როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? ნიკა წიკლაური - "ენთების" თანადამფუძნებელი
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.
და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით "ენთების" თანადამფუძნებელს, ნიკა წიკლაურს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:
დროის მართვა ნებისმიერი სამუშაოს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუ დროის ეფექტური მართვა არ შეგიძლია, მუშაობის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად მცირდება. ზოგადად, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აქტიურადაა ჩართული ბიზნესსფეროში, არის დასაქმებული ან/და აქვს კარიერა, როგორც წესი, დროის მართვის საკუთარი მეთოდი აქვს, რაც შესაძლოა კონკრეტული ჩვევა ან უნარი იყოს.
პირადი გამოცდილებით, დროის მართვის პროცესში ყველაზე დიდი დაბრკოლება ე.წ. "პროკრასტინაცია", ანუ სამუშაოს გადადებაა. ხშირად გაუაზრებლადაც მივმართავ ხოლმე პროკრასტინაციას, რომელსაც ორმაგად უარყოფითი ეფექტი აქვს. ერთი მხრივ, თაროზე დებ საქმეს, რომელიც შესაძლოა იმ დღესვე მოაგვარო, მეორე მხრივ კი მას იმაზე ბევრად მეტ დროს ახარჯავ, ვიდრე რეალურად სამუშაოს შესრულებას სჭირდება. მაგალითად, როდესაც გადადებულ საქმეს მივუბრუნდებით ხოლმე, დეტალების გახსენებასა და აღდგენაში უამრავი დრო და ენერგია იხარჯება, რომელიც შეგვიძლია სხვა საქმეს დავახარჯოთ.
კიდევ ერთი გამოწვევა ე.წ. work-life ბალანსია. იმდენად მიყვარს საკუთარი სამუშაო, რომ იგი ჩემს გონებაში გართობასთან იგივდება, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, უპირველესად კი ოჯახის წევრებისთვის. მაშინაც კი, თუ თქვენი სამუშაო გიყვართ და იგი სიამოვნებას განიჭებთ, მნიშვნელოვანია ბალანსი დაიცვათ, რათა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ჯანსაღი ურთიერთობა გქონდეთ. ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ამისთვის ვიყენებ, არის ის, რომ როგორც წესი შაბათ-კვირას არ ვმუშაობ. მაშინაც კი, თუ შუა კვირაში გვიანობამდე მიწევს მუშაობა, მირჩევნია რამდენიმე საათით გვიან გავიდე სამსახურიდან, ვიდრე საქმე შაბათ-კვირისთვის მოვიტოვო. ჩემმა ოჯახის წევრებმაც იციან, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, შაბათ-კვირას სრულად მათთან გავატარებ, რაც სამუშაო დღეებში არსებულ დანაკლისს აბალანსებს.
წლების განმავლობაში ერთი ჩვევა გამოვიმუშავე, რომელსაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი აქვს დროის ეფექტიანად მართვაზე − უპირველეს ყოვლისა, ყოველთვის ყველაზე რთულ საქმეს ვაკეთებ. შესაძლოა ერთი შეხედვით ნათლად არ ჩანდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ერთ კონკრეტულ ჩვევას, თუმცა ჩემი გამოცდილებით მას არაერთი პოზიტიური ეფექტი აქვს, კერძოდ:
- აგიმაღლდებათ თვითრწმენა და მოტივაცია;
- აღმოაჩენთ, რომ რთული საქმის კეთება უფრო მარტივია, ვიდრე გეგონათ;
- რთული საქმით დაწყება მეტი ენერგიით დაწყებას ნიშნავს;
- როდესაც რთულ საქმეს მოიშორებთ, მარტივ საქმეებს აღარ გადადებთ, "პროკრასტინაციასაც" არ მიმართავთ და დროსა და ენერგიას დაზოგავთ.