Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? ნიკოლოზ ალავიძე − ALTIHUT-ის მმართველი პარტნიორი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით ALTIHUT-ის მმართველი პარტნიორს, ნიკოლოზ ალავიძეს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

"დრო ილუზიაა, ლანჩის დრო − ორმაგად დიდი ილუზია", − დაგლას ადამსი

დაგლას ადამსის ეს გენიალური ფრაზა ლაიტმოტივად დაგვდევს თანამედროვე ადამიანებს. ხშირად გვესმის, რომ "დრო აჩქარდა" და ალბათ ეს ნამდვილად ასეა, რადგან ჩვენი ცხოვრების ეფექტიანობისა და ეფექტურობის გასაზრდელად უამრავი გამოგონება თუ ნივთი შეიქმნა და იქმნება დღემდე. დაიწერა არაერთი თეორია და "დროის მენეჯმენტი" ერთგვარ "სავალდებულო სადღეგრძელოდაც" კი ჩამოყალიბდა ჩვენს ყოველდღიურობაში.

რაც უნდა იყოს, დროის მართვის უნარების შეძენა და გაუმჯობესება შესაძლებელია, ამ უნარების თუნდაც მცირედით გაუმჯობესება ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და დროის შენელების შესაძლებლობასაც კი გვაძლევს. პირადად მე დროის მართვაში სრული და ქრონიკული ფიასკო მაქვს, თუმცა ამის გამოსწორებას განუწყვეტლივ ვცდილობ მარტივი და მუდმივად განახლებადი ქმედებებით.

ერთ-ერთი მათგანი ის ოქროს წესია, რაც ალბათ ყველამ იცის − აუცილებელია მკაფიო მიზანი დავისახოთ და მასზე ვკონცენტრირდეთ. მიზანი შეიძლება რამდენიმე იყოს, სხვადასხვა მიმართულებისა და სირთულის, გრძელი თუ მოკლევადიანი (ჩემი აზრით, ყველა მიზანი გრძელვადიანი ეფექტისთვისაა და მეც სწორედ ამაზე მაქვს გათვლა), თუმცა მიუხედავად ამ დიფერენცირებისა, მაქსიმალურად ვცდილობ რომ ამ მიზნების მისაღწევად ყველა დავალება მარტივ მამრავლებად დავშალო, რაც შესრულების პროცესს ამარტივებს და მცირე "გამარჯვებებზე" გადის. ეს კი პროდუქტიულობაზე ძალიან კარგად აისახება ხოლმე.

მნიშვნელოვანია, რომ დიდი მიზნები პატარა დავალებებად ჩავშალოთ, მაქსიმალურად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და შესაბამისად ყურადღება შესრულებაზე გავამახვილოთ. სათქმელად ხომ მარტივია, მაგრამ გაკეთება და სისტემაში მოქცევა უფრო მარტივია ხოლმე, მთავარია საცობში არ გაიჭედოთ. თუმცა, ვინაიდან ჩვენთან საცობი არამატერიალური ძეგლის სტატუსის პრეტენდენტია, შეგვიძლია ეს გარემოებაც მართვადი გავხადოთ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ნაკლებად მნიშვნელოვანი და სტრესული შეხვედრები საცობებში მოგზაურობისას დაგეგმეთ. მენდეთ, საკმაოდ თავშესაქცევი და ნაკლებად სტრესულია მცირე მანძილზე ხანგრძლივი გადაადგილებისას.

გარდა ამისა, დროის მართვისთვის ხშირად ვიყენებ კლასიკურ თეორიებს, რომლებიც ნამდვილად მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი გადაწყვეტილების მიღების ეიზენჰაუერის მატრიცაა − 4 კვადრატში გადანაწილებული ამოცანებით:

  • მნიშვნელოვანი და გადაუდებელი;
  • მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადაუდებელი;
  • გადაუდებელი მაგრამ არა მნიშვნელოვანი და
  • არც ერთი და არც მეორე.

შესასრულებელი დავალებების ასეთი კლასიფიკაციით, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ჩვენი პროდუქტიულობა.

რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტურია ელექტრონული კალენდარი და ბლოკნოტი საკუთარი განრიგისთვის. კარგად მუშაობს ასევე შეხსენებების, ე.წ. "რიმაინდერების" დაყენებაც, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ − მართალია, "მულტიტასქინგ" შესაძლებელია, თუმცა ხარისხზე ორიენტირებული ყოველთვის არაა და რეალურად უფრო მეტ გადაღლას და ნაკლებ პროდუქტიულობას იწვევს, ვიდრე კონკრეტულ დავალებაზე კონცენტრირება და მისი დასრულების შემდეგ სხვა საქმის წამოწყება.

ვფიქრობ, დროის მაქსიმალურად ხარისხიანი გამოყენება უფრო მნიშვნელოვანი და სასურველია, ვიდრე ბევრი საქმის კეთება ბუნდოვანი შედეგით. ყოველთვის, როდესაც ერთმანეთის პარალელურად ძალიან ბევრ დავალებას ვაკეთებ, არ ნიშნავს, რომ ხარისხი აუცილებლად გარანტირებული იქნება. ჩემთვის კი პრიორიტეტული მაინც შესრულების ხარისხია. სამწუხაროდ, იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ, ამიტომ როდესაც რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება მიწევს, ოქროს წესს ვიყენებ, რასაც თანმიმდევრულობა ჰქვია. მატრიცის მიხედვით ერთ დავალებას გამოვყოფ და მისი დასრულების შემდეგ, მომდევნო დავალებაზე გადავდივარ. ამ დროს ძალიან კარგად მუშაობს ორგანიზების "ხალხური" მეთოდი − გეგმების ქაღალდზე ჩამოწერა და ამის მიხედვით მოქმედება, იმისათვის, რათა კონცენტრაცია არ დავკარგო.

თვითკონტროლისთვის საკუთარ თავს ხშირად ვუწესებ დედლაინებს. რა თქმა უნდა, ჩემი მცდელობა ყოველთვის წარმატებული არაა, მაგრამ აქ დისციპლინის უნარების გამომუშავებაა მნიშვნელოვანი, რაც კონცენტრაციის გაძლიერებაშიც მეხმარება. გარდა ამისა, კონკრეტულ დავალებებზე მუშაობისას ვცდილობ, მაქსიმალურად შევამცირო ყურადღების გამფანტავი გარემოებები.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ დროის მართვა ან მართვის მცდელობა კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია. არ არსებობს მზა და უნიკალური რეცეპტი, თუმცა ჩემთვის ზემოხსენებული რამდენიმე მარტივი მიდგომა და ე.წ. "პომიდვრის" ტექნიკა ნამდვილად სასარგებლო და ეფექტიანია. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ რეალისტები და მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებულები ვიყოთ, თამამად უნდა გამოვცადოთ სხვადასხვა მეთოდი, ვისწავლოთ "არა"-ს თქმა და რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს დასვენება. ნებისმიერ დავალებაზე მუშაობისას კრიტიკულად აუცილებელია მცირე შესვენებები.

სასურველია გვახსოვდეს, რომ დროის მართვა უწყვეტი პროცესია და მუდმივ მუშაობას საჭიროებს; ძნელია ერთი უნიკალური გადაწყვეტის პოვნა, თუმცა არსებული შედეგების გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, ამიტომაც არ უნდა გავჩერდეთ ამ უნიკალური გადაწყვეტის ძიების პროცესში.

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან