Get All Access for $5/mo

რა გავლენას მოახდენს Covid-19 ანტრეპრენერთა მომავალ თაობაზე? Covid-19-მა ბიზნესის წარმოების წესი შეცვალა და სავარაუდოდ, ამას გრძელვადიანი შედეგები ექნება.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

Covid-19-მა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ინოვაციების მთელ ტალღას შეუწყო ხელი ანტრეპრენერობის სამყაროში. მკვლევრებმა და ანტრეპრენერებმა მომხმარებლებისა და ორგანიზაციების მომავლის შექმნას მიუძღვნეს თავიანთი ცხოვრება. Covid-19 კრიზისის დასასრულებლად, დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო კვლევებს იმ მნიშვნელოვან რისკთან ერთად, რომელსაც ანტრეპრენერები საკუთარ თავზე იღებენ, და პანდემიის შემდგომ სამყაროში ადაპტირების ახალი მეთოდების შესაქმნელად.

მიუხედავად იმისა, რომ ანტრეპრენერები ოპტიმისტები და სტაბილურები არიან, პანდემია მათგან ბიზნესმიდგომის შეცვლას მოითხოვს და თან − ათი წლით ადრე. შესაძლოა, ზოგიერთი ბიზნესი მკვეთრად დაეცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პანდემიასთან დაკავშირებული სხვა ელემენტები ანტრეპრენერთა მომავალ თაობას ჩამოაყალიბებს.

ეკონომიკური ვარდნა

Covid-მა მკვეთრი გავლენა მოახდინა ხანდაზმულ მოსახლეობაზე, და გლობალური ეკონომიკაც შეაზანზარა. Covid-ის პანდემიამდე 158 მილიონი ამერიკელი იყო დასაქმებული. ბევრ ადამიანს არ შეუძლია აქტიურად ეძებოს სამუშაო იმის გამო, რომ სოციალური დისტანცირების წესები ჯერ კიდევ ძალაშია. ამჟამად 30 მილიონზე მეტ ამერიკელს არ აქვს სამუშაო.

კიდევ ერთი ეკონომიკური პრობლემა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დავინახეთ, პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების ჯაჭვია. ჩვენი კომპონენტების უმრავლესობა ჩინეთიდან მოდის, სადაც პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა მასალების დინება. მარაგების სიმცირემ შოკში ჩააგდო ჩვენი ეკონომიკა და შესაძლოა ამას გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს.

კომპანიები, რომლებიც Covid-მა დააზარალა

ბევრმა დიდმა სექტორმა თავისი საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. მათ შორის შემდეგი კომპანიებიცაა:

  • Uber – Covid-პანდემიის გავრცელების შემდეგ, $2.9 მილიარდი დაკარგა. კომპანიამ 3000 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან და 80%-ით შეამცირა ერთობლივი მგზავრობის მოცულობის წილი.
  • Airbnb − Financial Times-ის თანახმად, Airbnb-ის საბაზრო ღირებულება 16%-ით − $31 მილიარდიდან $26 მილიარდამდე შემცირდა. მათ დაახლოებით 1900 თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურიდან და Covid-თან დაკავშირებულ პრობლემებთან განაგრძობენ ბრძოლას.
  • Victoria's Secret − გაყიდვები 46%-ით შემცირდა და კომპანიამ განაცხადა, რომ 250-ზე მეტ მაღაზიას დახურავდა აშშ-სა და კანადაში. მათ ასევე დაახლოებით 850 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებაც გააკეთეს განაცხადი.

ეკონომიკის დადებითი ასპექტები Covid-ის პანდემიის დროს და მის შემდგომ პერიოდში

შესაძლოა თუ არა რაიმე დადებითი შედეგები ჰქონდეს საზოგადოებისა და ბიზნესსამყაროსთვის Covid-ის პანდემიას და მის შემდგომ პერიოდს? ნამდვილად შეიძლება, და ბევრი რამ პირდაპირ ჩვენ თვალწინ ხდება.

კრიზისულ პერიოდებში ადამიანებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კავშირების შენარჩუნებას. კომპანიები მთელ მსოფლიოში გაერთიანდნენ, რათა თავის საზოგადოებას ისე ემსახურონ, როგორც არასდროს. ფიზიკური დისტანცირების წესების მიუხედავად, ანტრეპრენერებმა პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები აღმოაჩინეს. ბიზნესლიდერებმა, მკვლევრებმა და მეცნიერებმა, დიდი ტრაგედიის დროსაც კი შეძლეს ურთიერთობების გამყარება.

სპირტიანი სასმელების მწარმოებელ ქარხნებში სადეზინფექციო საშუალებების დამზადება ხდება ჯანდაცვის მუშაკებისთვის. დიზაინერებმა პირადი დაცვის საშუალებები, ხალათები და ნიღბები შექმნეს. გარკვეულმა ადამიანებმა თანხების შეგროვების გვერდებს გაუკეთეს ორგანიზება მათთვის, ვისაც პრობლემები აქვს ან სამსახური არ გააჩნია. ნამდვილი სასწაულია, სხვა ვერაფერს იტყვი, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე თანამშრომლობისა და სხვათა დასახმარებლად ხდება.

დისტანციური მუშაობა ახალი ნორმა გახდა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს საკუთარი სახლებიდან კომფორტულად იმუშაონ. ნამდვილად უნდა აღინიშნოს ორგანიზაციების ადაპტირების უნარი, რომლებმაც რამდენიმე დღეში შეძლეს ვირტუალურ რეჟიმზე გადასვლა.

ტექნოლოგიების განვითარებამ სოციალური კავშირების შენარჩუნება უზრუნველყო. შეხვედრები კომუნიკაციის ისეთი ვირტუალური ფორმებით შეიცვალა, როგორიცაა Skype და Zoom.

მაგრამ ხომ არ შეცვლის პანდემია ანტრეპრენერობის განვითარების ტემპს? კარლ ულრიხი, პენსილვანიის უორტონის უნივერსიტეტის პროფესორი და ვიცე-დეკანი ანტრეპრენერობისა და ინოვაციების საკითხებში, ამბობს, რომ "შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ, მზად არიან დასახმარებლად და უდავოა, რომ ეს ანტრეპრენერული იმპულსია, რომელიც ამ მცდელობათაგან ზოგიერთი ბიზნესის შექმნაში გადაიზრდება".

გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Uber Eats, Door Dash და Chewy.com და ამით სამუშაო ადგილების შექმნა შეძლეს მათთვის, ვისაც სავარაუდოდ სირთულეები ჰქონდა. სხვა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორიცაა Google, Apple და Amazon ინტერნეტის ინტერფეისების გამოყენება დააჩქარეს და ასევე სამუშაო ადგილები უზრუნველყვეს მათთვის, ვინც შესაძლოა უმუშევარია ან მეორე სამუშაოს ეძებს.

ახალგაზრდა ანტრეპრენერები დღეს ახალ რეალობას შეეჯახნენ, რაც საბოლოოდ მათ გაცილებით შეუპოვრებს გახდის. წარმატებული კომპანიები, როგორიცაა Airbnb, Slack, Venmo და Square, 2008 წლის ეკონომიკური რეცესიის შედეგად გაჩნდნენ. სავარაუდოდ იმასაც დავინახავთ, რომ ჩვენი ახლანდელი პანდემიის გამო, კიდევ ბევრი ორგანიზაცია დაიბადება, რომელიც ცხოვრებას შეცვლის.

ანტრეპრენერების შემდეგი თაობა

ანტრეპრენერები არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ შესაძლებლობებს, იყენებენ მათ და დადებით სოციალურ ცვლილებებს უწყობენ ხელს. პანდემიამ ბიზნესის სრულიად ახალი კატეგორიების გამოჩენას შეუწყო ხელი. ორგანიზაციები, რომლებიც მომხდარი ცვლილებების გამოყენებას გადაწყვეტენ, წარმატებას მიაღწევენ, ხოლო მათ, ვინც ამას არ გააკეთებს, წარუმატებლობა ელით.

ალბათ, ყველაზე გადამწყვეტი როლი, რომელსაც ანტრეპრენერები კრიზისის დროს ასრულებენ, არის ის, რომ ისინი ყველას აგრძნობინებენ თავის ერთგულებას და იმასაც, რომ მზად არიან ხელი შეუწყონ ჩვენი საზოგადოების გრძელვადიან სტაბილურობას. ის, რაც პანდემიის დროს მოხდა, კიდევ დიდხანს მოახდენს ზეგავლენას ჩვენს საზოგადოებაზე. თუმცა, ანტრეპრენერულმა ინიციატივამ და მეცნიერთა თავდადებამ მთელ მსოფლიოს ჩაუსახა იმედი და შესაძლოა, ანტრეპრენერების მომავალ თაობას ჩაუყაროს საფუძველი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ