Get All Access for $5/mo

სწორი იდეა, სწორად შერჩეული დრო ოდრი გელანი, ქალებზე ორიენტირებული საჯარო სამუშაო სივრცის – THE WING-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, საუბრობს ბიზნესის შექმნაზე, რომელიც მხარს უჭერს ქალების წამოწყებულ სტარტაპებს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur
2016 წელს როცა მანჰეტენის ქალთა მილის ისტორიულ უბანში The Wing-ის კარი გაიღო, ხალხი შესასვლელს ხმაურით მიაწყდა. მხოლოდ ქალებზე გათვლილმა სამუშაო სივრცემ მიიზიდა ახალგაზრდა პროფესიონალები, რომელთაც სურდათ, გაეტარებინათ დრო მათნაირად მოაზროვნე ქალების საზოგადოებაში, მიუხედავად ყოველწლიური საწევრო გადასახადის − 2 350 აშშ დოლარისა და მომლოდინეთა ძალიან გრძელი სიისა. რთული არაა, დაინახო, რატომ: მოდური დიზაინით მოწყობილი სივრცე ამაყობს ისეთი კეთილმოწყობით, როგორიცაა საშხაპეები, სილამაზის სალონები, ოთახები ლაქტაციისთვის და იზოლირებული სატელეფონო ჯიხურები; ასევე, იმართება საღამოს ღონისძიებების რეგულარული სერიები, რომელიც მოიცავს დისკუსიებს მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ვის აღარ შეხვდები − ჯენიფერ ლოურენსიდან დაწყებული, პერის ჰილტონით დამთავრებული.

იდეის განხორციელებას აზრთა სხვადასხვაობის გარეშე არ ჩაუვლია. წინა გაზაფხულზე ქალაქ ნიუ იორკის ადამიანის უფლებების კომისიამ დაიწყო მოკვლევა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესაძლო დარღვევის სავარაუდო შემთხვევაზე − არსებითი კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რამდენად კანონიერი იყო The Wing-ის მამაკაცებისთვის დახურვა. თუმცა, დამფუძნებლები − ოდრი გელმანი და ლორენ კასანი დარწმუნებული არიან, რომ კანონთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ. მათ აგრესიული გაფართოება განაგრძეს და ახლახან განაცხადეს, რომ ლოკაციების გაზრდას ხუთიდან თერთმეტამდე გეგმავენ. ჩვენ ვესაუბრეთ გელმანს ქალებისთვის უსაფრთხო სივრცეების აუცილებლობაზე და თუ როგორ იქცა The Wing ჭეშმარიტ სტარტაპ-ფაბრიკად.

თქვენი წევრების უმეტესობას მოქმედი ან დამწყები ანტრეპრენერები შეადგენენ. რა გავლენა მოახდინა ამან თქვენს საზოგადოებაზე?

ჩვენთან გაწევრების შემდეგ არაერთმა დატოვა სამსახური, რადგან იპოვა საჭირო თავდაჯერებულობა პროფესიული რისკის გასაწევად. როცა გყავს საზოგადოება, რომელიც ზურგს გიმაგრებს − მაშინაც კი, როცა თითოეულის სახელი არ იცი − ქალებს ანიჭებს გამბედაობას, იმოქმედონ. გვყავს წევრები, რომლებმაც ერთად დააფუძნეს კომპანიები. გვქონია შემთხვევები, როცა იურისტებმა თავიანთი პრესტიჟული იურიდიული ფირმები მიატოვეს, საკუთარი ფირმა ერთად დააფუძნეს და ახლა წარმოადგენენ ქალებს The Wing- იდან. არიან ქალები, რომელთაც ინვესტორები ან ახალი კონტაქტები ჩვენი საზოგადოების მეშვეობით შეიძინეს და დაფინანსება მიიღეს.

როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს, როცა ერთ ფიზიკურ სივრცეში არ არიან?

ჩვენ გვაქვს წევრების ელექტრონული ცნობარი და შევქმენით მობილურის აპლიკაცია წევრების მოსაძებნად, ღონისძიებების დასაჯავშნად, სტუმრების მოსაწვევად და სხვა. ცნობარში ჩართულობა ნამდვილად ძალიან მაღალია ქალების მხრიდან, რომლებიც ერთმანეთს ეძებენ. მაგალითად, ეძებენ გრაფიკულ დიზაინერს, ადვოკატს ან კომუნიკაციების სპეციალისტებს, ერთმანეთს ციფრული ქსელის მეშვეობით უკავშირდებიან და ასაქმებენ.

სამომავლოდ ხომ არ იგეგმება The Wing-ის მხოლოდ ციფრულ წევრობაზე გადასვლა?

ამ თემას აქტიურად განვიხილავთ. იცით, იმდენი გამოთქვამს გაწევრების სურვილს ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა ნაირობი და ლატვია... ვფიქრობთ, შესანიშნავი იქნებოდა. ახლა ვცდილობთ, შევიმუშავოთ გზა, რათა უზრუნველვყოთ მათი წვდომა მდიდარ პროგრამულ და ნეთვორქინგულ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ.

რამდენად ხშირად შემოდის სხვადასხვა თხოვნა თქვენი წევრებისგან?

ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ და ვისმენთ მოსაზრებებს, რათა The Wing-ი უფრო ღირებული გავხადოთ. მაგალითად, ერთხელ შევიტყვეთ, რომ მეტი ყავა სურდათ და აპარატის ყავა უფასო გავხადეთ ყველა წევრისა და სტუმრისათვის. საკვებისა და სასმელის შეთავაზება სულ სხვა დონეზე ავიყვანეთ, წევრებთან აქტიური მუშაობითა და მათი სურვილის გათვალისწინებით, თუ რა უნდათ, რომ მიირთვან. ზოგი წევრი ითხოვს მეტ იზოლირებულ სატელეფონო ჯიხურს. ზოგი, უბრალოდ, საპირფარეშოში მეტ Advil-ს და ტამპონს გვთხოვს. ვცდილობთ, მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ, რათა შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ მეტი თხოვნა, იქნება ეს დიდი თუ პატარა. ჩვენ ახალი და ახალგაზრდა ბიზნესი ვართ, ამიტომ უკუკავშირი გვწყურია.

გამოვლინდა რაიმე თავისებურება, თუ როგორ და როდის იყენებენ ქალები The Wing-ს? მოდიან 9-ზე და გადიან 17 საათზე, თუ იმაზე ხშირად მიმოდიან, ვიდრე მოსალოდნელი იყო?

სივრცეს მოქნილად იყენებენ და ჩემი აზრით, სწორედ ეს მუშაობს. არსებობს უამრავი ბიზნესი, როგორიცაა, თუნდაც, სავარჯიშო დარბაზი, რომლის ბიზნესმოდელიც, გარკვეულწილად, აწყობილია იდეაზე, რომ არ მიხვალ... მაგრამ ჩვენ აქცენტს ვამახვილებთ იმაზე, რომ წევრები სივრცეში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი.

ბევრი თქვენი წევრი გაოცებული დარჩა ადამიანთა უფლებების კომისიის მოკვლევით, თუმცა, ალბათ, ასეთ მოსაზრებებს და კრიტიკას ელოდით. როგორ იცავთ თქვენს პოზიციას, The Wing-ის მსგავსი სივრცეების საჭიროებაზე?

სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა ახალმა ამბებმა და მიმდინარე მოვლენებმა საქმის დიდი ნაწილი ჩვენ ნაცვლად გააკეთა. სავსებით ცხადია ყველასთვის, ვინც გამოქვაბულში არ ცხოვრობს − და ცალსახად მათთვის, ვინც ამ სამყაროს ქალად მოევლინა და გამოცდილი აქვს არაერთი დისკრიმინაცია თუ შევიწროება, რასთანაც ყოველდღიურად ვისწავლეთ თანაცხოვრება − რომ ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია.

მხარდაჭერა, რომელსაც სოციალურ ქსელში The Wing-ის წევრებისგან, არაწევრებისგან და ცნობილი სახეებისგან იღებს, როგორც ჩანს, თქვენს პოზიციას ამყარებს.

პირველივე დღიდან გაოცებულები ვართ. ძალიან დასაფასებელია და გვამხნევებს იმ წევრების, მოკავშირეებისა და სხვა ქალების მხარდაჭერა, რომლებიც აშშ- შიც კი არ ცხოვრობენ, როცა დგებიან და ამბობენ, რომ მხარში გვიდგანან, მხარს გვიჭერენ და გთხოვენ, რომ The Wing მათ ქალაქებშიც შევქმნათ. დღეს მიმდინარე მოვლენები ქალებს იმედგაცრუების გრძნობას უტოვებს. მაგრამ ქალების გაერთიანება, ბრძოლის უნარი და ორგანიზება − იქნება ეს "ქალთა მარში" თუ The Wing-ის მსგავსი ორგანიზაციების მხარდაჭერა − არსებულ რეალობაში ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.