Get All Access for $5/mo

რატომ ვერ ამართლებენ სტარტაპები? მთელ მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ყოველწლიურად უამრავი სტარტაპკომპანია იწყებს და მალევე წყვეტს არსებობას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად იმატა სტარტაპკომპანიების რიცხვმა. ჩემს, და ალბათ თქვენს გარშემოც უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი აფუძნებს სტარტაპკომპანიას და ცდილობს თავისი ცოდნა და უნარები საკუთარ საქმეს მოახმაროს. სანამ თემას გავაგრძელებ, აქვე მინდა განვმარტო, რა სხვაობაა მცირე ბიზნესსა და სტარტაპკომპანიას შორის, რადგან არაერთხელ შემინიშნავს, რომ ქართულ რეალობაში კარგად გაგებული არ არის ეს განსხვავება და ნებისმიერ მცირე მასშტაბის ბიზნესსაქმიანობას სტარტაპს უწოდებენ ხოლმე.

მთავარი სხვაობა ამ ორ კონცეფციას შორის არის ის, რომ მცირე ბიზნესის მიზანია არცთუ დიდი, მაგრამ სტაბილური შემოსავლის გრძელვადიანად გენერირება. სტარტაპკომპანია კი, თავის მხრივ, ქმნის ინოვაციურ, განსხვავებულ პროდუქტს, რომელსაც დამატებითი ღირებულების მოტანა შეუძლია მომხმარებლისთვის და შესაბამისად, მოკლე ვადაში სწრაფ განვითარებაზე და მზარდ შემოსავალზეა ორიენტირებული. მთელ მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ყოველწლიურად უამრავი სტარტაპკომპანია იწყებს და სამწუხაროდ, მალევე წყვეტს არსებობას; ვფიქრობ, საინტერესოა ჩავუღრმავდეთ და გავაანალიზოთ მიზეზები, თუ რატომ ვერ ამართლებენ სტარტაპები და რომელია ის ძირითადი შეცდომები, ბევრი ანტრეპრენერი რომ უშვებს.

მიზეზი #1: პროდუქტი არ არის საინტერესო

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტარტაპკომპანიები ქმნიან ინოვაციურ, განსხვავებულ პროდუქტს ან მომსახურებას, რომლის მიზანი მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების მოტანაა. მარტივად რომ ვთქვათ, ისეთ სარგებელს აძლევს მომხმარებელს, როგორსაც ვერცერთი ბაზარზე არსებული პროდუქტი ან სერვისი. სწორედ ამ მოცემულობის გამო, მცირე ბიზნესთან შედარებით, რომელიც ტრადიციულ და ბაზარზე მრავალჯერ გამოცდილ პროდუქტს/სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, სტარტაპკომპანიები ბევრად უფრო რისკავენ, რადგან ქმნიან ახალს, და იმის ალბათობაც, რომ მათ მიერ შემოთავაზებული სიახლე არ გაამართლებს, გაცილებით დიდია. ხშირად სტარტაპკომპანიის წარუმატებლობას მიაწერენ ხოლმე ისეთ მიზეზებს, როგორიც ფინანსური რესურსების ნაკლებობა ან საქმის არაეფექტური მართვაა, თუმცა რეალურად მიზეზი სწორედაც რომ პროდუქტია, ანუ უშუალოდ პროდუქტი არ არის სასურველი და საინტერესო მომხმარებლისთვის, ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, ინოვაციურია, მაგრამ მომხმარებლისთვის გამოსაყენებლად უვარგისი და უსარგებლოა შინაარსით თუ ფუნქციებით.

მიზეზი #2: პროდუქტი არ არის დროული

დრო, როგორც ყველაფერ დანარჩენში, სტარტაპის შემთხვევაშიც უდიდეს როლს თამაშობს. შესაძლებელია ინოვაციური პროდუქტი ძალიან კარგი იყოს კონცეპტუალურად, მაგრამ სტარტაპკომპანიამ ზედმეტად ადრე წარადგინოს ბაზარზე და მომხმარებელი არ აღმოჩნდეს მზად ამ პროდუქტისთვის. შესაბამისად, გაიყიდოს ცოტა და ის ფინანსური მოლოდინი ვერ გაამართლოს, რომელიც კომპანიას ჰქონდა. ან სულაც პირიქით – სტარტაპმა დააგვიანოს პროდუქტის შექმნა, ბაზარზე გატანა, და ის მოთხოვნა ან საჭიროება, რომელსაც ეს პროდუქტი აკმაყოფილებს, აღარ არსებობდეს ან უკვე ჩანაცვლებული ჰქონდეთ სხვა არსებულ პროდუქტებს ან სერვისებს. სწორი პროდუქტი სწორ დროს და სწორ ადგილას – ეს არის წარმატების საწინდარი.

მიზეზი #3: სტარტაპერებს არ ჰყოფნით ცოდნა და გამოცდილება

როგორც წესი, საქართველოში სტარტაპკომპანიებს ახალგაზრდა ადამიანები აარსებენ, რომელთაგან ზოგიერთს სხვადასხვა კომპანიაში დაგროვილი ამა თუ იმ სახის სამუშაო გამოცდილება აქვს, ბევრიც სრულიად გამოუცდელია და პირველ კარიერულ ნაბიჯებს საკუთარი სტარტაპის შექმნით დგამს. სამწუხაროდ, მხოლოდ შემოქმედებითობა და რისკიანობა არაა საკმარისი წარმატებისთვის. სტარტაპის შექმნას და ეფექტურ მართვას როგორც ცხოვრებისეული, ასევე ბიზნესგამოცდილება და უნარები ესაჭიროება. მხოლოდ კარგი იდეა არაა საკმარისი – უნდა იცოდე, ეს იდეა როგორ განახორციელო ისე, რომ ფინანსურად მომგებიანი იყოს, და როგორ მიიტანო მომხმარებლამდე ისე, რომ შენი ინოვაციური პროდუქტის უპირატესობები დაანახო და ყიდვა მოანდომო. მარტივად რომ ვთქვა, სტარტაპერს ფინანსების, მარკეტინგისა და ბიზნესის მართვის საკმარისი ცოდნა უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ უნარების ნაკლებობითაა ხშირად სტარტაპკომპანიის წარუმატებლობა და გაკოტრება განპირობებული.

მიზეზი #4: სტარტაპერებს უქრებათ ინტერესი და ენთუზიაზმი

სტარტაპკომპანიის დამფუძნებლებს ხშირად სტრესის თანხლებით უწევთ მუშაობა, განსაკუთრებით – საწყის ეტაპზე. ახლად შექმნილ კომპანიაში ბევრი რამ ქაოსურია, ბიზნესპროცესები დასალაგებელია და სისტემა ასაწყობია. თანაც, როგორც წესი, ბიუჯეტი შეზღუდულია და უამრავი საქმის შეთავსება თავად დამფუძნებლებს უწევთ. სტარტაპი შექმნის დღიდან უდიდეს ძალისხმევას, შრომას, ყურადღებას და 24-საათიან სამუშაო რეჟიმს მოითხოვს დამფუძნებლებისგან. დამეთანხმებით, ეს ადვილი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ფინანსური სარგებელი შესაძლოა თვეების განმავლობაში მინიმალური იყოს, ან საერთოდ არ იყოს, სანამ ბიზნესი ფეხზე არ დადგება და მომგებიანი არ გახდება. ეს ყველაფერი საკმაოდ სტრესულია და დამფუძნებლებს მუდმივ ფსიქოლოგიურ წნეხში ამყოფებს, რამაც შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ ამ ადამიანთა გადაღლა და მათი მხრიდან საქმისადმი ინტერესისა და ენთუზიაზმის განელება გამოიწვიოს. როდესაც სტარტაპერი ინტერესსა და მონდომებას კარგავს, ეს ავტომატურად აისახება კომპანიის საქმიანობის ხარისხზე, რადგან სწორედ სტარტაპერი, თავისი ენთუზიაზმით, შთაგონებითა და თავგანწირული შრომით, წარმოადგენს სტარტაპის ძირითადად მამოძრავებელ ძალას წარმატებისკენ მიმავალ რთულ გზაზე.

მიზეზი #5: კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა გუნდში

ყველა სტარტაპის უკან დგას ადამიანთა გუნდი, რომელთა ერთობლივი მუშაობისა და გადაწყვეტილებების შედეგია ყველაფერი ის, რაც კომპანიაში ხდება – კარგიც და ცუდიც. რაც უნდა საინტერესო და ინოვაციურ პროდუქტს/სერვისს ყიდდეს სტარტაპი, რაც უნდა კარგი რეკლამა და გაყიდვების ქსელი, და რაც უნდა მძლავრი ფინანსური რესურსი ჰქონდეს, კომპანია ვერ იქნება წარმატებული, თუ მისი მმართველი გუნდი არ მუშაობს შეთანხმებულად საერთო მიზნის მისაღწევად. სტარტაპების შემთხვევაში, ხშირია დამფუძნებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ისეთ თემებზე, როგორიცაა მაგალითად, კომპანიის განვითარების სტრატეგია: ვინ რომელი საქმე უნდა ჩაიბაროს, რაში რამდენი ფული უნდა დაიხარჯოს და ზოგადად, რა არის უკეთესი კომპანიისთვის. როდესაც დამფუძნებლები ვერ ახერხებენ ასეთ ძირეულ საკითხებზე შეთანხმებას, წარმოიქმნება კონფლიქტური სიტუაციები და უსიამოვნება. გუნდი ვეღარ ახერხებს გამართულად მუშაობას და იშლება.

უნდა გვახსოვდეს, რომ კარგი იდეის მოფიქრებით და სტარტაპის დაარსებით, ყველაფერი მხოლოდ იწყება. მთავარ სირთულეს შექმნილი ბიზნესის სწორად წარმართვა და მისი განვითარება წარმოადგენს, რაც უამრავ ძალისხმევას, თავდაუზოგავ შრომას, გუნდურობას, საჭირო უნარებსა და საქმის თავგანწირულ სიყვარულს მოითხოვს სტარტაპერისგან, ამ ყველაფრის ერთობლიობა კი წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, რომლის გავლა ნამდვილად ღირს.

ნინა მენთეშაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი