Get All Access for $5/mo

როგორია "სინერჯი კაპიტალის" HR-კულტურა?! გაიცანით ნონა ქარქუზაშვილი, "სინერჯი კაპიტალის" პარტნიორი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ნონა ქარქუზაშვილი, "სინერჯი კაპიტალის" პარტნიორი

საინვესტიციო კომპანია "სინერჯი კაპიტალი". დასაქმებულია 40-მდე თანამშრომელი.

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?

სინერჯი კაპიტალის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, ის, რითაც გამოირჩევა და რატომაც არის წარმატებული, არის მისი გუნდი და ორგანიზაციული კულტურა, მიდგომები და ტრადიციები.

გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენთვის ამოსავალია ადამიანი, თანამშრომლების ბედნიერება, თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და კმაყოფილება იმ საქმით, რომელსაც აკეთებენ.

მაგალითად, დღეს კომპანიაში მოქმედებს ინოვაციური იდეების კროსფუნქციური გუნდი, რომლის დანიშნულებაცაა ისეთი იდეებისა და გადაწყვეტილებების მოფიქრება და დამუშავება, რაც გაზრდის თანამშრომლების კმაყოფილებას.

დიდ ყურადღებას ვუთმობთ სწორი ადამიანების პოვნის პროცესსაც. გუნდის ახალ წევრზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ეტაპი არის ე.წ. "დიდი გასაუბრება", რომელიც სრულად ეთმობა კანდიდატის, როგორც პიროვნების, გაცნობას. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი უნარები და ცოდნა, შეიძლება უფრო მეტადაც კი.

სწორედ ეს არის ის, რაც განასხვავებს "სინერჯი კაპიტალს" სხვა ორგანიზაციებისგან, როგორც დამსაქმებელს.

რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?

მარტიდან გადავედით შინიდან მუშაობაზე და ასე გაგრძელდა ივნისის ჩათვლით. მენეჯმენტში დავნერგეთ საშტაბო მუშაობის რეჟიმი, რაც გულისხმობდა სტრატეგიული ამოცანების გამოკვეთას და მათ გადაჭრაზე კონცენტრირებას შტაბის პრინციპით, ერთი სამუშაო მაგიდის ირგვლივ.

დღეს ნაწილობრივ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე ვართ გადასული. გარკვეული პოზიციები გამოვყავით, რომლებიც შინიდან მუშაობენ. ვინც ოფისში ვართ, რა თქმა უნდა, სრულად ვიცავთ რეგულაციებს − თერმოსკრინინგისა და ხელების დამუშავებიდან დაწყებული, პირბადის ტარების ჩათვლით. უშუალოდ სამუშაო ადგილებზე პირბადეები გვიკეთია.

როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას?

თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას ვახერხებთ მათივე აქტიური ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიების გამოკვეთასა და განხორციელებაში, მათი მოსმენით. ვცდილობთ გავახალისოთ სამუშაო გარემო და მუშაობის პროცესი უფრო სასიამოვნო გავხადოთ.

კერძო კაპიტალის ფონდში ბევრი გამოწვევაა, თანამშრომლებს უწევთ საინტერესო, მაგრამ რთულ ამოცანებზე მუშაობა, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც სწორი დღის რუტინა, ასევე სწორი განტვირთვა, რათა ყოველდღიურად ახალი შემართებით იწყებდნენ დღეს. რამდენად კარგად გამოგვდის, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ. გვინდა კიდევ უფრო და უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი გუნდის წევრებისთვის.

მაგალითად, სექტემბრიდან დავნერგეთ პარასკევის განსხვავებული ფორმატი და გამოვაცხადეთ "სინერჯის" დღედ. ამ დღეს ყველა ვმუშაობთ "სინერჯის" ამოცანებზე სხვადასხვა გუნდში, რომელთა შემადგენლობა მუდმივად იცვლება. ამ ფორმატს ბევრი დადებითი ეფექტი აქვს: გარდა იმისა, რომ ყველას აქვს ერთმანეთთან მუშაობის გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, თანამშრომლები ვითარდებიან, იღებენ განსხვავებულ ამოცანებზე მუშაობის გამოცდილებას, უახლოვდებიან ერთმანეთს და სიამოვნებასაც იღებენ ამ პროცესისგან. ეს ფორმატი შენარჩუნდება ზაფხულამდე, ხოლო აგვისტოში პარასკევი გამოცხადდება ისევ დასვენების დღედ, როგორც იყო წელს.

ჩვენთვის მნიშვნელოვან თარიღებში გვაქვს გასვლითი ღონისძიების ტრადიციები. ასეთია, მაგალითად, "სინერჯის" დაბადების დღეზე ყოველწლიურად ტაო-კლარჯეთში ვიზიტი, ვლაქერნობას ზუგდიდში, ამაღლებას − ცხვარიჭამიაში. წელს მარიამობას თუშეთში წასვლის ტრადიციას დავუდეთ სათავე, გვინდა მაისში სვანეთში მოგზაურობა დავამკვიდროთ და ა.შ.

გარდა ამისა, "სინერჯის" აქვს ოფიციალური საქველმოქმედო ფონდის სტატუსის მქონე "ხანძთელის ფონდი", რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვის კუთხით, სპორტული აქტივობებისა და სხვა მიმართულებით. ამ აქტივობებში რთავს ჩვენი გუნდის წევრებსაც. ესეც დიდი სტიმულია თანამშრომლებისთვის, რომ ორგანიზებულად შეუძლიათ მსგავს აქტივობებში ჩართულობა, რაც კიდევ უფრო გვაახლოვებს და ზრდის გუნდურობას.

როგორია თანამშრომლის დაწინაურების პოლიტიკა?

თავიდანვე, როცა აგვყავს თანამშრომელი, მას ვუყურებთ გრძელვადიანად. თუ ის რჩება კომპანიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მასში ვხედავთ მომავალ პარტნიორს. როცა ამას ვეღარ დავინახავთ, ის ადამიანი დატოვებს კომპანიას.

"სინერჯიში" მუდმივად ხდება თანამშრომლების დაწინაურება და წინსვლა, მათთვის უფრო და უფრო რთული ამოცანებისა და მეტი პასუხისმგებლობის ჩაბარება. ჩვენ არ გვაქვს მკაცრად განსაზღვრული ვადები, როდის უნდა მოხდეს დაწინაურება. ეს დამოკიდებულია თანამშრომელზე, მისი განვითარების ტემპსა და კომპანიის ფასეულობებთან და კულტურასთან თავსებადობაზე.

ახალაყვანილ თანამშრომელს ფაქტობრივად ყოველდღიურად აქვს უკუკავშირი სხვადასხვა პარტნიორისგან, ვისთანაც უწევს მუშაობა კონკრეტულ ამოცანაზე, მაგრამ გარდა ამისა, გვაქვს შემაჯამებელი უკუკავშირი 3 თვეში ერთხელ, სადაც ისიც აფასებს, რამდენად სურს ჩვენი გუნდის წევრობა და ჩვენც ვაფასებთ მის შედეგებს.

ანუ ჩვენთან ერთ ადგილზე დიდხანს არ ჩერდებიან − ან წინ მიიწევენ ან ტოვებენ ორგანიზაციას.

ზოგადად მიგვაჩნია, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო და განმავითარებელი უნდა იყოს. სწორი კარიერული განვითარება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენს პორტფელში არის ასეთი ორგანიზაცია − კარიერული წარმატების ჯგუფი, რომლის დანიშნულებაცაა სწორედ რაც შეიძლება მეტი, პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანის კარიერული განვითარების უზრუნველყოფა მათთვის საინტერესო ახალი შესაძლებლობების შეთავაზებით, რომელიც მისაღები იქნება ყველა კომპონენტით − საქმე, გუნდი, კომპანია და ანაზღაურება. მისი კლიენტები ძირითადად არიან საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები, რომლებიც გადიან სპეციალურ გასაუბრებას, სანამ მოხვდებიან ამ კომპანიის ბაზაში.

როგორ ახერხებთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას?

სხვადასხვა მეთოდსა და მიდგომას ვიყენებთ − როგორც შიდა სწავლებებს, ასევე გარე ტრენინგებს. გვაქვს პატარა ბიბლიოთეკა და საინტერესო წიგნებზე ხელმისაწვდომობა, მაგრამ მთავარია, თვითონ თანამშრომელს ჰქონდეს თვითგანვითარების მოტივაცია. ახლა დავიწყეთ საინტერესო პროექტი − "გამიზიარე წიგნი". ოფისში გვაქვს "კრეატიული ოთახი", სადაც გავაკეთეთ თარო. ყველა თანამშრომელს შეუძლია მოიტანოს და დადოს წიგნი, რომელსაც უწევს რეკომენდაციას. ვისაც დააინტერესებს, წაიკითხავს და თავის შთაბეჭდილებას, სურვილის შემთხვევაში, დააფიქსირებს სპეციალურ ფორმაში. ჟანრი არ არის შეზღუდული, ერთმანეთს ვუზიარებთ როგორც ბიზნესლიტერატურას, ასევე მხატვრულსაც.

მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მთავარია თვითგანვითარების მოტივაცია. ჩვენი პოლიტიკის თანახმად, თვითონ თანამშრომელი უნდა სვამდეს ბევრ კითხვას და ასე იღებდეს მისთვის საჭირო და საინტერესო რჩევებს. ამის შესახებ თავიდანვე ვაფრთხილებთ მათ და ვურჩევთ ბევრი კითხვის დასმას. მნიშვნელოვანია ისწავლონ, რა ჰკითხონ, როდის და ვის. ასე გაცილებით სწრაფად განვითარდებიან, ვიდრე თუნდაც მუდმივი ტრენინგებით.

ჩვენი ამოცანა კი არის მივაჩვიოთ ისინი კითხვების დასმას, ვუბიძგოთ ამისკენ და გავუჩინოთ მოტივაცია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".