Get All Access for $5/mo

სტრესთან გამკლავება - ქეთა ბაღაშვილი "დიდური" ცხოვრების დაწყებამდე, საკუთარ თავთან რაღაცების გარკვევა მომიწია."

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

"დიდურმა" ცხოვრებამ, დაუგეგმავად მიღწეულმა წარმატებებმა და ერთბაშად დამტყდარმა პასუხისმგებლობებმა, უნივერსიტეტში სემესტრის ბოლო სტრესი და შფოთვა ყოველდღიურობად აქცია. აქამდე თუ წელიწადში ორჯერ, ორ-ორი კვირით მიწევდა მულტიტასკინგთან გამკლავება, ახლა საქმესთან და საკუთარ თავთან ბრძოლა, ყველაფრის მოსწრება და ერთდროულად რამდენიმე ადგილას ყოფნა ყოველდღიური რუტინა გახდა. თუმცა გადაღლილ და გადაქანცულ, გაბრაზებულ და განერვიულებულ ქეთას ბავშვობიდან ორგანულად ჩემში შეზრდილი პედანტი ქეთა ყველაფერს ულაგებს, ყველა საქმეს თავის ადგილს უჩენს და ისე მიდის დასაძინებლად. ამ "დიდური" ცხოვრების დაწყებამდე, საკუთარ თავთან რაღაცების გარკვევა მომიწია. პირველი − მაშინაც კი, როცა მგონია, რომ გამოსავალი არ არის და ვერაფერს მოვასწრებ, უნდა მჯეროდეს საკუთარი თავის და უნარის, ყველაზე გამოუვალი სიტუაციიდან ვიპოვო გზა. მეორე − სწორად გადავანაწილო საქმეები დღეების მიხედვით და დღის გეგმის შეუსრულებლად არ წავიდე დასაძინებლად. ამ დროს აღმოვაჩინე ისიც, რომ ღამის საათებში უფრო პროდუქტიული ვარ და რეჟიმი გადავაწყვე − ღამით ვპასუხობ ელ.წერილებს და ვწერ სტატიებს, ვიტვირთავ თავს გონებრივი სამუშაოთი, დღისით კი ცოტა მეტხანს ვაძლევ თავს დაძინების უფლებას და შემდეგ გამოძინებული ვაგრძელებ წინა ღამით ჩანიშნული შეხვედრებისა და საქმეების ორგანიზებას. ცხადია, კომფორტის ზონის პოვნის გარეშე მუდმივ სტრესში და დაძაბულ რიტმში ცხოვრება წარმოუდგენელია. ჩემთვის მთელი კვირის დამძიმებული მხრების გათავისუფლება, პარასკევ ღამეს თბილისური მიწისქვეშეთის სტუმრობა და მძიმე ელექტრონული მუსიკის ფონზე ამ მხრების გაფართხალებაა. უცნაურია, მაგრამ ემოციურად და გონებრივად დაღლილი, ცეკვისგან დაღლით ვისვენებ. ამიტომ პარასკევი საღამო უპირობოდ მეკუთვნის მხოლოდ მე. მძიმე კვირის განმავლობაში აუცილებლად უნდა ვიპოვო დრო ლიტერატურისთვის და წერისთვის. ამ დროს საკუთარ თავთან დარჩენას, საქმისგან გამოთიშვას, ფიქრს და თავის გამოკვებას ვახერხებ, რაც ემოციურად მეხმარება საქმის გაგრძელებაში და საკუთარი თავის რწმენის არდაკარგვაში. ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი რისკია სტრესის დროს. თუმცა, ყველაზე კარგად ძალების აღდგენას ჩემი საყვარელი საქმიანობისას − მარტო მოგზაურობისას, ხეტიალისას, უცხო ადამიანების გაცნობისას და მათთან საუბრისას ვახერხებ. ახლახან აღმოვაჩინე, რომ ეს ხეტიალი შენობებს შორის კი არა, ბუნებასთან სიახლოვისას უფრო მსიამოვნებს. ამიტომ ჩემი განტვირთვის საშუალებებს ლაშქრობა, კარავში ძილი, მზის სხივებთან ერთად გაღვიძება, წვიმისგან დასველებული მიწის სუნით ნესტოების გამოტენვა და დანამულ ფოთლებთან თამაში დაემატა. "დიდურმა" ცხოვრებამ ჩემი "ბავშვური" თამაშიც გამახსენა: თუ დავალებას დავწერ, დედა ეზოში თამაშის უფლებას მომცემს. ახლა ჩემი თავიც მე ვარ და დედაჩემიც. თუ ყველაფერს მოვასწრებ, to do list-ში ყველა დავალებას გავამწვანებ, საკუთარ თავს გართობის, განტვირთვისა და ყველაფრის კეთების უფლებას მივცემ, რაც მიყვარს. ასე გამოდის, რომ ერთდროულად "ორ (სინამდვილეში− ბევრად მეტ) კურდღელს ვიჭერ", საქმეც გაკეთებულია და მეც ბედნიერი ვარ.

ქეთა ბაღაშვილი

Beauty Lab-ის დამფუძნებელი, ინფლუენსერი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან