: რომელი კლიენტები დაკარგეთ სამუდამოდ და რომელთა დაბრუნებას მოახერხებთ? რომელი მათგანი ყოყმანობს და რომელთა დარწმუნებაა საჭირო, რომ თქვენთან დარჩნენ?

კიდევ რა სახის პრობლემებს ეჯახებით? მნიშვნელოვან მომწოდებლებს სერიოზული პრობლემები ხომ არ აქვთ ამ კრიზისის გამო, ან თქვენი სადისტრიბუციო კონვეიერი ხომ არ დაიშალა? თქვენი მარკეტინგული და გაყიდვების მიმართულებები უწინდებურად იმუშავებენ თუ არა იმ ეპოქაში, სადაც ყველგან ყველაფერი დაბლოკილია, თუ ახალი მიდგომა გჭირდებათ?

როგორც კი დაადგენთ, რა არის დაზიანებული, ყველაფერი გააკეთეთ, რაც სტაბილიზაციაში და სისხლდენის შეჩერებაში დაგეხმარებათ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გამოასწოროთ, მაგრამ მოქმედებაზე დაუყოვნებლივ უნდა გადახვიდეთ, მკვეთრი ნაბიჯები გადადგათ, რათა ვითარების გაუარესება არ დაუშვათ. როგორც კი ეს "ხანძრები ჩაქრება", "ნანგრევებსაც" დაინახავთ და იმასაც დაადგენთ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ უკეთ ყველაფერი.

2. იპოვეთ თქვენი საყრდენი კრიზისის დროს

ეს კრიტიკული მომენტია: როგორც კი ღია ჭრილობებს შეიხვევთ, უნდა შეჩერდეთ, ამოისუნთქოთ და დაფიქრდეთ, როგორ უნდა გააგრძელოთ გზა. ბოლოსდაბოლოს, თქვენ ისევ გყავთ კლიენტები, ნიჭიერი თანამშრომლები და აქტივებიც გაქვთ. როგორ უნდა გამოიყენოთ ეს რესურსები ახლებურად? როგორ უნდა მოიძიოთ და დანერგოთ ახალი ტექნოლოგიები? როგორ უნდა გააკეთოთ ყველაფერი სხვაგვარად დღეს, რათა შემოსავალი წყაროსავით მოედინებოდეს, თქვენი თანამშრომლები დასაქმებულები იყვნენ, თქვენი კლიენტები აქტიურად ჩართულნი, ხოლო დაინტერესებული მხარეები და ინვესტორები გვერდით გყავდეთ?

ამ ყველაფრის დასადგენად, სრულიად ახლებურად უნდა შეხედოთ თქვენს გუნდს, თქვენს მომხმარებლებს და სამყაროს თქვენ გარშემო. ბაზარს ნებისმიერი კრიზისი ცვლის. საინტერესოა, თქვენი ახალი ბაზარი როგორია? უნდა დაადგინოთ, როგორ შეიცვალა სამყარო, რომ საკუთარი ადგილი იპოვოთ მასში. კარგი ამბავია ის, რომ როდესაც მოდელის შეცვლის რეჟიმზე გადახვალთ, ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემის გავლენის ქვეშ მოექცეთ, საკუთარ თავზე აიღებთ ამ პროცესზე პასუხისმგებლობას და ხელმძღვანელობას დაიწყებთ.

3. გამოიყენეთ შესაძლებლობა

მას შემდეგ, რაც დაადგენთ, თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ორგანიზაციის ბიზნესმოდელი, დროა, მის რეალიზებაზე დაიწყოთ ზრუნვა. ყველაზე უკეთ ამას ის ლიდერები ახერხებენ, რომლებმაც იციან, რომ თითოეულ კრიზისს რეალური შესაძლებლობები მოაქვს. ბოლოსდაბოლოს, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, სამყარო სულ სხვაგვარი გახდება, ხოლო წარსულსა და მომავალს მხოლოდ ის განასხვავებს, თუ სად წარმოიშვება შესაძლებლობები. კომპანიები, რომლებიც ამ შესაძლებლობებს დაინახავენ, გაცილებით მარტივად და სხვებზე ადრე გამოიყენებენ მათ, თავიანთ ინდუსტრიებს გაუძღვებიან, რადგან ეს კრიზისი უკვე დასასრულს უახლოვდება.

თუ წესრიგში გაქვთ პირველი ორი პუნქტი, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგ პოზიციაზე ხართ და იმ შესაძლებლობის გამოსაყენებლად უნდა იმოქმედოთ, რომელიც აღმოაჩინეთ. ბუნებრივია, ყოველი კრიზისი უამრავი პატარა კრიზისებისგან შედგება, და ვიდრე მოდელს შეიცვლით, ახალი ხანძრების განუწყვეტლივ ჩაქრობა და ახალი პრობლემების გადაწყვეტა მოგიწევთ. მაგრამ თუ მომავლის დეტალურ გეგმას შეადგენთ, პრიორიტეტების გამოყოფას, შეზღუდული რესურსების ეფექტურად მართვას და ნიადაგის მომზადებას შეძლებთ გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად.

4. დაუბრუნდით ბიზნესს

ბუნებრივია, როდესაც "ხანძრების ჩაქრობით" ხართ დაკავებული, დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოგეყოფათ, მაგრამ გარკვეულ მომენტებში გათვლილ მოქმედებებზეც უნდა გადახვიდეთ. და თუ ამას მეტისმეტად ადრე გააკეთებთ, ახალ სამყაროში გადარჩენას ან ადაპტირებას ვერ მოახერხებთ. მაგრამ, თუ მეტისმეტად გვიან შეეცდებით, თქვენი მოდელი არ იქნება მისი მხარდასაჭერი მყარი და კარგად გაანალიზებული საოპერაციო ინფრასტრუქტურა.

მთავარია გახსოვდეთ, რომ ბიზნესში დაბრუნება თანდათანობითი პროცესია, და თქვენი ბიზნესის სხვადასხვა ნაწილი სხვებზე ადრე დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს. მაგალითად, გაყიდვების გუნდებს შეუძლიათ გარიგებების დადების პროცესებს მაშინვე დაუბრუნდნენ, როგორც კი მათთვის სტრატეგიულ გეგმას დაამუშავებთ. მეორე მხრივ, თქვენს ფინანსურ გუნდებს შესაძლოა გაცილებით დიდი მომზადება დასჭირდეს, ვიდრე ახალ კაპიტალს მოიძიებენ ან ზარალს აიცილებენ თავიდან, რომელიც კრიზისის პირველ დღეებში მიადგათ. ქაოსის ასაცილებლად, უზომოდ მნიშვნელოვანია ამ რეალობის ფრთხილად მართვა, რომ თქვენს გუნდს იქამდე არ აიძულოთ გაქცევა, ვიდრე ისინი სიარულს ისწავლიან.

არც პანიკა და არც სასოწარკვეთილება

პანიკაში ან სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა ადვილია, როდესაც ხედავ, თითქოს ცა გემხობა თავზე, მაგრამ მე აქ ვარ, რომ მნიშვნელოვანი რამ გითხრათ: თუ თქვენ სწორად გაათამაშებთ თქვენს ბანქოს ქაღალდებს, პრაქტიკულად ნებისმიერ კრიზისში გადარჩენასაც შეძლებთ და წარმატების მოპოვებასაც. ბოლოსდაბოლოს, მე თითქმის ათობით სტარტაპის ხელმძღვანელი ვიყავი, და არასოდეს მინახავს, კომპანიის გაშვება ზუსტად გეგმის მიხედვით მომხდარიყოს. არავის უნდა, რაიმე არასწორად წავიდეს, მაგრამ ხშირად დაბრკოლებები დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ, თუ რა ხდის თქვენს კომპანიას ასე განსაკუთრებულს, ხოლო იძულებით შემოვლითი გზები კი, საბოლოოდ გრძელვადიან წარმატებამდე მიგიყვანთ.

ეს არ ნიშნავს იმის თქმას, რომ მომავალი თვეები წარმოუდგენლად რთული არ იქნება ბიზნესისთვის. მაგრამ თუ სერიოზულად შეხედავთ კრიზისების მართვას, სწორ პრიორიტეტებს დაისახავთ და შესაბამისად იმოქმედებთ, შესაძლოა გაცილებით ძლიერი, მოქნილი და შემოსავლიანი ბიზნესით აღმოჩნდეთ მეორე მხარეს. ეს ყველაფერი სწორად გაიგეთ, წარმატების მისაღწევადაც იქნებით მზად, ასევე დარწმუნებულიც, რომ ყველაფერთან შეძლებთ გამკლავებას, რასაც მომავალი შემოგთავაზებთ. "

ტექნოლოგიური ტრენდები

როგორ იქცა "სილიკონ ველი" სამოთხედ ანტრეპრენერთათვის

იცოდით, რომ "სილიკონ ველიში" 180 ათასი მილიონერი ცხოვრობს?

როგორ დავიწყო ბიზნესი

10 საკითხი, რომლებიც აუცილებლად უნდა განუმარტოთ ინვესტორებს

თუ პოტენციური ინვესტორების გაოცება გსურთ, ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოთ