Get All Access for $5/mo

როგორ შევამოწმოთ (გავტესტოთ) ბიზნესიდეა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
საქართველოშიც და მსოფლიოშიც სტარტაპების ბუმია. თუ ადრე ბავშვები კოსმონავტობაზე, ექიმობაზე ან ფეხბურთელობაზე ოცნებობდნენ, ახლა ბევრს ბიზნესმენობა და სტარტაპერობა უნდა. თუ ადრე ბიზნესის, მენეჯმენტის, მარკეტინგის და სხვა მონათესავე თუ არამონათესავე სპეციალობის სტუდენტები კარგ კომპანიაში, მაღალ ხელფასზე დასაქმებას ისახავდნენ მიზნად, ახლა ძალიან ბევრს საკუთარი ბიზნესი აქვს მიზნად.

მე, როგორც ერთ-ერთი წარმატებული პროექტის თანაავტორი, ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტით და ვფიქრობ, დღევანდელი სტარტაპები და ბრენდები ქვეყნის ხვალინდელ ეკონომიკაში თავიანთ სათქმელს იტყვიან. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ძნელია გაექცე რეალობას, რაზეც წინა სტატიებში მუდმივად ვამახვილებდი ყურადღებას − სტარტაპების ნახევარზე მეტი (დიახ, დაახლოებით 80% მაინც) მალევე ასრულებს არსებობას. მიზეზი ბევრია: შეცდომები მენეჯმენტში, ფინანსების არასწორი წარმართვა, ნაკლებად ხარისხიანი პროდუქტი ან სერვისი, კონკურენცია, ცუდი მარკეტინგი, ბრენდინგი და ა.შ. მაგრამ სტატისტიკურად, ბიზნესები ყველაზე ხშირად კარგი იდეის არქონის გამო ვერ ამართლებენ − უბრალოდ, ბაზარი ამ პროდუქტს/სერვისს არ იღებს.

ხშირად ადამიანები საკუთარი თავიდან ან გარემოდან გამომდინარე ვმსჯელობთ დანარჩენ სამყაროზე. სამწუხაროდ, თქვენი გენიალური იდეა, რეალობაში შესაძლოა არცთუ გენიალური აღმოჩნდეს, ან უბრალოდ კონკრეტულ ბაზარს არ მოერგოს, რის გამოც თქვენი დროისა და რესურსების ფუჭად დახარჯვა მოგიწევთ. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე გზა ბიზნესიდეის შესამოწმებლად. მოცემულ სტატიაში მსურს ვისაუბრო რამდენიმე ხერხზე, თუ როგორ შეიძლება გავტესტოთ იდეა.

1) ჩაატარეთ მცირე კვლევა, რამდენად გადაიხდიდნენ პოტენციური მომხმარებლები მსგავს პროდუქტში ან სერვისში ფულს

იდეის შესამოწმებლად საუკეთესო საშუალება კვლევაა. რა თქმა უნდა, ზუსტი შედეგების მისაღებად ფართომასშტაბიანი კვლევაა საჭირო, რომელსაც დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება, თუმცა შესაძლებელია კვლევის ონლაინრეჟიმში ჩატარება (Google Forms, Survey Monkey). მაქსიმალურად კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენი იდეის კონცეფცია, შემდეგ ჩამოწერეთ რაც შეიძლება ბევრი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ შედეგების გააზრებაში − ვინ იქნება თქვენი პოტენციური მომხმარებელი, რამდენად დაინტერესდებოდნენ მსგავსი პროდუქტის ან სერვისის შეძენაში, რა სიხშირით, რამდენს გადაიხდიდნენ, რომელი არხით (ონლაინ, ფიზიკური მაღაზია) ისურვებდნენ შეძენას და ა.შ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კვლევის მეორე და ძალიან ეფექტური მეთოდი − ფოკუსჯგუფი. შეკრიბეთ 15-20 კაციანი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება თქვენი სამიზნე აუდიტორიის მსგავსი ადამიანებით. ჩაიწერეთ საუბარი და დასვით რაც შეიძლება ბევრი შეკითხვა. მიეცით ნება აუდიტორიის წევრებს გამოხატონ აზრი ამ პროდუქტის/სერვისის შესახებ. დაიმახსოვრეთ: იდეის მოწონება არ ნიშნავს, რომ მომხმარებელი ამ იდეაში ფულს გადაიხდის, ამიტომ აქცენტი

გაამახვილეთ ამაზე და არა ზოგადად იდეაზე. მიღებული მასალა გადაამუშავეთ და ნახეთ, რამდენად ერგება თქვენს გეგმებს. ამისათვის, ასევე შეგიძლიათ ძალიან წარმატებით გამოიყენოთ Facebook-ის ჯგუფები.

2) ნახეთ, არსებობს თუ არა მსოფლიოში მსგავსი პროდუქტი ან სერვისი. რამდენად წარმატებულია, რა ეტაპები გაიარეს

თუ თქვენი იდეის მეტნაკლებად მსგავსი იდეა უკვე განახორციელა ვინმემ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გადახედეთ, რამდენად წარმატებულია ეს ბიზნესი, წაიკითხეთ ისტორია, თუ რა გზა გაიარეს. რა თქმა უნდა, თუ იდეა წარმატებულია სხვაგან, ეს არ ნიშნავს, რომ ასევე წარმატებული იქნება თქვენს ქვეყანაშიც, მაგრამ თუ უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება, ის აუცილებლად დაგეხმარებათ ჩამოყალიბებაში.

3) ნახეთ არსებულ ბაზარზე მსგავსი პროდუქტები/ სერვისები, შეისწავლეთ და შეაფასეთ მათი ბიზნესი

შესაძლოა ბაზარზე უკვე არსებობდეს მსგავსი ბიზნესები. დიდი ალბათობით, თავიანთი ნებით კორპორაციულ ინფორმაციას არ გაგიზიარებენ და თქვენც არ გაუზიარებთ თქვენს ბიზნესიდეას, მაგრამ შეგიძლიათ დააკვირდეთ და შეისწავლოთ, როგორ განვითარდნენ, რა გზები გაიარეს, რითი ჰგავს და რა განასხვავებს თქვენს კონცეფციას.

4) შექმენით პროდუქტის/სერვისის პროტოტიპი, გააცანით პოტენციურ მომხმარებლებს, გაიგეთ მათი აზრი

თუ არის ამის საშუალება, აუცილებლად შექმენით პროდუქტის/სერვისის პროტოტიპი, თუნდაც ერთი ეგზემპლარი, ან ჩანახატი და აჩვენეთ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს, გაიგეთ რამდენად გადაიხდიდნენ ფულს ამ პროდუქტში. ასევე, შეგიძლიათ მიკროსაიტის და ე.წ. ვიდეოთიზერის გადაღება, სადაც ხალხს გააცნობთ ინფორმაციას პროდუქტის/ სერვისის შესახებ. ეს ვიდეო შეგიძლიათ სოციალური მედიით გააგრძელოთ და დააკვირდეთ ხალხის რეაქციას, დაინტერესდებიან თუ არა.

5) დასვით ძალიან ბევრი შეკითხვა

დაუსვით საკუთარ თავს ძალიან ბევრი შეკითხვა თქვენი იდეის შესახებ: რატომ არის თქვენი იდეა უნიკალური? რითი განსხვავდება სხვა, მსგავსი ბიზნესებისგან? თუ არ განსხვავდება, რამდენად გაქვთ საშუალება იყოთ კონკურენტულები? რამდენად გაჯერებულია ბაზარი მსგავსი პროდუქტით? რამდენად აიტაცებს ხალხი თქვენს იდეას? აგვარებს თქვენი ბიზნესიდეა მომხმარებლის პრობლემას? ზედმეტად ჩახლართული და გაუგებარი ხომ არ არის? რამდენად მომგებიანი იქნება? მოთხოვნის შემთხვევაში, მიწოდების პრობლემა ხომ არ მექნება? რა არხებით და როგორ გავყიდი?

დაბოლოს, დაიმახსოვრეთ, რომ იდეის შემოწმება მაინც კონცეფციის დონეზე ხდება. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც კვლევისა და გამოცდილების მიუხედავად, უამრავი პროდუქტი ჩავარდნილა. მაგალითად, "მაკდონალდსის" პიცა და ჰოთდოგი, Google-ის "ჭკვიანი" სათვალე, "კოკა- კოლას" New Coke და ა.შ.

რეზი ბესელაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი