როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? მედეა ტაბატაძე − კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია "ინსორსის" მენეჯერი
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ოდესმე გიფიქრიათ, რომ დღის განმავლობაში საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, არც კვირაში 7 და წელიწადში 365 დღე გყოფნით?
იმისათვის, რომ მსგავსი განცდები თავიდან აირიდოთ, საჭიროა დროის ეფექტიანი მართვა სცადოთ. დროის მენეჯმენტი ერთგვარი პროცესია, რომელიც გეხმარება სხვადასხვა აქტივობა საკუთარ დროზე გადაანაწილო, თანაც ისე, რომ ნაკლებ დროში მეტი შედეგი დადო, მაშინაც კი, თუ დროში შეზღუდული ხარ და ძლიერ ზემოქმედებას განიცდი. დროის ეფექტიანი მართვა მეტ პროდუქტიულობასა და ნაკლებ სტრესს გულისხმობს, ხშირ შემთხვევაში კი კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.
ალბათ ბევრი გსმენიათ დროის მართვის ისეთი ზოგადი ტექნიკების შესახებ, როგორებიცაა დაგეგმვა, ჩანაწერების გაკეთება, საქმეების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება და სხვა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ადამიანები მაინც საკუთარი უნიკალური კომბინაციის შექმნისკენ მიისწრაფვიან. Entrepreneur დროის მართვაზე კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია "ინსორსის" მენეჯერს მედეა ტაბატაძეს ესაუბრა.
ჩემს პროდუქტიულობაზე დროის მართვას ძალიან დიდი გავლენა აქვს − მიმდინარე პერიოდში სამუშაოს გარდა მაქვს სასწავლო აქტივობები, რაც მოითხოვს პირადი ცხოვრების, სწავლების დროისა და სამუშაო დროის წინასწარ დაგეგმვას, გამიჯვნასა და მართვას.
ძირითადად, წინასწარ ვგეგმავ და ვიცი, რამდენი საათი დამჭირდება ძირითადი და დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად; რამდენი საათი დამჭირდება სწავლისთვის. ხანდახან ხდება, რომ ეს დროითი საზღვრები მერღვევა, მაგრამ მომდევნო დღეს აუცილებლად ვასწორებ. ვფიქრობ, დედლაინების დაცვა მნიშვნელოვანია, მუდმივად გრაფიკითა და დედლაინებით ცხოვრება კი რთული. დატვირთულ გრაფიკსა და სამუშოებს დისციპლინა სჭირდება. როდესაც დატვირთული პერიოდი არ მაქვს, მაინც ვცდილობ დრო არ გავფლანგო და გავაკეთო ის, რაც მაინტერესებს. 12-იდან 7 თვე ღამის 11-საათიდან მიწევს მუშაობა, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაკონტროლო დრო, რათა ენერგიის აღდგენაც მოვასწრო და ჯანმრთელობასაც დიდი ზიანი არ მივაყენო.
დროის მახეში რომ არ გავება, ძირითადად კარგად ნაცად ხერხებს ვიყენებ − "მკაცრი გრაფიკი" მაქვს ყველაფრისთვის, წინასწარ ვიცი და ვემზადები კიდეც, როდის იწყება და სრულდება სამუშაო საათი. რა დრო უნდა წაიღოს სიახლეების გაცნობამ, პროფესიული სიახლეების წაკითხვამ თუ უცხო ენაში მეცადინეობამ? − საშუალოდ, მინიმუმ თითო საათი დღეში.
შაბათ-კვირას "ციფრული დიეტის დღეები" მაქვს: ამ დროს არცერთ აპლიკაციას არ ვხსნი, არ შევდივარ სოციალურ ქსელებში და არც უცხო ნომრიდან შემოსულ ზარებს ვპასუხობ. შაბათი და კვირა ჩემთვის ის დღეებია, როდესაც მაქსიმალურად უნდა გადავტვირთო გონებაც და სხეულიც.
დროის მენეჯმენტის პროცესში ყველაზე დიდ გამოწვევას დადგენილი გრაფიკის ფორს-მაჟორული შეცვლა წარმოადგენს. ფორს-მაჟორები კი დღეს ბევრია − შესაძლოა ოჯახის წევრს რაღაც დასჭირდეს ან საოჯახო საქმეებზე მომიწიოს ფიქრი და ზრუნვა. ეს ცვლილებები ცოტა სტრესულია, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, დაგეგმილი საქმეები მაინც გავაკეთო და არ გადავდო.
დროის მართვის პროცესში, Work-Life-ბალანსის დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. არის პერიოდები, როდესაც ბალანსის დაცვა მიჭირს და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, უქმეებზე თავი აღარ დავიტვირთო და შესაძლოა, ამის გამო მეგობრებსაც უარი ვუთხრა სადმე ერთად გასვლასა და ერთობლივად რაიმეს გაკეთებაზე. ჩემს შემთხვევაში, კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად დიდი დრო მიაქვს კლიენტებთან მისვლას, შეხვედრას, მუშაობას. ასევე, დიდ დროს მოითხოვს სასწავლო პროგრამა, რომელზეც კვირაში მინიმუმ 8-10 საათი იხარჯება. რაზეც გული მწყდება, არის ის, რომ ხშირად უარს ვამბობ შემეცნებით აქტივობებზე, მაგალითად, გამოფენებზე სიარული, მხატვრული ლიტერატურის კითხვა, კინო, თეატრი... ასეთი შემეცნებითი აქტივობებისთვის ზაფხულში ვიცლი, როდესაც შედარებით ნაკლები დატვირთვა მაქვს, როგორც ყველას.
ახლა ნამდვილად ვხვდები, რას ნიშნავს, როდესაც ვამბობთ, რომ "სწრაფად გარბის დრო". ზოგადად, გადატვირთულობა ამ საუკუნის დამახასიათებელი ნიშანია. დიგიტალიზაცია რომ გვიხარია, ეს გულისხმობს იმასაც, რომ ყველგან ხელმისაწვდომი ხარ საქმისთვის ან კომუნიკაციისთვის. შესაბამისად, work-life-ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია და უნდა ვისწავლოთ კიდეც. ჩემს შემთხვევაში ბალანსის დაცვას ვცდილობ იმით, რომ მკაფიო დროითი საზღვრები მაქვს, თუ როდის უნდა მოვრჩე მუშაობას, რა დრო დავუთმო მეცადინეობას, კითხვას და, რა თქმა უნდა, როდის არ უნდა შევიდე სოციალურ ქსელებში.