Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ შორიდან? როგორ დავუკავშირდეთ ერთმანეთს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

როდესაც პანდემია დაიწყო, შინიდან მუშაობა დროებით გამოსავალს ჰგავდა, ახლა კი, უკვე ჩვეულებრივ რეჟიმად იქცა, რადგან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Facebook და Twitter, ბევრ თანამშრომელს დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას აძლევენ, თან ‒ მუდმივად. ხოლო ანალიტიკური კომპანია Global Workplace Analytics პროგნოზირებს, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში, 30 მილიონამდე ამერიკელი უკვე რეგულარულად იმუშავებს შინიდან. ეს ადრინდელზე ექვსჯერ მაღალი მაჩვენებელია. "ამ იძულებითმა ექსპერიმენტმა მრავალ კომპანიას დაუმტკიცა, რომ ეს გზა გაამართლებდა", ‒ ამბობს პოლ ვულფი, ვაკანსიების გიგანტურ გვერდ Indeed-ის პერსონალის მიმართულების ვიცეპრეზიდენტი, რომლის 10 200 თანამშრომელი, სულ მცირე სექტემბრამდე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.

მკვლევრები არაფერმა უნდა გააოცოს: ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ თანამშრომლები გაცილებით კმაყოფილები არიან შინიდან მუშაობით, კადრების დენადობაც მცირდება და შრომის ნაყოფიერებამაც იმატა, მაგრამ სამუშაო ადგილის ახალ პარამეტრებს სულ ახალი მოთხოვნები მოაქვს. როგორ იღებთ სამსახურში თანამშრომლებს, როგორ მართავთ მათ და როგორ ინარჩუნებთ? ამ შეკითხვებზე პასუხობს ვულფი, რომელიც ადრე ადამიანური რესურსების განყოფილებას კურირებდა Match.com-ში, Orbitz-ში და Condé Nast-ში.

1 თანამშრომლების დაქირავება: გააფართოვეთ მათი წრე, ვინც გჭირდებათ

დისტანციური თანამშრომლების დაქირავებას ბევრი უპირატესობა აქვს. თქვენ არ ხართ შეზღუდული გეოგრაფიით, რაც გაცილებით მრავალფეროვანი სპექტრის კანდიდატებთან გაძლევთ წვდომას, და მათი დაქირავება მხოლოდ ერთი ნიშნით ‒ ნიჭით შეგიძლიათ. მთელი დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად არ მოგიწევთ მათ გვერდით ჯდომა. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ბევრი რეზიუმეს გაცხრილვა დაგჭირდებათ. "ამასთან",– ამბობს ვულფი, ‒ "მხოლოდ მაშინ უნდა მოძებნოთ კანდიდატები, როდესაც კომპანიაში ნამდვილად იქნება ვაკანსია". და აი, თქვენ ხვდებით კანდიდატს და ეუბნებით: "ო, ღმერთო, თქვენ შესანიშნავი შენაძენი იქნებოდით ჩვენი კომპანიისთვის, მაგრამ ამ წუთას იდეალური სამუშაო არ მაქვს თქვენთვის, ამიტომ მოდი, ჯერჯერობით კონტაქტზე დავრჩეთ".

ამ კანდიდატებთან ინტერვიუ სულ სხვაგვარი იქნება, რადგან თუ ერთ ოთახში არ ხართ, ძნელია რაიმე წარმოდგენა შეგექმნათ ადამიანზე. "თქვენ უბრალოდ ინტერვიუს ჩატარების უნარები უნდა დახვეწოთ, რომ სწორი შეკითხვების დასმა შეძლოთ", ‒ ამბობს იგი. ჰკითხეთ, როგორ ადგენენ ისინი თავიანთ სამუშაო გრაფიკს შინიდან მუშაობისას. მათ შორის, რთულ დღეებში მუშაობის მაგალითებიც მოაყვანინეთ. კიდევ ერთი კარგი შეკითხვაა: "როგორ შეიმუშავეთ ერთად თქვენ და თქვენმა ბოლო მენეჯერმა მიზნები და ამოცანები, და როგორ აყენებდით ერთმანეთს ყველაფრის კურსში? როდესაც დაბრკოლება გადაგეღობათ გზაზე, განგაში ატეხეთ თუ დამოუკიდებლად სცადეთ პრობლემის მოგვარება?"

2 მართვა: გზის გაკვალვა

სხვადასხვა ადგილას მყოფი პერსონალის სამართავად, კარგ მენეჯერზე უკეთესი უნარები უნდა გქონდეთ, ანუ ისინი უნდა დაარწმუნოთ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზას ადგანან. "თქვენ სრულიად ნათლად უნდა გქონდეთ წარმოდგენილი საკუთარი მიზნები და მოლოდინი, ვადები და პროექტის გეგმები", ‒ ამბობს ვულფი, ‒ "ამასთან, საკმაოდ გულისხმიერიც უნდა იყოთ. ყველა ვერ შეძლებს შინ, მარტო სამუშაოსთან გამკლავებას, ამიტომ თქვენ მათი ინდივიდუალური მოდელები და მოთხოვნები უნდა იცოდეთ. ყოველთვის ჰკითხეთ მათ, არის თუ არა მათთვის ეს სამუშაო მნიშვნელოვანი? მოსწონთ თუ არა ადამიანები, რომლებთან ერთადაც მუშაობენ? გრძნობენ თუ არა, რომ მათი სამუშაო მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს სხვებზე?"

3 მუშაობა: საათებს კი არა, მიზნებს ადევნეთ თვალყური

"შესაძლოა, ზოგიერთ ინდუსტრიაში ძველი სამუშაო კვირა საერთოდ წარსულს ჩაბარდეს", ‒ ამბობს ვულფი. თანამშრომლებს მაგალითად, ბავშვების გამო ოთხშაბათს შეუძლიათ დასვენების დღის აღება, და ამ დროის კვირას ანაზღაურება. ამ ტიპის მიზანმიმართული მუშაობა, საათობრივისგან განსხვავებით, არის ის, რაზეც თანამშრომლები საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდნენ. კომპანიები ძველ საოფისე მენტალიტეტში იყვნენ ჩარჩენილი და ამიტომ იყვნენ წინააღმდეგი, მაგრამ ვულფს მიაჩნია, რომ ვისთვისაც ეს ახალი წესები მისაღებია, თანამშრომლების ჩართულობის სტიმულირებასაც შეძლებენ და მათ გაცილებით ერთგულებსაც გახდიან.

მენეჯერებმა ახლოვადიან და გრძელვადიან შედეგებად უნდა დაჰყონ პროექტები, რათა გუნდებმა დავალებაზე შეძლონ კონცენტრირება ამ შეცვლილ სამყაროში, და ნათლად უნდა განსაზღვრონ, ვინ რა დავალებას შეასრულებს. "მართლაც დიდებული შესაძლებლობაა, როდესაც ადამიანებს თავიანთი შრომითი ცხოვრების მართვის საშუალებას აძლევთ", ‒ ამბობს იგი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"